პუბლიკაციები - სატანის საყდარი - პერგამოსის საკურთხეველი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
სატანის საყდარი - პერგამოსის საკურთხეველი
სატანის საყდარი
თითქმის ასი წლის წინ მის კვარცხლბეკზე იდგა "აპოკალიფსისის დიდი მეძავი" - ოკულტისტი ლია ჰირაგი. ასრულებდა რა თავისი შეყვარებულის ალისტერ კროულის დავალებას, ის ამ ადგილზე ძველი შეფუცვის სიტყვებს ჩურჩულებდა. საიდუმლო რიტუალის მიზანი "ძველი ბუნებითი ღმერთების ფლუიდების გათავისუფლება" გახლდათ.
ბერლინში მყოფი ტურისტებისგან მცირედი თუ აარიდებს თავს პერგამონის მუზეუმს. მისი მთავარი ექსპონატი კი პერგამოსის საკურთხეველია, რომელიც სამართლიანად ითვლება ქვეყნიერების ერთ-ერთ სასწაულად. ეს დიადი ძეგლი ხომ ერთადერთია, კაცობრიობას სამუდამოდ აღხოცილი პერგამოსის სამეფოსგან რომ შემორჩა.
სატანის საყდარი
პერგამოსი

ჩვენი წელთაღრიცხვის III საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა თანამედროვე თურქეთის დასავლეთით მდებარე სამეფომ, პერგამოსმა მოიპოვა. მისი სიმდიდრე იმდენად დიდი იყო, რომ ქვეყანა თვით ათენსაც კი ეჯიბრებოდა.

ჩვენი წელთაღრიცხვის 228 წელს ბარბაროს-გალიელთა ურდომ პერგამოსი თავის მორიგ მსხვერპლად აირჩია. მათ უკვე მოასწრეს მრავალი სახელმწიფოს დაპყრობა, მაგრამ დამპყრობთა მადა დღეებით კი არა, საათობით იზრდებოდა. პერგამოსი მათ ადვილ და კარგ ნადავლად მიაჩნდათ. მაგრამ ბარბაროსები შეცდნენ: პერგამოსის არმია მათ რიცხობრივად ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ტექნიკური აღჭურვილობით ბევრად აღემატებოდა. სწორედ ამან ითამაშა მთავარი როლი პერგამოსელთა გამარჯვებაშიც.
სატანის საყდარი
პერგამოსი

მდინარე კაიკის სათავესთან პერგამელთა მმართველმა ატალოს I-მა გალიელები სათითაოდ ამოწყვიტა, რის გამოც მისმა ქვეშევრდომებმა "მხსნელი" უწოდეს. გამარჯვების აღსანიშნად ატალოსმა ბრძანა დედაქალაქის შუაში სამსხვერპლო საკურთხეველი აეშენებინათ. ქვაში გამოჭრილი ღმერთებისა და გიგანტების ბრძოლას შთამომავლებისთვის გალიელებზე წინაპართა მიერ მოპოვებული გამარჯვება უნდა შეეხსენებინა, რადგან ოდესღაც ამ ბრძოლაზე იყო დამოკიდებული მათი ქვეყნის ბედი.

საკურთხეველი მდებარეობდა კლდის სამხრეთ ფერდობზე, რომლიდანაც იშლებოდა ბრწყინვალე ხედი ქვედა ქალაქზე. მკურნალობის ღმერთ ასკლეპიოსის ტაძარი, ქალღმერთ დემეტრას ტაძარი, სხვა საკულტო ნაგებობები და მდიდართა სახლები - ყველაფერი ხელისგულივით მოსჩანდა. საკურთხეველი თვითონაც საკულტო ნაგებობა გახლდათ - მასში ღვთისმსახურება ღია ცის ქვეშ ტარდებოდა.

სატანის საყდარი
პერგამოსის საკურთხეველი

საკურთხეველი მაღალ ცოკოლზე ააშენეს, ცენტრში მას კვეთდა მარმარილოს ფართო კიბე, რომელიც ზედა მოედნამდე ადიოდა. კოლონადის შიგნით იმყოფებოდა ეზო, სადაც საკუთრივ მდებარეობდა სამსხვერპლო. გარეთა მხრიდან კედლებს სკულპტურული კომპოზიციები ამშვენებდა, რომლებიც ღმერთებისა და ტიტანების ბრძოლას ასახავდა.

დიდი ხნის განმავლობაში საკურთხეველი ძველი პერგამოსის ძლიერებისა და სიდიადის სიმბოლო იყო, მაგრამ, როგორც ნათქვამია: "ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვლება". პერგამოსის მეფეები რომზე დამოკიდებულნი გახდნენ და ემსხვერპლნენ პოლიტიკას, რომლის დევიზი იყო "დაჰყავი და იბატონე".
სატანის საყდარი
პერგამოსის საკურთხეველი

სამეფოს ბოლო მმართველთაგან არისტონიკემ თავისი დღეები საბედისწეროდ დაასრულა - ის საპყრობილეში მოაშთვეს. დიადი ქვეყნის დღეები დათვლილი იყო. რომაელებმა სრულიად უბოდიშოდ და უცერემონიოდ დაიპყრეს ყველა მისი სიმდიდრე. რომის იმპერატორმა პერგამოსიდან გაზიდა ბიბლიოთეკა, რომელიც მხოლოდ ალექსანდრიულს თუ ჩამოუვარდებოდა და მისი ათასობით გრაგნილი დედოფალ კლეოპატრას უბოძა.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ფანატიკოსებმა ანტიკურ ღმერთებსა და გიგანტებს სახეები მოუმტვრიეს, ხოლო თვით საკურთხეველს "სატანის საკურთხეველი" უწოდეს. ასე დამტვრეულად შემორჩა ის 718 წლამდე, სანამ არაბებმა არ დაიმორჩილეს მცირე აზია.
სატანის საყდარი
პერგამოსის საკურთხეველი

1536 წელს ქალაქი პერგამოსი საბოლოოდ დაეცა. ოდესღაც დიადი ნაგებობა ქვების გროვად იქცა და საუკუნეთა მტვრის ქვეშ ჩაიმარხა. მის არსებობაზე მხოლოდ ლეგენდებიღა თუ მეტყველებდნენ, რომლებსაც ამ ადგილზე მცხოვრები თურქები თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

1864 წელს თურქეთის მთავრობამ ხელშეკრულება დადო გერმანულ ფირმასთან, რომელსაც აქ ქალაქ ბერგამოდან იზმირამდე გზა უნდა აეშენებინა. მომავალი მშენებლობის ადგილის დათვალიერებისას, ინჟინერმა კარლ ჰუმანმა ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში სამასი მეტრის სიმაღლის ციცაბო ფერდობიანი და კლდოვანი გორაკი შეამჩნია. ამ გორაკზე ინჟინერმა კედლების ნაშთები აღმოაჩინა. აქ არქეოლოგიური გათხრები არავის არასოდეს უწარმოებია, და ერთგვარმა მეექვსე გრძნობამ ინჟინერს უკარნახა, რომ აქ შეიძლებოდა მრავალი საინტერესო არტეფაქტის მოძიება. ის შეუთანხმდა მეზობელი სოფლებიდან დაქირავებულ თურქებს, რომლებსაც გზა უნდა აეშენებინათ და რომლებმაც ერთხმად განაცხადეს: ეს ადგილი წყეულია, აქ თხრა დაუშვებელია. მთაზე თეთრი და წითურა ეშმაკები ბინადრობენ. ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები ჰყვებოდნენ, რომ ყველას, ვინც კი აქ ქვას ამტვრევს და სამშენებლოდ მიაქვს, ალლაჰი სასტიკად სჯის: ადამიანები მუნჯდებიან, ერთმევათ ხელ-ფეხი და სხვა.

ჰუმანმა ივარაუდა, რომ ოდესღაც აქ შეიძლებოდა არსებულიყო ქალაქი, რომლის შესახებაც ისტორიამ არავითარი ცნობა არ შემოგვინახა, მაგრამ ის ხალხურ გადმოცემებში არსებობდა. კარლი დახმარებისთვის დაუკავშირდა ბერლინელ არქეოლოგებს - მაგრამ ამაოდ. მათ ამ ადგილზე ძველი ქალაქის არსებობა არ დაიჯერეს.
სატანის საყდარი
პერგამოსი

მხოლოდ 1878 წელს დაიძრა საქმე მკვდარი წერტილიდან: საიმპერატორო მუზეუმების დირექტორმა ალექსანდრე კონცემ გამოჰყო თანხა არქეოლოგიური გათხრების ჩასატარებლად, ხოლო ჰუმანმა ოფიციალური ნებართვა მიიღო ოსმალეთის მხრიდან. პირველი გათხრები 9 სექტემბერს დაიწყო და მთელი წელი გაგრძელდა. აი როგორ აღწერს კარლ ჰუმანი იმ ბედნიერ დრეს, რომელმაც პირველი აღმოჩენები მოიტანა:

"როდესაც ზემოთ ავდიოდით, ცაში, აკროპოლისის თავზე შვიდი უზარმაზარი არწივი ლივლივებდა და წარმატების მოახლოვებას გვაუწყებდა. ადგილი გავთხარეთ და პირველი ფილა გავწმინდეთ. ეს იყო მძლავრი გიგანტი, რომელიც ჩვენსკენ შემობრუნებული დაკუნთული ზურგით იწვა, თავი მარცხნივ ჰქონდა მიტრიალებული ჰქონდა, ხელზე კი ლომის ტყავი ჰქონდა გადაკიდებული... გადააბრუნეს მეორე ფილა: გიგანტი ზურგით კლდეზე ეცემა, ელვამ მას თეძო დაუზიანა - და მე ვგრძნობ შენს სიახლოვეს, ო ზევსო!

ციებ-ცხელებიანივით შემოვირბინე ოთხივე ფილა. და ვხედავ, მესამე პირველს ეწყობა: დიდი გიგანტის გველისებრი რგოლი მკაფიოდ გადადის ფილაზე, რომელზეც მუხლებზე დაცემული გიგანტი გამოსახულა... მთელი სხეულით ვცახცახებდი. აი კიდევ ერთი ნაჭერი - ფრჩხილებით ვთხრი მიწას და ჰოი, საოცრებავ - ზევსი! დიადი და ბრწყინვალე ქანდაკება მსოფლიოს კვლავ დაუბრუნდა და ჩვენი სამუშაოებიც ბწყინვალედ დააგვირგვინა. გაოგნებულნი ვიდექით ამ უძვირფასესი აღმოჩენის შემხედვარენი და თვალებზე სიხარულის ცრემლები მოგვდიოდა".

სატანის საყდარი
პერგამოსის საკურთხეველი

ყველაფერი, რაც კი გათხრების შედეგად იყო ნაპოვნი, ოსმალეთის მხარესთან შეთანხმების მიხედვით, გერმანიის საკუთრებაში გადადიოდა. დატვირთული ურმები სანაპიროსკენ გაეშურნენ, სადაც ძველი არტეფაქტები გერმანულ გემებზე დატვირთეს და ბერლინში გაამგზავრეს.

საგანძურის ბედი გერმანიაში არაორდინალურად წარიმართა: ჯერ იყო და, მისთვის მუზეუმი ვერა და ვერ დაამთავრეს, მას ხან გერმანელი ოკულტისტები მიესეოდნენ, ხან კიდევ აშკარად სატანური სექტები.
სატანის საყდარი
პერგამოსის საკურთხეველი

საკურთხევლით დაინტერესდნენ ცნობილი მოგვები ალისტერ კროული და მაგიური ორდენის "ოქროს განთიადის" დამფუძნებელი სემუელ მაზერსი. საკურთხეველთან საიდუმლო რიტუალებს ატარებდა ლია ჰირაგი, რომელიც ოკულტურ წრეებში ცნობილი იყო როგორც "მეძავი მეწამულ სამოსში", და მართა კიუნცელი - ნაციონალ-სოციალისტი, რომელიც აღმოსავლელ ტამპლიერთა ორდენში შედიოდა.

პერგამოსის საკურთხეველმა მაგნიტივით მიიზიდა SS-ელები და მათი გრემოცვა, მაგალითად, კარლ მარია ვალიჰუტი - გერმანელი წარმართი, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა მესამე რეიხის განწყობაზე. საკურთხევლით აღფრთოვანებული იყო რიჰარდ ვალტერ დარე და ჰიმლერის ყველაზე საყვარელი ჰელმუტ დალკუენი.
სატანის საყდარი
პერგამოსის საკურთხეველი

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში პერგამონის მუზეუმი დახურეს, სკულპტურული კომპოზიციები ქვიშიანი ტომრებით დაფარეს, მოგვიანებით კი მოხსნეს და ბუნკერში ჩაზიდეს. ომის დასასრულს საბჭოთა აკადემიკოსის იგორ გრაბარის ინიციატივით საკურთხეველი საბჭოთა კავშირში გაამგზავრეს ხელოვნების იმ ნიმუშების დანაკარგის კომპენსაციის სახით, რომელიც საბჭოთა კავშირმა ომის წლებში განიცადა. ასე მოხვდა პერგამოსის საგანძური ერმიტაჟის სათავსოებში.

ნაციზმზე გამარჯვების მეათე წლისთავის წინ ნიკიტა ხრუშჩევმა გააკეთა გამაოგნებელი ჟესტი - მან გადაწყვიტა უძველესი ძეგლი გერმანიისთვის დაებრუნებინა. 1958 წელს ექსპონატების ძირითადი ნაწილი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაბრუნდა. იმ დროიდან საკურთხეველმა კვლავ კარლ ჰუმანის სამშობლოში დაიდო ბინა. მაგრამ რამდენი ხნით? თურქეთის მთავრობა სულ უფრო ხშირად აცხადებს პრეტენზიას, რომ საგანძური თავის "ისტორიულ სამშობლოს" უნდა დაუბრუნდეს. თუმცა, ამისი შანსი მიზერულად მცირეა.
სატანის საყდარი
მასალა მომზადებულია ოქსანა ვოლკოვას სტატიის მიხედვით, ჟურნალიდან " Ступени", №7, 2012

წყარო: http://mirtayn.ru/prestol-satany
Назад к содержимому