პუბლიკაციები - აპოკალიფსისი - მეექვსე ბეჭდის აღწერა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
აპოკალიფსისი: მეექვსე ბეჭდის აღწერა
(მოკლე გადმოცემა)
მეექვსე ბეჭდის მოხსნა
"და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე.

და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს.
 
და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ.  
 
ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?" (აპოკ. 6:12-17).
 
 
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ:
 
 
1. მეექვსე ბეჭედს მოხსნის იესუ ქრისტე.
 
2. ბეჭდის მოხსნას თან სდევს დიდი მიწისძვრა.
 
3. მზე კი არ იკაშკაშებს ცის კაბადონზე, არამედ გაშავდება, მთვარე კი სისხლივით გაწითლდება.
 
4. ვარსკვლავები გადმოცვივდებიან დედამიწაზე - რა თქმა უნდა ვარსკვლავებზე ბუკვალურად არ არის ლაპარაკი. აქ ორი ვარიანტი არსებობს - ან ეს უძლიერესი მეტეორიტული წვიმაა ან კიდევ სატანისა და მის ანგელოზთა გადმოყრა დედამიწაზე (შეად. "და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები" (აპოკ. 12:9).
 
5. ცის გრაგნილივით შეგრაგნვა შეიძლება აღნიშნავდეს იმას, რომ ცისქვეშეთი უკვე აღარ იარსებებს, რადგან ზეციური ვარსკვლავები მიწაზე დამოცვივდნენ (ჩვენი აზრით ესენი შეიძლება იყონ სატანა და მისი ანგელოზები), მაგრამ "იქ", ცაში (უფრო სწორედ ცისქვეშეთში) უკვე აღარავინ ცხოვრობს და ის არც არის საჭირო. მაგრამ ეს მხოლოდ კერძო აზრია. მეორე ვარიანტით, განადგურდება ატმოსფეროს ზედა ფენები, შესაბამისად, ამ დროს ჩვენ ვნახავთ ცაში მობობოქრე ქარბუქებს და, საერთოდ, ცა იქნება მეტად "უცნაური". თუმცა, სავარაუდოდ, ეს მუხლი უნდა გულისხმობდეს ცისქვეშეთის განადგურებას; ასევე შესაძლებელია ის, რომ ვარსკვლავთა დაცვენის შედეგად ატმოსფერო რადიკალურად შეიცვლება.
 
6. ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ - აქაც, ან ყველაფერი ბუკვალურად უნდა გავიგოთ, ანუ ეს იქნება დედამიწის ტექტონური ფილების რყევა და გადაადგილება, რაც შეიძლება მოხდეს მეგამიწისძვრის შედეგად, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ციდან "ვარკსვლავთა გადმოცვენის" შედეგი ან ალეგორიულად - ყველა მთავრობა, ქვეყანა, სახელმწიფო დაეცემა და მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემაც. არის მესამე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც შეიძლება ერთიც მოხდეს და მეორეც, რადგან ისინი ხელს არ უშლიან ერთმანეთს, პირიქით, უფრო ხელს უწყობენ ხსენებულ მოვლენებს. ფაქტობრივად ეს იქნება დღე, როდესაც უფალი მოვა და შეარყევს ცასა და მიწას.
 
7. "ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი", ანუ ყველანი, დიდიან პატარიანად (მეფეებიდან მოყოლებული მონებით დამთავრებული), სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მთელი კაცობრიობა, დაყრის ყველაფერს და სიკვდილის შიშით დაზაფრული თავშესაფრის ძებნას დაიწყებს, ადამიანები შეეხიზნებიან გამოქვაბულებს, ხევებს, მაგრამ, არ უწყიან, რომ ამაოა დაემალო ღმრთის სამართლიან რისხვას. ადამიანები ისურვებენ, რათა მთები და კლდეები დაემხოთ თავზე, ოღონდ არ იხილონ როგორ აკუწავს დედამიწას ღმრთის სამართლიანი მსჯავრი.
 
8. მაგრამ, ყველაზე მთავარია ის, რომ კაცობრიობა მიხვდება, - ეს უბრალო ბუნებრივი კატაკლიზმები ან ტექნოგენური კატასტროფები კი არ არის, არამედ ღმრთის რისხვის დიადი დღე, და მიხვდებიან, რომ მოახლოვდა ღმრთის კრავის, იესუ ქრისტეს რისხვის დღე! ისინი მიხვდებიან, რომ ვერავინ დაუდგება წინ სამყაროს აღსასრულს, სიკვდილს მოუხმობენ, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ (შეად. 5 აპოკალიფსურ საყვირს და ჯოჯოხეთის კალიას).
 
თუმცა ეს ყველაფერი როდია.
 
წინასწარმეტყველი ესაია აღწერს ხილვას, რომელიც აბსოლუტურად მეექვსე ბეჭდის იდენტურია: "შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.  იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა. რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება" (ეს. 2:19-21).  
 
აქ დამატებით დეტალებს ვხედავთ - მეექვსე ბეჭედი ეს არის დღე, როდესაც ღმერთი დედამიწას შეაზანზარებს. ადამიანები გადაყრიან თავიანთ კერპებს, რადგან უკვე ვერანაირი კერპი მათ ვეღარ უშველით, სხვათა შორის ვერც მხეცის ხატიც - და მთელი დედამიწა შეზანზარდება იმისგან, რომ დგება დღე უფლისა, დღე კრავის მრისხანებისა და ვერავინ დაუდგება გარდა იმისა, ვინც დგას კლდეზე, ხოლო ის კლდე არის ქრისტე.
 
მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ (26.01.2021).
Назад к содержимому