აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
იოანეს გამოცხადების ერთ-ერთი მოვლენა
(სატირული შარჟი აპოკალიფსისის რაციონალიზატორთა მიმართ)
წარმოიდგინეთ, რომ გჭირდებათ რომელიღაც მოვლენაზე განსჯა. თქვენ არ იცით, ეს სად დაიწერა, მაგრამ იცით, თუ რაზეა ლაპარაკი, თქვენ მხოლოდ ანალიზი და დასკვნის გაკეთება გჭირდებათ.
თქვენ გეუბნებიან:
არსებობს ანგელოზი. მას ღმრთისგან აქვს უფლება მოგვცეს ნიშანი, რომ განსაზღვრული მოვლენა ეს-ესაა დაიწყება. ანგელოზი ჯერ უმოქმედოდაა, სიგნალს ელოდება. მას, ანუ ანგელოზს, ღმერთი მის წინ მდებარე ოქროს საკურთხევლიდან ელაპარაკება და უბრძანებს: მიეც ნიშანი. ამის შემდეგ ანგელოზი იწყებს გარკვეულ მოქმედებას.
თქვენ ფიქრობთ, მაშ, ასე, ვხედავ ანგელოზს, ღმერთს და ოქროს საკურთხეველს ცაში, რომელიც ღმრთის წინაშეა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთია ცხადი - ადამიანი აქ არ მოქმედებს. ამის შემდეგ კი აგრძელებ კითხვას:
არსებობს ოთხი ანგელოზი, რომლებიც შეკრულნი არიან დიდი მდინარის ნაპირებთან. შენ იცი, რომ როდესაც ნათქვამია "დიდი", ლაპარაკი უნდა იყოს რომელიღაც დასაბამიერ მდინარეზე. უცებ გახსენდება, რომ ედემის ბაღში მოდიოდა მდინარე, რომელსაც იგივე სახელი ეწოდება. საინტერესოა - ოთხი ანგელოზი, შეკრულნი დიდ მდინარეზე (აპოკ. 9:14). ეს ანგელოზები, სავარაუდოდ, თავიანთ ჟამს ათასწლეულებია რაც ელოდებიან!
თქვენ გიხსნიან - ეს ოთხი ანგელოზი სპეციალურად იქნენ შეკრულნი და მომზადებულნი, რათა ისინი გაათავისუფლონ კონკრეტულ წელს, თვეს, დღესა და საათს. როგორც კი მათ ახსნიან, ისინი იმწამსვე დაიწყებენ კაცობრიობის 1/3-ის, ანუ დაახლოებით 1 700 000 000 (მილიარდ შვიდასი ათასი) ადამიანის ამოხოცვას (აპოკ. 9:15).
ამ მომენტამდე თქვენ ხედავთ მხოლოდ ანგელოზებს, ანეგლოზს, ოთხ ანგელოზს, დიდ მდინარეს (ევფრატს), ღმერთს, ღმერთის საყდარს, საკურთხეველს ცაში. ანუ დარწმუნებულნი ხართ, რომ ლაპარაკია გარკვეულ მოქმედებებზე სულიერ სამყაროში, რომლებიც პირდაპირი შედეგებით მოქმედებენ ფიზიკურ სამყაროზე, კერძოდ, - მილიარდობით ადამიანი დაიღუპება. მაგრამ თქვენ აზრადაც კი არ მოგდით, რომ ეს შეიძლება იყოს ჩინეთის ან გაერო-ს არმია, ტანკები ან ქვეთი შენაერთები - რადგან აქ იოტისოდენა მინიშნებაც კი არ არის მოცემულ მოვლენაში ადამიანთა მონაწილეობაზე. აქ ვერ ვხედავთ ადამიანთა არმიას, არამედ - ანგელოზებს, დაცემულ ანგელოზებს (შეკრულთ ცოდვათა გამო), ღმრთის ანგელოზს. ადამიანები აქ არ ჩანან.
თქვენ ფიქრობთ - ყველაფერი გასაგებია, ეს ღმრთის სამსჯავროა, რომლის დროსაც ის ახსნის ოთხ ანგელოზს, გამოუშვებს მათ სამყაროში, რათა გაანადგურონ 1/3 კაცთა.
შემდეგ თქვენ კითხულობთ - "და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი მილიონი". კი, მაგრამ, 200 მილიონი მხედარი? თუმცა, მოდი გავაგრძელოთ.
ამის შემდეგ მოდის ამ მხედრობის აღწერა:
"ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა" (აპოკ. 9:17-18).
მაშასადამე, მილიონობით ადამიანი იღუპებოდა "ცეცხლის, კვამლის და გოგირდისგან, რასაც აფრქვევდნენ მათი (ცხენების) პირები", რადგან "ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს" (აპოკ. 9:19).
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ ანგელოზს, დაცემულ ანგელოზებს, ღმერთს, საკურთხეველს ცაში, დაცემულ ანგელოზთა გათავისუფლებას, რომელთაც უფლება ეძლევათ კაცობრიობის 1/3-ის ამოწყვეტისა, ვხედავთ მილიონობით მხედარს ამხედრებულთ სრულიად დემონურ ცხენებზე, ხვედავთ, რომ ისინი ადამიანებს კლავენ სხვადასხვა საშუალებით (ცეცხლით, კვამლითა და გოგირდით), ულმობელი ამოწყვეტა გრძელდება, სანამ დედამიწაზე კაცობრიობის 1/3 (თითქმის ორი მილიარდი ადამიანი) არ ამოწყდება.
ამის შემდეგ ეს არმია ... დედამიწიდან ქრება!
დედამიწის მცხოვრებლები სწრაფად ეგებიან გონს (გუშინ ხომ მილიონობით კოშმარული მხედარი ულმობლად უსწორდებოდა დედამიწას) და მშვიდად აგრძელებენ ... დემონთა თაყვანისცემას. ეს ესაა დემონურმა არსებებმა ქარიშხალივით გადაუარეს დედამიწას, მოჰფინეს იგი ადამიანთა ცხედრებით, მიწის მცხოვრებნი კი, თითქოსდა არაფერიო მომხდარიყოს, აგრძელებენ მათ თაყვანისცემას - ანუ ისინი ირწმუნებენ, რომ ეს იყო არამართლმორწმუნეთა "წმენდა", რომ ისინი დაინდეს იმიტომ, რომ ისინი "მართლმორწმუნენი", ანუ სატანის კეთილგონიერი თაყვანისმცემლები არიან.
დედამიწის მცხოვრებლებმა მაინც არ შეინანეს თავიანთი ცოდვები: "დანარჩენებმა კი, - ნათქვამია აპოკალიფსისში, - რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი" (აპოკ. 9:20-21).
თქვენ ეს ყველაფერი წაიკითხეთ და გაიგეთ, რომ ეს ყველაფერი: - ანგელოზები, ანგელოზი, დემონები, დიდი მდინარე (ევფრატი), საკურთხეველი, კაცობრიობის 1/3 გაჟლეტვა, ჯადოქრობის, მკვლელობების, ქურდობისა და გარყვნილების აყვავება, - მესამე მსოფლიო ომია!!!
მორჩა, მთელი თავსატეხი ამოხსნილია, თქვენ მშვიდად მიდიხართ ჩაის დასალევად და დასასვენებლად. რა თქმა უნდა, თქვენ გიხსნიან, რომ ეს არის გამოცხადების წიგნის მეექვსე საყვირი და რა თქმა უნდა თქვენც გულში ეთანხმებით - ზუსტად, ეს ანგელოზები, ანგელოზი, საკურთხეველი, დემონები, მილიონობით მხედრები და სხვა ყველაფერი - NATO-ს რომელიღაც ქვეყნის ქვეითი ჯარია (მხედრობა, ყველა შემთხვევაში ქვეით ჯარს ნიშნავს), რომელიც იბრძვის, მაგალითად, ჩინეთის წინააღმდეგ.
ეს ხომ ნათლია, ფიქრობთ თქვენ - დიდი მდინარე ევფრატი ეს ხომ მდინარე ევფრატია, კიდევ რა? ნებისმიერი ხედავს, რომ ეს ყველაფერი მესამე მსოფლიო ომზე უთითებს. განსაკუთრებით ფრაზა: "ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა" (აპოკ. 9:15) მეტყველებს ბირთვულ ომზე, 4 თერმობირთვული ბომბი (ანგელოზები, ოდითგანვე შეკრულნი ცოდვისთვის, ყოველთვის თერმობირთვული ბომბების სახეები არიან, - განა არ იცოდით?).
ამრიგად, თავსატეხი გადაწყვეტილია - მეექვსე საყვირი ეს 4 თერმობირთვული ბომბია, 200 000 000 მხედარი NATO-ს ჯარია, მხედრები, რომლებსაც გველების მსგავსი კუდები ჰქონდათ, ვერტმფრენებია (ცხენები ხომ ოდითგანვე იყო ავიაციის ან ქვეითი ჯარის სიმბოლო, არ იცოდით?), რომლებიც რაკეტებს ისვრიან (გველის კბენა ხომ ყოველთვის სარაკეტო დარტყმის სინონიმია).
ამის შემდეგ აკეთებთ დასკვნას - ჩვენ ვცხოვრობთ მეხუთე საყვირის პერიოდში, ხვალ ან ზეგ მეექვსე ანგელოზი ჩაჰბერავს მეექვსე საყვირს და მესამე მსოფლიო ომიც დაიწყება. მაგრამ ვინ ვის წინააღმდეგ იომებს და რა კავშირშია არიან ამასთან ანგელოზები, საკურთხეველი ცაში, რატომ არის ღმერთი და მისი განკარგულება ომის კატალიზატორი გაუგებარია. ასვე გაუგებარია ვის და რისთვის სჭირდება დღეს 200 მილიონი ვერტმფრენი (უფრო ზუსტად ქვეითი ჯარი, ეს ხომ მხედრობაა!)?
ცხადზე უცხადესია, რომ ღმრთის სამსჯავრო, ომის 4 ანგელოზის ახსნითა და დემონთა არმიის მეშვეობით, გაწყვიტოს ადამიანთა 1/3, რომელთაც არა აქვთ ღმერთის ბეჭედი, ფანტასტიკა და წმიდა წერილის უცოდინრობაა. სამაგიეროდ წმიდა წერილის ცოდნა და დიდი სიბრძნეა ვერსია ბირთვული ომის, მილიონობით ქვეითი ჯარის (მხედრობა, ხომ ქვეითი ჯარია ოდითგანვე), რომლებიც საკმაოდ უცნაურად გამოიყურებიან (ლომის თავები, გველის კუდები და ცეცხლის მფრქვეველი პირები, როგორც ურჩხულებსა აქვთ, ეს თანამედროვე ჩაფხუტები, კუდები ვერტმფრენების შეწყვილებული ტყვიამფრქვევები, ხოლო "ცეცხლის მფრქვეველი პირები" ხელის ტანკსაწინააღმდეგო გრანატმტყორცნია ან კიდევ ცეცხლის მფრქვეველი იარაღებია. ცეცხლი, კვამლი და გოგირდი, ეს ხომ ცეცხლმფრქვეველი იარაღია, სხვა რა უნდა იყოს?! ხოლო მსოფლიოს კიდევ უფრო ჩაძირვა ჯადოქრობასა და დემონთაყვანისცემაში, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - მესამე მსოფლიო ომი კარზეა მომდგარი.
P. S. რა თქმა უნდა ეს სატირული შარჟია იმ ადამიანთა შეხედულებებზე, რომლებიც აპოკალიპტურ მოვლენებს თანამედროვე ტექნიკის ჭრილში აღიქვამენ, მაგრამ სერიოზულად თუ ვიტყვით, პირადად მე მწამს, რომ ის, რაც დაწერილია - ღმერთი ანგელოზს აძლევს საყვირს, ის ჩაჰბერავს, ღმერთი უბრძანებს მას ახსნას დიდ მდინარეზე დაბმული ოთხი ანგელოზი, რომლებიც სწორედ დიდი ჭირის პერიოდისთვის არიან მომზადებულნი, რათა დასაჯოს ანტიქრისტეს სამეფო. 200 000 000 მხედარი ჯოჯოხეთის დემონებია "ჯოჯოხეთის ცხენებზე" (იგივე დემონურ არსებებზე, რომლებიც სხვა დემონებს უფრო სწრაფ გადაადგილებაში დაეხმარებიან). გავიხსენოთ თუნდაც ფანტასტიკა - ნაზგულები და ჯოჯოხეთის მხედრობა. გავიხსენოთ სიკვდილის ანგელოზები ძველი აღთქმიდან და სხვა. გავიხსენოთ, რომ ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორი სახის დემონები არსებობენ! მე მწამს, რომ ეს მე-5 საყვირივითაა - დემონები შეუტევენ დემონურ იმპერიას, რაც იქნება ნიშანი იმისა, რომ - სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები უფალს უპყრია, და არა სატანას.
საიტი "აპოკალიფსისი". 13 თებერვალი. 2021 წ.