პუბლიკაციები - რატომ არის საგულისხმო წინასწარმეტყველ იერემიას ხვედრი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რატომ არის საგულისხმო წინასწარმეტყველ იერემიას ხვედრი
ცხოვრებისეულ განსაცდელში მყოფ ადამიანთათვის?
წმ. იერემია წინასწარმეტყველი
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ იმ ისტორიულ ვითარებას, რომელიც თან ახლდა წინასწარმეტყველ იერემიას ქადაგებას ნაბუქოდონოსორის ჯარებით გარშემორტყმულ იერუსალიმში.
 
ეს იყო საშინელი დღეები არა მარტო ქალაქისთვის, არამედ უშუალოდ წინასწარმეტყველისთვისაც, და ამ მოვლენებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მის წიგნებში.
 
ამ წიგნების შესწავლისას, როდესაც ხედავ ღმრთის განგებულებას ხალხებსა და ცალკეულ პიროვნებებზე, ხვდები თუ როგორ მართავს და მოქმედებს ღმერთი ნებისმიერ ისტორიულ პერიოდში, სამყაროს შექმნიდან ჩვენს დღეებამდე.
 
სულიწმიდით შთაგონებული თავისი ქადაგება, წინასწარმეტყველმა იერემიამ დაიწყო იერუსალიმზე საშინელი წინაუწყებით და მის მცხოვრებლებზე გამოტანილი მკაცრი განაჩენით.
 
"მითხრა უფალმა: მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემს წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე. გაყარე ჩემგან, წავიდნენ. თუ გკითხეს: "სად წავიდეთო?" მიუგე: ასე თქვა უფალმა: ვინც სასიკვდილოდ არის გაწირული - სიკვდილისკენ, ვინც მახვილისთვის - მახვილისკენ, ვინც შიმშილისთვის - საშიმშილოდ, ვინც ტყვეობისთვის - ტყვეობისკენ" (იერ. 15:1-2)
 
მაშასადამე, უფლის მოთმინება ამოიწურა. ისრაელი ხალხის ცოდვების ფიალა გადაივსო, ხსნა აღარ არის, ხოლო ქალაქი და ტაძარი დაინგრევა.
 
ისეთი ძლიერი მლოცველებიც კი, როგორებიც იყვნე მოსე და სამუელი ვერ მოაბრუნებდნენ ღმრთის გულს მოწყალებისკენ...
 
როდესაც სინას მთაზე უფალმა მოსეს უთხრა: "ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა ეს ხალხი. ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო" (გამ. 32:9-10), მოსემ სთხოვა უფალს არ გაენადგურებინა ებრაელები:
 
"ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან" (გამ. 32:32).
 
სამუელსაც ჰქონდა ასეთი კადნიერება უფლის წინაშე და მრავალი სასწაული მოიმოქმედა ღმერთმა მისი ვედრებით.
 
ახლა კი, უფლის თქმით, ვერანაირი ლოცვა ვერ უშველის იუდეველთ, შურისგება გარდაუვალია და სასჯელი აუცდენელი.
 
თვის იერემია ცრემლით ევედრება ხალხის შეწყალებას, მაგრამ ღმერთი მას უკრძალავს: "მითხრა უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის მის სასიკეთოდ" (იერ. 14:11).
 
რა არის ეს, თუ არა ღმრთის რისხვა? თუმცა მისი რისხვა განსხვავდება ადამიანურისგან, რადგან ღმერთი უვნებოა და წმიდა.
 
მაგრამ თავისი უკომპრომისობით და გარდაუვალობით ის ადასტურებს, რომ ღმრთის სიმართლე აღდგება და ამ ხალხისგან სიბილწის მოშორების სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
 
ერთადერთი შანსი, ერის არსებობა რომ არ შეწყდეს, - ეს ბაბილონის მეფის შეწყნარება და მისდამი დამორჩილებაა.
 
"თუ იქნა ისეთი ხალხი და სამეფო, რომლებიც არ დაემორჩილებიან მას, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და ქედს არ მოიხრიან ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ; მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ვიდრე მისი ხელით საბოლოოდ არ გავანადგურებ" (იერ. 27:8).
 
ღმერთი ამ მძიმე უღელს ადამიანებს უგზავნის მხოლოდ და მხოლოდ მათი ამპარტავნების აღმოსაფხვრელად, მათი ვნებების განსაკურნებლად, მათი სისასტიკის შესარბილებლად და უდრეკი გულების მოსალბობად, რათა ბოლოს და ბოლოს შეინანონ და წყალობა მოიპოვონ ღმრთის წინაშე.
 
ეს უღელი კურნებაა ისრაელისთვის და მწარე წამალია. თუკი ის უარს იტყვის ამ უღელზე და ტყვეობაზე, მაშინ ისინი თავს გაწირავენ სრული განადგურებისთვის, ანუ მარადიული სიკვდილისთვის.
 
მხოლოდ ის, ვინც მორჩილების გზებით დადის, იღებს გამოსწორებისა და ცხონების შესაძლებლობას.
 
ადამიანებს მხოლოდ ორი გზა აქვთ: ან უღელი ან სიკვდილი, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
 
ის ადამიანებიც კი, რომლებიც ყოველთვის უფლის მფარველობის ქვეშ იყვნენ - ქვრივები, ხეიბრები და ობლები - გაწირულები არიან გასაწყვეტად, თუ არ მოიდრეკენ ქედს ნაბუქოდონოსორის წინაშე.
 
ლიბერალები, ჰუმანისტები და სხვა პაციფისტები, რომლებიც მანტრასავით იმეორებენ სიტყვებს: "ღმერთი სიყვარულია!" - უარყოფენ ძველი აღთქმის ასეთ "სასტიკ" ღმერთს.
 
მაგრამ განა ახალ აღთქმაში, 70 წელს ქრისტეს შობიდან, როდესაც რომის ჯარმა აიღო იერუსალიმი არ დაიხოცნენ ბავშვები, ქვრივები და მოხუცები?
 
განა მეორე მსოფლიო ომის დროს ღმრთისმებრძოლებთან ერთად არ იღუპებოდნენ სრულიად უდანაშაულო ადამიანები?
 
საქმე იმაშია, რომ ჩვენს ლიბერალურ ცნობიერებას ისეთი ცნებები უფრო ესმის როგორიცაა სიყვარული და მოწყალება, თავმოყვარეობა და ტოლერანტულობა, რომელთაც ჭეშმარიტ სიყვარულთან და მოწყალებასთან არა აქვთ არანაირი კავშირი.
 
როგორც ცნობილია, ადამიანებს ყველა დროში ერთნაირი ცოდვები ახასიათებდათ, და აი, იერემიას დროსაც ხალხი საკმაოდ აღშფოთებული იყო მისი მკაცრი ქადაგებებითა და კატეგორიულობით.
 
მღვდლები ხალხის მხარეს დადგნენ.
 
რადგან იერემია მოდგმით სამღვდლო ფენისაგან იყო და მათ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, პასქორმა, უფლის სახლის ზედამხედველმა და წინამძღვარმა, სცემა იერემია, განკარგულება გასცა ბორკილები დაედოთ მისთვის და ნამორში გამოემწყვდიათ.
 


წინასწარმეტყველ იერემიას შებოჭვა ნამორში
 

იერემიას დაპატიმრება ცნობილი გახდა იუდეველი მეფის ცედეკიას კარზე და მან წინასწარმეტყველისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. იერემია კვლავ და კვლავ იმეორებს ღმრთის განკარგულებას:
 
"ასე ამბობს უფალი; აჰა, დამიდევს თქვენს წინაშე სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა. ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება. ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომელთაც ალყაში ვყავართ, გადარჩება და ნადავლად ექნება საკუთარი სიცოცხლე. რადგან საუბედუროდ მივაქციე ჩემი სახე ამ ქალაქისკენ, არა სასიკეთოდ, ამბობს უფალი; ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დაწვავს მას" (იერ. 21:8-10).
 
ამრიგად, ვინც დამდაბლდება და ტყვედ ჩაბარდება, მას "ნადავლად ექნება საკუთარი სიცოცხლე".
 
წინასწარმეტყველი არ ცდილობს მეფეს და დიდებულებს შეურბილოს თავისი ქადაგების "სიმქისე" და ამან მეფის კარზე აღშფოთების გრიგალი გამოიწვია, რაც იერემიას დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯის მოთხოვნაში გამოიხატა.
 
მისი ქადაგება უკვე უბრალოდ ზნეობრივ საკითხებს როდი ეხებოდა: ეს იყო ცოდვებისა და მანკიერებების მხილება, რომელსაც ისედაც კარნახობდა ხალხს საკუთარი სინდისი.
 
ამჯერად ეს იყო პოლიტიკური საკითხი, რადგან იერემია მთელი ქვეყნის ხელმძღვანელობას და ხალხს მტრებისადმი დამორჩილებას და ტყვეობაში წასვლას ურჩევს.
 
მეფის დაახლოვებული პირები ცდილობენ მის მოკვლას სახელმწიფოს ღალატის ბრალდებითა და დამარცხებული განწყობის გავრცელებისთვის. იერემია წუმპით სავსე ორმოში ჩააგდეს და აშიმშილეს.
 
მაგრამ მეფე ცედეკია, რადგან წინასწარმეტყველის ლოიალობას ელოდა, თავისი მსახურის აბდემელექის შუამდგომლობით, გარკვეული დროით ათავისუფლებს მას პატიმრობიდან.
 
იერემიას კარგად ესმის, თუ რა ელოდება მას მისი ქადაგებისთვის, მაგრამ ღმერთი ეუბნება:
 
"ნუ გეშინია მათი, რადგან შენთან ვიქნები, რომ დაგიფარო" (იერ. 1:8).
 
წინასწარმეტყველიც გრძნობს ღმრთის ძალას საკუთარ გულში. ღმრთის სიტყვა, როგორც მხურვალე და შეუკავებელი ცეცხლი, უწყვეტ ნაკადად იღვრება იერემიას მხილებებში.
 
მიმართავს რა ღმერთს ის ადასტურებს:
 
"შენ გადამიბირე, უფალო, და მეც დაგყევი; ჩამიჭირე და დამძალე; ყოველდღე საცინლად მიგდებენ, ყველა მამასხრებს" (იერ. 20:7)
 
უდავოა, რომ წინასწარმეტყველი ადამიანურად უსუსურია, მას, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანს, აქვს ფიზიოლოგიური უძლურებანი, ის იტანჯება და წუხს, მაგრამ, როგორც ბიბლიური ისტორიიდან ჩანს, ჯერ პოლიტიკურადაც დაუცველია.
 
მას არ გააჩნია სახსრები, არა აქვს სტატუსი, ის მღვდელიც კი არ არის, მას არ გააჩნია ძალაუფლება და არა აქვს კავშირები...
 
მაგრამ თავისი სიტყვებითა და საქციელით ააფთრებს მდიდრებს და ძლიერთა ამა ქვეყნისათა. მაგალითად, წინასწარმეტყველი კისერზე უღელს ატარებს და ამტკიცებს, რომ ეს მათ გადასარჩენადაა. ებრაელებს კი უკიდურესად სძულთ იგი.
 
იერემია ცხოვრობს, როგორც კრავი მგლებს შორის და ყველაფერს მოთმინებითა და ღირსეულად განიცდის.
 
ღმერთიც იცავს თავის რჩეულს და თუმც სიკვდილი ფეხდაფეხ მისდევს მას, უფალი არ აძლევს უფლებას სიკვდილს წაიყვანოს იგი.
 
როგორც სულიწმიდით ლოცულობდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი: "შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი" (ფსალმ. 22:4).
 
თუკი ღმერთი ადამიანს დაავალებს გაიაროს ჯოჯოხეთის ყველა სამყოფელი, უფალივე დაიცავს მას ამ განსაცდელში.
 
წინასწარმეტყველ იერემიას ხვედრის გააზრებას შეუძლია დიდი ნუგეში მოუტანოს ადამიანებს უმძიმეს ცხოვრებისეულ ვითარებებში და აღანთოს ისინი ღმრთისადმი ნდობითა და მისდამი სასოებით.
 
წმიდაო წინასწარმეტყველო ღმრთისა იერემია, შეგვავედრე ღმერთსა ჩვენ ცოდვილნი.


საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით.
Назад к содержимому