აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
სასოწარკვეთის მეტაფორა
ყოველ ზამთარს, დეკემბრის ბოლოს, მსოფლიოს იპყრობს პანიკა, რომელიც ძნელად თუ ექვემდებარება კლასიფიკაციას. ადამიანების წყვეტაა მაღაზიებში, დგანან გიგანტურ რიგებში, რათა გაშმაგებული გახელებით გაიღონ უკანასკნელი მონეტა, ყველაფრით მოვაჭრენი, სულებითაც... მე ასე ვიტყოდი, დგანან ყოველ კუთხეში და გთავაზობენ ბედნიერებას ან თუნდაც მის წვეთებს...
ყველაზე ბოროტი ადამიანები უღიმიან ბავშვებს, უბედური ნაძვისხეები გააფთრებით იკვეთებიან, მაგრამ მხოლოდ "ორი წლისა და ნაკლები, რათა მოიპოვონ ქრისტე" (რუმინული ალილოს პარაფრაზი), ელექტროენერგიის თვიური მოხმარება პიკს აღწევს - დგება საჩუქრების პერიოდი: ნათურები, "წვიმები", გირლიანდები, მანათობელი თოვლის ბაბუები და ა. შ...
ადამიანები ჭამენ უფრო მეტს, უსმენენ ალილოებს კომპიუტერში, ამზადებენ ყველაფერს, რაც კი იჭმევა, ვიღაც გაუსაძლისობამდე ძღება, და ხშირად ისმის სასწრაფოს სირენებიც.
ყველგან ძნელად აღსაწერი ალიაქოთია, განსაკუთრებით იქ, სადაც რამე იყიდება, ასე რომ, შეიძლება მოგეჩვენოს, თითქოსდა ეს ადამიანები ორი დღის შემდეგ ყველანი კვდებიან და ახლა ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მომეტებული, პირდაპირ გიგანტური ინტესიურობით გაატარონ.
არიან პირქუში მორალისტებიც, რომლებიც მცოდნე ადამიანების გამომეტყველებით ირონიულად იღიმიან და მკაცრად გამოსცრიან პირში, რომ ეს წმიდა წყლის ამაოებაა, უმეცრებაა, უდარდელობაა, ხელოვნურობაა, წყეული მატერიალურობაა, ხორცის ამპარტავნებაა და ა. შ. - ერთი სიტყვით, მსგავსი სახის ყოველგვარი ხეპრული მეტყველება. ... და მაინც, რა იმალება ამ არანორმალური ფუთფუთის უკან, რა საიდუმლო დგას მილიონობით მრავალფერადოვან ნათებებს მიღმა, რაშია ამ სუპერმარკეტებში მოფუსფუსე ბრბოსა და უსასრულო რიგების აზრი, როგორია შამპანიურის არომატთან შეზავეული წამოძახილების მიზანი საზოგადოებრივ ადგილებში, რა აყანყალებს და არყევს კაცობრიობის ამ დელირიუმს შუა ზამთარში?
პასუხი მარტივია. ადამიანები ბედნიერებას, მარადიულ ცხოვრებას, ცხოველმყოფელ ნათელს, ზეციურ ნეტარებას ეძებენ. მათ სურთ ზეციური სიძის სიყვარული, ღმერთთან ერთობა, ზეციურ ანგელოზთა და წმინდანთა ხილვა, ღმრთი სკრავის მარადიული ლიტურგიის შეგრძნება. ეძებენ გაშმაგებით. ვინ ეძებს? ისინი ვინც დგანან მთავარ მოედნებზე, კიბეებზე გაწოლილი ლოთები, პეტარდების თავშეუკავებელი ამფეთქებლები საცხოვრებელ კორპუსებში, მელომანები, რომლებიც ღია ფანჯრებიდან ქუხან თავიანთი დინამიკებით, იაფფასიანი შამპანიურის დამცლელები, ადამიანური ქმნილებები, რომლებიც ჩაკეტილები არიან კლუბებში, სადაც დეციბელები, კვამლი და სიბნელე წინასწარმეტყველებენ მომავალ საუკუნეზე, ნიღბიანები, რომლებიც გააფთრებულები უბრაგუნებენ დოლებს ფანჯრებთან და სასოწარკვეთამდე მიჰყავთ მოზარდთა მშობლები. დიახ, ისინი. ოღონდ მათ არ იციან, სად ეძებონ. ეძებენ - როგორც წმიდა მამები ამბობენ - სასრულ ნივთებს უკიდურესი მოსურვებით, ეძებენ მარადისობას ხორცში, ეძებენ ნათელს ნაგავში.
ეს წააგავს იმას, როდესაც ჭამა გინდა და მაცივრის ან მაგიდის ნაცვლად მიდიხარ ნაგავსაყრელთან და იქ ეძებ საჭმელს. თანამედროვე ახალი წელი (ევროპაში კი შობაც, რადგან ის წინ უსწრებს ახალ წელს) - ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, როგორი გააფთრებით ებღაუჭებიან ადამიანები მატერიას, რათა დაირწყულონ თავიანთი ამოუწურავი სულიერი წყურვილი, როგორ იქექებიან ნაგავში სამოთხის აღმოჩენის იმედით, როგორ ეძებენ ზეცას თვალებით, რომელიც მიწას არის მიჯაჭვული.
ღორმუცელები - ესენი არიან საკუთარი მუცლის საცოდავი მონები, რომლებმაც არ იციან, რომ მათ შიმშილს ვერაფერი დააკმაყოფილებს ღმრთითბოძებული სახმილავის გარდა, რომელიც გვეძლევა ევქარისტიის საიდუმლოში.
მეძავები და მემრუშეები - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იღუპებიან მრავალ სხეულთა შორის საკუთარი ნამდვილი სიყვარულის ძიებაში, და არ იციან, რომ ის მხოლოდ უფლის საქორწილო სავანეებშია.
უთვალავი ბოთლის დამცლელები, - თავისდა უნებურად, ელტვიან ჭეშმარიტ წყაროს, რომელიც მხოლოდ ციდან გადმოდის და ადამიანს სიცოცხლის წყაროდ ქმნის, რომელიც მარადიულ სიცოცხლეში მოედინება.
უაზრო სიმღერების მსმენელები, - ესენი არიან მწყურვალენი, რომელთაც ზეციური გუნდების გალობა სწყურიათ, მაგრამ ჩიხში არიან მომწყვდეულნი, იქ, საიდანაც უკან დაბრუნება უკვე აღარ ძალუძთ.
დღესასწაულები - ეს არის ადამიანთა გამაყრუებელი, სასოწარკვეთილი კივილი, რომლებიც მარადისობას ეძებენ. ეს არის ადამიანთა უსაზღვრო ტკივილი, რომლებმაც იციან, რომ მოკვდებიან. ეს არის ადამიანის შეტოკებას არარაობის წინაშე, ბობოქარი წინააღმდეგობა მათი, ვინც მიწაში ჩადის.
ეს არის მილიონობით უკვდავი სულის ღაღადისი ცისადმი: "არა, ჩვენ არ მოვკვდებით, ჩვენ შენთვის ვარსებობთ, ჩვენ გვაქვს იდეალები, სურვილები, განცდები, გეგმები სამარადისო". მაგრამ, სამწუხაროდ, მცირედმა თუ იცის, სად არის ნამდვილი საკვები, ნამდვილი მუსიკა, ნამდვილი საჩუქრები და ნიჭები, ნამდვილი ნათელი, ნამდვილი სიცოცხლე - იქ, სადაც იბადება ქრისტე, ზეციური პური, სიყვარულის მარადიული ჰიმნი, უზენაესი ნიჭი, რომელიც ღმერთმა აჩუქა ადამიანებს, ნათელი სოფლისა, გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.