პუბლიკაციები - რატომ დაუშვა ღმერთმა ებრაელთა 70 წლიანი ბაბილონური ტყვეობა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რატომ დაუშვა ღმერთმა ებრაელთა 70 წლიანი ბაბილონური ტყვეობა?
იუდეველთა ბაბილონური ტყვეობა
ვაგრძელებთ რა წინასწარმეტყველ იერემიას წიგნის განხილვას, საჭიროა აღვნიშნოთ ცოდვებში იუდეველთა მხილების თემა. რომელ ცოდვებში ამხელს ღმერთი მათ იერემიას მეშვეობით?
 
უმთავრესი ცოდვები, რომლებმაც განარისხა ღმერთი - ოთხია. ამდენივეა სასჯელიც:
 
"მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს - დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს - შესაჭმელად და გასანადგურებლად" (იერ. 15:3).
 
აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ წინასწარმეტყველის ეს მხილებანი ახება არა მარტო ძველ ადამიანებს, არამედ თუკი ამ ცოდვებს გაიმეორებენ სხვა ხალხები ნებისმიერ ისტორიულ პერიოდებში, მათაც გარდაუვალად ეწვევათ ღმრთის ანალოგიური რისხვა.
 
ამრიგად, პირველი და ყველაზე საშინელი ცოდვა - ეს კერპთაყვანისმცემლობაა.
 
როგორ და რატომ დაიწყო რჩეულმა ერმა კერპების თაყვანისცემა?
 
ამ საქმეს, ჯერაც ბაბილონის ტყვეობამდე, ყველაზე მეტი ძალისხმევა უკეთურმა იუდეველმა მეფემ მანასემ მოანდომა.
 
ასე ბრძანებს უფალი:
 
"საფრთხობელად გაგხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის იუდას მეფის, მანასე ეზეკიას ძის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში" (იერ. 15:4).
 
მანასე მოიხსენიება მეფეთა მეოთხე წიგნში.
 
ეს იყო ყველაზე ბიწიერი მეფე, იუდეის ყველაზე უკეთური მმართველი, რომელმაც კერპთაყვანისმცემლობას - სახელმწიფო რელიგიის ღირსება მიანიჭა.
 
მან პირველმა აღმართა ასტარტის კერპი უფლის ტაძარში და მოლოქის კულტის თაყვანისცემა დაამკვიდრა, რომელსაც მსხვერპლად ადამიანთა შვილებს სწირავდნენ.
 
მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმართეს წარმართული სამსხვერპლოები, ყველგან სხვადასხვაგვარი უკეთურებები აღესრულებოდა, მათ შორის ლოთობა და გარყვნილება. მანასე ასევე:
 
"ცეცხლში ატარებდა თავის შვილს, მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა სულთა გამომხმობნი და ჯადოქრები, ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის განსარისხებლად" (4 მეფ. 21:6).
 
ქალაქი იერუსალიმი ერთ მთლიან საკერპედ იქცა: ყოველ ქუჩაში, ყოველ ეზოში, ყოველ საჯარო ნაგებობაში კერპები და მათი სამსხვერპლოები იდგა.
 
პრაქტიკულად მეფემ თავისი განკარგულებით და მაგალითით საშინელი მომაკვდინებელი ცოდვისკენ უბიძგა იუდეველთ სამეფოს მთელ ხალხს.
 
მანასეს მმართველობა ხანმოკლეც რომ ყოფილიყო, ის მაინც მოწამლავდა კერპთაყვანისმცემლობის შხამით ადამიანთა სულებს, არადა მანასემ ორმოცდაათი წელი იმეფა!
 
ამ ძალიან დიდი დროისთვის მან მოასწრო იუდეველთა რამოდენიმე თაობის გაფუჭება.
 
ამ მეფის მაგალითი გვიბიძგებს დავფიქრდეთ იმაზე, რომ სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანები კაცთა საზოგადოებაში, იქნება ეს: ოჯახი, კორპორაცია, ეკლესია თუ სახელმწიფო, - საღმრთო ჩანაფიქრით, ვალდებულნი არიან განსაკუთრებულად იზრუნონ "ამ მცირედთაგანზეც".
 
მაგრამ, თუ ოჯახის მეთაური, ან კორპორაციის ხელმძღვანელი, ეკლესიის მწყემსმთავარი ან სახელმწიფოს წინამძღოლი (მეფე, კანცლერი, გენერალური მდივანი, პრეზიდენტი და ა. შ.) სწორი გზიდან უკეთურებისკენ გადაუხვევს, გარყვნის მოყვასთ, ანუ მისნაირ ადამიანებს, ქვეშევრდომებს და მოქალაქეებს, მაშინ, საბოლოოდ შედეგები იქნება ტრაგიკული და საშინელი.
 
ეს გადახრა ეჭვქვეშ დააყენებს თვით ოჯახის, კორპორაციის, ეკლესიის, სახელმწიფოსა და თვით ერის არსებობის მიზანშეწონილობას.
 
თუკი შეგნებულად და იძულებითად იკვეთებიან ტრადიციული ღირებულებები, თუკი მიზანმიმართულად წყვეტენ სულიერი ცხოვრების გამოცდილებას, რომელიც მემკვიდრეობითად უნდა გადაეცეს ერთი თაობიდან მეორეს, მაშინ აუცილებლად დადგება დიდი ჭირი და უმძიმესი განსაცდელი.
 
ასე მოხდა მანასე მეფის მმართველობის დროსაც: გაიზარდნენ ახალი თაობები, რომელთაც არ იცოდნენ თავიანთ ბრძენ წინაპართა ტრადიციები, არ შეეძლოთ და არც სურდათ ეცხოვრათ ღმრთის სადიდებლად, არ ენდობოდნენ ჭეშმარიტ უფალს, რომელსაც პატივს მიაგებდნენ და თაყვანსცემდნენ მათი წინაპრები.
 
ყველა ეს ადამიანი იზრდებოდა ორმოცდაათი წლის განმავლობაში. იზრდებოდნენ და ვერ ხედავდნენ სწორი სარწმუნოების მაგალითს. მემკვიდრეობითობა დაიკარგა.
 
უეჭველია, რომ უფალმა დაიცვა კერპთაყვანისმცემლობისგან შეუბილწავი ოჯახები, მაგრამ მთლიანობაში ერს უკვე აღარ შეეზლო ეშვა ღვთისმოსავი შთამომავლობა.
 
მეფე მანასეს გამო საზოგადოებაში მოხდა სულიერ-ზნეობრივი კატასტროფა, რომლის შედეგების ლიკვიდირება ბოლომდე მაინც ვერ მოხერხდა.
 
ეს არის ისტორიული მაგალითი იმისა, რომ ძალაუფლების მპყრობელ და სულიერ ღირებულებათა მცველ ადამიანებზეა დამოკიდებული ერისა და სახელმწიფოს სვე-ბედი.
 
ჩვენი სახელმწიფოების უახლეს ისტორიაშიც ვხედავთ ასეთ მაგალითებს, როდესაც თაობათა მემკვიდრეობითობა გაწყდა და მომდევნო თაობა უარს ამბობდა სარწმუნოებაზე ისე, რომ აძაგებდა თავის წინაპრებსა და წარსულს...
 
მაგალითად, ეს მოხდა ოქტომბრის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ, როდესაც მთავრობა ადამიანებს უნერგავდა უცხო ღირებულებებს.
 
ყველამ კარგად იცის, რაოდენ იოლია დანგრევა, და რაოდენ ძნელია დანგრეულის აღდგება, მაგრამ მაინც ბედავენ ამას, ანგრევენ საუკუნეებით ჩამოყალიბებულ ტრადიციებს, გადმოცემებს, კულტურას, და სულიერ ღირებულებებს...
 
შეიძლება აღვადგინოთ დანგრეული ტაძრები, დავაბრუნოთ შერყვნილი ისტორია, ვეცადოთ ადამიანთა სულების განკურნება, მაგრამ იმისთვის, რათა აღვადგინოთ წინაპართა სულიერებასა და სიბრძნეზე დაფუძნებული ტრადიციები საჭირო გახდება ათწლეულობით სტაბილური ცხოვრება, რომელიც ამ აღდგენისკენ, დაბრუნებისა და აღორძინებისკენ იქნება მიმართული.
 
რწმენისა და სულიერების საყოველთაო დაცემის დროს საჭირო არიან ადამიანები, რომლებიც ღმრთის მნათობებად ევლინებიან ერს და თავიანთი რწმენის ძალით გზას უნათებენ მას საყოველთაო ურწმუნოებისა და გარყვნილების ბნელში; აძლევენ ხალხს იმედისა და სიყვარულის მაგალითს. სწორედ ასეთი თავდადებული ადამიანები კურნავენ ერებს.
 
სხვადასხვა დროის ქრისტიანი ხალხების ცხოვრებაში გვინახავს ასეთი ადამიანები, იღუმენები, მღვდელმონაზვნები, უბრალო ბერები, ეპისკოპოსები, პატრიარქები და მათი მრავალრიცხოვანი მოწაფეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ მინავლებული სარწმუნოების გამოსაღვიძებლად, ასაღორძინებლად და გასაძლიერებლად.
 
მანასეს მეფობის დროს მოხდა ისეთი საშინელი კატასტროფა, რომ ღმრთის ისეთი წინასწარმეტყველები, როგორებიც იყვნენ ესაია და იერემია, უძლურნი გახდნენ განეკურნათ იუდეველი ერის სულიერი წახდენა.
 
ადამიანები ისმენდნენ წინასწარმეტყველთა ქადაგებებს და არ ესმოდათ ღმრთის სიტყვები, არ ესმოდათ, თუ რას ითხოვდნენ მათგან, არ სწამდათ უხილავი ღმერთის და უუნარონი იყვნენ შეენანათ თავიანთი ცოდვები.
 
ვერც ბაბილონის მეფის მრისხანე ჯარმა, ვერც იერუსალიმის დაცემამ და უფლის ტაძრის განადგურებამ, ერთ საათში ვერ გამოაფხიზლა ხალხი - ისინი ვერ გამოსწორდნენ და მათ ვერ აღადგინეს აღთქმა ღმერთთან, რომელიც მათ წინაპრებს მიეცა.
 
საჭირო გახდა ტყვეობაში ცხოვრების სამოცდაათი წელი, უმძიმესი სამოცდაათწლიანი განსაცდელი, რომ ერს შეენანა, დაენახა თავისი დანაშაული, რომ უფალმა გამოაჩინა მაღალი სულიერების მქონე მღვდლები და ღრმად მორწმუნე ერის წინამძღოლები.
 
მხოლოდ ამგვარი საღმრთო სასჯელის (ეპითიმიის) შემდეგ შეძლო ერმა საბოლოოდ მოეშორებინა დემონების თაყვანისცემა და დაბრუნებოდა აღთქმულ მიწას.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому