პუბლიკაციები - ქრისტეს წინასწარმეტყველება ჟამთა აღსასრულისა და სამყაროს დაღუპვის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ქრისტეს წინასწარმეტყველება ჟამთა აღსასრულისა და სამყაროს დაღუპვის შესახებ
დიდი ჭირვება
ვნების შვიდეულის სამშაბათ საღამოს მაცხოვარმა მოგვცა თავისი ბოლო წინასწარმეტყველება (მათე 24; მარკ. 13; ლკ. 21). ეს იყო სამახარობლო ცნობა იმის შესახებ, რომ "ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი... ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე" (2 პეტრე 3:10-13). ამ მოლოდინით ცხოვრობდნენ პირველი ქრისტიანები და ამავე მოლოდინით არის აღსავსე ჩვენი ცხოვრებაც.
 
მოციქული პეტრე გვამცნობდა ამ აღსასრულის მოახლოვებას, როდესაც ამბობდა: "ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ" (1 პეტრე 4:7). ამასთან დაკავშირებით ღირ. ბედა პატივდებული (672–735) განმარტავდა: "რათა არავინ დაიმშვიდოს თავი იმ აზრით, რომ მომავალი სამსჯავრო შორსაა, რომლის შესახებაც პეტრე ამბობს, რომ განიკითხებიან ცოცხლები და მკვდრები, ის წინდახედულად გვაფრთხილებს, რომ მიუხედავად იმისა უკანასკნელი სამსჯავროს მოსვლის დრო უცნობია, ყველამ კარგა ხანია იცის, რომ ამ წარმავალ ცხოვრებაში ისინი დიდხანს ვერ დაყოვნდებიან" (ბიბლია განმარტებებით. ტ. 22. ახალი აღთქმა. 2021 წ. გვ. 80).
 
გარდა ამისა, მოციქულები თავიანთი ქადაგებისას ითვალისწინებდნენ არა მიწიერი დროის ქრონოლოგიას, არამედ ღმრთის დროის ქრონოლოგიას, რომლისთვისაც "ერთი დღე როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე" (2 პეტრე 3:8). ჩვენთვის დედამიწაზე განვლო ათასწლეულებმა, მაგრამ ღმრთისთვის ქმნილების დასაბამიდანვე მხოლოდ მეშვიდე დღეა. თუმცა, ეს დღეც უკვე თავის დასასრულს უახლოვდება.
 
ამ დღის დაისისთვის (ანუ ბოლო ჟამს) ადამიანებს მოევლინა ძე ღმრთისა, რათა ჩვენთვის მოეცა ცხონების შესაძლებლობა, დაედო ახალი აღთქმა და მისი ჭეშმარიტების დასტურად ხელი საკუთარი სისხლით მოეწერა.
 
ქრისტემ თავისი მაცხოვნებელი მისია აღასრულა და ზეცად ამაღლდა, ჩვენ კი აქ, დედამიწაზე ვცხოვრობთ რათა ბოლომდე განვლოთ ეს მეშვიდე დღე, რომელიც ამთავრებს თავის მსვლელობას, ჰორიზონტს მიღმა მზე უკვე თავის უკანასკნელ სხივებს აფრქვევს და სამყარო ღრმა ბინდსა და მწუხრში ეფლობა.
 
ქრისტიანებმა იციან, რომ ზეციური სიძე "შუაღამით მოვა", როდესაც "ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან". მაგრამ მისი მოსვლის მოლოდინი მზის ჩასვლიდან შუაღამემდე მეშვიდე დღის ყველაზე საშინელი და მძიმე დრო აღმოჩნდება. და ეს დრო უკვე დგება...
 
როდესაც დღე გადავა და სიბნელე მოვა, დედამიწაზე ჯოჯოხეთური ცეცხლი დაინთება და ეშმაკის ჟამიანობა დაიწყება. ეს თავისთავად იქნება სატანისა და მის მსახურთა ქელეხი, მათი უკანასკნელი "გამომშვიდობება". "ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:12) გააფთრებული შეუდგება თავის შაბაშს მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ მოგვცემია აპოკალიფსისის სიღრმისეული წვდომის ნიჭი, მაგრამ გვეძლევა საზოგადო ფონი და განზოგადოებული გაგება მისი შინაარსისა, რომლითაც აღივსება მეშვიდე დღის ჟამი მზის ჩასვლიდან შუაღამემდე.
 
ეს იქნება სამყაროს ცხოვრების უსაშინელესი ჟამი, ჭირი "რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება" (მარკ. 13:19). ეს ჟამი იმდენად საშინელია, რომ "იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ" (გამოცხ. 9:6).
 
ამ დროს დედამიწაზე მცხოვრებ ქრისტიანებს, რომლებიც განწირულნი იქნებიან ამ ჯოჯოხეთური შაბაშის სასაკლაოსთვის, ღმერთი აქამდე მცხოვრებ მოწამეებზე აღმატებულებად შერაცხავს. ამიტომაც სატანას მიეცემა "ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა", ასევე მიეცემა მას "ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას" (გამოცხ. 13:7).
 
როდესაც ჩვენი გულები აღშფოთებულია იმ უსჯულოებით, რაც ჩვენს საზოგადოებაში და მთელ მსოფლიოში ხდება, არ უნდა დაგვავიწყდეს რას გვასწავლის უფალი ვნების შვიდეულის ამ დღეს. ახალი აღთქმის გამოცხადების პარადიგმაში მიწიერი სამყარო უკვე გამოუსწორებელია. ქრისტეს, მოციქულებისა და მათი მიმდევრების, წმიდა მამებისა და ეკლესიის მოძღვართა სიტყვა ჩვენ გვამცნებენ არა სამყაროს გარდაქმნაზე (მიწიერი გაგებით), არამედ მის გარდაუვალ განადგურებაზე.
 
არ უნდა დაგვავიწყდეს ეს და არ აღვშფოთდეთ იმით, რაც ჩვენს გარშემო ხდება. მიდის ძველი სამყაროს დეგრადაციისა და კვდომის ბუნებრივი პროცესი. თავის აღსასრულს უახლოვდება დაბერებული, ძალზედ დაავადებული და ნახევრად შეშლილი მსოფლიო.
 
ამ დღის მსოფლიო ისტორია - ჩაკეტილ წრეში მოძრაობა ან დაცემებისა და აღმასვლების ციკლი კი არ არის, არამედ დაშლისა და კვდომის პროცესის სწორხაზოვანი და გარდაუვალი მოძრაობა. ხოლო მათთვის, ვინც ამ ჯოჯოხეთურ ბნელში დედამიწაზე ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებისადმი ერთგულებით იცხოვრებს, მოცემულია კიდევ ერთი დამატებითი ნეტარება, რომელიც უფალს მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაში არ უთქვამს: "ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან" (გამოცხ. 14:13).
 
ის, რაც მსოფლიო ისტორიაში ხდება წააგავს ონკოლოგიური დაავადებებით მომაკვდავი ადამიანის სხეულში მიმდინარე პროცესს. სნეულების გავრცელებისდა კვალად ჩნდება მეტასტაზები, სისხლს კიბოს უჯრედები მთელი ორგანიზმის მასშტაბით გადააქვს, ჩნდება დაზიანების ახალი კერები, რომლებსაც საბოლოო ჯამში ორგანიზმი სიკვდილისკენ მიჰყავს.
 
კაცობრიობის კიბოთი დასნებოვნებული უჯრედები - ეს სატანური ენერგეტიკით შეპყრობილი ადამიანებია. მათი დემონური "შემოქმედების" ძალა კოლოსალურია. ძალიან მოკლე დროში, წინა მსოფლიო ეპოქებთან შედარებით, ისინი თავიანთი გენერალური გეგმის მიხედვით გადააკეთებენ მთელი მსოფლიოს ცხოვრებას ისე, როგორც ეს საკუთარმა ინფერნალურმა ბატონებმა უკარნახეს.
 
დღეს უკვე ჩაყრილია ახალი მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტი. მისი ფორმირების პროცესი უკვე გაშვებულია. პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში შერყეულია ტრადიციული ოჯახური ღირებულებები. ტარდება აგრესიული პოლიტიკა, რომელიც ადამიანური თანაცხოვრების ბიოლოგიური საბაზისო საფუძვლების წინააღმდეგია.
 
ინტერნეტის ქსელი მკაცრად და უაპელაციოდ აბამს ყოველი ადამიანის სულს ერთ მთლიან ეკონომიკურ, საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცესთან. პლანეტარული საკონცენტრაციო ბანაკის ეკლებიანი მავთული უკვე მზადაა. ქაღალდის ფულის გაუქმება და მათი სრული შეცვლა პლასტიკური ბარათებით - მხოლოდ დროის საკითხია. ადამიანის ამოცნობის ელექტრონულმა სისტემამ და ყოველ პიროვნებაზე საზოგადო საინფორმაციო ბანკის შექმნამ წარმატებული ადაპტაცია ჩინეთში უკვე გაიარა და თავისი ეფექტურობაც დაამტკიცა.
 
სამხედროებს და პოლიტიკოსებს დარჩათ მცირედი სამუშაო სახელმწიფო საზღვრებზე, ეშმაკის მომავალი იმპერიის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ იარუსებზე, მაგრამ მისი კორონაციისთვის ყველაფერი უკვე მზად იქნება.
 
ამის შემდეგ კი დაიწყება უფსკრულიდან ამოსული დრაკონის ლხინი და ამ "ზეიმიდან" გასაქცევი არსად იქნება. ეშმაკის ეს "წვეულება" მეშვიდე დღის შუაღამით დასრულდება. უეცრად ზეციერ ანგელოზთა საყვირების დაცემა შიშის ზარს და ძრწოლას მოჰგვრის მხეცის თაყვანისმცემლებს, ეშმაკს და მის ანგელოზებს. მათი დღესასწაულობა ცეცხლოვანი მეორედ მოსვლით დასრულდება. ცაში გამოჩნდება უფლის ჯვარი - "კაცის ძის ნიშანი" - რომელიც ყველას აუწყებს უფლის დღის დადგომას.
 
"ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა" (ლუკა 21:28).
 
მეშვიდე დღის შემდეგ დაიწყება დღე მერვე. ღმრთის სიტყვა ამბობს, რომ მერვე დღე უკანასკნელი იქნება. მას ექნება დასაწყისი, მაგრამ არა დასასრული. არ იქნება იქ არც მზე, არც მთვარე, არც ღამე (გამოცხ. 21:25; 22:5), არამედ ღმერთი იქნება ყველას ნათელი, "რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში" (1 კორინთ. 15:28). ტკივილი, შიში, სნეულებანი, ჭირვებანი, ტანჯვა ისე განქარდება, როგორც გაზაფხულის თოვლი. შეაშრობს ღმერთი ცრემლებს ყოველ ქრისტიანს და "აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი" (გამოცხ. 21:4). მშვიდობა და სიხარული, მყუდროება და ნათელი, ბედნიერება და ნეტარების სისრულე - აი, რა გაუმზადა ღმერთმა მის მოყვარულებს.
 
და ბოლოს... ღმრთის სიტყვა ასევე გვასწავლის, რომ ყველა როდი შევა უფლის სიხარულში. მომავალი სამეფოს მოქალაქეობას მისცემენ მხოლოდ მათ, ვინც ჩაწერილი აღმოჩნდება სიცოცხლის წიგნში. ამ ჩაწერის მიღება კი მხოლოდ მეშვიდე დღეს არის შესაძლებელი. მისი დასრულების შემდეგ სიცოცხლის წიგნი დაიხურება და ჩაწერებიც შეწყდება.

წყარო: .media.elitsy.ru.
Назад к содержимому