აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
გამოცხადების განმარტების ორი სკოლა - პრეტერიზმი და ისტორიციზმი
პირველი სკოლის წარმომადგენლები პრეტერისტები (1) არიან. მათ სწამთ, რომ დიდი ჭირი, "რომლის მსგავსი ჯერ არ ყოფილა", ასევე ანტიქრისტე, ბაბილონი და სხვა ქრისტეს შობიდან 70 წ-მდე უკვე არსებობდა. მათ ასევე სწამთ, რომ მკვდართა საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით უკვე იყო, ხოლო ყველაზე რადიკალურები იმასაც კი ამბობენ, რომ მეორედ მოსვლაც წარსულში მოხდა!
______________
1. პრეტერიზმი (ლათ. praeter (პრეტერ) — "ჩავლილი, წარსული, ადრინდელი". – ქრისტიანული ესქატოლოგიის ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც უკანასკნელი ჟამის ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა დიდი ნაწილი, განეკუთვნება მოვლენებს, რომლებიც ქრისტიანობის არსებობის წარსულ, პირველ საუკუნეებს განეკუთვნება. არსებობს ნაწილობრივი პრეტერიზმი (წინასწარმეტყველებათა ნაწილი წარსულს განეკუთვნება) და სრული პრეტერიზმი (წარსულს განეკუთვნება ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება).
______________
პრეტერიანელები, ამ სიტყვის ჩვეულებრივი აზრით, არიან ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, ე. წ. ქარიზმატიკოსები და სხვა. არიან კიდევ ნაწილობრივი პრეტერისტები, რომლებიც, მაგალითად, მიიჩნევენ, რომ ყველაფერი უკვე 70 წელს მოხდა, გარდა მეორედ მოსვლისა და ზეცად ამაღლებისა.
პრეტერისტების ტიპიური თანამედროვე წარმომადგენელია - ჯონატან ველტონი თავისი წიგნით "არააღტაცებულნი". ამასთან ერთად, სხვათა შორის, რიკ ჯოინერი, ჯეფ ჯონსონი და ახალი სამოციქულო რეფორმაციის სხვა "მეგაწინასწარმეტყველები" პრეტერისტები არიან. ვისაც ჯოინერის "უკანასკნელი ლაშქრობა" წაუკითხავს, ყურადღებას მიაქცევდა, რომ მასთან ფინალური ბრძოლა იმართება დემონებთან, და ამასთან არ არსებობს არც ბაბილონი, არც ანტიქრისტე, არც დიდი ჭირვება - რატომ? იმიტომ, რომ ის პრეტერისტია.
მეორე სკოლა ისტორიცისტების სკოლაა. მათ სწამთ, რომ დიდი ჭირვება ეს არის პერიოდი ქრისტეს ამაღლებიდან მეორედ მოსვლამდე, და აქედან გამომდინარე, ყველა ბეჭედი, საყვირი და თასი (აპოკალიპტური მოვლენები) საუკუნეთა განმავლობაში მომხდარი ისტორიული მოვლენებია.
ისტორიცისტების შიგნით მრავალი განშტოებაა, რომლებიც ერთმანეთისგან ძირითადად მოვლენათა დათარიღებით განსხვავდებიან. YouTube-ზე არხიც კი არსებობს სახელწოდებით "Последнее время" ("უკანასკნელი ჟამი"), იქ ადმინი ირვინ ბაკსტერის ისტორიციზმის გაკვეთილებს ასწავლის, რომლის მიხედვითაც დიდი ჭირვება დაიწყო VI ს-ში კათოლიციზმის (?) გაჩენიდან, საყვირების დაცემა დაიწყო 20-ე საუკუნიდან პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან და ა. შ.
თავის დროს ქარიზმატულ გარემოში ლამის აქსიომად იქცა სწავლება, რომელსაც წიგნების: "დატოვებულები", "ჭირვების რაზმი" და "კარპატიუს" მეშვეობით ქადაგებენ ტიმ ლა ჰეი და სხვები. ეს ყოველივე თავის დასაბამს იღებს სკოფილდის სწავლებიდან, რომელიც ასწავლის, რომ დიდი ჭირვება, ბეჭდები, საყვირები და თასები მართლაც დიდი ჭირვების 7 წელიწადია, მაგრამ ყველა ნამდვილი ქრისტიანი საიდუმლოდ, დიდი ჭირვების დაწყებამდე ერთი წუთით ადრე აღტაცებულნი იქნებიან ზეცად, ხოლო ვისაც ფორმალურად სწამდა, "ჭირვებისთვის იქნება დატოვებული", ხოლო ისინი, ვინც შეინანებენ, გადარჩებიან, თუმცა, ისინი უკვე აღარ იქნებიან ქრისტეს სხეული. დღეს ეს ბოდვად გვეჩვენება, მაგრამ მილიარდობით ადამიანს მტკიცეს სჯერა, რომ ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება.
ყველა ეს თვალსაზრისი არა თუ არაბიბლიურია და შეუძლებელია დამტკიცებულ იქნას ბიბლიის მეშვეობით, არამედ ძალიან საშიშიც. ისინი იძლევიან ყალბ იმედებს (ეს უკვე იყო, მაშასადამე დიდი ჭირვება უკვე აღარ იქნება), ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ უკვე მეხუთე საყვირის პერიოდში ვიმყოფებით (მაშასადამე - არავითარი დიდი ჭირვება არ იქნება, რადგან მან უკვე თითქმის ჩაიარა). ისინი ასწავლიან, რომ შენ, მორწმუნე თუ ხარ, დიდი ჭირვების დაწყებამდე ერთი წუთით ადრე ატაცებულ იქნები ცაში (მაშასადამე შეგიძლია ოდნავ მოეშვა).
მაგრამ ყველაზე გამაღიზიანებელი არის პოზიცია "მაინც არავინ იცის რა მოხდება, და ზუსტი განმარტებაც სრულიად უცნობია" - ეს სიცრუეა! უბრალოდ დღეს ქრისტიანები გაზარმაცებულები არიან, მათ ეზარებათ წმიდა წერილის კითხვა და შესწავლა, უფრო იოლია მიიღო პრეტერიზმი ან ისტორიციზმი ან დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ მხეცის ბეჭედი ეს ჩიპია, და ამით თავი დაიმშვიდო.
მაგრამ თუ პრეტერიზმის ან ისტორიციზმის გწამს, მაშინ იცი რა? - წმიდა წერილი გაფრთხილებს, რომ დიდი ჭირვების წინ მოვა დიდი საცთური, ადამიანები შეიყვარებენ სიცრუეს და უარყოფენ ჭეშმარიტებას - მაგრამ, თუკი გწამს, რომ ეს ყველაფერი უკვე მოხდა, მაშინ შენ არც დიდი საცთურის დადგომასაც ირწმუნებ, და თუკი მას არ ელოდები, არ ემზადები და ფიქრობ ეს ზღაპარია, პირველი მოექცევი ამ საცთურის ქვეშ და დაიღუპები!
წარმოიდგინეთ, აბსოლუტურად დარწმუნებულნი ხართ, რომ უნდა გეშინოდეთ ჩიპირების, ვაქცინირების ან 5 G-ის და სწორედ მას ელოდებით, არადა სულ სხვა რაღაც მოვა! ბაბილონი მოვა, როგორც დიდი საცთური, დაათრობს კაცობრიობას და ვინ იქნება მზად ამისთვის? - მხოლოდ ისინი, ვისაც სწამს, რომ 7 წლიანი დიდი ჭირვება ეს მართლაც 7 წლიანი დიდი ჭირვებაა; რომ ჯერ იქნება მე-4 სამეფო, რომელსაც ეყოლება 10 მეფე, რომელიც იქნება მეძავი ბაბილონი, "მუდმივი დედოფალი"; რომ მერე მოვა ცრუწინასწარმეტყველი და ა. შ. - ჩვენ სწორედ ამას ველოდებით, და ამაში არანაირად არ მოვტყუვდებით! და რას იზამენ მაშინ პრეტერისტები, როდესაც აღმოაჩენენ, რომ პირველი ბეჭედი ჯერაც არ მოხსნილა?
სხვათა შორის ისტორიცისტებს სწორედ ამიტომაც უყვართ მსჯელობა იმის შესახებ, რომ საჭიროა "გავიქცეთ" სადღაც ბოლივიაში, რომ იქ "გადავიტანოთ" უფლის მრისხანების თასები... არ ვიცი, რის გადატანას აპირებენ ისინი იქ, მაგრამ ცნობილია, რომ მესამე მსოფლიო ომი, მათი განრიგით, ხვალ ან ზეგ იქნება და მისი მიწურებში ან ბოლივიაში გაშენებულ ბიოსოფლებში გადატანა, - დაგროვილი კონსერვებითა და წყლის ბოთლებით, - უფრო იოლი იქნება. მათ ყოველივე ამისი სჯერათ სწორედ იმიტომ, რომ მათი აზრით ანტიქრისტე მოვა მესამე მსოფლიო ომის შემდეგ.
ყველაზე მეტად ბაქსტერის სწავლებაში მაცინებს მისი შეხედულება, რომ თითქოსდა დიდი ჭირვება დაიწყო 20-ე საუკუნეში, და როდესაც ის დასრულდება, მაშინ მოვა ... ანტიქრისტე. წმიდა წერილი კი ამბობს, რომ ანტიქრისტე მოვა მაშინ, როდესაც ის დაიწყება, და არა მაშინ, როდესაც დასრულდება.
სხვათა შორის იმავე ბაკსტერის სწავლებაში არის ერთი უზარმაზარი შეუსაბამობა. მისი სწავლებით, დიდი ჭირვება დაიწყო პირველი მსოფლიო ომით და ახლა უკვე მეხუთე საყვირის პერიოდია, ხვალ კი იქნება მეექვსე, ანუ მესამე მსოფლიო ომი, რომელიც ბოლივიაში უნდა გადავიტანოთ, შემდეგ იქნება მე-7 საყვირი - ეკლესიის ატაცება ზეცად და ამის შემდეგ მოვა ანტიქრისტე, ცრუწინასწარმეტყველი და მე-4 სამეფო.
მაგრამ, წმიდა წერილი მკაფიოდ ამბობს, რომ ბოლო შვიდეულში, ანუ დიდი ჭირვების დროს, როგორც გინდ განმარტეთ იგი, არსებობს ერთი გარდაუვალი ფაქტი - ჭირვების შუა პერიოდში დადგება გაპარტახების სიბილწე. ეს ფაქტი უცხადესად არის აღწერილი. მათეს სახარების 24-ე თავში იესუ ქრისტე იგივეს ბრძანებს - როდესაც იხილავთ "გაპარტახების სიბილწეს დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს" (მათე 24:15) (დანიელთან კი ნათქვამია, რომ ეს არის ფინალური შვიდეულის, ანუ უკანასკნელ 7 წლიან პერიოდის ბოლო 3,5 წელიწადი ღმრთის მარადიული სუფევის დადგომამდე). მაშ, თუკი ბაკსტერის აზრით დიდი ჭირი დაიწყო 1914 წლის 28 ივლისს (პირველი მსოფლიო ომის დაწყების თარიღი - "აპოკ". რედ.), ხოლო უკვე მალე უნდა დადგეს ამ ჭირვების დასასრული, ანუ ბოლო შვიდეული დაიწყო 1914 წელს, ახლა კი არის 2021 წელი, ანუ გასულა 107 წელიწადი, სადღაა აქ შუა პერიოდი? ამ ლოგიკით დაახლოებით 1970 წელს იერუსალიმის ტაძარში უნდა დაედგათ გაპარტახების სიბილწე, ანუ მხეცის ხატი უკვე უნდა არსებობდეს და თანაც ის უნდა დაედგათ 50 წლის წინ !!!
მეტიც, ჩვენ უკვე მხეცის ბეჭდის გარეშე დიდი ხნის წინათ, კერძოდ, 1970 წლიდან არ უნდა შეგვძლებოდა რაიმეს ყიდვა ან გაყიდვა !!! თანაც, ისრაელში ტაძარი უკვე უნდა აშენებული იყოს და 1970 წლამდე მსხვერპლიც უნდა იწირებოდეს! რადგან წმიდა წერილში მკაფიოდ წერია - შვიდეულის შუაში.
დანიელის წინასწარმეტყველებაში ოთხ ადგილას წერია გაპარტახების სიბილწეზე, რომელიც ამავდროულად მსხვერპლის შეწირვის შეწყვეტას მოასწავებს, მაგრამ მანამდე ის ხომ უნდა დაიწყოს! რამე რომ შეწდეს, ის ჯერ უნდა არსებობდეს! მსხვერპლის შეწირვა რომ შეწყდეს, ის ჯერ უნდა იწირებოდეს, რომ შემდეგ ვიღაცამ გამოიტანოს დადგენილება მისი შეწყვეტის შესახებ. მაშასადამე ბაკსტერის მთელი თეორია იმის შესახებ, რომ დიდი ჭირვება გაიჭიმა 120 წლის განმავლობაში, არის სრული აბსურდი.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ - წმიდა წერილის ქრონოლოგიით, მხეცის ხატის დადგმით, იგივე გაპარტახების სიბილწით, "რაც წმინდა ადგილას დევს" (მათე 24:15), იწყება წუთისოფლის დასასრულის დასაწყისი, სამყაროს აღსასრულამდე დარჩება 3,5 წელიწადი, რის შემდეგაც მსოფლიოს ყველა სახელმწიფო განადგურდება, მათ შორის მე-4 სამეფოც და დადგება ჩვენი მაცხოვრის სასუფეველი!
პრეტერიზმისა და ისტორიციზმის მიხედვით კი ვიღებთ ისეთ აბსურდს, რომელსაც არ გააჩნია სამყაროს აღსასრულის გააზრებული განმარტება - პრეტერიზმის მიხედვით ყველაფერი უკვე მოხდა ჩვ. წ.-ით 70 წელს, და შემდეგ რა? არაფერი? ხოლო ისტორიციზმის მიხედვით ყველაფერი მოხდება ანტიქრისტეს მოსვლამდე, და რაღა უნდა გააკეთოს ანტიქრისტემ, თუკი საკუთრივ ყველაფერი უკვე მოხდა?
შეგვიძლია დავიმოწმოთ წმიდა წერილის მრავალი ადგილი, რომლებიც ერთდროულად აცამტვერებენ ბაკსტერისა და ველტონის სწავლებებს. აი თუნდაც ციფრების გასაოცარი ჰარმონია 3,5 წელი = 42 თვეს = 1260 დღეს (იხ. აპოკ. 11:2, 3; 12:6; 13:5, დანიელი 7:25; 12:7 და სხვა). უფალი თითქოსდა სპეციალურად მიგვანიშნებს, რომ - ეს ალეგორია როდია, ეს რეალური ციფრებია.
არ გჯერათ, რომ 3,5 წელიწადი (დანიელი 7:25) ბუკვალურად რომ უნდა გავიგოთ? მაშინ აჰა თქვენ 42 თვე (აპოკ. 11:2; 13:5), იგივე 3,5 წელიწადი. არც 42 თვის გჯერათ? მაშინ აჰა თქვენ 1260 დღე (აპოკ. 11:3), კვლავ 3,5 წელიწადი!
მაშ, როგორ არის შესაძლებელი ეს ყველაფერი, მომხდარიყო წარსულში, თანაც გაჭიმულიყო 120 წლის განმავლობაში? - არანაირად!
მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.
საიტი "აპოკალიფსისი". 4 მარტი, 2021 წ.