პუბლიკაციები - როდის არის ღმრთისადმი სასოება ყალბი და ამაო? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
როდის არის ღმრთისადმი სასოება ყალბი და ამაო?
მლოცველი
როდესაც იერემიას წინასწარმეტყველებას ვეცნობით, ვხედავთ, რომ მისი სიცოცხლის დროს ადამიანები, რა თქმა უნდა, იცნობდნენ ღმერთს, რომელმაც ებრაელები ეგვიპტიდან გამოიხსნა და აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა, მაგრამ შინაგანად ისინი უკვე დიდი ხნის წინ განუდგნენ ჭეშმარიტ ღმერთს და თაყვანი სცეს კერპებს, თუმცა აზრადაც კი არ ჰქონიათ, რომ ღმერთს შეეძლო მიეტოვებინა, დაესაჯა ან ამოეწყვიტა ისინი.
 
გავიხსენოთ ასეთი მომენტი: წინასწარმეტყველი მიდის იერუსალიმის მცხოვრებლებთან და უწინასწარმეტყველებს, რომ მათი ცოდვების გამო ქალაქი გადაიბუგება, ღმრთის ტაძარი დაინგრევა და მრავალი ადამიანი დაიღუპება. მათი გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ იმ სასჯელის დათმენით, რომელსაც მათ ღმერთი უგზავნის.
 
მაგრამ ქალაქელები მას არ ერწმუნებიან, ისინი მიმართავენ ცრუწინასწარმეტყველთ, რომლებიც უპირისპირდებიან იერემიას და ამტკიცებენ, რომ იერუსალიმი არასოდეს დაეცემა და მტრები მის აღებას ვერ შეძლებენ, რადგან ის წმიდა ადგილზეა და დედამიწაზე ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც უფლის ტაძარია აღმართული.
 
მეტიც, იერუსალიმის მცხოვრებლები მოინდომებენ იერემიას მოკვლას, შეიპყრობენ მას, ჩააგდებენ დილეგში და ეცდებიან მის შიმშილით განადგურებას, ოღონდ შეწყვიტოს მამხილებელი ქადაგებები.
 
ამაშია სწორედ ცოდვებს მიცემული ადამიანური გონების მთელი უგუნურება: ის უარყოფს ღმერთსა და მის მცნებებს, არ წყვეტს კერპმსახურებას, გარყვნილებას და სხვა უღირსობებს. იერუსალიმის მცხოვრებნი ღრმად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვერავითარი უბედურებანი თუ ჭირვებანი მათ ვერ შეეხებოდნენ. ასე ფიქრობდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქალაქში იმყოფებოდა უფლის ტაძარი და ეს ადგილი ღმრთის ბეჭდით იყო დაცული.
 
ამგვარ შეკამათებაზე წინასწარმეტყველი იერემია მათ პასუხობს:
 
"ნუ დაენდობით ცრუ სიტყვებს, რომ ამბობენ: უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო აქ!
 
თუ გამოისწორებთ ზნესა და საქციელს, თუ სამართლიანად მოექცევით ერთმანეთს,  
 
არ შეავიწროვებთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, არ დაღვრით უბრალო სისხლს ამ ადგილზე, არ გაჰყვებით უცხო ღმერთებს თქვენდა საზიანოდ,
 
მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას უკუნითი უკუნისამდე.  
 
თქვენ კი დანდობილხართ ცრუ სიტყვებს, რომელთაც სარგებლობა არ მოაქვს.
 
ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც იცნობდით,
 
მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამბობთ; გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ ყველა ეს სისაძაგლე" (იერ. 7:4-10).
 
ხიბლში მყოფ ადამიანებს აქვთ ასეთი ფსიქოლოგიური ნიშანი ან ზნეობრივი გრძნობა, - ისინი ამაოდ იმედოვნებენ ღმრთის მფარველობას.
 
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი იცავს თავის მონებს... ღმრთისადმი სასოებით, ჩვენ მის დაცვასა და შეწევნაზე ვიმედოვნებთ, მაგრამ ეს იმედი შეერთებული უნდა იყოს მორჩილებასთან.
 
წმიდა მოციქულთა საქმეების წიგნში არის ასეთი ეპიზოდი: მღვდელმსახურ სკევას შვიდი ძე გადაწყვიტავს ერთი ადამიანისგან განდევნონ ეშმაკი, და ამისთვის სპეციალურ შელოცვას გამოიყენებენ: "გაფიცებთ იესუს, რომელსაც პავლე ქადაგებს" (საქმე 19:13).
 
მაგრამ, "მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესუც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ? ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან" (საქმე 19:15-16).
 
ეს ისტორია გვასწავლის, რომ საჭიროა მუდმივად დავუსვათ საკუთარ თვს კითხვა: "ვინ ვარ მე? ვარ თუ არა ღირსი ვიწოდო მონად ღვთისად? რა გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ ქრისტიანად ვიწოდო?"
 
ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხები სულს მორჩილებას ასწავლიან და უკვე ამის საფუძველზე ღმრთისადმი სასოება უიმედო აღარ ხდება, არამედ პირიქით, - ის გახდება ერთადერთი მაცხოვნებელი ნუგეში.
 
როდესაც მორჩილებით აღვიარებთ საკუთრ უძლურებებს და მორჩილებით მივმართავთ ღმერთს, მისი შეწევნა არ დააყოვნებს.
 
გფარავდეთ ღმერთი - მამა, ძე და სულიწმიდა!
 
 
საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.
Назад к содержимому