პუბლიკაციები - რატომ არ გადადის მართლმადიდებლური ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რატომ არ გადადის მართლმადიდებლური ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე?!
ბეთლემის ვარსკვლავი
კალენდრული პრობლემა განუზომლად უფრო სერიოზულია, ვიდრე საკითხი როგორ მაგიდას მივუსხდებით წელიწადში ერთხელ საახალწლო ღამეს: ხსნილს თუ სამარხვოს. კალენდარი ეხება ერის წმიდა თარიღებს, მის დღესასწაულებს. კალენდარი განსაზღვრავს რელიგიური ცხოვრების რიტმსა და თანმიმდევრობას. ამიტომ კალენდრის შეცვლის საკითხი სერიოზულად ეხება საზოგადოების სულიერ საფუძვლებს.
 
მსოფლიო დროში არსებობს. შემოქმედმა ღმერთმა დააწესა მნათობთა მოძრაობის პერიოდულობა, რათა ადამიანს შეძლებოდა დროის გაზომვა და მოწესრიგება. "და თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა" (დაბ. 1:14). დროის შუალედთა ათვლის სისტემები, რომლებიც ეფუძნებიან ზეციურ სხეულთა მოძრაობას, კალენდრებად იწოდება (სიტყვა сalendae - რომაელებში ყოველი თვის პირველ დღეს აღნიშნავდა).
 
ისეთი ასტრონომიული სხეულების ციკლურ მოძრაობას, როგორიც არიან დედამიწა, მზე და მთვარე, უმთავრესი მნიშვნელობა აქვთ კალენდრების შესადგენად. დროის მოწესრიგების მოთხოვნილება ჩნდება უკვე კაცობრიობის ისტორიის განთიადზევე. ამის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ხალხის საზოგადოებრივი და სამეურნეო-პრაქტიკული საქმიანობა. მაგრამ არა მარტო ამ მიზეზებმა გამოიწვია კალენდრების შექმნის აუცილებლობა.
 
კალენდრის გარეშე შეუძლებელია რომელიმე ხალხის რელიგიური ცხოვრება. ძველი ადამიანის მსოფლმხედველობაში კალენდარი იყო ქაოსზე საღმრთო წესრიგის ხილული და შთამბეჭდავი გამოხატულება. დიადი მუდმივობა ზეციურ მნათობთა მოძრაობაში, და დროის საიდუმლო და შეუქცევადი მოძრაობა ადამიანებს სამყაროს გონივრული მოწყობის აზრს ჩააგონებდა.
 
ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის დაბადების დროისთვის კაცობრიობას უკვე ჰქონდა საკმაოდ მრავალგვაროვანი კალენდრული გამოცდილება. არსებობდნენ სხვადასხვა ხალხთა კალენდრები: ებრაული, ქალდეური, ეგვიპტური, ჩინური, ინდუსური და სხვა. მაგრამ საღმრთო განგებით ქრისტიანული ეპოქის კალენდარი გახდა იულიანური, რომელიც ქრისტეს შობამდე 46 წ-ს შემუშავდა და შემოვიდა 45 წლის 1 იანვრიდან. მან შეცვალა რომაული მთვარის კალენდარი.
 
იულიუს კეისრის დავალებით, რომელიც მაშინ დიქტატორისა და კონსულის ძალაუფლებას აერთიანებდა (ტიტულით pontifex maximus - უზენაესი მოგვი), კალენდარი შეადგინა ალექსანდრიელმა ასტრონომმა სოზიგენემ. ამიტომ ეწოდება ამ კალენდარს იულიანური.
 
ასტრონომიულ წლად აქ მიჩნეულ იქნა დედამიწის სრული შემოვლა მზის ირგვლივ, ხოლო კალენდრულ წლად განისაზღვრა პერიოდი, რომელიც 365 დღეს შეადგენდა. არსებობდა სხვაობა ასტრონომიულ წელიწადთან, რომელიც ცოტათი მეტი იყო - 365,2425 დღე-ღამე (5 საათი 45 წუთი 47 წამი). ამ განსხვავების აღმოსაფხვრელად შემოღებულ იქნა ნაკიანი წელიწადი (annus bissextilis): ყოველ ოთხ წელიწადს თებერვალში ემატება ერთი დღე. ახალ კალენდარში ადგილი ჰპოვა მისი გამოჩენილი ინიციატორის სახელმაც: რომაულ თვეს კვინტილიუსს სახელი შეეცვალა და გახდა ივლისი (იულიუსის სახელის მიხედვით).
 
325 წელს ნიკეაში შეკრებილი I მსოფლიო კრების მამებმა განსაზღვრეს პასექის დღესასაული ეზეიმათ გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, სავსემთვარეობის დადგომიდან პირველსავე კვირას. იმ დროს იულიანური კალენდრით გაზაფხულის ბუნიობა უწევდა 21 მარტს. კრების წმიდა მამები, გამომდინარე მოვლენათა სახარებისეული თანმიმდევრობიდან, რომელიც ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილთან და აღდგომასთან იყო დაკავშირებული, ზრუნავდნენ იმაზე, რათა ახალაღთქმისეული პასქი, რომელიც ინარჩუნებდა ისტორიულ კავშირს ძველაღთქმისეულ პასექთან (რომელიც ყოველთვის 14 ნისანში აღინიშნება), დამოუკიდებელი ყოფილიყო მისგან და ყოველთვის გვიან ეზეიმათ. მაგრამ თუ მოხდება თანხვედრა, კანონები განაწესებენ გადავიდნენ შემდგომი თვის სავსემთვარეობაზე. ამას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კრების მამებისთვის, რომ დათანხმდნენ უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული მოძრავი გამხდარიყო. ამასთან მზის კალენდარი შეუერთდა მთვარის კალენდარს: იულიანურ კალენდარში, რომელიც მკაცრად არის ორიენტირებული მზეზე, შემოღებულ იქნა მთვარის მოძრაობა მისი ფაზების ცვლილებებითურთ.
 
მთვარის ფაზების გამოსათვლელად გამოიყენებოდა ე. წ. მთვარის ციკლები, ანუ პერიოდები, რომელთა გასვლის შემდეგ მთვარის ფაზები დაახლოვებით უბრუნდებოდნენ იულიანური კალენდრის იმავე დღეებს. არსებობს რამოდენიმე ციკლი. რომის ეკლესია თითქმის VI საუკუნემდე იყენებდა 84 წლიან ციკლს. ალექსანდრიის ეკლესია ჯერ კიდევ III საუკუნიდან იყენებდა უფრო ზუსტ 19 წლიან ციკლს, რომელიც ქრისტეს შობამდე V ს-ის ათენელმა მათემატიკოსმა მეთონმა აღმოაჩინა.
 
VI საუკუნეში რომის ეკლესიამ მიიღო ალექსანდრიული პასქალია. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. ყველა ქრისტიანმა დაიწყო პასექის ერთ დღეს ზეიმობა. ეს ერთობა გრძელდებოდა XVI საუკუნემდე, სანამ დასავლელ და აღმოსავლელ ქრისტიანთა მიერ სხვა დღესასწაულთა ერთობლივი ზეიმობა არ დაირღვა.
 
კალენდრის რეფორმა შემოიღო პაპმა გრიგოლ XIII-მ. მისი მომზადება დაევალა კომისიას, რომელსაც სათავეში ჩაუდგა იეზუიტი ქრისოფ კლავდიუსი. ახალი კალენდარი შეიმუშავა პერუჯის უნივერსიტეტის მასწავლებელმა ლუიჯი ლილიომ (1520-1576 гг.).
 
გამოთვლებში ითვალისწინებდნენ მხოლოდ ასტრონომიულ და არა რელიგიურ მოსაზრებებს. რადგან გაზაფხულის ბუნიობის დღე, რომელიც ნიკეის კრებისთვის იყო 21 მარტი, გადაადგილდა ათი დღით (XVI ს-ის მეორე ნახევრისთვის, იულიანური კალენდრით, ბუნიობის მომენტი დადგა 11 მარტს), თვის რიცხვებმაც 10 დღით წინ წაიწიეს: უეცრად 4 რიცხვის შემდეგ დადგა არა 5, როგორც ჩვეულებრივ, არამედ 1582 წლის 15 ოქტომბერი. გრიგორიანული წლის ხანგრძლივობა გაუთანაბრდა ტროპიკული წლის 365.24250 დღე-ღამეს, ანუ 26 წამით მეტი გახდა.
 
მართალია რეფორმის შემდეგ კალენდრული წელი მიუახლოვდა ტროპიკულ წელს, მაგრამ გრიგორიანულ კალენდარს გააჩნია მთელი რიგი არსებითი ნაკლოვანებები. პერიოდების ათვლა გრიგორიანული კალენდრით უფრო ძნელია, ვიდრე იულიანურით. კალენდრული თვეების ხანგრძლივობა განსხვავებულია და მერყეობს 28-31 დღეებს შორის. სხვადასხვა ხანგრძლივობის თვეები უწესივროდ ენაცვლებიან ერთურთს. განსხვავებულია კვარტლების ხანგრძლივობაც (90-დან 92 დღემდე). პირველი ნახევარი წელი ყოველთვის მოკლეა მეორეზე (სამი დღით უბრალო წელიწადში და ორი დღით ნაკიანში). კვირის დღეები არ ემთხვევიან რაიმე მუდმივ თარიღებს. ამის გამო არა მარტო წლები, არამედ თვეებიც კვირის სხვადასხვა დღიდან იწყებიან. თვეთა უმრავლესობას გააჩნია "გახლეჩილი კვირეები". ეს ყველაფერი ქმნის მრავალ სიძნელეს გეგმიურ და ფინანსურ ორგანოებში (ართულებს შრომის ანაზღაურების გამოთვლას, სხვადასხვა თვეში ნამუშევარის შეჯამებას და შეფასებას და ა. შ.).
 
გრიგორიანულმა კალენდარმა ვერ შეძლო მარტის 21 რიცხვისთვის შეენარჩუნებინა გაზაფხულის ბუნიობის დღე. ბუნიობის გადაადგილება, რომელიც ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე II ს-ში ბერძენმა მეცნიერმა ჰიპარხოსმა (Ἳππαρχος) აღმოაჩინა, ასტრონომიაში პრეცესიის სახელითაა ცნობილი. ის გამოწვეულია მით, რომ დედამიწას გააჩნია არა მრგვალი, არამედ სფეროიდული ფორმა, რომელიც პოლუსებთან გაბრტყელებულია. სფერიოდული დედამიწის სხვადასხვა ნაწილებზე სხვადასხვანაირად მოქმედებენ მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალები. შედეგად დედამიწის ერთდროული ბრუნვისა და მზის გარშემო მისი მოძრაობის შედეგად მიწის ბრუნვის ღერძი აღწერს კონუსს ორბიტის სიბრტყის პერპენდიკულართან მიმართებაში. პრეცესიის გამო გაზაფხულის ბუნიობის წერტილი გადაადგილდება ეკლიპტიკის გასწვრივ დასავლეთისკენ, ანუ მზის ხილული მოძრაობის საპირისპიროდ.
 
გრიგორიანული კალენდრის არასრულყოფილებამ უკმაყოფილებანი გამოიწვია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. ჯერ კიდევ მაშინ წამოაყენეს წინადადებები გაეტარებინათ ახალი კალენდრული რეფორმა. დერპტის (ამჟამად ტარტუს) უნივერსიტეტის პროფესორი ი. გ. მედლერი (1794-1874) გამოვიდა წინადადებით გრიგორიანული სტილის ნაცვლად გამოეყენებინათ უფრო ზუსტი გაანგარიშება 31 ნაკიანი წელიწადით ყოველ 128 წელიწადში.
 
ამერიკელმა ასტრონომმა, ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების პირველმა პრეზიდენტმა საიმონ ნიუკომბმა (Newcomb) (1835-1909) გამოთქვა აზრი, რომ უნდა დაბრუნებოდნენ იულიანურ კალენდარს. რუსული ასტრონომიული საზოგადოების წინადადების წყალობით 1899 წელს მასში ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლიდა კალენდრის რეფორმას რუსეთში. ამ კომისიის სხდომები ტარდებოდა 1899 წლის 3 მაისიდან 1900 წლის 21 თებერვლამდე. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო გამოჩენილმა საეკლესიო მკვლევარმა ვ. ვ. ბოლოტოვმა. ის პრინციპულად იცავდა იულიანურ კალენდარს: "თუ მიიჩნევენ, რომ უარი უნდა ვთქვათ იულიანურ სტილზე, მაშინ კალენდრის რეფორმა, რომ არ შევცოდოთ ლოგიკის წინაშე, უნდა გამოიხატოს შემდეგში:
 
ა) არათანაბარი თვეები უნდა გათანაბრდნენ;
 
ბ) მზის ტროპიკული წლის საზომით ყველა წელიწადი  უნდა შემოკლდეს პირობითად მიღებულ წელთაღრიცხვამდე;
 
გ) მედლერის ჩასწორება უნდა ვამჯობინოთ გრიგორიანულს, რადგან ის უფრო ზუსტია".
 
ვ. ვ. ბოლოტოვი ამბობდა, რომ მართლმადიდებლობისთვის იულიანური სტილის შეცვლა საკმაოდ არასასურველია. მისი უკიდურესი სიმარტივე წარმოადგენს მის მეცნიერულ უპირატესობას ყოველი კალენდრული ჩასწორებების წინაშე. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხში მართლმადიდებლობის მისია მდგომარეობს იმაში, რომ "კიდევ რამოდენმე ასწლეული შეინარჩუნოს იულიანური კალენდარი და დასავლელ ხალხებს მისცეს შესაძლებლობა არავისთვის საჭირო გრიგორიანული კალენდრიდან მოუბრუნდნენ შეურყვნელ ძველ სტილს".
 
1923 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ შემოიღო ახალი ულიანური კალენდარი. ის შეიმუშავა იუგოსლავიელმა ასტრონომმა, ბელგრადის უნივერსიტეტის მათემატიკისა და ციური მექანიკის პროფესორმა მილუტინ მილანკოვიჩმა (1879-1956). ეს კალენდარი, რომელიც ეფუძნება 900 წლოვან ციკლს, სრულიად ემთხვევა გრიგორიანულ კალენდარს მომდევნო 800 წლის განმავლობაში- (2800 წლამდე). 11 ადგილობრივი ეკლესია, რომელიც გადავიდა ახალიულიანურ კალენდარზე, ინარჩუნებენ ალექსანდრიულ პასქალიას, რომელიც ეფუძნება იულიანურ კალენდარს, ხოლო უძრავი დღესასწაულები იზეიმება გრიგორიანული სტილით.
 
უპირველეს ყოვლისა, გადასვლა გრიგორიანულ კალენდარზე (სწორედ ამაზეა ლაპარაკი წერილში) ნიშნავს იმ პასქალიის განადგურებას, რომელიც IV ს-ის წმიდა მამათა უდიდეს მიღწევას წარმოადგენს. ცნობილი რუსი მეცნიერ-ასტრონომი პროფესორი ე. ა. პრედტეჩენსკი წერდა: "ეს არის, სავარაუდოდ, უამრავი უცნობი ავტორის კოლექტიური ნაშრომი, რომელიც შესრულებულია ისე, რომ დღემდე შეუდარებელია. გვიანდელი რომაული პასქალია, რომელიც დღეს არის მიღებული დასავლეთის ეკლესიის მიერ, ალექსანდრიულთან შედარებით, მძიმე წონიანი და მოუხერხებელია. თანაც, ყველაფერთან ერთად, ეს საშინლად რთული და ტლანქი მანქანა დასახულ მიზანსაც კი ვერ აღწევს" (Предтеченский Е. «Церковное время: счисление и критический обзор существующих правил определения Пасхи».СПб., 1892, с. 3-4).
 
გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლა სერიოზულ კანონიკურ დარღვევებს იწვევს, რადგან მოციქულთა კანონები კრძალავენ წმიდა პასექის ზეიმობას იუდეველთა პასექზე ადრე და ერთ დღეს იუდეველებთან: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი  ბრწყინვალე აღდგომას ბუნიობის წინ იდღესასწაულებს იუდეველებთან ერთად, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს" (მოციქულთა მე-7 კანონი). გრიგორიანულ კალენდარს ლათინები (პაპისტები) ამ კანონის დარღვევამდე მიჰყავს. ისინი პასექს იუდეველებზე უადრეს ზეიმობდნენ 1864, 1872, 1883, 1891 წლებში, იუდეველებთან ერთად კი 1805, 1825, 1903, 1927 და 1981 წლებში.
 
რადგან გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლა დაამატებდა კიდევ 13 დღეს, ამავე დღეთა რაოდენობით შემოკლდებოდა პეტრე-პავლობის მარხვა, რადგან ის ყოველწლიურად მთავრდება ერთსა და იმავე დღეს - 29 ივნისს / 12ივლისს. ზოგიერთ წლებში პეტრე-პავლეს მარხვა უბრალოდ გაქრებოდა. ლაპარაკია იმ წლებზე, როდესაც დგება გვიანდელი პასქა. უნდა დავფიქრდეთ როგორ სულიერ დატვირთვას ატარებს მართლმადიდებელთათვის იულიანური კალენდარი და როგორ ანგრევს ამ სულიერებას გრიგორიანული.
 
საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
2023 წ. დეკემბერი.
Назад к содержимому