აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ლუციფერის ისტორია
რამდენ ფანტაზიას და ზღაპარს არ გაიგებს კაცი, როდესაც ლაპარაკობენ ეშმაკზე. ეს ალბათ გახლავთ მეორე თემა, რომელიც შემოსილია ათასგვარი მითებითა და ლეგენდებით (პირველი თემა - ღმერთია).
წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ბოროტების წარმოშობა - საიდუმლოა, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ამ საიდუმლოსაც მივწვდებით ახალ სამყაროში, როდესაც მარადისობა მოიწევს და დავინახავთ, როგორც ცათა სასუფეველს, ასევე ცეცხლის გეენას.
ყველაზე საინტერესო ისაა, რასაც წმიდა წერილი მკაფიოდ გვიცხადებს - სატანა, ბოროტება, ცოდვა, სიკვდილი, დემონები - იმიტომ არსებობენ, რომ ეს ღმერთმა დაუშვა. ბევრს არ შეუძლია მიიღოს ეს აზრი - როგორ შეეძლო მოსიყვარულე ღმერთს დაეშვა ლუციფერი გამხდარიყო ბოროტი ანგელოზი, ეს ხომ ეწინააღმდეგება მის ბუნებას? მაგრამ ეს ღმრთის ბუნებას კი ეწინააღმდეგება, არამედ ადამიანთა წარმოდგენას ღმერთზე. ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი ოდნავ ძლიერია ეშმაკზე, და ეშმაკი საბოლოოდ ვერ იმარჯვებს მხოლოდ უცნობი მიზეზის გამო. ადამიანები ასევე ფიქრობენ, რომ მიმდინარეობს ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, და ღმერთი ეომება სატანას სამყაროში გასაბატონებლად; ასევე ფიქრობენ, რომ სატანას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის შეცდენა, ნებისმიერის გადაყენება გზიდან, ის თითქმის ყოვლისშემძლე, თითქმის ყოვლისმცოდნეა, და ღმერთს ძალიან უჭირს ეშმაკის კლანჭებს თუნდაც ერთი ადამიანი გამოსტაცოს. ამგვარად მოფიქრალ ადამიანთა აზრით სატანა თითქმის ღმერთია, და ჭეშმარიტ ღმერთს ძალიან უჭირს მასზე გამარჯვება. მაგრამ ეს სრული აბსურდია და სისულელე.
სატანა, იგივე ძველი გველი, იგივე ლუციფერი (ნათელმოსილი), იგივე ეშმაკი, იგივე ძმათა ცილისმწამებელი, იგივე მაცთური, იგივე ცისქვეშეთის თავადი, - უპირველეს ყოვლისა ქმნილებაა, სრულიად ისეთივე, როგორც დანარჩენი ანგელოზები, ადამიანები და ცხოველები. როგორც ქმნილება, ის ახლოსაც კი ვერ მივა შემოქმედ ღმერთთან და არც შეუძლია გაუთანასწორდეს მას, რადგან ქმნილებაა. აქედან გამომდინარე, როგორც ქმნილ არსებას არც ძალა გააჩნია და არც უნარი არა თუ ებრძოლოს, არამედ საერთოდ მიწვდეს ღმერთს მისი ნებართვის გარეშე.
სატანა არის დაცემული ქერუბიმი, რომელიც გაამპარტავნდა და ეშმაკად იქცა - და ესეც ღმერთმა დაუშვა, რადგან ის არავის ნების-მიერ არჩევანს არ ეწინააღმდეგება. ლუციფერმა აირჩია თავისი ღმრთის საწინააღმდეგო გზა და ამის შედეგებს იმკის, მომავალ ცხოვრებაში კი საუკუნოდ დაისჯება.
მოკლედ, სატანა და მისი დემონები, ბოროტი სულები, ამ წუთისოფლის დასაბამნი და ხელისუფლებანი - შეზღუდულ არიან თავიანთ უფლებამოსილებებში და მათ მხოლოდ ღმრთისგან ეძლევათ უფლება დრო და დრო გამოვიდნენ და დაამარცხონ უფლის წმინდანნი.
სატანა არავითარ შემთხვევაში არ არის უძლური არსება, ადამიანთან შედარებით ის ძლიერია და მის გარშემო მილიონობით (თუ მილიარდობით არა) დემონია გარშემორტყმული. მაგრამ აქ არსებობს საკვანძო სიტყვა - "ადამიანთან შედარებით". უფლის ანგელოზებთან მიმართებაში სატანასა და მის დემონებს ამგვარი უპირატესობა არ გააჩნიათ, რაშიც ვრწმუნდებით თვით წმიდა წერილიდან, რადგან სატანა მიქაელ მთავარანგელოზის მიერ გადმოგდებულ იქნა ცისქვეშეთში.
რაც შეეხება იესუ ქრისტეს და სულიწმიდას - აქ სატანას საერთოდ არა აქვს არანაირი შანსი. დიახ, სატანა ოცნებებს საყდარი დაიდგას ვარსკვლავებზე მაღლა, მას სურს ღმერთად გამოაცხადოს თავი, ის ადამიანებს "გაღმერთებას" ჰპირდება და, საერთოდ, მას სურს ყველა თაყვანსსცემდეს მას, მაგრამ ავიწყდება, რომ - ის ქმნილებაა.
უფალი, დიდი ჭირვების ჟამს, მიუშვებს სატანას აკეთოს ის რასაც მოისურვებს. სატანა, ანტიქრისტე, ცრუწინასწარმეტყველი, ბაბილონი მთელი თავისი ძლიერებით თავს დაატყდებიან კაცობრიობას, აცთუნებენ მას, დაიპყრობენ, გაიმარჯვებენ მასზე, მოჰკლავენ მილონებს და ეგონებათ, რომ ამას ისინი საკუთარი ძლიერებით ახერხებენ, რადგან თავისთავად არიან ძლიერები, და აღზევდებიან იმ ფიქრში, რომ "ბოლოს და ბოლოს დაამარცხებენ უძლურ ღმერთს თავისი სიყვარულითურთ". მაგრამ, წმიდა წერილი მკაფიოდ განალაგებს პრიორიტეტებს და ამატებს, რომ სატანას უბრალოდ მიეცემა ყოველივე ამის კეთების ჟამი.
ყველას, პირველი აპოკალიფსური მხედრიდან ღმრთის რისხვის 7 თასის გადმოღვრამდე, უფლისგან მიეცემა ნება აკეთონ ის, რაც მოეპრიანებათ, მაგრამ ყოველთვის გარკვეულ ჩარჩოებში. სატანა იფიქრებს, რომ ეს-ესაა იმარჯვებს, რომ ყველაფერი გამოსდის ისე, როგორც სურს - მაგრამ არ იცის, რომ მალე წააგებს და აკეთებს ზუსტად იმას, რაც მიცემულია მისთვის გარკვეულ ჩარჩოებში, რაც ნაწინასწარმეტყველევია წმიდა წერილში!
ფაქტობრივად დიდი ჭირვების დროს, თავს გამოაცხადებს რა ღმერთად, სატანა იხილავს დროის მრიცხველს, რომელიც ეტყვის მას - "სატანა შენ დაგრჩა 3 წელი და 6 თვე, შენ დაგრჩა 3 წელი და 5 თვე და 29 დღე, შენ დაგრჩა 3 წელი 5 თვე და 28 დღე და ა. შ.", და როგორც კი დაინახავს, რომ მცირე აქვს ჟამი, გააფთრდება და გაცოფებული ძაღლივით დაესხმება ყველას.
რა იქნება ამისი შედეგი? ეს დიადი სატანა, ქერუბიმი და წუთისოფლის თავადი, შეიკვრება უბრალო ანგელოზის მიერ, დაიბმება ჯაჭვებით და ჩამწყვდეულ აღმოჩნდება 1000 წლით. რის შემდეგაც იქიდან გაათავისუფლებენ (თვითონ კი არ ამოვა, არამედ უფალი ამოუშვებს) ძალიან მცირე დროით, რის შემდეგაც სამარადისოდ იქნება ჩაგდებული ცეცხლის გეენაში.
აი ეს არის ლუციფერის მთელი ისტორია.
მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ.