აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
აპოკალიპტურ მოვლენათა გლობალურობა
როგორც აპოკალიპტური ბეჭდების (6:1-12), საყვირებისა (8:6 – 11:19) და თასების (16:1-21), ასევე მთლიანად აპოკალიფსისის ზოგიერთი კომენტარი უბრალოდ ცთომილია იმის გამო, რომ არ ითვალისწინებს მოვლენათა გლობალურობას.
მოდი, უბრალოდ გადავხედოთ წმიდა წერილის იმ ადგილებს, სადაც აღწერილია აპოკალიპტური მოვლენები და თვითონ გადაწყვიტეთ ეს მოვლენები გლობალურია თუ ლოკალური. სხვათა შორის იმგვარი ტიპის განმარტებები, სადაც ლაპარაკია "კათოლიციზმზე"/"კომუნიზმზე"/"კაპიტალიზმზე" ან "პირველ მსოფლიო ომზე"/"მეორე მსოფლიო ომზე"/"ჩერნობილზე" და სხვა, ყველაზე მეტად უგულებელყოფენ ორ მომენტს: 1) მოვლენათა ზებუნებრივობას და 2) მოვლენათა გლობალურობას.
არც კათოლიციზმი, არც მსოფლიო ომები არ შეხებიან მთელ დედამიწას ისე, როგორც ეს აღწერილია აპოკალიფსისში; არ შეხებიან ყველა ქვეყანას, მთელ პლანეტას; ამ კონტექსტში ჩერნობილის კატასტროფის აღქმა აპოკალიფსისში ნაწინასწარმეტყველევ მოვლენად უბრალოდ სასაცილოა (ამის შესახებ იხ. ჩვენს უახლოეს განმარტებებში).
მაშ ვიხილოთ, რამდენად გლობალურია აპოკალიპტური მოვლენები:
მეორე ბეჭედი: "გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან (დედამიწიდან, მთელი პლანეტიდან - "აპოკ." რედ.) მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი (აპოკ. 6:4).
მეოთხე ბეჭედი: "შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით" (აპოკ. 6:8).
მეხუთე ბეჭედი: საკურთხევლის ქვეშ მყოფი წმინდანთა სულები, "ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ" (აპოკ. 6:9) ევედრებოდნენ უფალს: "როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან?" (აპოკ. 6:10) (ისინი ისრაელს კი არ გულისხმობენ, არამედ მთელ დაცემულ კაცობრიობას).
მეექვსე ბეჭედი: "საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ. ქვეყნის (დედამიწის - "აპოკ." რედ.) მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ" (აპოკ. 6:12-16).
გამოცხ. 7:1. "შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ". "ქვეყნის ოთხსავ კიდეზე" - იგულისხმება მთელი დედამიწა.
გამოცხ. 7:9. მეტყველებს დიდი ურვიდან მოსულ ურიცხვ ხალხზე, - "რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი". ეს ნიშნავს, რომ დიდი ურვა შეეხება დედამიწის ყველა ხალხს გამონაკლისის გარეშე.
1-ლი საყვირი - დედამიწის მესამედი გადაიწვება - არა ისრაელის ან კამჩატკის მესამედი, არამედ მთელი დედამიწისა: "პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა" (აპოკ. 8:7).
მე-2 საყვირის შემდეგ წყლის მსოფლიო რესურსების (ოკეანეების, ზღვების, ტბების და მდინარეების) მესამედი სისხლად იქცევა. არა ნილოსის ან შავი ზღვის ან რომელიმე ერთი დიდი ოკეანის, არამედ მთელი დედამიწის წყლები.
მე-5 საყვირი ლაპარაკობს იმაზე, რომ გაიღება უფსკრულის ჭა და ამოვარდება კვამლი, ხოლო კვამლიდან გამოვა "კალიის გუნდი ქვეყნად", რომელსაც მიეცემა ხელმწიფება, "მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ" (აპოკ. 9:3). ამრიგად ამჯერადაც ვხედავთ პლანეტარულ და არა ლოკალურ მოვლენას. ჯურღმულის კალია (რა არსებებია ეს არავინ იცის) შეესევა არა იერუსალიმს ან აშშ-ს ან რომელიმე სხვა ქვეყანას, არამედ მთელ პლანეტას, მთელ დედამიწას.
მე-6 საყვირი ამბობს, რომ კაცობრიობის მესამედი ამოწყდება: "და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა" (აპოკ. 9:15).
ბოლოს, როდესაც დიდი ურვის პერიოდში ანტიქრისტე მოკლავს ორ მოწმეს (ეკლესიის გადმოცემით ილიას და ენოქს): "დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი" (აპოკ. 11:10).
გამოცხ. 13:3. მთელი მსოფლიო განცვიფრდება და გაჰყვება მხეცს - მთელი კაცობრიობა გარდა უფლის შვილებისა და იმათი, ვისი სახელიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში, და თაყვანს სცემენ "ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს" და იტყვიან: "ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?" (აპოკ. 13:4).
გამოცხ. 13:7. ანტიქრისტეს მიეცემა ძალაუფლება იბატონოს მთელ დედამიწაზე - არა მხოლოდ ისრაელზე ან ამერიკის შეერთებულ შტატებზე, არამედ მთელ კაცობრიობაზე, გარდა იმათი, ვინც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. "და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას".
ცრუწინასწარმეტყველი ისე გააკეთებს, რომ მთელი დედამიწა და მისი მკვიდრნი თაყვანს სცემენ ანტიქრისტეს - არა ერთი რომელიმე ქვეყანა, არამედ მსოფლიოს ყველა სახელმწიფო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ აპოკალიპტური მოვლენები გლობალური, პლანეტარული მოვლენები გახლავთ.
მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ.