პუბლიკაციები - იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლო - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლო

ანუ

რას გვამცნობს აპოკალიფსისი ბოლოდროინდელი ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის საზღვრების შესახებ
იოანე ღვთისმეტყველი და პროხორე
მოცემულ სტატიაში შემოთავაზებული "იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლოს" სისწორეს დაბეჯითებით არ ვამტკიცებ. ეს სტატია მხოლოდ მცდელობაა მეორედ მოსვლის წინ მოციქულ იოანეს მოსვლის იმ "დიდი საიდუმლოს" თანამედროვე გააზრებისა და სხვადასხვა მასალების შეკრებისა, რომლებიც მოიპოვება წმიდა წერილსა და საეკლესიო გადმოცემაში და, რომლებიც ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იპყრობენ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ყურადღებას. შეგნებული მაქვს რა საკუთარი უძლურება და უღირსება, მკითხველს პატიებას ვთხოვ ესოდენ მნიშვნელოვანი და რთული საკითხის განსჯასა და დასკვნებში დაშვებული შესაძლო შეცდომებისთვის.
ავტორ-შემდგენელი მღვდელი ანდრია გორბუნოვი
სარჩევი:

მესამე დესპანი

"მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე"

"კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება"

ტაძრის გაზომვა

ჭეშმარიტებისადმი გულგრილობა

ცოცხალი ღმერთის ბეჭედი

განსაცდელი

ფილადელფიელები და ლაოდიკიელები


***


სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

აპოკალიფსისი (მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება) - საიდუმლო წიგნია. "მასში იმდენი სიტყვაა, რამედნიც საიდუმლო", - ამბობდა წმ. ბასილი დიდი. წმიდა მამათაგან მცირედნი თუ ბედავდნენ ამ ახალაღთქმისეული ბიბლიური წიგნის განმარტებას, რადგან შორეული მომავლის და ჯერაც არ აღსრულებული წინასწარმეტყველებების რამენაირი ზუსტი განმარტების მოცემა უკიდურესად რთული საქმეა. თუმცა, აპოკალიფსისის განმარტების დროს წმიდა მამები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მისი სიმბოლოების სრული გახსნა შესაძლებელი გახდება მაშინ, როდესაც მოხდება ის მოვლენები, რომლებზეც მასშია საუბარი.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, აპოკალიფსისის შინაარსი მხოლოდ თანდათანობით გახდება გასაგები, მასში გამოთქმული წინასწარმეტყველებებისა და მოვლენების დადგომისდა შესაბამისად. ბოლო დროს, როდესაც "მოიმატებს ცოდნა" (დანიელი 12:4), წინასწარმეტყველებათაგან იდუმალების ბეჭედიც მოიხსნება. თვით დრო, თვით ისტორიული სურათი გახსნის ამ წინასწარმეტყველებათა შინაარსს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გახსნის მხოლოდ მათთვის, ვინც არა მარტო წაიკითხავს მას, არამედ დაფიქრდება მაზე, ჩაუფიქრდება მის აზრს, შეადარებს მიმდინარე მოვლენებს და ყოველივე იმას, რაზეც ლაპარაკია აპოკალიფსისში, და კიდევ - გულთან ახლოს მიიტანს სამყაროს ხვედრს...

აი რატომ ამბობს სიყვარულის მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: "ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი" (გამოცხ. 10:10). ეს ნიშნავს, რომ "იოანე კი არ გამწარდა, არამედ დატკბა და ნუგეშისცემულ იქნა, როდესაც შეიცნო საღმრთო გამოცხადება, რომელიც თავისთავად, როგორც ღმერთთან ურთიერთობა, სიტკბოებისა და ნუგეშის მომტანი უნდა ყოფილიყო. როდესაც მან საკუთარ თავზე და იმათზე გადაიტანა ამ გამოცხადების შინაარსი, ვისაც ის ეხებოდა, მაშინ მისი მუცელი გამწარდა, ანუ მისი გული სიბრალულითა და თანაგრძნობით აღივსო" (წმ. ანდრია კესარიელი) ("Толковая Библия» проф. А. П. Лопухина").

ძველ აღთქმაში, იოანე მოციქულივით, ეზეკიელმაც მიიღო გრაგნილი (წიგნის ფორმა, რომელსაც ძველად იყენებდნენ), "და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში. გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი" (ეზეკ. 2:10); და უფალმა ამ გრაგნილის შეჭმა მასაც დაავალა. "გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი. - ბრძანებს წინასწარმეტყველი, - და თაფლივით მეტკბილა პირში" (ეზეკ. 3:1-3).

ამგვარად: "ორივე წინასწარმეტყველმა (ეზეკიელმა და მოც. იოანემ) წინასწარმეტყველების ნიჭი ერთი და იმავე სახით მიიღეს, ღმრთის ერთი სულის შთაგონებით და ამ შთაგონების ერთნაირი მოქმედებით. ის ტკბილია, რადგან მათზე მადლისა და ჭეშმარიტების სულისგან გადმოიღვარა, რომელიც არის სულის უზენაესი ნეტარების წყარო, - და მწარეა იმიტომ, რომ ააშკარავებდა ადამიანთა უბედურ და სავალალო ხვედრს, რომელთაც ელოდებათ ზეციური სასჯჯელი თავიანთი უკეთური და დანაშაულებრივი ცხოვრებისთვის. მოციქულის სიბრალულით და თანაგრძნობით აღსავსე გულს, რომელიც გახარებულებთან ხარობს და მგლოვარეებთან გლოვობს (რომ. 12:15), რა თქმა უნდა, არ შეეძლო არ ეგრძნო იმ ჭირვების მთელი სიმწარე, რომელიც მან იხილა და, რომელიც ეხება კაცთა სულების უმრავლესობას" (Ф. Яковлев, "Дар пророчества". В кн.: Сборник статей по истолковательному и назидательному чтению Апокалипсиса / Сост. М. Барсов. М., 1994. С. 243).

სახარებიდან და საეკლესიო გადმოცემებიდან ცნობილია, რომ მოციქული ოანე ღვთისმეტყველი ფლობდა უაღრესად მგზნებარე ნატურას. მისი სულიერი სახის მთავარი მახასიათებელი იყო ღრმა და მხურვალე სიყვარული ღმრთისა და მოყვასისადმი. მოციქულ იოანეს ახასიათებდა უიშვიათესი მგრძნობელობა სხვა ადამიანებისადმი, თანაგრძნობა და გულითადი სიბრალული წარწყმედილთა გამო. მისი ხასიათის განმასხვავებელი ნიშანი იყო ასევე განსაკუთრებული დაკვირვებულობა და მგრძნობელობა იმ მოვლენებისადმი, რომლებიც ძლიერ და ღრმად აღწევდა მოციქულის შინაგან ცხოვრებაში.

აი რატომ აირჩია უფალმა სწორედ ის, თავისი უსაყვარლესი მოწაფე, რათა მიეღო მას ის გამოცხადება, რომელშიც მოცემული იყო წინასწარმეტყველება სამყაროსა და ეკლესიის საბოლოო ხვედრის შესახებ. და აი, დღესაც, როდესაც მრავალი აპოკალიპტური წინასწარმეტყველება, რომლებიც სამყაროს აღსასრულს ეხება, უკვე იწყებს თავის აღსრულებას, მიმდინარე მოვლენების სულიერი აზრი და მათი შესაბამისობა აპოკალიფსისის სიტყვებთან ეხსნება მხოლოდ იმ ქრისტიანებს, ვინც განიცდის მსოფლიოს მდგომარეობას, ვინც გრძნობს მის ტრაგედიას და საკუთარ პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც სამყაროში ხდება. "რაც უფრო ღრმაა ჩვენი საკუთარი სულიერი ცხოვრება, - ამბობდა აპოკალიფსისის განმარტებაზე ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი, - მით უფრო ღრმა იქნება ამგვარ წიგნთა ჩვენეული შემეცნებაც" (Иером. Серафим (Роуз). Знамения времен. Тайны книги Апокалипсис. М., 2000. С. 56).

მაგალითად, ცნობილი ათონელი ბერი პაისი (†1994), ასე აწერდა ხელს თავის ცნობილ ეპისტოლეს "დროთა ნიშნების" შესახებ: "დიდი ტკივილითა და ქრისტეს სიყვარულით". "სულიერი ადამიანი - ერთი მთლიანი ტკივილია, - წერდა ბერი პაისი, - მას სტკივა ის, რაც ხდება, მას სტკივა ადამიანთა ხვედრი. სწორედ ამ ტკივილისთვის ეძლევა მას ღვთაებრივი ნუგეში". სხვა სულიერი მხცოვანი, სქიარქიმანდრიტი თეოდოსი (ბერობაში აქილა) პოჩაეველი (†2003), ასე ლაპარაკობდა ანტიქრისტეს წინა დროების დადგომაზე: "ადამიანები, ვისი გულიც ქრისტესა და ღვთისმშობლისადმი სიყვარულით არიან ანთებულნი, ადვილად მიხვდებიან დემონთა ეშმაკობას".

მესამე დესპანი

როგორც ვიცით, აპოკალიფსისის საზოგადოდ მიღებული განმარტების თანახმად, სამყაროს აღსასრულის წინ დედამიწაზე ღმერთი წარმოაგზავნის მართალ ენოქს (1) და წინასწარმეტყველი ილიას.

______________

1. ენოქი - "წარღვნამდელი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ღვთისმოსავი პატრიარქი, მეშვიდე ადამითგან. მართალია, მის შესახებ ბიბლია მწირ ცნობებს გვაწვდის, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანს. მასზე ორჯერ არის ნათქვამი, რომ "დადიოდა ღმერთთან ენოქი" (ძვ. ქართ.: "სათნო ეყო ენუქ ღმერთსა") (დაბ. 5:22-24). იგივე გამოთქმაა გამოყენებული ნოესთან დაკავშირებითაც (დაბ. 6:9). მოციქულმა პავლემ ამ სიტყვების ასეთი პერეფრაზირება გააკეთა: "რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, ... ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს" (ებრ. 11:5). ენოქი წინასწარმეტყველებდა მის თანამედროვე და მომავალ უკეთურებზე, რაზეც უთითებს მოციქული იუდა თავის ეპისტოლეში (მ. 14), სადაც ენოქს ადამითგან მეშვიდეს უ წოდებს. ხოლო ენოქის წლოვანება (მის ცოცხლად აყვანამდე), ბიბლიის თანახმად (დაბ. 5:23) იყო, სამას სამოცდა ხუთი წელი. შემდეგ მასზე ნათქვამია, რომ ღმერტმა ის აიყვანა (დაბ. 5:24), ანუ გადაასახლა ნეტარ სამყოფელში ისე, რომ სიკვდილი არ უხილავს (ებრ. 11:5). ამ უკანასკნელის შესახებ უნდა ითქვას, რომ პირველდაწყებით ქრისტიანულ ეკლესიაში დაცული იყო და დღემდე მოაღწია საზოგადო რწმენამ, რომ ენოქი კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე, რათა თავისი ვალი გადაუხადოს ბუნებას, ანუ უნდა მოკვდეს; და ის, წინასწარმეტყველ ილიასთან ერთად, ყოველთვის და ყველგან აღიარებული იყო ერთ-ერთ წინასწარმეტყველად იმ ორს შორის, რომელსაც აპოკალიფსისი ახსენებს (გამოცხ. 11:3), და რომლებიც თავიანთი ქადაგებისა და მოწმობის შემდეგ მოკლულნი იქნებიან უფსკრულიდან ამომავალი მხეცის მიერ (გამოცხ. 11:7).

აღსანიშნავია ისიც, რომ ძველაღთქმისეული და ახალაღთქმისეული ისტორიის სამი უმნიშვნელოვანესი ეპოქა გამორჩეულია მიწიდან ზეცად გადასახლების სამი სასწაულებრივი შემთხვევით. ასე, მაგალითად, პატრიარქალური ეკლესიის (ანუ წარღვნამდელი ისტორიდან) - ენოქის სახით, იუდაური ისტორიიდან - წინასწარმეტყველ ილიას სახით, და ქრისტიანული ისტორიიდან - ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს საკვირველი ამაღლება ზეცად, და ასევე მისი ყოვლადწმიდა დედისა, მარადის ქალწულისა მარიამისა, როგორც ამას გადმოგვცემს ქრისტიანული ეკლესიის წმიდა გადმოცემა" (из «Библейской энциклопедии» архим. Никифора, М., 1891).

______________

მაგრამ, ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ანტიქრისტეს დროს იქნება ღმრთის მესამე, განსაკუთრებული დესპანიც - თვით აპოკალიფსისის ავტორი, მოციქული და იდუმალთმხილველი იოანე ღვთისმეტყველი.

ამ თვალსაზრისის მიხედვით, მოციქული იოანე, ისევე როგორც ენოქი და ილია, არ მომკვდარა, არამედ, ღმრთის ნებით ცოცხალი დარჩა და სხეულებრივად იქნა ატაცებულ ზეცად, რათა სამყაროს აღსასრულის წინ კვლავ იქადაგოს დედამიწაზე. ამის მითითებებს ვხვდებით როგორც საეკლესიო გადმოცემებში, ასევე წმიდა წერილშიც, კერძოდ - იოანეს სახარებასა და აპოკალიფსისში.

წმ. იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრების მოკლე აღწერაში, რომელიც მოთავსებულია საღვთისმსახურებო სახარებაში, მოციქულის გარდაცვალების შესახებ ნათქვამია: "იცოცხლა 120 წელი და ცოცხლადვე დაამარხინა თავი იქვე (ეფესოში) ღმრთის ნებით".

წმ. მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრებაში ვკითხულობთ: "როდესაც მოციქულს ასზე მეტი წელი შეუსრულდა, სახლიდან თავის შვიდ მოწაფესთან ერთად გამოვიდა და, ერთ ადგილამდე რომ მივიდა, სთხოვა მათ ჩამომსხდარიყვნენ. უკვე თენდებოდა, და მან, დაშორდა რა მოწაფეებს ქვის სასროლ მანძილზე, ლოცვა დაიწყო. შემდეგ, როდესაც მისმა მოწაფეებმა, მისივე ნებით, ამოუთხარეს მას ჯვარსახოვანი საფლავი, პროხორეს იერუსალიმში წასვლა დაავალა და უთხრა იქ დარჩენილიყო თავისი დღეების აღსასრულამდე. შემდეგ კიდევ მცირედ ასწავლა თავის მოწაფეებს, ეამბორა მათ და უთხრა: "აიღეთ მიწა, დედა ჩემი, და მისით დამფარეთ". ეამბორნენ მას მოწაფეებიც და მუხლებამდე დაჰფარეს მიწით, მაშინ მოციქული კვლავ ეამბორა მოწაფეებს და მათ ის კისრამდე ჩამარხეს, სახეზე კი ტილო დააფარეს, კიდევ ერთხელ ეამბორნენ დიდი მოთქმა-გოდებით და სრულიად დაჰფარეს. როდესაც ამის შესახებ ძმებმა შეიტყვეს ქალაქიდან წამოვიდნენ და გათხარეს წმიდა მოციქული საფლავი, მაგრამ იქ ვერაფერი ჰპოვეს და ძლიერ დამწუხრებულებმა იგლოვეს; შემდეგ, ილოცეს და კვლავ ქალაქში დაბრუნდნენ. ამ დროიდან, ყოველ წელიწადს, მაისის თვის მერვე დღეს, მოციქულის საფლავიდან ამოდიოდა კეთილსურნელოვანი მირონი (სლავ. ცხოვრებაში - "თხელი ფერფლი" ("прах тонкий")) და წმიდა მოციქულის ვედრებით, ჭეშმარიტი ღმრთის - მამის, ძის და სულიწმიდის სადიდებლად კურნავდა სნეულთ" ("Жития святых, изложенные по руководству Четьих-Миней св. Димитрия Ростовского". Сентябрь. – Москва, 1902 г., Синодальная Типография, с. 590).

წმ. მოწამე ერმიონიას ცხოვრებაშიც ნათქვამია: "წმიდა მოციქულმა ფილიპემ, რომელმაც ეთიოპიელი დედოფლის კანდაკიას დიდებული მონათლა, ოთხი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთა შესახებაც ლუკა მახარობელი შენიშნავს, რომ წინასწარმეტყველები და ქალწულები იყვნენ. მათგან ერმიონია და ევტიქია ასიას გაეშურნენ, სადაც წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს, რამეთუ უფალმა გადაასახლა იგი, როგორც ოდესღაც ენოქ და ილია" ("Жития святых, изложенные по руководству Четьих-Миней св. Димитрия Ростовского". Сентябрь. – … с. 113).

მოციქულ იოანეს დაკრძალვის ადგილას (დღევანდელ თურქეთში) ყოველწლიურად, მაისის მერვე დღეს (როგორც ჩანს, ეს დღე წარმოადგენს მარადიული "მერვე დღის", ანუ მარადისობის სიმბოლოს), გამოჩნდა უფაქიზესი თხელი ვარდის მტვერი, რომელსაც მორწმუნეები სხვადასხვა დაავადებებისგან განსაკურნავად აგროვებდნენ. ამ "ფაქიზი მტვრის" გარდამოსვლის გამო დაწესდა ეკლესიაში წმიდა მოციქულ იოანეს ხსენების დღე (8 (21) მაისს. ხოლო თვით მოციქულის უხრწნელი ნაწილები არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი ცნობა მის სხეულზე (გარდა იმ ცნობისა, რომლის მიხედვითაც იქ გაქრა დახშული საფლავიდან). სხვა მოციქულთა უხრწნელი ნაწილები არსებობენ და არსებობს ამ ნაწილების ისტორიაც.
მთავარანგელოზი, იოანე, ილია და ენოქი
"მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე"

სახარებაში მაცხოვარი, როდესაც პეტრეს იოანეს შესახებ პასუხობს, ბრძანებს: "უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ". "და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, - წერს მოციქული იოანე, - რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?" (იოანე 21:21-23).

"უფლის ეს მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები იოანე ღვთისმეტყველის ზებუნებრივი უკვდავობის შესახებ, რომელიც მოციქულ პეტრეს აუწყა, - განმარტავს იოანე კრონშტადტელი ამ სიტყვებთან დაკავშირებულ თავის ქადაგებაში, - წარმოადგენდა პასუხს მის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა მოციქულსა და მახარობელ იოანე ღვთისმეტყველს: "უფალო, ამას რა?" ანუ, თუკი მე ჯვარზე გამაკრავენ და შენი წინასწარმეტყველების მიხედვით მოვკვდები შენი სწავლების ქადაგებისა და შენზე მოწმობის გამო წარმართთა და იუდეველთა შორის, როგორი სიკვდილით მოკვდება იოანე? და მაშინ უფალმა, როგორც სამართლიანმა მსაჯულმა, რომელსაც აქვს მეუფება სივკდილსა და სიცოცხლეზე, მიუგო: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს (ჩემს მეორედ და საშინელ მოსვლამდე დედამიწაზე) შენ რა? შენ მე გამომყევ" (ანუ შენ ჩემთვის მოკვდი ჯვარზე, როგორც მე მოვკვდები შენთვის და კაცთა მოდგმისთვის, ხოლო იოანე საყოველთაო აღდგომამდე და სამსჯავრომდე იცოცხლებს".

ამის შემდეგ, უფალი, თავის ჯვარცმამდე, დაფარულად ეუბნებოდა მოციქულებს იმავე იოანეს უკვდავებაზე და ამბობდა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით" (მარკოზი 9:1). ეს სიტყვები განეკუთვნებოდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველს, თუმცა ის თითქოსდა ეხებოდა რამოდენიმე პიროვნებას, და არა ერთს, მაგრამ დაფარულად გულისხმობდა სწორედ ერთს" (ანუ იოანეს - "აპოკ". რედ.).

"ამრიგად, იოანე ღვთისმეტყველი უფლის წინაშე წარსდგა, მაგრამ არ გარდაცვლილა, არამედ "დღემდე ცოცხალია და დედამიწას არ შორდება, სადაც ელის უფლის ბრწყინვალე და საშინელ მეორედ მოსვლას" (იხ. სტიხერა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულობის მცირე მწუხრზე), - თუმცა ზეცაშიც წარსდგება ღმრთის საყდრის წინაშე და ყოველთვის შუამდგომლობს ქრისტეს ეკლესიას. აი, რაოდენ ღვთივშვენიერად და ღირსეულად განადიდა და განადიდებს უფალი თავის უსაყვარელს მოწაფეს და ამავდროულად თავისი ყოვლადწმიდა დედის, მარადის ქალწულ მარიამის მფარველს მის ამქვეყნიურ, მიწიერ ცხოვრებაში. ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა მესამე დღეს, ხოლო საყვარელ მოწაფეს უბრძანა ეცოცხლა მის მეორედ მოსვლამდე, როდესაც იოანე ხორციელად იქნება მოკლული ანტიქრისტეს მსახურთა მიერ, ისევე როგორც ილია და ენოქი, შემდეგ კი ღმრთის სიტყვით იცოცხლებენ უკუნითი უკუნისამდე. ასეთია ქრისტეს საყვარელი მოწაფის დიდება და უკვდავება!" (იხ. იოანე კრონშტადტელის ქადაგების უფრო სრული ტექსტი სათაურით: "მამა იოანე მოციქულ იოანეს შესახებ"  (https://leushino.ru)).

ნეტარი ავგუსტინე (†430), წერდა: "საბოლოოდ, მიანდო რა თავისი სულიერი სამწყსო უფლის მოყვარულ და სამჯერ ამღიარებელ პეტრეს, ის ამბობს, რომ ეს იოანე მისი ნებით შეიძლება მის მეორედ მოსვლამდე ცოცხლად დარჩეს  (იოანე 21:15-25), რითაც, ჩემი აზრით, მან გვაუწყა უდიდესი საიდუმლო, კერძოდ, კი ის, რომ თვით იოანეს სახარებისეული მსახურება, - რომელიც მას სიტყვის უწმიდესი ნათლისკენ წარიტაცებს, სადაც გონებრივ სახილველს წარუდგება წმიდა სამების ერთობა და უცვალებლობა, და საკმაოდ განასხვავებს მას სხვებისგან, როგორც ადამიანს, რომლის შემეცნებაშიც სიტყვა ხორცი გახდა, - (ეს მსახურება) ზუსტად მხოლოდ მაშინ შეიძლება შემეცნებულ იქნას, როდესაც თვით უფალი მოვა; ამიტომაც იოანე ასევე დარჩება, სანამ ის მოვიდოდეს; და დარჩება ის მორწმუნეთა რწმენაში, ხოლო შემდეგ კი მოვა პირისპირ სახილველადაც, როდესაც გამოჩნდება ჩვენი სიცოცხლე (ქრისტე) და ჩვენც დიდებით წარვსდგებით მის წინაშე" (О согласии Евангелистов», кн. 4-я, гл. X).

წმიდა ფოტი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (†891), შრომებში ჰპოვეს შემდეგი ადგილი, რომელიც იოანე მოციქული საიდუმლოზე მეტყველებს: "... ენოქი და ილია და ქუხილის ძე იოანე, ჯერაც სხეულებრივად არიან. რადგან აიღო რა ისინი როგორც ყოველი მიწიერი ნივთის საწყისად, შემოქმედმა აჩვენა, რომ ადამმა თუმც კი შესცოდა, სხეულში დარჩა. მაგრამ, მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, მათ ბოლოს სიკვდილი იგემეს, თუმც მყისიერად. შეხედე მათ რწმენას, რომელიც სამი მოდგმიდან მომდინარეობს: მათგან, ვინც სჯულამდე იყო, ენოქი აიყვანა, მათგან, ვინც სჯულის შემდეგ იყო - ილია, ხოლო მათგან, ვინც მადლის შემდეგ (ანუ ახალ აღთქმაში), - მოციქულთა მშვენება. ამგვარად, ადამიც, რომ არ შეეცოდა, მათთან ერთად უხრწნელად იცხოვრებდა. გადმოცემა ადასტურებს, რომ ქალწული იოანე არ მომკვდარა, ისევე როგორც ენოქი და ილია. და ის, რომ სახარებაში ნათქვამია მის შესახებ, გონებას იპყრობს. რამეთუ ქრისტემ თქვა სიკვდილის იმ სახეზე, რომლითაც მისთვის უნდა მომკვდარიყო პეტრე. ხოლო როდესაც პეტრემ საკუთარი სიკვდილის შესახებ ისმინა, იქვე მახარობელ იოანეზეც იკითხა. აშკარაა, რომ მან სხვა რამეზე კი არ იკითხა, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა მომკვდარიყო იგი. მაშინ მაცხოვარმა უპასუხა: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა?" და ამ სიტყვებით რა გვაუწყა უფალმა, თუ არა ის, რომ იოანე დარჩებოდა მის მეორედ მოსვლამდე? ამიტომ წმიდა კირილემაც მაცხოვრის სიტყვები "ჩემ მე გამომყევ" გაიგო, როგორც წინასწარმეტყველება პეტრეს სიკვდილზე. ხოლო სიტყვები "და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა" და ა. შ. - არა თუ არ ეწინააღმდეგება წინას, არამედ ეთანხმება კიდევაც მას. რადგან ის არ ამბობს, რომ იოანე უკვდავია, არამედ იმას, რომ ის დარჩება ენოქთან და ილიასთან ერთად მის მეორედ მოსვლამდე. რაც დაადასტურა თვით მოწაფემაც, როდესაც თქვა: "იესუს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?" და გასაგებია, რომ მან უარყო აზრი მისი უკვდავების შესახებ, და დაადასტურა, რომ მის მეორედ მოსვლამდე დარჩებოდა".

... ენოქის დროს ზუსტად ცნობილია, და წმიდა წერილმაც გადმოსცა, თუ რამდენი ხანი იცხოვრა მან წუთისოფელში, მაგრამ არა იმიტომ, რომ უარიყოფოდეს მართლის სხეულებრივი გადასახლება. ამას ადასტურებს უფლის საყვარელი მოწაფის იოანეს ცხოვრებაც, რომელსაც მრავალი მოგვითხრობდა. რადგან ის, როგორც ამბობენ, მისივე ანდერძით ერთ ადგილას მოათავსეს, შემდეგ კი, რომ მოიძიეს, ვერ იპოვეს, თუმცა, სიწმიდე განივრცო იმ ადგილას, რომელშიც მან მოკლე დრო დაჰყო, რომლისგანაც ჩვენ ყველგანი, ვითარც წმიდა წყაროს ამ სიწმიდეს ვეზიარეთ" ("Святитель Фотий, патриарх Константинопольский. О пребывании апостола Иоанна Богослова на земле до Второго пришествия" (по книге святого Ефрема Антиохийского)).

ცალკეული თანამედროვე ავტორები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მოციქული იოანე გარდაცვლილია, ოღონდ შემდეგ ის ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, ისევე როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მარადის ქალწული მარიამი, რომელიც უფალ იესუ ქრისტეს შემდეგ მეორეა, ვინც მკვდრეთით აღდგა შეცვლილი და განახლებული სხეულით. სწორედ ამგვარ აღდგომას გულისხმობს "იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლოს" ზოგიერთი მკვლევარი და ამბობს, რომ უფალმა ის მკვდრეთით აღადგინა მომავალი საყოველთაო აღდგომის სახედ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იოანე იყო მესამე ადამიანი დედამიწაზე, ვისაც საყოველთაო აღდგომამდე ეღირსა მკვდრეთით აღდგომა განახლებული სხეულით, მეოთხე და მეხუთე კი იქნებიან - ენოქი და ილია (იხ. გამოცხ. 117-12), რომლებიც ცოცხლად არიან აყვანილნი ზეცად.

ძნელია თქმა რამდენად სწორია ამგვარი შეხედულება. ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ახლა მაინც მნიშვნელოვანია იმისი ცოდნა, რომ არსებობს საკმაო საფუძველი ვიფიქროთ, რომ მოციქული იოანე კვლავ უნდა გამოგვეცხადოს უფლის მეორედ მოსვლის უწინარეს. ხოლო, თუ როგორ იმყოფება იგი ცოცხალი სხეულით მთელი ამ დროის განმავლობაში, საიდუმლოა და მისი ცოდნა დაფარულია.
მეორედ მოსვლის წინამორბედი
"კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება"

აპოკალიფსისში ანგელოზი ეუბნება იოანეს: "კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (ძვ. ქართ.: "ჯერ-არს შენდა კუალად წინაწარმეტყუელებაჲ ერთა ზედა და წარმართთა და ენათა და მეფეთა ქუეყანისათა") (გამოცხ. 10:11).
"აქ, - განმარტავს წმ. ანდრია კესარიელი თავის "აპოკალიფსისის განმარტებაში", - ნაჩვენებია ან ის, რომ "საღმრთო გამოცხადებით ნაუწყები, მყისვე კი არ აღსრულდება, არამედ სახარების ქადაგებით და მოუწევს ნეტარს სოფლის აღსასრულადმდე გამოცხადების წინასწარმეტყველება მათთვის, ვინც კითხულობს ამ წიგნს; ან კიდევ ეს ნიშნავს, რომ ის არ იგემებს სიკვდილს და სამყაროს აღსასრულის წინ კვლავ გამოჩნდება, რათა წინ აღუდგეს ანტიქრისტეს საცთურთ".
ზოგიერთი კომენატატორის აზრით, მოციქული იოანე სამყაროს აღსასრულის წინ უმთავრესად ქრისტიანთა შორის იქადაგებს (რადგან თვითონაც ეკუთვნოდა ახალაღთქმისეულ ეკლესიას), წინასწარმეტყველი ილია - ებრაელთა შორის (რადგა ის ეკუთვნოდა ძველაღთქმისეულ, იუდაურ ეკლესიას), ხოლო პატრიარქი ენოქი - წარმართთა შორის იქადაგებს (როგორც წარღვნამდელი კაცობრიობის წარმომადგენელი და, რომელიც ეკუთვნოდა პატრიარქალურ ეკლესიას), - კერძოდ, ინდოელთა და ჩინელთა შორის, რომლებსაც ქრისტიანობა ჯერაც არ შეხებიათ.
"მისი სიკვდილი საიდუმლოდ დარჩა, - წერს თანამედროვე საეკლესიო მწერალი და ღვთისმეტყველი არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი). - არავინ იცის - ცოცხალია ის თუ მოკვდა. ზოგიერთი წმიდა მამის თქმით, იოანე ღვთისმეტყველი ილიასთან და ენოქთან ერთად დედამიწაზე მოვა საშინელი სამსჯავროს დადგომამდე: ილია სახარებას უპირატესად იუდეველთ უქადაგებს, ენოქი - იმ ხალხებს, რომლებსაც ჯერაც არ შეუცვნიათ სახარება (ანუ წარმართებს - "აპოკ". რედ.), ხოლო იოანე ღვთისმეტყველი - ქრისტიანებს, რომლებმაც თავიანთი მაცხოვარი დაივიწყეს..." (Архим. Рафаил (Карелин). Путь христианина: Проповеди. "Об апостоле любви и о сегодняшнем монашестве". Московское подворье Свято-Троицкой Сергиевой Лавры, 1999).

წიგნში "ჩვენი მიწიერი სამყაროს დასაწყისი და დასასრული" ("Начало и конец нашего земного мира" (2-е изд., СПб., 1904 г.), რომლის ავტორი უცნობია (ამ ნაშრომის ავტორობას მღვდელ იოანე კრონშტადტელს შეცდომით მიაწერენ - "აპოკ". რედ.) (1).
_______________

1. 1905 წლის 22 ივნისს თავის დღიურში იოანე კრონშტადტელი გულწრფელად აღიარებს: "შევცოდე შენს წინაშე, უფალო, რომელი განიკითხავ გულთა და სულთა, შემშურდა თხზულების "ჩვენი მიწიერი სამყაროს დასაწყისი და დასასრულის" ავტორის, რომ ის, საერო კაცი, ჩემზე, აკადემიკოსზე (მ. იოანეს მხედველობაში აქვს ის, რომ სწავლობდა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში) და მღვდელზე უფრო ჩახედულია ღვთისმეტყველებაში და თავისი თხზულება შეუდგენია ბრძნულად, ღრმადშინაარსობრივად და მარტივად!" (Святой праведный Иоанн Кронштадтский. Неизданный дневник. Воспоминания епископа Арсения об отце Иоанне Кронштадтском», М., 1992).
_______________
"ვარაუდობენ, რომ ენოქი ახარებს წარმართებს, ილია თეზბიტელი - ებრაელებს. ხოლო იოანე მახარობლის სამოციქულო ქადაგება საჭირო გახდება უკეთესთათვის, ანუ ქრისტეს სწავლების დაკარგული აზრის აღსადგენად...

ებრაელთა შორის ილია თეზბიტელის ქადაგების წარმატების შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ წარმართებში ენოქის ქადაგებასა და ქრისტიანებში იოანეს ქადაგებას დიდი წარმატება ექნება...

"ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, ... ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი" (გამოცხ. 10:1-2). ეს არის სამყაროს აღსასრულამდე არსებულ დროთა ხვედრი, რომელთა განვითარების ეტაპობრივობა ეცხადებოდა იდუმალთმხილველს, რომელიც მოწოდებული იყო სახარების ხელმეორედ ქადაგებად დროის აღსასრულის წინ...

""ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი" (გამოცხ. 10:8), - აქედან ვხედავთ, რომ იოანე ღვთისმეტყველს მოუწევს კვლავ ქადაგება სამყაროს აღსასრულის წინ: "ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:9). მაგრამ, სად? - ქრისტიან ხალხთა შორის... ქუხილის ძის (ანუ წმ. მოციქულ იოანეს, იხ. მარკ. 3:17 - ავტ.) ქადაგება იქნება ქრისტიანულ ქვეყნებში, ხოლო ორი სასანთლის (ენოქისა და ილიას) ქადაგება არაქრისტიანულ ქვეყნებში".

"იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლოზე" მითითებეი არსებობს საეკლესიო-საღვთისმსახურებო ტექსტებშიც. ასე მაგალითად, იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულზე, მცირე მწუხრზე იგალობება ასეთი სტიქერა: "მოციქულთა კენწეროს, ღვთისმეტყველების საყვირს, სულიერ მხედართმთავარს, რომელმან ქვეყანა ღმერთს დაუმორჩილა, მოვედით, მართალნო და მარადისსახსოვარ იოანეს, მიწიდან ზეცად გადასახლებულს, რომელიც მიწას არ სცილდება, არამედ ცხოვრობს და ელის უფლის მეორედ მოსვლას, ვადიდებდეთ... " ("Служба и акафист святому апостолу и евангелисту Иоанну Богослову», Смоленск: "Посох", 1993, с. 6; там же см. в акафисте апостолу Иоанну икос 11-й, сс. 53-54).

"სადღესასწაულო თვენში" წმიდა მოციქულისა და მახარობლის იოანე ღვთისმეტყველის მსახურებაზე (იხ. (Москва, 1901 г., Синодальная Типография): "ვითარც სულით და ხორცით ქალწული შენ, ნეტარო და ღვთისმეტყველო ქალწულო, სიტყვამ აგირჩია, რომლის საკვირველ მწერლად და მსახურად გამოსჩნდი, მიწიდან აღებულ იქმენ და არ მოჰკვდი, არამედ ღმერთში ცოცხლობ და უკვდავად მყოფობ" (გვ. 57).

ნექტარი (ტიხონოვი) ოპტინელი (†1928 წ.) 1924 წელს ერთ-ერთ თავის სულიერ შვილს მის კითხვაზე: "მამაო, მართალია რომ ამბობენ, თითქოსდა იოანე ღვთისმეტყველი კვლავ მოვა?" - პასუხობს: "ეს ყველაფერი მოხდება, მაგრამ ამავდროულად ეს უდიდესი საიდუმლოა" (Концевич И. М. Оптина Пустынь и ее время. Джорданвилль, 1970. С. 522-523. Цит. по: Россия перед Вторым Пришествием (Материалы к очерку Русской эсхатологии) // Сост. С. Фомин. 2-е изд. М., 1994. С. 16).

"ორი სხვადასხვა ადამიანი მიყვებოდა, - წერს ს. ი. ფუდელი (რუსი სასულიერო მწერალი. †1977), რომ არცთუ დიდი ხნის წინ მოსკოვში გარდაცვლილი ეპისკოპოსი სტეფანე (ნიკიტინი. †1963 г.), რომელიც ოდესღაც მამა ალექსი მეჩევის სულიერი შვილი იყო, თავის სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ამბობდა, რომ სჯეროდა სამყაროს აღსასრულის წინ ეკლესიას ხილულად უხელმძღვანელებდა მოციქული იოანე, რომელიც ჯერაც ცოცხალია, მაგრამ კაცის გონებისთვის მიუწვდომელ ადგილას არის დაცული თავისი ამ უკანასკნელი მსახურებისთვის. ასე ესმოდა ეპისკოპოს სტეფანეს პეტრე მოციქულისთვის ქრისტეს მიერ ნათქვამი სიტყვები იოანეს სახარების 21-ე თავში: "თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა?" (Фудель С. И. У стен церкви. Материалы и воспоминания // «Надежда». Выл. 2. Франкфурт-на-Майне, 1979. С. 304. Цит. по: «Россия перед Вторым Пришествием». 2-е изд. С. 322).

მხცოვანი თეოდოსი კავკასიელი (1841-1948) ამბობდა, რომ "ბოლო ჟამს სიყვარულის მოციქული, - სწორედ ასე უწოდებდნენ იოანე ღვთისმეტყველს მისი მოწაფეები, - კავკასიაში იქადაგებს" (Сборник «Собеседник православных христиан», СПБ., 1995, сс. 31-32).
გამჭრიახ მოხუც სქიმონაზონ ქალ ნილას (†1999) შესახებ ვკითხულობთ: "ყველა წმინდანზე მეტად დედაო ნილას წმიდა მოციქული და მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი უყვარდა. ის ამბობდა, რომ წმიდა მოციქულს უყვარს რუსეთი და ანტიქრისტეს დროს კვლავ გამოჩნდება" ("Новый век". 2001, №1(17)).
ტაძრის გაზომვა იოანეს მიერ
ტაძრის გაზომვა

გამოცხადების თანახმად, იოანეს ახალი წინასწარმეტყველური მსახურება იქნება უფლის მიერ მისთვის მიცემული დავალების შესრულება "გაზომოს ღმრთის ტაძარი", - ანუ, უნდა ვივარაუდოთ, რომ იოანემ სამყაროს აღსასრულის წინ უნდა განსაზღვროს ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის საზღვრები ან გამოჰყოს ის ქრისტიანები, რომლებიც ნამდვილად ეკუთვნიან ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას.

ამგვარი განსაზღვრა ძალზედ აქტუალურია ჩვენი დროისთვის, როდესაც ესოდენი გაუგებრობა და ბუნდოვანებაა იმასთან დაკავშირებით, თუკი სადაა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესია, თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან და საეკლესიო იურისდიქციათაგან ვინ შეიძლება იყოს ქრისტეს - ეკლესიის თავის ერთგული, და ასევე, რომელი ქრისტიანები უნდა ჩაითვალონ განდგომილებად და გამყიდველებად, რომლებიც ქრისტიანის მარტო სახელსღა ატარებენ, თავიანთი სულიერი მდგომარეობით კი შორს დგანან ეკლესიისგან, რომელიც არის ქრისტეს სხეული.

"მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი, - წერს "აპოკალიფსისში" მოციქული იოანე მის მიერ ანგელოზისგან მოსმენილი სიტყვების შემდეგ, რომ მას, იოანეს, კვლავ მოუწევს წინასწარმეტყველება, - და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში. ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის მანძილზე გათელავენ წმიდა ქალაქს" (გამოცხ. 11:1-2).

"ამ გაზომვას, - ვკითხულობთ "განმარტებით ბიბლიაში", - გააჩნია აღწერითი აზრი, საზღვრების განსაზღვრა, რათა ხელუხლებლად იყოს დაცული აღწერილი საგანი. უპირველეს ყოვლისა გაზომვას ექვემდებარება თვით ტაძარი, ანუ წმიდა წმიდათა და საკურთხეველი, ასევე ყოვლადდასაწველის სამსხვერპლო, რომელიც აღებულია იმ სივრცის ნაცვლად, სადაც ის მდებარეობდა, ანუ ერის სადგომი ეზო. და ბოლოს, გაზომვის საგანი ასევე უნდა გახდნენ ტაძარში მლოცველები და თაყვანისმცემლები. თაყვანისმცემლებად (წმიდა წმიდათასა და საკურთხეველში) იგულისხმებიან მხოლოდ მღვდლობის პატივის მქონე პირები. ამიტომაც, ტაძრის გაზომვა საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ აქედან გამომდინარე ირკვევა თაყვანისმცემელთა გაზომვის აზრიც.

ამ გაზომვის მიზანი (იხ. მ. 2) გახლავთ ერთი კატეგორიის ადამიანების გამოყოფა მეორე კატეგორიის ადამიანთაგან, ანუ ქრისტეს ეკლესიის განცალკევება ანტიქრისტიანული სამყაროსგან. ეს სხვა ადამიანები მე-2 მუხლში იგულისხმებიან ეზოს გარეთა მხარეში, რომელიც განკუთვნილი იყო ხოლმე უბრალო მორწმუნეთა და პროზელიტთათვის.

გარე ეზოს გაზომვა აკრძალულია იმიტომ, რომ ის, ღმრთის მიშვებით, მიეცა წარმართებს გასაქელად. წარმართები - ეს ყველა ის ადამიანია, ვინც ჭეშმარიტი ღმერთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა რიცხვს არ ეკუთვნის. ღმრთის ტაძრის წარმართთაგან, ანუ ურწმუნოთა და უღმრთოთაგან გაქელვა უნდა განვაკუთვნოთ ანტიქრისტეს დროებას, და ის ამავდროულად ნიშნავს დანგრევასაც, გაპარტახებასაც და წმიდა ადგილთა შებილწვასაც, მოქმედებებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ღმრთის მტრობასთან, რითაც იქნება გამორჩეული ანტიქრისტესეული პერიოდი" (ანდრია კესარიელი).

ღმრთის მოწინააღმდეგე ადამიანთა ბატონობის პერიოდი გაგრძელდება 42 თვე. ეს რიცხვი რამოდენიმეჯერ მეორდება აპოკალიფსისში (11:3; 12:6; 13:5 შეად. დან. 7:25; 12:7) და უთითებს ანტიქრისტეს საქმიანობის ხანგრძლივობას და, მართლმადიდებლური ეკლესიის შეხედულების თანახმად, წარმოადგენს პერიოდს, რომელიც განსაზღვრულია არა მარტო საღმრთო განგებულებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც, ანუ სწორედ ისე, როგორც ნათქვამია: 42 თვე ანუ სამწელიწად ნახევარი.

ტაძრისა და მასში თაყვანისმცემელთა ხილვა მეტყველებს ქრისტეს ეკლესიის, ჭეშმარიტ ქრისტიანთა გამოყოფაზე დანარჩენი საზოგადოებისგან. ამგვარად, წმიდა ქალაქი იერუსალიმი ხილვაში წარმოადგენს მთელ მსოფლიოს; ხოლო ღმრთის ტაძარი - იესუ ქრისტესადმი მორწმუნეთა საზოგადოებას. ეს შიდა ტაძარი, შიდა ეკლესია, ანუ ჭეშმარიტად მორწმუნეთა საზოგადოება საბოლოოდ გამოყოფილი იქნება; ჭეშმარიტი ქრისტიანები ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით მიაგებენ თაყვანს. ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის, რომლებიც ჭეშმარიტი მღვდლები არიან  (1 პეტრე 2:9), ღმერთი მისაწვდომი იქნება, როგორც ჭეშმარიტ შვილთათვის ღმრთის სახლში, როგორც ჭეშმარიტ მღვდელთათვის საკურთხეველში (ანდრია კესარიელი).

ხოლო ტაძრის გარეთა ეზო, ანუ ურწმუნო და უკეთური მსოფლიო (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტაძრის გარე ეზო - ეს ფსევდოქრისტიანები, ანუ ყალბი და გაამსოფლიურებული ქრისტიანები არიან - მღვდ. ა. გ.), რომელიც საეკლესიო და ქრისტიანული ხელმძღვანელობის ნაცვლად თავს საკუთარ უღვთო წარმომადგენლებს უმორჩილებს (ანუ ესენი არიან მოჩვენებითი, ნელ-თბილი ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრობენ და მსჯელობენ "წუთისოფლის" სტიქიისამებრ, რომლებმაც თავი დაუმორჩილეს არა სულიწმიდას, არამედ ანტიქრისტიანულ ხელისუფლებას და ღმრთისმოწინაღმდეგე წუთისოფლის სულს - მღვდ. ა. გ.). სწორედ ისინი გაქელავენ ტაძრის გარეთა ეზოს, ანუ გაანადგურებენ ყოველივე წმიდას და ქრისტიანულს ადამიანთა სულებში და მათდამი დამორჩილებული ცოდვილი კაცობრიობის ცხოვრებაში. და ეს გაგრძელდება ანტიქრისტეს მეფობის 42 თვის განმავლობაში, ვიდრე მეორედ მოსვლამდე".

იერუსალიმის ძველაღთქმისეული ტაძრის შიდა ეზოში (წმიდა წმიდათასა და საკურთხეველში) მხოლოდ სამღვდლო პირებს შეეძლოთ შესვლა. ასევე, ახალაღთქმისეულ დროს ტაძრის (ეკლესიის) შიდა ეზოში, რომელსაც მოციქული იოანე ზომავს, ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი იმყოფება (2) რომელთაც ქრისტე ეუბნება: "თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი" (2 პეტრე 2:9; იხ. ასევე 2 პეტრე 2:5). აპოკალიფსისშიც ნათქვამია, რომ ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ თავისი მიმდევრები "მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად აქცია" (გამოცხ. 1:6; 5:10; 20:6).
_______________

2. გამოთქმაში "ჭეშმარიტი ქრისტიანები" მოცემული სტატიის ავტორი გამოდის მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი) აზრიდან იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტად ქრისტეს ეკლესიას მიეკუთვნებიან ის მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც სულიერად გაცოცხლდნენ ქრისტეში და მასთან ცოცხალი, მადლისმიერი კავშირი გააჩნიათ, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ საეკლესიო იურსიდიქციას ეკუთვნიან ისინი. "ვისაც საკუთარ თავში ქრისტეს მადლი შეგრძნებითად არა აქვს, ანუ ისე, რომ გამოცდილებით იცოდეს, რომ საკუთარ თავში აქვს მადლი", ის "ამაოდ იწოდება ქრისტიანად" (ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).

_______________

ს. ი. ფუდელი, როდესაც იოანე ღვთისმეტყველის საიდუმლოსა და ბოლო ჟამის მისეულ მისიაზე მსჯელობდა, წერდა: "აშკარაა, რომ ბოლო დროს ცრუქრისტიანობა და ყალბი სულიერება იმდენად ძლიერი იქნება, რომ ბნელის ნათლისგან გარჩევა, ეკლესიის გარჩევა არა-ეკლესიისგან შესაძლებელი იქნება მხოლოდ უფლის მკერდს მიყრდნობილი სიყვარულის უძინარი ღვაწლით... ქრისტეს ეკლესიის გვერდით ისტორიულად არსებობს მისი ბნელი ორეული. და აი, რაც უფრო ბნელი გახდება საეკლესიო ცხოვრება ("ძე კაცისა, როდესაც მოვა, იპოვის კი რწმენას დედამიწაზე?"), მით უფრო ძლიერი იქნება ეკლესიაში აშკარა ხელმძღვანელობის მოლოდინი, რომელიც იმავე მოციქულის სიტყვებიდან ისმის, რომელმაც, როგორც საკუთარ თავზე ბრძანა "ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას" (1 იოანე 1:1). იქნებ, მხოლოდ ასეთი უბიწო ხელები შეძლებენ იმ დროს, როდესაც გამრავლდება "უსჯულოების საიდუმლო" და გამეფდება უღმერთობა მართონ ეკლესიის ხომალდი... კვერთხი (რომელიც მოციქულ იოანეს მიეცა აპოკალიფსისში - მღვდ. ა. გ.) ძალაუფლების სიმბოლოა (Фудель С. И. Апостол Иоанн - живой на земле? // Вестник РСХД. 1969, № 94. IV).
ჯოჯოხეთი - ჭეშმარიტებისადმი გულგრილობა
ჭეშმარიტებისადმი გულგრილობა

ღირ. ნილოს მირონმდინარის სიკვდილის შემდგომ გამოცხადებაში ნათქვამია, რომ სამყაროს აღსასრულის წინ "ადამიანები ეშმაკებზე უფრო მზაკვრები იქნებიან". თუკი ადამიანს აქვს მზაკვრული მეტყველება, არაბუნებრივი ქცევა, ქარაფშუტული განწყობა, ის სულიერად ცარიელია, ასეთ ადამიანში პიროვნება (ღმრთის ხატი) გამოდევნილი მზაკვარის მიერ და მასში პიროვნულობის მხოლოდ ნიღაბიღაა დარჩენილი.

ქარაფშუტულ-ზედაპირული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი - ჩვენი დროის სნეულებაა. დაკნინდა მეტყველება, დაკნინდნენ და მზაკვარნი გახდნენ ადამიანებიც. ყველგან, მრავალ ქრისტიანშიც კი შეიმჩნევა ჭეშმარიტებისადმი გულგრილობა, არასერიოზულობა, გაქრა სიღრმე და სიბრძნე. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყარო მასხრობის ტონში იძირება.

"ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით", - გვაფრთხილებს უფალი (ლუკა 6:25). ჭეშმარიტებისადმი დამცინავობისა და გულგრილობის სულით დასნებოვნებულ ადამიანს არ შეუძლია ილოცოს "სულითა და ჭეშმარიტებით" (იოანე 4:23-24), რადგან მას არ შეუძლია ილოცოს, როგორც იტყვიან, "მთელი სერიოზულობით", ანუ მთელი გულით, პირადი და ყურადღებიანი ლოცვით, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებდა მთელი თავისი პიროვნებით; არადა "მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს" (იოანე 4:23).

"შენ თუ ლოცულობ, შენ თუ გიყვარს, შენ თუ იტანჯები, - ადამიანი ყოფილხარ" , - ხშირად უყვარდა ამ სიტყვების განმეორება რუს ფილოსოფოს ა. ფ. ლოსევს (1893-1988). თანამედროვე არასერიოზული სული ადამიანს ლოცვის შესაძლებლობას არ აძლევს, განაშორებს სიყვარულს (სულიერ სიყვარულს) და მოუწოდებს სრულიად უარი თქვას რაიმე ტანჯვის გადატანაზე, ანუ საკუთარი ჯვრის აღებასა და ტარებაზე (მათე 10:38; ლუკა 14:27), სანაცვლოდ სთავაზობს სიამტკბილობით ცხოვრებას, ეძებოს მხოლოდ ის, რაც მისთვის მომგებიანი იქნება და სიამტკბილობას მიანიჭებს.

თანამედროვე ნელთბილ ქრისტიანებს ("ლაოდიკიელებს"), რომლებიც ამ გაბატონებულ წუთისოფელში დასნებოვნებულნი არიან არასერიოზულობისა და რელატივიზმის (ჭეშმარიტებისადმი გულგრილობის) სულით, უფალი მკაცრად ამხელს აპოკალიფსისში: "ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე" (გამოცხ. 3:15-19).

ეს მხილება, რა თქმა უნდა, შემთხვევით როდი იწყება სიტყვებით: "ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა" (გამოცხ. 3:14). სიტყვა "ამინი", როგორც ცნობილია, ნიშნავს - "ჭეშმარიტად", "ასეა". აზრი, რომელიც წუთისოფლის სიყვარულით დასნებოვნებულ ლაოდიკიელთა მიმართ წარმოთქმულ წინასიტყვაობაშია ჩადებული, როგორც ჩანს, ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ქრისტიანები, ჭეშმარიტებისადმი ნელთბილობისა და გულგრილობის სულით დასნებოვნებულნი (ეს არის "ლაოდიკიელობის" სული), ცხოვრობთ და განსჯით ისე, თითქოსდა ჭეშმარიტება სულაც არ არსებობდეს, თითქოსდა ჭეშმარიტება - ეს არის ის, რაც თქვენ თვითონ გეჩვენებათ, რაც მოცემულ მომენტში თქვენთვის არის მომგებიანი და მოხერხებული, - მიუხედავად ამისა, ის, ჭეშმარიტება, მაინც არსებობს; და მე (ამბობს უფალი) თვითონ "ვარ ჭეშმარიტება" (იოანე 4:6) და "ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე", რომელიც ვადასტურებ უზენაეს ჭეშმარიტებაზე - საიმ ღვთაებრივი იპოსტასის (პირის) - მამის, ძის და სულიწმიდის სიყვარულის ერთობაზე (შეად. იოანე 8:14 და 45).

ხოლო რადგან ყოველი პატიოსანი ჭეშმარიტება ამა თუ იმ ხარისხით წარმოადგენს ზემოთ მითითებული ჭეშმარიტების ანარეკლს, პიროვნული ერთობის ხატს, სიცრუის ნებისმიერი მსახურება, კერძო ჭეშმარიტების ნებისმიერი ღალატი, არსებითად, წარმოადგენს უზენაესი ჭეშმარიტებისა და წმიდა სამების სიყვარულის უარყოფას, ამ იდეალის უარყოფას, მაშასადამე - საერთოდ, ღმერთის უარყოფასაც, რომელიც "სიყვარულ არს" (1 იოანე 4:8 და 16).
ცოცხალი ღმერთის ბეჭედი
ცოცხალი ღმერთის ბეჭედი

"ღმრთის ტაძრის გაზომვას მე-11 თავში, - მიიჩნევს ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი), - იგივე მნიშვნელობა გააჩნია, რასაც ისრაელის ძეთა აღბეჭდვას: ეკლესიის წევრთა დაცვას ბოროტებისგან ... "ისრაელი" - აქ ახალაღთქმისეული ეკლესიაა. აღბეჭდვა წარმოადგენს რჩეულობას და მადლისმიერ მფარველობას. ეს ხილვა გვაგონებს მირონცხების საიდუმლოს, რომლის დროსაც ახალმონათლულს შუბლზე გამოესახება "სული წმიდის ნიჭის ბეჭედი".

აპოკალიფსისის მე-7 თავში ლაპარაკია ბეჭედზე, რომელსაც უფალი თავის ჭეშმარიტ მონებს აძლევს. აპოკალიპტური უბედურებების დაწყებამდე, რომლითაც დაისჯება ცოდვილი კაცობრიობა, ანგელოზი ახალი ისრაელის შვილებს შუბლებზე "ცოცხალი ღმერთის ბეჭედს" ადებს (იხ. გამოცხ. 7:1-8). "და ვიხილე სხვა ანგელოზი, - ბრძანებს იდუმალთმხილველი იოანე, - მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (გამოცხ. 7:2-3; იხ. ასევე გამოცხ. 9:4; შეად. 3 ეზრა 6:5: "ვიდრე გაუცხოვდებოდა იმათი გამონაგონნი, ვინც ახლა სცოდავს, ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი" (3 ეზრა 6:5).
"წინასწარმეტყველი ეზეკიელი, - აღნიშნავს ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი), - აღწერს ძველი იერუსალიმის მართალ მოქალაქეთა აღბეჭდვას მანამ, სანამ მას აიღებდა ქალდეველთა ურდო. მაშინ, ისევე როგორც ახლა, საიდუმლო ბეჭედი მორწმუნეთ ედებოდა იმ მიზნით, რათა დაეცვა მართალნი უკეთურთა ხვედრისგან" (ეზეკ. 9:4) (Еп. Александр (Милеант). Апокалипсис: Руководство к изучению Откровения апостола Иоанна Богослова. СПб., 2000. С. 30-31). ყურადღებას იქცევს ის, რომ წინასწარმეტყველ ეზეკიელთან საიდუმლო ნიშანი უნდა დადებოდა "შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო, რომელიც იერუსალიმში აღესრულებოდა" (ეზეკ. 9:4).

ასე იქნება სამყაროს აღსასრულის წინაც "ცოცხალი ღმერთის ბეჭედი" დაედებათ შუბლებზე იმ ქრისტიანთ, რომლებიც განიცდიან, კვნესიან და მოთქვამენ იმ აპოსტასიური საქმეების გამო, რომელიც მსოფლიოში აღესრუელბა და არ ეხებიან თანამედროვე "სისაძაგლეებს", მათ შორის მხეცის ნიშანს. სწორედ ეს ქრისტიანები იქნებიან დაცულნი, აპოკალიფსისის თანახმად, მომავალი საშინელი ფიზიკური და სულიერი განსაცდელებისგან, როდესაც "მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად" (გამოცხ. 3:10).

"ცოცხალი ღმერთის ბეჭედი", საზოგადოდ მიღებული განმარტების თანახმად, "არ გახლავთ რაიმე გარეგანი სიმბოლო, არამედ სულიწმიდის მადლია, რომელიც განანათლებს ყოველ კაცს ნათლისღების საიდუმლოში (ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის მიმართვიდან. 1997 წ.). ეს ჩანს წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვებიდან: "ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა" (ეფეს. 4:30). და სხვა ადგილასაც იგივე მოციქული ბრძანებს: "ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი, რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში" (2 კორ. 1:21-22). "ჭეშმარიტად, - ამბობს ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, - სულიწმიდისეული აღბეჭდვა ეს არის ერთი ბეჭედი".

სხვაგვარად რომ ვთქვათ, "ცოცხალი ღმერთის ბეჭედი", ეს არის ღვთაებრივი განათლება, რომელიც ეძლევა ღმრთის ჭეშმარიტ მონებს, რომლებიც ცოცხალ ღმერთთან ცოცხალ ერთობას ესწრაფვიან. ეს ბეჭედი გააჩნია იმ ქრისტიან, რომელმაც იცის ცოცხალი ღმერთი, ვისაც პირადი ურთიერთობა აქვს პიროვნულ ღმერთთან. "ცოცხალი ღმერთის ბეჭედი", რომელიც ღვთის მონათა შუბლებზე აღიბეჭდება, - ეს არის სულიწმიდის ბეჭედი, ღმერთთან მსგავსების ბეჭედი. წმ. ანდრია კესარიელი, აპოკალიფსისში ღმრთის მონათა შუბლების აღბეჭდვასთან დაკავშირებით განმარტავს: "სათნონი საჭიროებენ ანგელოზურ შეევნას უბედურებათა ჟამს, ჩვენთვის ბოძებული სულის ბეჭედის ძალისამებრ, მაგრამ, თავის ძალას გამოავლენს იმდენად, რამდენადაც ჩვენ თვითონ ვავლენთ საკუთარ ქრისტიანულ მოღვაწეობას".

აპოკალიფსისის თანახმად, მხოლოდ ის ქრისტიანები, "რომლებიც საუკუნითგან არიან ჩაწერილნი კრავის (ქრისტეს) სიცოცხლის წიგნში, რომელიც დაკლულ იქნა" და არ ეთაყვანებიან აპოკალიპტურ მხეცს; ხოლო დანარჩენები, "დედამიწის ყოველი მკვიდრი", თაყვანს სცემენ მას (ანტიქრისტეს) (იხ. გამოცხ. 13:8). ქრისტიანთა შესახებ, რომელთა სახელები ჩაწერილნი არიან სიცოცხლის წიგნში, ნათქვამია აპოკალიფსისის 15-ე თავში: "და ვიხილე, - ბრძანებს იდუმალთმხილველი, - თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები. და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!" (გამოცხ. 15:2-3). და "... ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში" (გამოცხ. 20:15).
განსაცდელის ჟამი
განსაცდელის ჟამი

"აჰა, მოვალ, როგორც მპარავი, - ბრძანებს უფალი აპოკალიფსისში, - ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი" (გამოცხ. 16:15).

ხოლო ეზრას მესამე წიგნის (3) ბოლოში (რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ძველაღთქმისეულ აპოკალიფსისს),  ბოლო 16-ე თავში, აპოკალიპტური ომისა და სხვა უბედურებათა აღწერისთანავე, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ მოხდება, მოცემულია საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართვა ღმრთის იმ მონათადმი, რომელთაც უფალმა ამ ბოლო ჟამის პერიოდში ცხოვრება განუკუთვნა, მაშასადამე, ყველა ჩვენთაგანისადმი, თანამედროვე მართლმადიდებელ ქრსიტიანთადმი:

_______________

3. არქიმანდრიტ ნიკიფორეს "ბიბლიურ ენციკლოპედიაში" ვკითხულობთ: "რაც შეეხება ეზრას მე-3 წიგნს (წიგნის ძველი სახელწოდებაა Αποκάλυψις Εσδρά (ეზრას აპოკალიფსისი - მღვდ. ა.), ანუ Προφητεία ე. ი. ეზრას გამოცხადება ან წინასწარმეტყველება), რომელიც 16 თავისგან შედგება, გამოცხადების სახით ასახავს ღმრთის განგებას იუდეველთა ეკლესიაზე და ლაპარაკობს მესიის მოსვლასა და ბოლო სამსჯავროზე. ეზრას აპოკალიფსისი სავსეა ქრისტიანული ჭეშმარიტებებით (2:38-47, 7:28-35, 43-45 და სხვა). აღნიშნულმა წიგნმა ჩვენამდე ლათინურ ენაზე მოაღწია, რომლისგანაც არის შესრულებული სლავური და რუსული თარგმანები. ებრაულ და ბერძნულ ენებზე ის არ არსებობს".

ეზრას მესამე წიგნის თარგმანი შესრულებულია ვულგატადან - წმიდა წერილის ძველი ლათინური ავტორიტეტული კოდექსიდან, რომელმაც დასავლეთში საზოგადო აღიარება VI ს-ში ჰპოვა. "ლათინური თარგმანი, ანუ ე. წ. ვულგატა (ლათ. სიტყვიდან vulgus - ხალხი), შესრულებულია ნეტ. იერონიმე სტრიდონელის მიერ IV ს-ის მიწურულს უშუალოდ ებრაული ტექსტიდან (და არა ბერძნული სეპტუაგინტიდან - 70 მთარგმნელის ტექსტიდან; ბუნებრივია, რომ ნეტ. იერონიმემ ახალი აღთქმა თარგმნა ბერძნულიდან) სხვა საუკეთესო თარგმანთა გამოყენებით. ის გამოირჩევა ზედმიწევნითობით და სისრულით" (იხ. Проф. А. П. Лопухин. "Толковой Библия").
_______________

"აჰა, უფლის სიტყვა, მიიღეთ იგი; ნუ გჯერათ ღმერთებისა, რომლებზედაც გელაპარაკათ უფალი. აჰა, ახლოვდება უბედურება, არ დაყოვნდება...

გაიგონე სიტყვა, ჩემო ხალხო, გაემზადეთ ბრძოლისათვის და ისე იყავით გასაჭირში, როგორც მოსულნი უცხო ქვეყანაში. ...

ვინც ძარცვა-გლეჯას ეწევიან, რაც მეტ ხანს შეამკობენ თავიანთ ქალაქებსა და სახლებს, თავიანთ საბადებელს და საკუთარ თავს, მით უფრო მოვიძულებ მათ მათი ცოდვებისთვის, ამბობს უფალი. როგორც ბოზსა სძულს ღირსეული და სათნოებით აღსავსე ქალი, ასე მოიძულებს მართლმსაჯულება უკეთურებას, როცა თავს იმკობს იგი, და პირისპირ დასდებს მას ბრალს, როცა მოვა ის, ვინც დაიცავს ყველა ცოდვის გამომჩხრეკელს დედამიწის ზურგზე. ამიტომ ნურც მას მიბაძავთ და ნურც მის საქმეებს. რადგან ცოტაც და, აღიგავება უკეთურება მიწის პირიდან და სამართალი გამეფდება თქვენში.

აჰა, მსაჯულია, ღმერთი, გეშინოდეთ მისი. გაერიდეთ თქვენს ცოდვებს და დაივიწყეთ თქვენი უკეთურებებანი, განუწყვეტლივ რომ სჩადიხართ, და ღმერთიც გაგიძღვებათ თქვენ და გიხსნით ყოველი სატანჯველისგან.

აჰა, გიზგიზებს თქვენთვის ურიცხვი ურდოების რისხვა, გაიტაცებენ ვინმეს თქვენგან და გამოგკვებავენ კერპების ნამსხვერპლით. თუ დაჰყვნენ მათ, მათი სამასხარაო, მათი გასაკიცხი და გასათელი შეიქნებიან. რადგან გახშირდება სხვადასხვა ადგილებში და მეზობელ ქალაქებში თავდასხმანი უფლისმოშიშთა წინააღმდეგ. შეშლილებივით იქნებიან და არავის დაინდობენ, ვინც ჯერ კიდევ უფლისმოშიშნი არიან. გაანადგურებენ და დაიტაცებენ მათ დოვლათს და სახლებიდან გამოყრიან მათ. მაშინ გამოიცდებიან ჩემი რჩეულები, როგორც ოქრო იცდება ცეცხლით.

ისმინეთ, ჩემო საყვარელნო, ამბობს უფალი, აჰა, მოაწია განსაცდელის დღეებმა და მე დაგიხსნით მათგან. ნუ გეშინიათ და ნუ მერყეობთ, რადგან ღმერთია თქვენი წინამძღოლი. თუ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და მცნებებს, ამბობს უფალი ღმერთი, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები, არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი. ვაი მას, ვინც მოშთობილია თავისი ცოდვებით და დაფარულია თავისი უკეთურებებით, როგორც ღვარძლით მოშთობილი ყანა და ნარ-ეკლით დაფარული ბილიკი, სადაც ადამიანი ვერ გაივლის. გაიხვეტება იგი და ცეცხლს მიეცემა შთასანთქმელად".

მთავარი აზრი აქ შემოკლებით დამოწმებული მიმართვისა ღმრთის მონათადმი, რომლებიც უშუალოდ სამყაროს აღსასრულის წინ იცხოვრებენ, როგორც ჩანს, შემდეგია:

ის მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვინც "მიბაძავს" (3 ეზრა 16:52) "ამა სოფელში" გაბატონებულ უსამართლობას და "დაჰყვება" (3 ეზრა 16:70) "ურჩობის ძეთ" (ეფეს. 2:2; 5:6; კოლას. 3:6) - ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ღმერთის გარეშე, ცხოვრობენ ხორციელი და ცოდვილი ცხოვრებით, ანუ ის მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც დღეს ცხოვრობენ და განსჯიან "კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით" (კოლას. 2:8), რომელიც "ბოროტებაშია დანთქმული" (1 იოანე 5:19), ცდილობენ "ფეხი აუბან დროებას", იღებენ ყოველივე იმას, რასაც მათ თანამედროვე დეგენერატიული მასობრივი კულტურა და უსულო ცივილიზაცია სთავაზობს; ასევე ანტიქრისტიანული გლობალიზაცია (რომლის მიზანია დედამიწაზე "ახალი მსოფლიო წესრიგის" აშენება, როდესაც ადამიანები გადაიქცევიან მართვად ნახირად), რომელიც აუსახურებს ადამიანებს და ერებს (4), ანუ ის მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც მიიღებენ ანტიქრისტეს ნიშანს (გამოცხ. 13:16-18) და "თაყვანს სცემენ მხეცის მოლაპარაკე ხატს" (გამოცხ. 13:14-15), ეთანხმებიან ბოროტების მსახურთა მიერ გამოგონილ ცრუსწავლებებს (დემოკრატია, ლიბერალიზმი, ეკუმენიზმი და ა. შ.), - ყველა ამგვარი ნელთბილი და გაამსოფლიურებული მართლმადიდებელი ქრისტიანი, როგორც ჩანს, დაექვემდებარება იმ უბედურებებს, რომელთა დადგომასაც უფალი გვიწინასწარმეტყველებს.

_____________

4. შეად. წინასწარმეტყველ ეზრას მესამე წიგნის ფრაზა (15:10-12): " აჰა, ჯოგივით მიჰყავთ ჩემი ხალხი დასახოცად, ვეღარ მოვითმენ მეტად მათ ცხოვრებას ეგვიპტის მიწაზე (ანუ თანამედროვე "ცივილიზაციაში" ცოდვის მისეული დემონური კულტით). არამედ გამოვიყვან მას მაგარი ხელითა და შემართული მკლავით, მოვწყლავ გვემით, როგორც რომ უწინ, და გავანადგურებ მთელს მის ქვეყანას. ატირდება ეგვიპტე, ცემით შეირყევა მისი საძირკვლები და სასჯელით, რასაც მოუვლენს მას ღმერთი".

_____________

ქრისტიანებზე მოწევნული ამ უბედურებებისა და დევნულებების დროს, როდესაც მათ "დასცინებენ, შეურაცხყოფენ და გაქელავენ" თანამედროვე "კერპთაყვანისმცემლები" (ანუ ხორციელი, მხოლოდ ნივთიერს მიჯაჭვული ადამიანები, რომლებსაც ძველი წარმართებივით ოდენ გამორჩენა და მიწიერი ცოდვილი სიამტკბილობანი ადარდებთ), - "შეშლილებივით იქნებიან და არავის დაინდობენ, ვინც ჯერ კიდევ უფლისმოშიშნი არიან. გაანადგურებენ და დაიტაცებენ მათ დოვლათს და სახლებიდან გამოყრიან მათ. მაშინ გამოიცდებიან ჩემი რჩეულები (ქრისტიანები), როგორც ოქრო იცდება ცეცხლით", ანუ ეს ყველფერი დაშვებული იქნება ღმრთის მიერ, რათა განწმინდოს ქრისტიანები ცოდვითი სიბილწისგან და ნელთბილობის ღმრთითსაძაგელი სულისგან.

ხოლო ის მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვინც დღესვე ცდილობს ღმრთის მცნებების აღსრულებას, ვაჟკაცურად, გმირულად, აღმსარებლობითად იცავს ქრისტეს ჭეშმარიტებას, იბრძვის მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმიდისთვის, თავს დაიცავენ თანამედროვების "სიცრუისა და სიბილწისგან" (გამოცხ. 21:27), აღასრულებენ ღმრთის განკარგულებას: "გამოდი, მაგისგან (ბაბილონისგან - მეძავი ქალაქისგან), ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით" (გამოცხ. 18:4; იხ. ასევე 2 კორინთ. 6:17: "გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ"), - ამრიგად, ყველა ეს უფლის მიერ "საყვარელი" (3 ეზრა 16:75) მართლმადიდებელი ქრისტიანი განსაცდელის მძიმე ჟამს, რომელიც მთელს სამყაროს დაატყდება, დაცვას და მფარველობას თვით უფალში ჰპოვებენ (იხ. გამოცხ. 3:10). ქაოსისა და უბედურებების პერიოდში მათ დაიცავს და დაიფარავს ღმრთის მადლი (5).

_______________

5. შეად, ფსალმ.: 36:39-40: "ცხორებაჲ მართალთა უფლისა მიერ არს, და მფარველ მათდა არს ჟამსა ჭირისასა. და შეეწიოს მათ უფალი და იჴსნეს იგინი და განარინნეს იგინი ცოდვილთაგან და აცხოვნნეს იგინი, რამეთუ ესვიდეს მას. დიდებაჲ".

_______________

აპოკალიფსისის მე-3 თავში უფალი ამგვარ ქრისტიანებს ("ფილადელფიელებს") ეუბნება: "ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს: ვიცი შენი საქმენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი. აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე (შეად. ეზრა 16:75). რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი" (გამოცხ. 3:7-11).

"მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, - ამცნებს უფალი თავის ყველა ერთგულ მონას, - რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ" (ლუკა 21:36).


ფილადელფიელები და ლაოდიკიელები

ჩვენ დავინახეთ, რომ იოანეს აპოკალიფსისსა და ეზრს აპოკალიფსისში (წინასწარმეტყველ ეზრას მესამე წიგნი) "უფლის მონათაგან" ყველა, ვინც ბოლო ჟამს იცხოვრებს - ანუ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა თანამედროვე ქრისტიანი, - გამოიყოფა იმგვარ ქრისტიანთა კატეგორია, რომელთაც უფალი "საყვარელთ" უწოდებს (3 ეზრა 16:75, გამოცხ. 3:9) და მათ განსაკუთრებულ დაცვასა და მფარველობას ჰპირდება "განსაცდელის პერიოდში"; რომ ისინი გათავისუფლებულ იქნებიან კაცობრიობაზე მოწევნულ მომავალ უბედურებებისა და ჭირვებებისგან (3 ეზრა 16:75; გამოცხ. 3:10). ხოლო სხვა ქრისტიანები ამა თუ იმ ხარისხით დაექვემდებარებიან ამ უბედურებებს, რათა ისე განიწმინდონ, როგორც ოქრო განიწმინდება ღუმელში (3 ეზრა 16:74; გამოცხ. 3:10).

უფლის მიერ საყვარელი ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა საზოგადოება ახალაღთქმისეულ აპოკალიფსისში "ფილადელფიის ეკლესიად" იწოდება. აპოკალიფსისის 20-ე თავში ნახსენებია "წმიდათა ბანაკი და საყვარელი ქალაქი" (გამოცხ. 20:8), რომელიც გარემომცველ მტრულ ძალთაგან (გოგისა და მაგოგისგან) თავს იცავს ჟამთა აღსასრულამდე და დაცულია ღმრთის განსაკუთრებული შემწეობით. "წმიდათა ბანაკი", უეჭველად, ფილადელფიის ეკლესიაა. ხოლო "საყვარელი ქალაქი" - აშკარად არ გახლავთ გეოგრაფიული იერუსალიმი, რადგან სწორედ იქ, აღდგენლი "მესამე ტაძარში" დაჯდება მაშიაყ-ანტიქრისტე. ამიტომაც "საყვარელ ქალაქში" უნდა ვიგულისხმოთ სხვა ადგილი (წინამდებარე პუბლიკაციის ავტორის რწმენით ეს ""საყვარელი ქალაქი" წმიდა რუსეთია, როგორც ბოლო სახელმწიფო, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ანტიქრისტეს და შეინარჩუნებს მესამე რომის პატივს". მაგრამ, სხვა შეხედულებებისა და ქადაგებების მიხედვით, ეს შეიძლება იყოს საქართველო, რომელიც ანტიქრისტეს დროს სიმართლით შეიმოსება და ანტიქრისტეს მსახურებს არ გააბატონებს. თუმცა, შესაძლოა, "საყვარელი ქალაქი" სხვა რომელიმე ადგილიც იყოს. ამას დრო და ჟამი აჩვენებს. – "აპოკ". რედ.).

არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი. †1976) ასეთ აზრს გამოთქვამდა. ეკლესიის ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, ამბობდა ის, იმისთვის, რათა მონიშნოს ჭეშმარიტი ქრისტიანნი და ამით გამოყოს ისინი ყალბ ქრისტიანთაგან, შემოტანილ იქნა ტერმინი "მართლმადიდებელი ქრისტიანი", ახლა კი, როდესაც არქიეპ. ამბერკის გამოთქმით, ესოდენ გამრავლდნენ "ყალბი მართლმადიდებლები", სიტყვათშეხამება "მართლმადიდებელი ქრისტიანი" უკვე ვერ იძლევა შესაძლებლობას განსაზღვრულ იქნას თუ რომელია ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, იესუ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი; ამიტომაც, ამბერკი ტაუშევის აზრით, საჭიროა "მართლმადიდებელ ქრისტიანს" კიდევ დაემატოს რაიმე სიტყვა. და აი ასეთ სიტყვად, როგორც ფიქრობენ, შეიძლება გახდეს "ფილადელფიელი". თანამედროვე ჭეშმარიტი ქრისტიანები შეიძლება იწოდნენ "მართლმადიდებელი ქრისტიან-ფილადელფიელები". ყოველ შემთხვევაში, სიტყვა "ფილადელფიელის" გამოყენება ნამდვილ მართლმადიდებელ ქრისტიანებთან მიმართებაში დღეს სრულიად დასაშვებია და მას უკვე იყენებენ კიდეც.

მაშ ასე, ყოველივე ზემოთთქმულისგან გამოდის, რომ "ტაძრის შიდა ეზო" (რომელშიც იმყოფებიან ღმრთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები და ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით ემსახურებიან) - ეს ფილადელფიის (ბერძნ. – "ძმათმოყვარე") ეკლესიაა მღვიძარე და კეთილმოშურნე ქრისტიანთა, ხოლო "გარეგანი ეზო" (რომელსაც უღმრთოები და ღმრთის მტრები - მასონები, სიონისტები, გლობალისტები, ეკუმენისტები, ლიბერალები, დემოკრატები და ა. შ.) გაქელავენ - ლაოდიკიისა (ბერძნ. "სახალხო მმართველობითი", ანუ ისეთი, რომელიც დასნებოვნებული იქნება ლიბერალურ-დემოკრატიული სულით), ეს არის ნელთბილ ქრისტიანთა ეკლესია (იხ. გამოცხ. 3:7-22). და აი, სწორედ იოანეს, "რომელიც უყვარდა იესუს" (იოანე 13:23; 21:20 და სხვა) ვალდებული იქნება განსაზღვროს, და ხილულად უმეთაუროს ბოლო ჟამს უფლის მიერ შეყვარებულ ფილადელფიის ეკლესიას - ჭეშმარიტ და ქრისტეს ერთგულ მართლმადიდებელ ქრისტიანთა საზოგადოებას.

პაისი მთაწმინდელიც (1924 - 1994) წინასწარმეტყველებდა, რომ მალე დადგება დრო, როდესაც "ქრისტიანები სრულიად გაერთიანდებიან, მაგრამ არა ისე, როგორც ეს სურს ათასგვარი მაქინაციების მომწყობ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" და სურს, რომ მათ ჰყავდეთ ერთი რელიგიური ხელმძღვანელობა. ქრისტიანები გაერთიანდებიან, რადგან შექმნილ ვითარებაში მოხდება ცხვრების გამოყოფა თხებისგან. ყოველი ცხვარი მოისურვებს სხვა ცხვრის გვერდით დგომას და მაშინ საქმით აღსრულდება ნათქვამი: "ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი" (იოანე 10:16).

შეიძლება კიდევ ვივარაუდოთ, რომ მოციქული იოანე, თუკი ის ჩვენთან მოვა, უმეთაურებს სახარების უკანასკნელი მსოფლიო ქადაგების უდიდეს მისიას (იხ. მათე 24:14) ან მსოფლიო სინანულისას (ზოგიერთი ავლებს ასეთ პარალელს: როგორც იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა კერძო, პირადი ცოდვების სინანულს, და იყო უფლის პირველი მოსვლის წინამორბედი, ასევე იოანე ღვთისმეტყველიც, უმეთაურებს რა სახარების ბოლო ქადაგებას და მოუწოდებს რა მსოფლიოს სინანულისკენ, მართალ ენოქთან და წინასწარმეტყველ ილიასთან ერთად, გახდება უფლის მეორედ და დიდებით მოსვლის წინამორბედი).

წიგნში "რუსეთისა და მსოფლიოს უკანასკნელი ხვედრი. წინასწარმეტყველებათა მოკლე მიმოხილვა", რომელიც გამოიცა 1992 წელს, დამოწმებულია "წინასწარმეტყველება, რომელიც საბა განწმენდილის ლავრის ძველ ბერძნულ წიგნებში იპოვა რუსმა ბერმა ანტონი საბაიტმა, და რომელიც აგებულია წმ. მამათა ბერძნულენოვან წინასწარმეტყველებებზე. ამ წინასწარმეტყველებებში ნათქვამია: "ბოლო ჟამი ჯერაც არ დამდგარა, და სრული შეცდომაა თქმა იმისა, რომ ჩვენ ახლა "ანტიქრისტეს" მოსვლის კარიბჭესთან ვდგავართ, რადგან ჯერ კიდევ უნდა მოხდეს მართლმადიდებლობის ერთი და უკანასკნელი აღორძინება, ამჯერად მთელ მსოფლიოში - რუსეთის მეთაურობით. ეს კი მოხდება საშინელი ომის შემდეგ, რომელშიც დაიღუპება ან 1/2 ან კიდევ 2/3 კაცობრიობისა და, რომელსაც შეაჩერებს ხმა ზეცითგან. "აი, მაშინ მთელ მსოფლიოში იქადაგება სახარება" (გვ. 50-51).

იმავე წიგნში არის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება სახარების ბოლო ქადაგების შესახებ, რომელიც ვიღაც მხცოვანს 1990 წელს წარმოუთქვამს: "გიხაროდენ, მართლმადიდებელო ერო, მრავალტანჯულო, ღმრთის აღმოსავლეთის საყრდენო, რომელიც ღმრთის ნების იტანჯები მთელი მსოფლიოსთვის, - და მთელი მსოფლიო შენ უნდა გიმადლოდეს! ამიტომაც შენ უფრო გეხება უფლის მიერ ნათქვამი: "ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი" (ლუკა 12:32). და შენ, შენში არსებულ რჩეულთა გამო, ღმერთი მოგცემს ძალას აღასრულო თავისი მხოლოდშობილი და საყვარელი ძის დიადი და საბოლოო აღთქმა სახარების ბოლო ქადაგების შესახებ, რომელიც მოხდება სამყაროს აღსასრულის წინ, დასამოწმებლად ყველა ერისა და ხალხის წინაშე" (მათე 24:14). მკითხველმა გულისხმაყოს!" (აქ ამ წინასწარმეტყველებას ვიმოწმებთ შემოკლებით. უფრო სრულად იხილეთ გამოცემაში: "Россия перед Вторым Пришествием", сс. 56-58)).

წმიდაო მოციქულო იოანე, შეგვავედრე ღმერთსა ჩვენ ცოდვილნი! ამინ.

წყარო: 3rm.info
Назад к содержимому