აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რას წარმოადგენს მე-4 სამეფო?
"მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას"
დანიელი 7:23
სხვათა შორის, სიტყვა "რეიხი", ნაცისტთა სპეციფიკურ გაგებაში, წარმოადგენს სახელმწიფოს, იდეოლოგიისა და ტოტალიტარიზმის ერთობლიობა, რაც ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ რას უნდა ნიშნავდეს მხეცის, ანუ ანტიქრისტეს მე-4 სამეფო. ასეთები იყვნენ ბაბილონი, მიდო-სპარსეთი და ალექსანდრე დიდის საბერძნეთი - ტოტალიტარული სახელმწიფოები, რომლებიც ფაშისტურ რეჟიმებს ბევრად წააგავდნენ.
მაშ რას წარმოადგენს ეს მე-4 სამეფო?
ყველაზე გავრცელებული აზრით, მე-4 სამეფო არის რომის იმპერია. შემდეგ მოდის ვერსიები: ევროკავშირი, არაბული ქვეყნების ალიანსი, NATO, აშშ, რუსეთი და სხვები.
არსებობს კიდევ ერთი ეგზოტიკური ვერსიაც, რომ თითქოსდა მე-4 სამეფო ეს მოახლოვებული მსოფლიო მთავრობაა, რომელიც ყველას აცრის და დაჩიპავს, ზომბებად აქცევს, რომლის შემდეგაც დადგება მსოფლიო გულაგი და სხვა. მეტი შთაბეჭდილებისთვის, სასურველია ეს სიტყვები წაიკითხოთ რაიმე ეპიკური მუსიკის თანხლებით და პათეთიკური ტონალობით. მაგრამ ამჯერად, მოდი, ხუმრობა იქით იყოს.
დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით (დან. 2:40) მე-4 სახელმწიფო იქნება:
1. ფინალური, წუთისოფლის უკანასკნელი იმპერია.
2. ის "სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს" (დანიელი 2:40). ასე რომ მას ექნება დამპყრობლური ხასიათი, იქნება შეურიგებელი სხვაგვარადმოაზროვნეობასთან, იქნება ტოტალიტარული - მაგრამ, როგორც არაერთხელ გვითქვამს, - ტოტალიტარიზმის კულმინაციური სახით, როგორც ამბოხი ქრისტეს წინააღმდეგ.
3. დანიელის წინასწარმეტყველების აღწერით მეოთხე მხეც-სახელმწიფოს "ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა" (დანიელი 2:41). ამრიგად მასში ერთის მხრივ იქნება რკინის სიმტკიცე, ანუ ეს იქნება მძლავრი, წარმოუდგენლად მძლავრი სახელმწიფო და მეორე მხრივ, თიხის სირბილე. რკინა და თიხა ურთიერთ შეუთავსებადნი არიან, მაგრამ მე-4 სამეფოში მათ შეთავსებას ეცდებიან.
რას ნიშნავს ეს? ვფიქრობ აქ პასუხი აშკარაა. რკინა - დიქტატურაა, დევნულებაა, ქრისტიანთა დასჯაა, ტოტალიტარიზმია, რეპრესიებია, საკონცენტრაციო ბანაკები და სხვა რამეებია, რაც ტოტალიტარულ-დიქტატორულ სახელმწიფოებს ახლავს. ხოლო თიხა - ბაბილონია, სიმდიდრე და ფუფუნებაა, ჯადოქრობაა, მომთაფლავი საუბრებია, თრობაა, ეიფორიაა, ევოლუციის "ახალი საფეხურია", ადამიანის "გაღმერთების" იდეოლოგიაა და სხვა. სხვათა შორის, ბაბილონი აღრევას ნიშნავს, და მე-4 სამეფოში, თავისი არსებობის პირველ ეტაპზე, იქნება კიდევაც ეს აღრევა - ანტიქრისტე და ბაბილონი რაღაც დროით ერთად იმოქმედებენ.
დანიელის წინასწარმეტყველების მე-7 თავში ვკითხულობთ: "ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა" (დანიელი 7:7).
ამრიგად, ეს იმპერია იქნება:
1. საშინელი.2. წარმოუდგნელად ძლიერი.3. ყველაფრის შემმუსვრელი.4. აბსოლუტურად უმოწყალო და საზარელი.
ეს სამეფო (იმპერია) არ იქნება წინა სამეფოების მსგავსი, არამედ თვითონ იქნება მათი შემცველი და მათზე აღმატებული. ყველა ერთად - მხეცის თავი, 10 რქა, თვით მხეცი, მცირე რქა, რომელზეც დანიელი ამბობს: "მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა", - არის უზარმაზარი, ფინალური იმპერია, 7 თავიანი მხეცი, რომელიც სრულად გამოავლენს თავს, როგორც ძველი გველი.
შემდეგ წინასწარმეტყველი დანიელი გვიჩვენებს, რომ ყველაფერი (ვგულისხმობთ ანტიქრისტეს პერიოდს) 10 "მეფის" მოსვლით დაიწყება. ესენი იქნებიან ლიდერები და მმართველები, თვითონაც მხეცური ბუნების მქონენი, ანტიქრისტეს მსახურები და "მოციქულები". ისინი დაამყარებენ იმას, რაც შემდეგში ანტიქრისტეს უზარმაზარი იმპერია გახდება.
რამოდენიმე ხნის შემდეგ ამ მმართველთაგან 3 თავის პოსტს დატოვებს ("სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო") და მთელ თავის ძალაუფლებას გადასცემენ 11-ეს, იგივე მცირე რქას, იგივე ანტიქრისტეს.
ეს მცირე რქა გაიზრდება და უზარმაზარი გახდება. მცირე რქაში აკუმულირდება სატანის მთელი ძლიერება და რესურსები. როგორც იოანეს გამოცხადებაში წერია სატანა (ურჩხული) მისცემს მას (ანტიქრისტეს) "თავისი ძალას, თავის ტახტს და უსაზღვრო ხელმწიფებას" (აპოკ. 13:2).
მცირე რქა, გამოჩენიდან მალევე ჩაუდგება უზარმაზარ (არა მსოფლიო) "ჩრდილოეთის" სამეფოს, შემდეგ კი შემუსრავს "სამხრეთისას", 3,5 წლის შემდეგ აღსაყდრდება და თავს ღმერთად გამოაცხადებს. თავიდან ის რამოდენიმე თვისებას შეიერთებს - იქნება არაჩვეულებრივად გონიერი, ძლიერი, ქარიზმატული, ზებუნებრივი უნარებით მოსილი, გენიალური სტრატეგი და ამავდროულად მკრეხელი, ღმრთის მოძულე, რომელიც საძაგლობებს იტყვის ღმერთსა და ქრისტეზე. მას სძულს ქრისტე და მისი სულიერი შვილები.
"ცოდვის კაცი", "ძე წარწყმედისა", "ანტიქრისტე" - ეს სახელწოდებები კი არ არის, ეს მისი არსია. ის ქრისტეს მოწინააღმდეგეა და თავის გაღმერთებას ელტვის.
უფლის მარადიული და დასაბამიერი ჩანაფიქრის თანახმად ანტიქრისტეს მიეცემა ნება "ეომოს წმინდანებს და დაამარცხოს ისინი", ანუ მიეცემა წმინდანთა ტანჯვის, დევნის, საპყრობილეებში ჩაყრისა და დახოცვის ძალაუფლება. როგორც პილატეს მიეცა უფლება ქრისტეზე გამოეტანა განაჩენი, ხოლო ნერონს - ამოეწყვიტა ქრისტიანები, ანტიქრისტესაც, გარკვეული დროის განმავლობაში, მიეცემა ღვთისშვილებზე, ანუ ჭეშმარიტ ქრისტიანებზე "გამარჯვების" უფლება. მაგრამ ქრისტიანთა დევნითა და ტანჯვით ის მოაახლოვებს თავის აღსასრულს, ხოლო ღვთის შვილები ამ ტანჯვა-წამებითა და სიკვდილით უზენაეს ჯილდოს მოიპოვებენ - ისინი ეღირსებიან პირველ აღდგომას (იხ. აპოკ. 20:4-7).
უნიკალურია ის, რომ დანიელის წინასწარმეტყველების მე-7 თავში (7:21-22) ნათქვამია, რომ მცირე რქა (ანტიქრისტე) უფლის წმინდანებს ჯაბნის მანამ, სანამ "სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა" (დანიელი 7:21-22). მხოლოდ ამის შემდეგ გაასამართლებს უფალი სატანას და წმინდანები მიიღებენ აღთქმულ სუფევას ქრისტესთან ერთად.
თავის მხრივ ეს ნიშნავს, რომ მთელი 7 წლიანი დიდი ჭირვების პერიოდში, ამ ჭირვების დასრულებამდე ქრისტიანები (ეკლესია) დედამიწაზე იქნებიან. ჯერ მათ დაჯაბნიან, დააპატიმრებენ, დახოცავენ, შემდეგ კი (როდესაც უფალი მოვა) ისინი ღმრთის დიდებაში შევლენ, როგორც ამას წმიდა წერილი იუწყება (ჯერ ტანჯვა - შემდეგ კი დიდება).
საინტერესოა ასევე აღინიშნოს, რომ დანიელის წინასწარმეტყველების 7:27-ე მუხლი სრულიად ემთხვევა იოანეს გამოცხადების მე-7 საყვირს, როდესაც ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდება, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე (იხ. აპოკ. 11:15).
იოანეს გამოცხადების 13-ე თავი გვამცნობს, რომ, როდესაც ანტიქრისტეს მე-4 სამეფოს მეთაურად დანიშნავენ, მთელი მსოფლიო გაკვირვებული დარჩება და მხეცს გაჰყვება. დადგება "მშვიდობისა და უსაფრთხოების" (1 თესალონიკ. 5:3) მცირე ჟამი (მოკლე ეპოქა, დაახლოებით 3,5 წელიწადი). ანტიქრისტეს აღიარებენ უდიდეს ლიდერად და იტყვიან: "ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?" აყვირდება პრესა და ტელევიზია, სოციალური ქსელები ანტიქრისტეს ქებით აჭრელდება.
3,5 წელიწადი ანტიქრისტე, ბაბილონი და ცრუწინასწარმეტყველი ქედმაღლურად ილაპარაკებენ ქრისტეზე, დაამცირებენ და შეურაცხყოფას მიაყენებენ ქრისტიანთ. დედამიწის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხეცს მიემხრობა - ყველა, გარდა იმათი, ვინც დასაბამიდანვეა ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში (შეად. ეფეს. 1:4; აპოკ. 13:8).
3,5 წლის გასვლის შემდეგ ანტიქრისტეს მოყირჭდება ნებაყოფლობითი თაყვანისმცემლები, თავს გამოაცხადებს ღმერთად, უზენაესად და იტყვის, რომ ყველანი ვალდებულნი არიან თაყვანი სცენ მის ხატს ან მოიკლან. ძალიან მოკლე ვადით (ისევ 3,5 წლით) დამყარდება ბნელეთის სამეფო, სადაც ანტიქრისტეს დაღის გარეშე ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი გახდება - მაგრამ სულ მცირე ხნით, რომლის შემდეგაც დაიწყება განდგომილი კაცობრიობის და ანტიქრისტეს დასჯა. უფლის საყვირები და მრისხანების თასები მე-4 სამეფოს და მის მხარდამჭერ სახელმწიფოებს გააცამტვერებენ ისე, რომ ქარი წაიღებს მათ და ამ სამეფოთა ნაკვალევიც კი აღარ დარჩება.
ამის შემდეგ იქნება ქრისტეს სუფევა. იქნება ახალი ცა და ახალი მიწა.
საიტი "აპოკალიფსისი". 17.06.2021 წ.