პუბლიკაციები - რატომ არ შეუძლიათ ურწმუნოებსა და მწვალებლებს გამოცხადების წიგნის სწორი აღქმა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რატომ არ შეუძლიათ ურწმუნოებსა და მწვალებლებს გამოცხადების წიგნის სწორი აღქმა?
იესუსა და სამარიტელი დედაკაცის გასაუბრება
იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა,როგორც დაბეჭდილი წიგნის სიტყვები,
რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს: არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია წიგნი (ეს. 29:11)
 
წმიდა წერილის ტექსტთა სიმბოლური მნიშვნელობები მრავალ საღვთისმეტყველო თუ წმიდა მამებისეულ შრომებშია ნახსენები და განხილული, ამიტომაც მისი არსებობის ფაქტი არც დავას იწვევს და არც რაიმე გაუგებრობას.
 
იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადების" სიმბოლოთა აზრი ყოველთვის მკაფიო და გასაგები როდია. მასში წინასწარმეტყველური სიმბოლიზმის არსებობის აღიარება მკითხველს ჯერ კიდევ ვერ აძლევს სწორ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყოველი ცალკეული სიმბოლოს აზრთან და მნიშვნელობასთან არის დაკავშირებული.
 
ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიური ტექსტების სახეებისა და სიმბოლიზმის საკითხი ასახულია უამრავ სხვადასხვა ნაშრომსა და პუბლიკაციაში, მაინც აქვს აზრი "ხელახლა" ვილაპარაკოთ გამოცხადების წიგნის სიმბოლიზმზე, და დავიწყოთ იგი ელემენტარული საბაზისო დონიდან.
 
განსჯა სახეებსა და სიმბოლოებზე, რომელიც წმიდა წერილის ყველა ტექსტს ახასიათებს, შეიძლება დავიწყოთ მტკიცებით, რომ ყველაზე ზოგად შემთხვევაში ადამიანური მეტყველების ნებისმიერი სიტყვა ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს, რომლის აზრი მსმენელს მხოლოდ იმიტომ ესმის, რომ მისით აღნიშნულია უკვე განსაზღვრული, საზოგადოდ აღიარებული და ყველა ადამიანის მიერ გაზიარებული ცნებები. მოციქული პავლე ასეთ ცნებას სიტყვის "მნიშვნელობას" უწოდებს:
 
"მაგალითად, რამდენი განსხვავებული სიტყვაა სოფელში და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო. ამიტომ, თუ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე — უცხო ჩემთვის" (1 კორინთ. 14:10-11).
 
მაგრამ, რაც უფრო რთულია სიტყვით გამოხატული ცნება, მით უფრო ნაკლებად განსაზღვრული იქნება იგი ენის მატარებელთა შორის; ადამიანთა ამ გარემოში, რაც უფრო მეტი არ იცნობს მოცემულ ცნებას, სიმბოლოს და ა. შ., - მით უფრო რთული ხდება მისი აზრის გადმოცემა საზოგადოდ მიღებულ სიტყვა-სიმბოლოთა დახმარებით.
 
ხოლო, რადგან ენის მატარებელთა შორის სულიერი ცნებები ყველას არა აქვს შეგნებული იმ მიზეზით, რომ ისინი ერთი ერის ან საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ და განსაზღვრულ ინდივიდუალურ განათლებას, ანუ ამა თუ იმ ხარისხით ამ ცნების შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას ითხოვენ (რომელიც, გასაგებ მიზეზთა გამო, საყოველთაოდ მისაწვდომი ვერ არის), - სიტყვაში ამგვარი ცნებების გადმოცემა ძალზედ და ძალზედ რთული ხდება.
 
მაგრამ, როგორ უნდა ეძებოს და მოიპოვოს ადამიანმა ახალი ცოდნა და გამოცდილება, თუკი არავის, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, არ შეუძლია აუხნას რაზეა ლაპარაკი, - და მით, დააკვალიანოს იგი შემეცნების გზაზე, რის შედეგადაც ზოგიერთი სიტყვა მისთვის შეიძენს ახალ, ამაღლებულ, და ადრე მიუწვდომელ მნიშვნელობებს? მითუმეტეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუკი ამ მიზნის მისაღწევად მსმენელისთვის საზოგადოდ ცნობილ სიტყვებს გამოვიყენებთ - ის მათში უკვე "წაიკითხავს" მისთვის გასაგებ აზრებს, რომლებიც შემეცნების ილუზიას შეუქმნიან და ხელს შეუშლიან დაინახოს უმეტესი, ვიდრე იცის და, რასაც გარემომცველი სამყარო შეიმეცნებს.
 
უკვე არსებულ და საზოგადოდ გამოყენებად სიტყვებს (ე. წ. "ამქვეყნიურ ცნებებს") შეუძლიათ განუსაზღვრელად ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეაყოვნონ ეკლესიის გარეთ მდგომი ადამიანი იმგვარი გაგების ტყვეობაში, რომელიც მის მიერ შეძენილი და "აღქმული" ცოდნისა და გამოცდილების გაგრძელებას წარმოადგენს.
 
გარდა ამისა, სულიერი რეალობის აღმნიშვნელ ცნებებს ხშირად არცა აქვთ ანალოგი გარემომცველ ხილულ სამყაროში. ამიტომ სანამ მსმენელის გამოცდილება მხოლოდ გარეგანი (ანუ ხილული და შეგრძნებადი) "ბუნებრივი" გარემოთია შეზღუდული, შეუძლებელია ამგვარი ცნებების შესაბამისი მნიშვნელობები ადამიანს მხოლოდ მისთვის გასაგები სიტყვიერი აღწერის მეშვეობით გადაეცეს.
 
ამრიგად, მაცხოვრის იგავების აზრი, მთელი მათი უბრალოების პირობებშიც კი, მრავალთათვის მიუწვდომელი იყო (იხ. მაგ.: მათე 13:11), რადგან ისინი საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და მგრძნობელობის ჩარჩოებში აზროვნებდნენ. შედეგად, სრულიად შერაცხადი ადამიანები, რომელთაც გააჩნდათ, როგორც შემეცნების, ასევე აღქმის შესაძლებლობები, - უუნარონი იყვნენ გაეგოთ უფლისგან გადმოცემული სწორუპოვარი ამბები.
 
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ადამიანურ მეტყველებას მხოლოდ ფორმალურად შეუძლია აღნიშნოს რაიმე საგანი ან მოქმედება. თუკი თვით ობიექტი ან მოვლენა მსმენელისთვის გამოცდილებითად უცნობია ან გრძნობითად მიუწვდომელია, - ამ სიტყვის მნიშნელობის სუბიექტურ წარმოდგენათა რაოდენობა მსმენელთა რაოდენობის ტოლფარდი აღმოჩნდება.
 
ეს კი ნიშნავს, რომ "მზა" სიტყვებით, - რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა სულიერი ცნებების გადმოცემა ისე, რომ ყოველ მსმენელს გაეგო მისთვის მიწოდებული სიტყვიერი განსაზღვრება, და თავისთვის ჩამოეყალიბებინა სწორი წარმოდგენა განსახილველ საგანზე, - სულიერი ჭეშმარიტებების გადმოცემა შეუძლებელია. ამგვარი "მზა" სიტყვები არ არსებობენ.
 
ამასთან ცხადია, რომ წმიდა წერილის ნებისმიერი წიგნი, ყველა სხვა დანარჩენთან ერთად, ადამიანური მხედველობისთვის დაფარულ სულიერ რეალობას გამოხატავს. რადგან ამ რეალობის სრულფასოვანი აღწერა, ზემოთგანმარტებულ მიზეზთა გამო, მარტივი სიტყვებით შეუძლებელია, - წმიდა ტექსტები მათ სიმბოლოთა არაბუკვალური ენით, სახეებით, სიმბოლოებით, იგავებით და ქარაგმებით გამოხატავენ.
 
თანაც სულიერ აზრთა სწორედ სიმბოლური (განყენებული, ქარაგმული, ალეგორიული და ა. შ.) წარმოდგენები გვაძლევენ შესაძლებლობას არა მარტო აღვნიშნოთ ახალი, ჯერაც მსმენელისთვის უცნობი ცნებები, არამედ მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი დამოკიდებულება ადრე ფორმირებულ, აზრობრივად მონათესავე, მაგრამ "გამიწიერებულ" ადამიანურ ცნებებთან ("მიწიერ ანალოგებთან").
"რადგან სიმბოლოებში, ქარაგმებსა და იგავებში ამაღლებულ ცნებათა აზრი საკმაოდ მკაფიოდ არის განცალკევებული იმ ინსტრუმენტებისგან, რომელთა მეშვეობითაც ისინი არიან აღწერილნი, - უგუნურება იქნება საგან-სიმბოლოთა თვისებები ბუკვალურად გადავიტანოთ ამაღლებულ აზრთა სფეროში. ყველაფერ ამასთან ერთად, ადამიანს, სიმბოლოსა თუ ცნების მისთვის ცნობილ შესატყვისობებზე დაყრდნობით, შედარებით თავისუფლად, ანუ თავისი "მიწიერი" გამოცდილებიდან დამოუკიდებლად შეუძლია ჩამოაყალიბოს წარმოდგენა მისთვის ადრე უცნობ ამაღლებულ აზრებზე და თანდათანობით მოიპოვოს შემეცნება, რომელიც უკვე ძლიერ სცილდება მასში არსებულ პრაქტიკულ და გრძნობითი გამოცდილების ჩარჩოებს. შეად.: 2 პეტრე 3:18, ფილ. 1:9, კოლას. 1:10.

ამგვარად, სრულფასოვანი მსჯელობა წმიდა ტექსტების აზრზე შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ ბუკვალურ აზრთან ერთად აუცილებლად განიხილება მისი ქარაგმული, ხატოვანი, სიმბოლური, ალეგორიული და ა. შ. მნიშვნელობები.

გარდა ამისა, ბიბლიური სიმბოლიზმის როლისა და მნიშვნელობის გაგება შესაძლებლობას გვაძლევს ცნება "ღმრთის ეკლესიის" მიღმა დავინახოთ არა მარტო ბუკვალური მნიშვნელობა, რაც უკვე დიდი ხანია საზოგადო გამოყენებაშია, - არამედ ქრისტეს ეკლესია აღვიქვათ, როგორც განსაკუთრებული მულტიენობრივი, ზენაციონალური გარემო, რომელშიც მიღებული და განსაზღვრულია მთელი რიგი ფუძემდებლური სულიერი ცნებები.

თანაც ეკლესიის შიგნით ეს ცნებები შეგნებულია და გაზიარებულია ყველა მისი წევრის მიერ, - ხოლო ეკლესიის საზღვრებს გარეთ, კაცობრივ ენათა "ამსოფლიურ" სიტყვიერ სიმბოლიზმში, იგივე ცნებებს გააჩნიათ ან სხვა ("ამსოფლიური", "ხორციელი" და ა. შ.) მნიშვნელობანი ან კიდევ აღიქმებიან განუსაზღვრელ (ანუ არსებითი აზრის არმქონე) ცნებებად.

ხოლო თუ დავეთანხმებით ეკლესიის, როგორც განსაკუთრებული გარემოს განსაზღვრებას, რომლის შიგნითაც ჩამოყალიბებულია და დაცულია ჭეშმარიტი აზრით მთელი რიგი სულიერი ცნებები და წარმოდგენები (შეად. – 1 ტიმ. 3:15), - უნდა დავეთანხმოთ იმასაც, რომ გამოცხადების წიგნის სულიერი აზრები ცნობილია არა მარტო მოციქულ იოანე ღვთისმეტყველისთვის, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიისთვისაც. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს იმისი აღიარება, რომ გამოცხადების წიგნის სიტყვამ რაღაც წარმოუდგენელი და განუსაზღვრელი მიზეზებით ვერ აღასრულა ის, რისთვისაც იყო მოვლენილი. შეად.: "ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე" (ეს. 55:11).

მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუკი გამოცხადების აზრი არავისთვისაა მისაწვდომი, - ეს ნიშნავს, რომ მისმა სიტყვამ ადრესატებამდე ვერ მიაღწია, და ვერ მისცა ამ ადრესატებს შესაძლებლობა გაეგოთ ის, "რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 1:1); და ეს იმის გათვალისწინებით, რომ გამოცხადების წიგნის პირველი თავის პირველივე მუხლში (არადა, ბევრჯერ აღუნიშნავთ, რომ მოციქულ იოანესთან პირველი მუხლები ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია) მოცემულია მტკიცება:

"გამოცხადება იესუ ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს" (გამოცხ. 1:1).
თავისი აზრის სისავსეში ცნება "ჩვენება", განსხვავებით "დანახვისგან", არ იზღუდება პროცესის ფორმალური მხარით, არამედ გააჩნია სრულყოფილი ფორმა, და მოიცავს შესაბამის აღქმას "მხილველის" მხრიდან. მეორე მხრივ, მტკიცება "უჩვენა", ისევე როგორც მსგავსი აზრის შემცველი სხვა მრავალი ფრაზა, რომლებიც უფლის მიერ მიწოდებულია თავისი ეკლესიისთვის, მაგალითად:  "... თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა... " (მარკ. 4:11 და ლუკა 8:10), შეუძლებელია არასწორი ან ბოლომდე დაუსრულებელი იყოს. შესაბამისად, მოწმობას იმის შესახებ, რომ უფალმა რაღაც "აჩვენა", ეკლესია იღებს, როგორც მტკიცებას, რომ ის, რაც "აჩვენა" დანახულია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ვიმსჯელებთ არა როგორც ურწმუნონი, არამედ როგორც მორწმუნენი, - გამოცხადების 1:1-ში ნათქვამი უნდა აღვიქვათ სწორედ ქრისტიანული აზრით, ანუ სრული დარწმუნებით იმაში, რომ გამოცხადების სიტყვა უფალს უკან ამაოდ არ დაბრუნებია, არამედ აღასრულა ის, რისთვისაც გამოგზავნილი იყო (შეად.: ეს. 55:11). შედეგად, ყველა ისინი, ვისთვისაც არის განკუთვნილი გამოცხადება, თუნდაც ნაწილობრივ ხედავენ და შეიგნებენ იმ გასაოცარ აზრებს, რომლებიც მათ თვით უფალმა უჩვენა.

მეტიც, ყოველივე ზემოთთქმული ნიშნავს, რომ გამოცხადების წიგნი, ისევე როგორც ქრისტეს ეკლესიის სწავლებისა და მემკვიდრეობის სხვა ნაწილი, არ შეიძლება შეიცავდეს აზრებს, რომლებზეც არ მტკიცდებოდეს თვით ეკლესია, - და რის შესახებაც, საჭიროების მომენტში, თვითონვე არ უმოწმებდეს გარე სამყაროს.
მაგალითად, ასეთი აღქმა სრულად შეესაბამება მოციქულთა მოწმობას, რომლის თანახმადაც ქრისტეს ეკლესია არის არა მარტო "სახლი ღმრთისა", არამედ "სვეტი და საფუძველი ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3:15)
ამიტომაც რაოდენ რთულადაც მოეჩვენოს ქრისტიან მკითხველთ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ცალკეული სიმბოლოები, - დარწმუნებულნი უნდა იყონ იმაში, რომ ისინი პოტენციურად შემძლენი არიან "განჭვრიტონ" მათში ის აზრი და ჭეშმარიტება, რომელზეც მტკიცდება და რომელსაც აუწყებს მსოფლიოს ქრისტეს ეკლესია.
 
მაგრამ მსგავსი ხედვა შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში (იმ პირობით), თუკი ადამიანს გააჩნია სწორი წარმოდგენა სახარების ფუძემდებლურ ჭეშმარიტებებსა და აზრზე, და საკმაო დონით არის განმტკიცებული ქრისტიანულ სარწმუნოებაში.
 
გარდა ამისა, მან აუცილებლად უნდა მიიღოს და გაიზიაროს ქრისტიანულ ცნებათა მთელი სისტემა, - ანუ უნდა გააჩნდეს ახალაღთქმისეული დროების სულიერ რეალობათა განსაზღვული შემეცნება, და შეგნეგული ჰქონდეს კაცობრიობისა და სამყაროს რეალური მდგომარეობის მახასიათებლები.
 
ამგვარი შემეცნებით ქრისტიანი ადრიდანვე უნდა "მომარაგდეს", ანუ მანამ, სანამ გამოცხადების წიგნზე დაიწყებდეს ფიქრს და განსჯას, რადგან თვით გამოცხადების წიგნი არ შეიცავს ბუკვალურ სწავლებებს და განმარტებებს, სიმბოლურ სახეებსა და ქარაგმებში კი შეუძლებელია იმის დანახვა, რაზეც ადამიანს არანაირი წარმოდგენა არ გააჩნია.
ანუ განსაზღვრულ პირობებში ადამიანს შეუძლია გამოცხადების წიგნის "სიმბოლურობის ფარდის" მიღმა დაინახოს ის, რაც მისთვის თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ცნობილია, - თუმცა, "ფარდის აწევა" და მის მიღმა მდებარე იმ ჭეშმარიტებათა შემეცნება და შესწავლა, რაც პრინციპში მისთვის უცნობია, სხვაგვარ პირობებში შეუძლებელია.
გარდა ამისა ახალაღთქმისეული და გამოცხადების წიგნის აზრები და ჭეშმარიტებები ადამიანში უნდა შეხვდეს არა ცრურწმენათა ყრუ კედელს, არა ფუჭი ცნობისმოყვარების სკალპელს, - არამედ მის დაფარულ მოლოდინსა და გულითად მისწრაფებას. შეად.:
 
"განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში?" (ლუკა 24:32).
 
ანუ, ახალაღთქმისეული (ისევე როგორც მთელი ბიბლიური) ჭეშმარიტება აღიქმება არა იმდენად გონებით, რამდენადაც "სულითა და გულით".
"ისევე როგორც შეუძლებელია ადამიანის შინაგანი ქრისტიანული მდგომარეობის კონკრეტულად განმსაზღვრელი ფორმულირება, ასევე შეუძლებელია "წარმავალიდან ზეციერისკენ" გონებით აღტაცების პრინციპის აღწერა, - ამიტომაც საზოგადოდ აღიარებული უნივერსალური "ტექნოლოგია", რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა გარანტირებულად მიგვეღწია წმიდა წერილის სიმბოლურ აზრთა წვდომისთვის, უბრალოდ არ არსებობს. ეს, ისევე როგორც მრავალი სხვა რამ ქრისტიანობაში, მიენდობა არა "ბიბლეისტიკას", არა "ჰერმენევტიკას", და არც "ეგეზეგეკიას", - არამედ თითოეული ადამიანის რწმენისა და გულის ზრახვათა ერთობლიობას, გამოტანილს მისი გონებისა და სინდისის სამსჯავროზე.
მიუხედავად ამისა, არსებობს სრულიად კონკრეტული ცოდნა და უნარები, რომელთა არარსებობის შემთხვევაში გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველური მნიშვნელობების შემეცნება და მიღება ძალზედ ძნელია. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება იმის შეგნებას, რომ წმიდა ტექსტების აზრი იქმნება არა მხოლოდ ბუკვალური ცნებებისგან და, რომ წმიდა წერილისთვის დამახასიათებელია განსაზღვრული ამაღლებული სიმბოლიზმი, რომელთან მიმართვის გარეშე ვერც ერთი ბიბლიური განმარტება სრულფასოვნად ვერ ჩაითვლება.
ყველაზე ზოგადი აზრით წმიდა ტექსტების ასეთი განსაკუთრებულობა რაიმე კითხვას არ ბადებს. ყოველი მორწმუნე წმიდა წერილის განსაზღვრულ ფრაგმენტებს არა მარტო ბუკვალურად, არამედ სიმბოლურადაც აღიქვამს, - ასე რომ წმიდა ტექსტებში კონკრეტული მნიშვნელობის მქონე სიმბოლოების არსებობის ფაქტს და სიმბოლური (და არა ბუკვალური) აზრის, როგორც სრულყოფილის, ზოგჯერ კი როგორც უმთავრესად მიჩნევის შესაძლებლობას (უფლებამოსილებას), თვით თავდაჯერებული ბუკვალისტებიც კი არ უარყოფენ.
 
მეტიც, ამავდროულად ყველას შეგნებული აქვს, რომ აღქმის სიმბოლურობა, კონტექსტიდან გამომდინარე, ვარაუდობს ან ვარიანტს, როდესაც ბუკვალური აზრი ერთადერთ მისაღებ ვარიანტად არ განიხილება; ან კიდევ განიხილება, როგორც მეორადი და არა როგორც პირველადი მნიშვნელობა; ან კიდევ ბუკვალური აზრი საერთოდ არ განიხილება, როგორც "ნამდვილი" მნიშვნელობა, - ანუ ყველა მტკიცებულება ერთდროულად სიმბოლურად აღიქმება.
 
შესაბამისად, მოვლენებთან მიმართებაში, რომლებიც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშია მოცემული, ნაკლებად თუ ვინმე დაეჭვდება, რომ ისინი წარმოდგენილნი არიან არა ბუკვალურად, არამედ ქარაგმულად, გადატანითი მნიშვნელობით, - ხოლო ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზული მკვლევარი, ამ წიგნის შესამეცნებლად სიმბოლურ მიდგომას ერთადერთად სწორს თუ არ უწოდებს, უკიდურეს შემთხვევაში, აუცილებლად მაინც მიიჩნევს მას განსახილველად.
ასეა თუ ისე, თეორიიდან პრაქტიკაზე გადასვლისას, მათთვის, ვინც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების განმარტებას საკუთარი გონებრივი ძალისხმევით იმედოვნებს, უკვე იხსნება უამრავი და ჩვეულებრივი ლოგიკისთვის გადაუჭრელი ლოკალური თუ გლობალური კითხვა.
 
ასე რომ მსგავსი "გონებრივი ძიებანი", როგორც საზოგადოდ ბიბლიურ სიმბოლოთა, ასევე კონკრეტულად გამოცხადების მარტივ და გასაგებ განმარტებათა ნაცვლად, დამახინჯებული და არასწორი აღქმის უამრავ ვარიანტს შობენ.
 
თანაც სავალალო პირველობა "გონებრივ განმარტებათა" აბსოლუტურ უნაყოფობაში ეკუთვნის მათ, ვინც ბიბლიურ სიმბოლიზმს რაღაც "ლოგიკურ შიფრად" მიიჩნევს, და ფიქრობს, რომ ერთი კატეგორიის "მიწიერი" ცნებები თითქოსდა აღნიშნულია სხვა ანალოგიური ცნებებით, - კომენტატორის ამოცანა კი მიხვედრილობამდე, ანუ დაწერილის "დეკოდირებამდე" დადის.
აშკარაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური შიფრების შემქმნელები არ არიან ვალდებულნი ვინმეს აუხსნან, თუ რატომ არის მათ სისტემაში ასო "ა" აღნიშნული, მაგალითად, სიმბოლოთი - 0, - მაგრამ ამგვარი პრიმიტიული და აბსოლუტურად ფორმალური სქემის გადატანა გამოცხადების წიგნის სიმბოლოებზე კატეგორიულად დაუშვებელია.
ყველაზე ზოგად შემთხვევაში მსგავსი "ხაზოვანი ამოშიფვრა" ადვილი ამოსაცნობია არა მარტო შედეგობრივ მტკიცებულებებში ლოგიკის არქონით, არამედ წმიდა ტექსტთა ბუკვალურ აზრთა და მათ სავარაუდო სიმბოლურ მნიშვნელობათა შორის ბიბლიური კავშირის არქონითაც.
 
მოკლედ, ყველა მსგავსი "განმარტება" არ ეფუძნება არც ახალაღთქმისეულ აზრსა და ჭეშმარიტებას, და არ მიჰყვება წმიდა წერილის ყველა სხვა მოწმობათა კალაპოტს, - არამედ გამოდიან თვით კომენტატორის განსაზღვრულ სამეცნიერო წარმოდგენათა ან საზოგადოებრივ და სამოქალაქო პოზიციათა, ან კიდევ პოლიტიკურ და სხვა "მიწიერ" მიდრეკილებათა პირდაპირ გაგრძელებებად (არსებითად ამგვარი "განმარტებები" წარმოადგენენ თვით კომენტატორის კერძო შეხედულებას, ვარაუდს, მოლოდინს ან ფანტაზიას).
ასე, მაგალითად, არსებობს უამრავი განმარტება, სადაც "ზღვიდან ამომავალ მხეცს" საბჭოთა კავშირს ან აშშ-ს ან კიდევ ევროკავშირს უწოდებენ.
 
ამგვარი მიდგომის კიდევ ერთ საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს "მხეცის დაღის" აღქმა, როგორც ერთგვარი კომპიუტერული კოდი, რომელიც ბუკვალური აზრით უნდა დაედოს ყოველ ადამიანს "შუბლზე და ... ხელზე", გამოცხ. 20:4.
მართალია "გაშიფრულ განმარტებათა" სიმრავლიდან ყოველი კომენტარის უარყოფა ძალზედ რთულია (სიმრავლის გამო), საზოგადოდ მაინც შეიძლება აღინიშნოს, რომ ყველა მსგავსი დასკვნა "ამიწიერებს" გამოცხადების წიგნის ამაღლებულ საყოველთაო მნიშვნელობას, და მათ საზოგადოდ ცნობილ და გამარტივებულ მიწიერ ცნებათა ჩარჩოებში ამწყვდევს (როგორიცაა, მაგალითად, ქვეყნები, კონტინენტები, სამხედრო კონფლიქტები, პოლიტიკური სისტემები, ფიზიკური და გეოლოგიური პროცესები, ასტრონომიული მოვლენები და სხვა).
 
გარდა ამისა, გამოცხადების წიგნი მართლაც რომ საიდუმლო სახელებით ხმობდეს საზოგადოდ ცნობილ და ყველასთვის მისაწვდომ ცნებებს, მაშინ მის საღმრთო საიდუმლოებებად უნდა მიგვეჩნია არა თვით აზრები, არამედ მხოლოდ ის "შიფრები" და "კოდები", რომლებიც იდუმალთმხილველის მიერ გადმოსაცემად იქნა გამოყენებული.
 
ამგვარად, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ განმარტების მეთოდები, რომელთა დროს გამოცხადების სიმბოლოები უბრალოდ "იშიფრებიან" რომელიღაც ვიწრო და შეზღუდული აზრით, არა თუ ვერ აღწევენ ქრისტიანული ჭეშმარიტებების დონეს, არამედ მიდგომიდან გამომდინარეც კი არასწორია.
 
თანაც თვით "გამშიფრავები" ხშირად აცხადებენ პრეტენზიას თავიანთი სისტემის უპირატესობაზე და "რჩეულთა" შორის ადგილის დამკვიდრებაზე, - ანუ მათ, ვისაც ჯიბეში "საღმრთო შიფრების" გამხსნელი გასაღებები უდევთ მხოლოდ საკუთარი ავტორიტეტის აღიარებისთვის "უხსნიან" სხვებს იმავე "სულიერ" აზრებს, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო მთელი მსოფლიო ქრისტიანობისთვის.
 
ამასთან ნამდვილი ქრისტიანული დამოკიდებულება წმიდა ტექსტებისთვის დამახასიათებელ სიმბოლიზმთან მომდინარეობს იმ გაგებიდან, რომ ამგვარი სიმბოლოები არ მალავენ რეალობას და მათ აღწერილობას რომელიღაც საზოგადოდ ცნობილ, მაგრამ "კოდირებულ" ცნებებამდე არ კვეცავენ.
 
მთელი ბიბლიური ქარაგმები და სიმბოლოები "შემზღუდავი" კი არა, "აღმშენებელი" საშუალებებია და ისინი ყოველთვის უფრო ამაღლებულს და მნიშვნელოვანს იუწყებიან, ვიდრე ის ბუკვალური გაგებები, რომელთა მეშვეობითაც არაბუკვალური ახალაღთქმისეული აზრები აღინიშნება.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების სიმბოლური და ხატოვანი აზრები გახლავთ არა დაფარული, არამედ გაუცხადებელი ჭეშმარიტებები, - ისინი კი არ "შიფრავენ" რეალობას ან კი არ ზღუდავენ ადამიანის შემეცნებას და ზეციური ჭეშმარიტებების წვდომას, არამედ პირიქით, აღძრავენ მორწმუნეს თავისი გონება მიაპყროს იმ სულიერ დონეს, რომელსაც ეს აზრები განეკუთვნებათ.
 
ეს კი ნიშნავს, რომ მთლიანობაში ახალაღთქმისეული სიმბოლიზმი, ისევე როგორც კერძოდ გამოცხადების წიგნის იდუმალი ხილვები, ქრისტეს ეკლესიის წევრთათვის გამოდიან არა "ციხე-სიმაგრედ", არამედ "გასაღებებად". ან თუ გნებავთ, იმ "სულიერ კიბედ", რომლის დახმარებითაც ადამიანის გონება, თვით უფლის მიერ განათლებული, უნარმოსილია ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს ზეციური იერუსალიმის აზრსა და ჭეშმარიტებას.
 
მიუხედავად ამისა, გამოცხადების წიგნის კონკრეტული წინასწარმეტყველური აზრის გასაგებად საკმარისი არ არის მასში სიმბოლურობის აღმშენებელი სისტემის არსებობის აღიარება, რომელიც ქრისტიანის მზერას "მიწიერიდან ზეციერს" მიაპყრობს. აუცილებელია ასევე მისი სიმბოლური აზრების ნაწილი მივიღოთ ზოგიერთი ბიბლიური ცნების განსაზღვრულ მნიშვნელობებად, რომელსაც ღვთისმეტყველებაში "მყარი სიმბოლოები" ეწოდებათ. ანუ, რაოდენ გამარტივებულადაც გინდ ჟღერდეს, "ხელთან ახლოს" უნდა გვქონდეს ყველა წმიდა ტექსტისთვის დამახასიათებელ "ახალაღთქმისეულ სიმბოლოთა" ბუკვალური მნიშვნელობების საერთო ლექსიკონი, რომელთაც წმიდა წერილის სხვა წიგნებთან ერთად მიმართავს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაც.
ბიბლიურ მყარ სიმბოლოთა მნიშვნელობების მუდმივობა უნდა წარმოადგენდეს იმ "მიწიერ" საფეხურს, რომლის დახმარებითაც ქრისტიანს, როგორც მჭვრეტელს, გამოცხადების ყოველი სიუჟეტის აზრთა სისავსიკენ ასვლა შეეძლება, და რომელიც ბრმად კი არ მიემართება წიგნის ძირითადი აზრობრივი ხაზის პარალელურად, არამედ გასაგების მეშვეობით განსაზღვრავს გაუგებარის მნიშვნელობას.
 
მეორე მხრივ, თუკი ადამიანი უარყოფს მსგავს "მყარ სიმბოლოთა" არსებობას, მაშინ, ის გამოცხადების წიგნის იდუმალი შინაარსისკენ ვერავითარ გონივრულ გზას ვერ გაიკვალავს, რადგან გაუგებარი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეიმეცნება გაუგებრით.
 
მათთვის, ვინც ვერ ხედავს და არ აღიარებს ბიბლიურ მყარ სიმბოლოთა მნიშვნელობის მუდმივობას, სხვა არაფერი რჩება თუ არა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების საიდუმლოებათა გამხსნელი "გასაღებები" ეძებონ წუთისოფლის ცნებათა და კაცობრივ ფანტაზიათა უღრან ტყეში.


წყარო: zen.yandex.ru. Новозаветные смыслы Апокалипсиса.

თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" ადმ. მიერ. თბილისი. 23 ივლისი. 2021 წ.
Назад к содержимому