აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ახალი საუკუნე, უძველესი ბოროტება
მრავალჯერ გვითქვამს, რომ ჩვენთვის "ბაბილონის" ცნება უპირველეს ყოვლისა ასოცირდება მოძრაობა ნიუ ეიჯთან (ინგლ.: New Age - ახალი საუკუნე). მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალ ადამიანში ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ, რომ ძნელია ასოცირება გქონდეს იმასთან, რაც არ იცი.
დღეს გვსურს გაგაცნოთ დოქტრინები და სწავლება, რომელიც ახასიათებს ნიუ ეიჯს და შევადაროთ ის ბაბილონის იდეოლოგიას.
ნიუ ეიჯი ბაბილონი არ არის, არამედ მხოლოდ მისი ნაწილია, რომელიც ყველაზე მეტად მიისწრაფვის და ეძებს თავის "პირველწყაროს", ორიგინალს, პირველსაწყის "გამოცხადებას" და, რომელიც ბაბილონის მოსვლას ელოდება ისე, როგორც არავინ.
ნიუ ეიჯი დგას სამ "ვეშაპზე" – 1) მისტიციზმი / ეზოთერიკა (თავისი უსასრულო განშტოებებით), 2) მონიზმი (ყველაფერი ერთია და ერთი ყველაფერი) და 3) ოქროს საუკუნის მოლოდინი (მშვიდობისა და განათლების, ევოლუციის ახალი საფეხურის ეპოქა).
ალბათ ვინმე იტყვის - რატომ უნდა ვიცოდეთ რომელიღაც მოძრაობის შესახებ, რომელიც არც ისე ჩანს და არც ისე ცნობილია? მაგრამ ამგვარი რამის მთქმელნი დიდ შეცდომას უშვებენ. ნიუ ეიჯის თავისებურაბა იმაშია, რომ მას არა აქვს სტრუქტურა, არ ჰყავს ლიდერები და ა. შ. მაგრამ მისი სწავლება უბრალოდ პოპულარული კი არ არის, არამედ - მეგაპოპულარულია. უბრალოდ, ჩვეულებისამებრ არავინ უწოდებს თავს "ნიუ ეიჯერს", თუმცა სწორედ ნიუ ეიჯისა სჯერათ.
ჰოლივუდის ასობით მსახიობს ნაწილობრივ ან სრულად სჯერა ნიუ ეიჯის დოქტრინების. ათასობით მუსიკალური ჯგუფი, მომღერალი და კომპოზიტორი ქადაგებენ ნიუ ეიჯს თავის ტექსტებსა და მუსიკაში. ათასობით პოლიტიკოსს სწამს ნიუ ეიჯის დოქტრინები. მილიარდობით ბუდისტს, ინდუისტს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს გარკვეულ დონეზე ასევე სჯერათ ნიუ ეიჯისა.
ნიუ ეიჯის უმთავრესი დოქტრინა გახლავთ - "მერწყულის ეპოქის", "ახალი ეპოქის, "კალი იუგას" და ა. შ., მოლოდინი, რაც თითქმის პირდაპირი გადასვლაა ბიბლიური უკანასკნელი ჟამისა, როდესაც ანტიქრისტე მოვა და თავისი 7 წლიანი მოღვაწეობის პირველ 3,5 პერიოდში მშვიდობასა და უსაფრთხოებას დაამკვიდრებს.
ნიუ ეიჯის მოძრაობა ასწავლის ცნობიერების ევოლუციაზე, განათლებაზე, სამყაროს ტრანსფორმაციაზე, ახალ ეპოქაზე, კაცობრიობის შერწყმაზე კოსმოსთან და კოსმიურ გონზე. ნიუ ეიჯის ლეიტმოტივი გახლავთ ცვლილება, ევოლუცია და მეტამორფოზა სხვა მდგომარეობაში, თანაც მსოფლიო მასშტაბით.
უფრო ადვილი გასაგები ხომ გახდეს, თუ რას წარმოადგენს ნიუ ეიჯი, დავაკვირდეთ, რას ფიქრობენ ისინი იესუ ქრისტეზე.
1. იესუ არის დიდი გურუ, განათლებული, დემიურგი, ავატარი, ოსტატი, გზამკვლევი, რომელმაც ევოლუციის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ის თავისი სტატუსით ედრება ბუდას და კრიშნას, ლაო ცზის და სხვებს. იესუ ეს არის ბრაჰმანის გამოვლინება ამ სამყაროში, რომელმაც აჩვენა სამყაროს ენერგია - ჩვენ ყველას შეგვიძლია გავხდეთ იესუები თუკი მივიღებთ ბუდას ცნობიერებას. იესუ მსოფლიო გონების უბრალოდ მორიგი განსხეულებაა, არც მეტი არც ნაკლები. ბიბლია ნიუ ეიჯის მიერ გაიგება, როგორც სულიერი გზამკვლევი, დამხმარე სახელმძღვანელო ცნობიერების ტრანსფორმასიისთვის და ახალ რასაში ევოლუციისთვის. რიგვედა და ბუდას წიგნები სრულიად თანასწორნი არიან ბიბლიისა.
2. ნიუ ეიჯი ძლიერ აპოპულარებს თემებს იმის შესახებ, რომ იესუ თურმე 13-დან 29 წლის ასაკში ტიბეტში ცხოვრობდა და იქაურ გურუსთან სწავლობდა. მუსლიმებს მიაჩნიათ, რომ ძველი აღთქმის ყველა პერსონაში მუსლიმი იყო. ნიუ ეიჯი კი მიიჩნევს, რომ ბიბლიის ყველა პერსონაში აღმოსავლური მისტიციზმის ადეპტი გახლდათ.
ნიუ ეიჯი სპეციფიკურია იმით, რომ თავის დოქტრინამდე დაჰყავს ყველაფერი, რაც კი ბიბლიაშია. მაგალითად, ის ასწავლის, რომ "იესუ ასწავლიდა სიყვარულს, ნათელს და სამყაროს კანონებს, კარმას ოქროს წესებს".
საერთოდ ნიუ ეიჯს ახასიათებს ის, რომ ხშირად იყენებს ბიბლიიის ტერმინებსა და ადგილებს, მაგრამ გულისხმობს აბსოლუტურად სხვას, ვიდრე ბიბლია. მაგალითად, ის ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელი ილია წინასწარმეტყველის რეინკარნაციაა, თუმცა, რეინკარნაციის ცნება აბსოლუტურად არაბიბლიურია და მას არაფერი აქვს საერთო ბიბლიასთან. სანაცვლოდ, ნიუ ეიჯის ეს სწავლება მომხიბლავად გამოიყურება და მისი მრავალს სჯერა.
სხვა მაგალითი - წმიდა წერილის ცნობილი ადგილი "ცათა სასუფეველი თქვენშია" ნიუ ეიჯის წარმომადგენელთა მიერ განმარტებულია შემდეგნაირად: ადამიანის სული ღვთაებრივია, ჩვენ ღმერთები ვართ, რადგან ჩვენშია ღმრთის სასუფეველი. ამას ეწოდება ბიბლიის განმარტება ეზოთერიზმის პრიზმაში, და ფაქტობრივად "დემონთა დოქტრინას" წარმოადგენს.
ნიუ ეიჯი ეძებს პირველსაწყისს, ანუ ყველა რელიგიის დედას და არსებითაც არის შეხსენება, რომ ბაბილონის არსებობა რეალურია და ის აუცილებლად მოვა. ნიუ ეიჯისთვის საკვანძო სიტყვაა "ცვლილება". "ჩვენ ცვლილებათა ეპოქაში ვცხოვრობთ" - მათი უსაყვარლესი გამოთქმაა. ოღონდ მათთვის ეს ცვლილებები არის ნიშანი იმისა, რომ ევოლუციის ახალი ეტაპი შორს როდია, ჩვენთვის კი ეს არის ნიშანი იმისა, რომ მალე ანტიქრისტეს 7 წლიანი მეფობის პერიოდი დგება, ახლოვდება ბნელეთისა და ჯოჯოხეთის სამეფო, ოღონდ 7 წლით.
სხვა მიზეზი, რომლის გამოც ნიუ ეიჯს ბაბილონის წინამორბედად მივიჩნევთ, არის ის, რომ ნიუ ეიჯს შეუძლია ჩაყლაპოს და საკუთარ თავში გააერთიანოს სხვა, ნებისმიერი მსოფლმხედველობა. ის ადვილად ეთანაწყობა ნებისმიერ ტერმინს, რომელთაც საკუთარი აზრით განმარტავს. კლასიკური მაგალითი - უთხარით თავდაჯერებულ ნიუ ეიჯერს, რომ იესუს უყვარს იგი. ნიუ ეიჯერი გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, მეც მიყვარს იესუ. ის სამყაროს გონის ნაწილია და, რა თქმა უნდა, ამიტომაც მე ის მიყვარს, როგორც ბუდა და კრიშნა, ასევე ყველა სხვა განათლებული.
ნიუ ეიჯის თვალსაზრისით ზოდიაქოთი ახლა "თევზების" ეპოქაა - ანუ "ქრისტიანული ერაა", მაგრამ ის უკვე დასრულდა და მალე "მერწყულის" ეპოქა (ერა) დაიქწყება - ეს კი ახალი კაცობრიობაა, რომელსაც ქრისტიანობა უკვე აღარ დასჭირდება.
ნიუ ეიჯი ასწავლის, რომ ჩვენ გვმართავენ "კოსმოსის საიდუმლო გამოსხივებები" სხვა განზომილებებიდან. ადამიანის ამოცანაა - მედიტაციური მეთოდებით და ექსტრასენსორიკით "აღმოაჩინოს" საკუთარ თავში ეს გამოსხივებები და მისცეს მათ შესაძლებლობა ადამიანში მოახდინოს ახალი არსების ევოლუცირება.
ნიუ ეიჯის შემდეგი თავისებურებაა - პოზიტიური აღმსარებლობა. რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს მოწოდებას: მოახდინე ვიზუალიზირება, ილაპარაკე პოზიტიური, დაიჭირე კარგის, კეთილის, დადებითის ვიბრაცია. კრიზისი არ არსებობს - ის მხოლოდ შენს თავშია, მაგრამ, თუკი შეცვლი შენს ცნობიერებას, კრიზისი გაქრება.
ნიუ ეიჯის მთავარი მიზანია მსოფლიოში საყოველთაო ბედნიერების დამყარება. როგორ უნდა იქნას ეს მიღწეული? - ნიუ ეიჯი მოგიყვებათ.
ნიუ ეიჯი ეს არის სულიერება სულის გარეშე. ნიუ ეიჯი, როგორც მისტიციზმი და რეალობის შეცვლის რელიგია, საკუთარ თავში იერთებს... მეცნიერებასაც კი! კვანტური ფიზიკა? ის ნიუ ეიჯმა აღმოაჩინა. სტივენ ჰოკინგის თანამედროვე მეცნიერება ძველ, კეთილ ფიზიკას უკვე აღარ მოგვაგონებს, არამედ მეტაფიზიკას, ანუ მონიზმს (ყველაფერი ველაფერია, ყველაფერი ერთია, ყველაფერი ყველაფრის ნაწილია).
სიმების თეორია, მაგალითად, უკვე არა იმდენად მეცნიერებაა, რამდენადაც მეტაფიზიკა და მისტიციზმი. ნიუ ეიჯმა უკვე დიდი ხანია შეიერთა დაოსიზმი, ძენ ბუდიზმი და ინდუიზმი, ასევე იოგა და ტრანსცედენტური მედიტაცია. ინ იანი? - ნიუ ეიჯი მას იწონებს. სამყაროს წონასწორობა? - ამასაც იწონებს. ნიუ ეიჯმა დიდი ხანია შეიერთა ახალი ფსიქოლოგია, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ნიუ ეიჯურ პოსტულატებს შეიცავს. თანამედროვე ფსიქოლოგია, განსაკუთრებით ყოველგვარი თერაპიები, ხშირად უშუალოდ არიან დაკავშირებულნი ტრანსის აღმოსავლურ პრაქტიკასთან, მედიტაციასთან და რელაქსაციასთან.
საერთოდ ნიუ ეიჯი ეს არის ბაბილონის წინამორბედი რელიგია, ერთგვარი მძინარე გიგანტი, რომელსაც გავლენა მილიარდობით ადამიანზე გააჩნია. უამრავი ფილმი, წიგნი, მუსიკა, სურათები, მოძრაობა ეკოლოგიისთვის და ა. შ. - გაჟღენთილია ნიუ ეიჯის იდეებით. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, რადგან ეს ბუნებრივად ხდება და მას ყოველდღიური რეალობის სახე აქვს.
მაგრამ, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თანამედროვე ნიუ ეიჯი, გათქვეფილი კაცობრიობაში, იმ სწავლების შთამომავალი გახლავთ, რომელიც გნოსტიციზმად იწოდება.
გნოსტიციზმი პირველ საუკუნეებში ქრისტიანობის "ალტერნატიული" სწავლება გახლდათ. ის ასწავლიდა იმ დოქტრინებს, რომლებიც დღეს ადაპტირებულია და ინტეგრირებულია მილიონობით მოძრაობასა და ადამიანური აზროვნების მიმართულებაში. მაგრამ გნოსტიციზმიც ძველი აღმოსავლური მისტიციზმის პირმშო გახლდათ, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მესოპოტამიის უძველესი რწმენებისა, რომლებიც, თავის მხრივ სათავეს იღებდნენ იმ რწმენისგან, რომელმაც ადამიანებს ბაბილონის გოდოლის მშენებლობისკენ უბიძგა. საზოგადოდ ამ "პირველდაწყებითი" ალტერნატიული რელიგიის დამფუძნებელი კაენი გახლდათ, მისი "რეფორმატორი" კი - ნიმროდი.
ამრიგად, იმედს გამოვთქვამთ, რომ ოდნავ მაინც დაგანახეთ პარალელი ნიუ ეიჯსა და მომავალი ბაბილონის იდეოლოგიას შორის. ნიუ ეიჯი ეს არის თანამედროვე, პროგრესული, მსოფლიო რელიგიების ჩამსანსვლელი რწმენა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ინდუიზმი თანამედროვე შეფუთვით. მას შეუძლია ყველაფრის შთანთქმა, გარდ ბიბლიური ქრისტიანობისა. ბაბილონიც ასეთი იქნება - ოღონდ გლობალური მასშტაბით და ხილული.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - ისეთი თანამედროვე პრაქტიკები, როგორიცაა "შეგნებულობა", "შეცნობა" (mindfulness), ნეიროპროგრამირება, მედიტაცია და ა. შ., ბლავატსკაიას, რერიხების, შტაინერის ანტროპოსოფიისა და სხვათა ძველი თეოსოფიური სწავლებების თანამედროვე ვერსიებია.
ამრიგად, ნიუ ეიჯის ტერმინოლოგიით:
ღმერთი - ეს არის უპიროვნებო სამყარო არსი, ეს არის ძალა, რომელიც ყოველივეს გამსჭვალავს. ჩვენ ამ ძალის ნაწილები ვართ, და ჩვენი ცხოვრების მიზანი და აზრი - ამ ძალასთან შერწყმაა. ყველაფერი ღმერთია და ღმერთი ყველაფერია - ნიადაგი, ხე, წყალი, ჰაერი და საერთოდ, ყველაფერი ღმერთია. ხეს თუ მიეყრდნობი შეიცან შენი თავი, როგორც სამყაროს ნაწილაკმა. რადგან ყველაფერი ღმერთია, ამ ღმერთისადმი თაყვანისცემა საკუთარი თავის თაყვანისცემაა. უზენაესი თაყვანისცემა ეს ქმნილებისადმი და საკუთარი თავისადმი თაყვანისცემაა, რადგან შენ (ადამიანი) ღმერთი ხარ.
მოკლედ, როდესაც ისინი ამბობენ "ღმერთი", საერთოდ არა აქვთ მხედველობაში ბიბლიური ღმერთი. ფაქტობრივად ნიუ ეიჯი ლაპარაკობს, - "მე ვარ არსებული", და ამაში გულისხმობს ყველა "გასხივოსნებულს". ნიუ ეიჯსში არავითარი ბიბლიური ღმერთი არ არსებობს.
არ არსებობს ცოდვაც. ყველაფერი, რასაც კი აკეთებ მხოლოდ შენს კარმაზე ახდენს გავლენას და რეინკარნაციის წრეზე. არ არსებობს არავითარი ჯოჯოხეთი, გეენა და ზეცა. ცხოვრების აზრი იმაში კი არ არის, რომ არ სცოდო, არამედ იმაში, რომ შეიცნო საკუთარი ღვთაებრიობა და მიაღწიო ღმერთობას.
ბოროტება - ეს მხოლოდ ილუზიაა. ნეგატიური აზროვნება შობს ბოროტებას და ტანჯვას, ამიტომაც გაწმინდე შენი გონება ტოქსიკური აზრებისგან და ბედნიერი გახდები.
საერთოდ ეპიკური საგა ვარსკვლავურ ომებსა და ბოროტების კონცეფცია, რომელიც ნეიტრალურია, წმიდად ნიუ ეიჯური მსოფლმხედველობაა. ძალის ნათელი და ბნელი მხარეები ნიუ ეიჯის პრინციპებია.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ნიუ ეიჯზე, მაგრამ ვფიქრობთ უკვე მიხვდით, რომ ვატიკანი, აშშ ან რუსეთი კი არ არის მომავალი ბაბილონი, ანტიქრისტეს სამეფო, არამედ ის, რაც ამათზე მეტია და ამათი ბატონია - ამა სოფლის სული, "წუთისოფლის ელემენტები", "ამჟამინდელი წყობა" და მთელი ეს სისტემა თანდათანობით, ეტაპობრივად განადგურებული იქნება, მისი სრული განადგურება კი მოხდება ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ინტერნეტ მასალების მიხედვით მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ. 5 ივლისი. 2021 წ.