პუბლიკაციები - "გაიგებთ ომებსა და ომების ამბებს, მაგრამ, ნუ შეძრწუნდებით..." - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
"გაიგებთ ომებსა და ომების ამბებს. მაგრამ, ნუ შეძრწუნდებით..."
 
(მათე 24:6)
ოთხი აპოკალიფსური მხედარი
გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით,
 
ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
 
(მათე 24:6)
 
მომავალში ცნობები სულ უფრო და უფრო საშინელი და შემაშფოთებელი იქნება, რადგან, როგორც წერილი ამბობს, "უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან" (2 ტიმ. 3:13). ისე კი არ იქნება, როგორც ზოგიერთი ამბობს: "ცოტაც დაითმინეთ და ყველაფერი კარგად იქნება", არა. პირიქით, რაც დრო გავა მით უფრო აღზევდება ბოროტება, რომელიც თავის აპოგეას ანტიქრისტეს მმართველობაში მიაღწევს.
 
ახლოვდება უფლის დიადი და საშინელი დღე. ნებისმიერი სულით შობილი ადამიანი გრძნობს ამას - ეს უკვე შორეული მომავალი კი არ არის, ამას უკანასკნელ ცნობებშიც კი აცხადებენ. განგაშია ყველგან, დედამიწა თანდათანობით რყევას იწყებს, ხალხები სულ უფრო და უფრო იწევენ ერთმანეთისკენ. უფალი გვამცნობს, რომ "უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი, რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ... სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი. მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი" (2 ტიმ. 3:1-9).
 
ცოდვათა მომრავლება უფრო და უფრო არყევს დედამიწას, ადამიანთა საზოგადოებას, აუქმებს მშვიდობას და ამრავლებს სისხლისღვრას. დიდი უბედურების მოახლოვებას ცოდვილებიც კი გრძნობენ. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უფლის დღე ხვალ დადგება. ეს ნიშნავს, რომ უკანასკნელი ჟამის მოვლენების ჯაჭვი განვითარდება "ბაბილონიდან" (10 მეფე) და ეს პროცესები შემდეგ შეუქცევადი გახდება, რაც გადავა კაცობრიობის ისტორიის ფინალში - გამოჩნდება მხეცის სამეფო, რომელსაც ღმერთი გააცამტვერებს თავისი მეორე და დიდებული მოსვლით.
 
მაგრამ აქ ბევრს უჩნდება ასეთი შეკითხვა - რა ვქნათ? რა მოვიმოქმედოთ?
 
ვიღაც ამბობს საჭიროა თავი ქვიშაში ჩავრგოთ და "არაფერი მსმენია არაფერი მინახავს" რეჟიმში ჩვეული ცხოვრება გავაგრძელოთ, რომ "ყოვლისგანამადგურებელი მახვილი გვერდზე ჩაგვივლის" და, რომ "უბედურება ჩვენ არ შეგვეხება". ასეთი ადამიანები ფიქრობენ, თითქოსდა მათ ქალაქში არაფერი მოხდება - არა აქვს მნიშვნელობა მთელი მსოფლიო რომ ირყევა, მთავარია ეს რყევები მათ არ შეეხოთ.
 
ვიღაც ქადაგებს, რომ თურმე ბოლივიაში უნდა გავიქცეთ ინდიელებთან და ციფრული იდენტიფიკაციის პოლიტიკას იქ დავემალოთ, არ მივცეთ არავის ჩიპების ჩადგმის შესაძლებლობა, დავთესოთ კარტოფილი, ბუნებით დავტკბეთ და მეორედ მოსვლას ასეთ მშვიდ ყოფიერებაში დაველოდოთ. დაე მთელი მსოფლიო შეუპყრია ბოროტებას, ბოლივიის ჯუნგლებში დემონები გზა-კვალს ვერ გაიკვლევენ.
 
ვიღაცის აზრით, საჭიროა თავშესაფრების ამოთხრა, კონსერვების მომარაგება, და საერთოდ, მზადება პოსტაპოკალიფსისისთვის, ბირთვული ზამთრისა და მუტანტების გამოჩენისტვის. უმრავლესობაში ლაპარაკის იქით საქმე არ მიდის, რადგან რეალურად იმის დაჯერება, რომ მართლაც ისე იქნება, როგორც ეს პოსტაპოკალიპტურ ფანტასტიკურ ფილმებში გვინახავს - ძნელია.
 
ვიღაცას საერთოდ არც აწუხებს ეს მოვლენები, რადგან სრულიად დარწმუნებულია, რომ მას და მის ოჯახს, ასევე მის მეგობრებს, მის კონფესიას, უფალი სადღაც გადამალავს და მხეცს არ გააკარებს.
 
მაგრამ, რას ამბობს წმიდა წერილი?
 
ის მოგვიწოდებს:
 
1) არ მიეცეთ მთვლემარებას, არამედ იფხიზლეთ, იდექით სულიერების სადარაჯოზე და მუდმივ მზადყოფნაში იყავით! წმიდა წერილის სწავლებით ნათლისა და დღის შვილებს მთვლემარება არ ერევათ, და ღამე მათ მოულოდნელად ვერ წაასწრებს.
 
2) "ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის" (ეფეს. 6:13-18).
 
3) წმიდა წერილი შეგვაგონებს, რომ უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს უფლის გაფრთხილებანი. მათეს სახარების 24-ე თავში უფალმა ბრძანა: "აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ" (მთ. 24:25). რის შესახებ? "მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო" (მთ. 24:9), "ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება" (მთ. 24:13). ცხონდება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - ანუ ცათა სასუფეველს მიაღწევს.
 
წუთისოფლისთვის, უკეთურთათვის, მათთვის, ვინც ანტიქრისტეს გაჰყვება, უფლის მეორედ მოსვლა უეცარი და მოულოდნელი იქნება - როგორც მპარავისა ღამით. მაგრამ მისი ეკლესიისთვის, ნათლის შვილთათვის - რა თქმა უნდა არა. მათთვის უფლის მოსვლა მოსალოდნელი მოვლენაა და ცხადია ამ დღის დადგომამდეც (მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ მხეცის ხატის აღმართვიდან უფლის მოსვლამდე დარჩება 3,6 წელიწადი). ის არ მოვა ხვალ და არც ერთი წლის შემდეგ. "ბაბილონის" სამეფო ახლაც რომ გამოჩნდეს წინ კიდევ იქნება 7-8 წელიწადი და უნდა ვიდარდოთ არა ის, რომელი კონსერვები შევიძინოთ და თავშესაფრები სად ამოვთხაროთ, არამედ როგორ გავიაროთ ეს უმძიმესი ჟამი, როდესაც ბოროტება და ბნელეთი თავიანთ კულმინაციას მიაღწევენ; უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ღმრთის ღირსეული შვილები ვიყოთ, დავიცვათ მისი ჭეშმარიტება და თვით სიკვდილამდეც კი მისი ერთგულები ვიყოთ.
 
დღეს მრავალი ცდება წმიდა წერილის უცოდინრობის გამო. მათ არც ღმრთის ძალა უწყიან, მაგრამ ახლოვდება ის დრო, როდესაც აშკარად გამოჩნდება სხვაობა მართალსა და უკეთურს შორის, ღმრთის მსახურსა და ცრუ-მსახურებს შორის. ისინი, ვინც ჩიპიზაციას, ვაქცინაციას, ბირთვულ განადგურებას ან საერთოდ არაფერს ელოდებიან, უბრალოდ "დაიძინებენ" (ანუ დაკარგავენ რეალობის შეგრძნებას, საბოლოოდ გაიბლანდებიან იმის გარკვევაში ვინ მართალია და ვინ არა). მაგრამ უფლის ბრძენნი, რომელთაც უწყიან თავიანთი ღმერთი, ეცდებიან ასწავლონ სხვებსაც. ამის გამო მათ შეავიწროვებენ, ვის ცოცხლად დაწვავენ, ვის მოკლავენ, ვის საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაამწყვდევენ, - მაგრამ ისინი, საბოლოოდ, უდიდესი მძლეველები აღმოჩნდებიან (დან. 11:33).
 
მაშ, ეცადეთ ამ დანიელ წინასწარმეტყველის მიერ მითითებულ ამ უფლის წმიდათა შორის იყოთ - დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ თქვენ. ვერავითარი კონსერვები და თავშესაფრები ვერ შეეწევა ადამიანებს წუთისოფელში, რომელიც საბოლოოდ უფლის მრისხანე დარტყმების ქვეშ აღმოჩნდება - და საერთოდ, იქნება კი საჭირო იმ დროს თავის გადარჩენა? გადარჩენა ნიშნავს საკუთარი სულის შენარჩუნებას წუთისოფელში, იესუმ კი თქვა - "ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას" (მარკ. 8:35). გადარჩენისთვის ზრუნვა ნიშნავს მიჰყვე საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტს, იესუმ კი თქვა: "მძლეველები არიან ისინი, ვინც თავიანთ სულებს არ შეიყვარებენ ისე, რომ უკვე აღარ გაექცევიან სიკვდილს" (შეად. მარკ. 8:35).
 
წუთისოფელს ეშინია და ძრწის, მაგრამ არა იმისა, რაც საჭიროა. მას ეშინია ბირთვული ომის, ანარქიის, დეფიციტის, კარანტინის და სხვა. ჩვენ კი გვეშინია უფლის და მის წინაშე ვძრწით.
 
წერილი ამბობს: "ნუ შეგაშინებთ მათი შიში და ნურც შეშფოთდებით. მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შიში" (ეს. 8:12-13).

საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ.
Назад к содержимому