აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე
"მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ" (აპოკ. 11:3-6).
არსებობს სხვადასხვა აზრი თუ ვინ არიან უფლის ეს ორი წინასწარმეტყველნი. მიუხედავად იმისა, თუ ვინ შეიძლება იყონ (მართლმადიდებლური ტრადიციით ესენი არიან - დედამიწიდან ზეცად ცოცხლად აყვანილნი ენოქი და ილია) აუცილებელია ვიცოდეთ კონტექსტი, ანუ ვინ, სად, როდის, ვის წინააღმდეგ, რატომ უნდა მოვიდნენ ისინი და როგორი იქნება მათი მოღვაწეობის შედეგი.
მაშ ვინ არის ეს ორი სასანთლე? - ეს ორი ადამიანია!
რატომ ადამიანი? - იმიტომ, რომ ისინი მოკვდებიან, რადგან "როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება, შემუსრავს და მოაკვდინებს მათ. მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის მოედანზე, რომელსაც სულიერად ჰქვია სიდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს აცვეს მათი უფალიც. სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი" (გამოცხ. 11:7-10).
მაგრამ, როგორც აპოკალიფსისი გვამცნობს: "სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას" (გამოცხ. 11:11-12).
მაშასადამე, მათ გვამები ყველას თვალწინ ეყრება 3,5 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ისინი მკვდრეთით აღდგებიან, აღდგომა კი შეუძლია მხოლოდ ადამიანს.
ჩვენ ვიცით მათი ფუნქცია, თუ რატომ უნდა მოვიდნენ ისინი:
1) ისინი არიან მოწმენი იმისა, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ღმრთის განგებულების ქვეშაა;2) ისინი არიან მოწმენი ღმრთისა იმის შესახებ, რომ ეშმაკს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია;3) ისინი არიან მოწმენი იმისა, რომ სიცოცხლე და სიკვდილი მხოლოდ უფლის ხელშია და არა სატანისა;4) ისინი არიან მოწმენი იმისა, თუ რა მოხდება, როდესაც ღმერთი ვინმეს გადასცემს უზარმაზარ ძალაუფლებას;5) ისინი იქნებიან ცოცხალნი მოწმენი იმისა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია და ბიბლიაც ჭეშმარიტია - როდესაც უკუნი მოიცავს დედამიწას და სატანის სამეფო იმძლავრებს მთელს პლანეტაზე.
ისინი არიან წინასწარმეტყველნი - ანუ ისინი იქადაგებენ უფალს, ისინი თვითონ არიან უფლის ნიშნები და სასწაულნი. ისინი მეტყველებენ არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმეებითაც. ისინი მოკვდავნი არიან. ისინი არიან სისხლი და ხორცი, მაგრამ მადლის უსრულყოფილესი ზომის მიმღებნი. ისინი მოკვდებიან მძლავრი დემონის ხელით, რომელიც ქვესკნელიდან ამოვა, და არა კაცთა ხელით - რადგან უფალს ასე ნებავს.
მათი ხელუხლებლობა დროებითია და ის მინიშნებაა მათთვის, ვინც მხეცის ბეჭედი მიიღო - ყველაფერი ისე როდი წავა, როგორც სატანის მომხრეებს ნებავთ.
ისინი არიან მოწმენი ღმრთისა, რადგან ილაპარაკებენ და ყველას აუწყებენ ღმრთის ჭეშმარიტებას და სამართალს.
ისინი არიან საკვირველთმოქმედნი, მათ მიეცემათ სასწაულთა აღსრულების მადლი ცრუწინასწარმეტყველის სამხილებლად, და მათი სასწაულები ცრუწინასწარმეტყველის სასწაულებზე უფრო მძლავრი და საშინელი იქნება.
ისინი იქადაგებენ დიდი ჭირვების ჟამს, მაშინ, როდესაც მხეცის ხატი დაიდგმება თაყვანსაცემად, როდესაც დაიწყება მხეცის ბეჭდის ჩამორიგება და მსოფლიოს უკუნი სიბნელე მოიცავს.
ეს ორი სასანთლე საუკუნითგან მოწოდებულია და რჩეულია უფლის მიერ. არა კაცს არ ძალუძს მათი დანიშვნა რაიმე საქმეზე, ან დადგენა მათი, ან განსაზღვრა მათი რომელიმე "მსახურებაზე", და ასევე არავის ძალუძს საკუთარი თავის დანიშნოს ან დაადგინოს რაიმე მსახურებაზე. მათ ღმერთი დააწესებს მსახურებად და უძლეველობას მიანიჭებს. ოღონდ დრომდე, რათა უფლის ნება აღსრულდეს.
ორი სასანთლის მოკვლიდან "სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ, აქ ამოდითო, და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას. იმავე საათს საშინელი მიწისძვრა მოხდა, ქალაქის მეათედი დაიქცა და მიწისძვრისას შვიდი ათასი კაცი ამოწყდა, სხვები კი შეძრწუნდნენ და დიდება მიაგეს ცის ღმერთს.
...
მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე. ოცდაოთხი უხუცესი, თავიანთ ტახტებზე რომ სხედან ღვთის წინაშე, პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს. და თქვეს: მადლს გწირავთ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიადი ძალი და დაამკვიდრე შენი სუფევა. წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი. მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა".
"ჰე, მოვიდოდე უფალო იესუ" (აპოკ. 22:20).
ტექსტი მოამზადა "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 20 ივლისი. 2021 წ.