აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
აპოკალიფსისი და ცრუწინასწარმეტყველებანი
ამ ბოლო 2019-2020 წლებში, როგორც არასდროს, გამოჩნდა "წინასწარმეტყველთა" უპრეცედენტო რაოდენობა (განსაკუთრებით აშშ-სა და რუსეთში), რომლებიც "გამოღვიძებაზე", "წინ გარღვევაზე", "აყვავებაზე" და მრავალ სხვა ფანტასტიკურ მოვლენაზე წინასწარმეტყველებდნენ... როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა მათგანის "წინასწარმეტყველება" ხუხულასავით დაიფშვნა.
ყველა "წინასწარმეტყველება" იმის შესახებ, რომ კოვიდ-19 ორ კვირაზე მეტ ხანს ვერ გასტანდა და, მას რომ აპრილის თვეში განდევნიდნენ; ან კიდევ, - თუ დავიცავდით მარხვას და ვილოცებდით პანდემია დასრულდებოდა და ა. შ. - არ შესრულდა.
"წინასწარმეტყველებდნენ", რომ მსოფლიოში იქნებოდა არნახული სტაბილურობა - სინამდვილეში მოვიდა არნახული დესტაბილიზაცია.
"წინასწარმეტყველებდნენ", რომ იქნებოდა ჩიპიზაცია და ზომბივაქცინაცია - დღემდე მსგავსი არაფერი ჩანს.
"წინასწარმეტყველებდნენ" (სექტანტები), რომ ეკლესიის აღტაცება ცაში იქნებოდა 20 სექტემბერს - არაფერი მოხდა.
"წინასწარმეტყველება", რომ აშშ ტრამპის მეთაურობით საყოველთაო მშვიდობას დაამყარებდა - ჩაიფუშა, რადგან მთელი 5 თვე ბობოქრობდა BLM (Black Lives Matter – "შავკანიანების სიცოცხლე მნიშნელოვანია") პროტესტები და დარბევები.
მაგრამ, რაც მთავარია - როგორი რწმენით, შემართებით და მოშურნეობით აცხადებდნენ ქრისტიანები სულიერ სამყაროში, თითქოსდა ჰქონდათ ხილვები და გამოცხადებები, რომ ტრამპი მოიგებდა. დღემდეც აცხადებენ, რომ მოიგებს, თუმცა ახლა ის მოგებას მხოლოდ სამოქალაქო ომის მეშვეობით თუ შეძლებს.
მაშ, რაშია საქმე? რა არის ეს? ფანტაზია?
დიახ, რა თქმა უნდა! - ეს არის ცრუწინასწარმეტყველთა ფანტაზია. სასურველის გამოცხადება რეალობად, რომელსაც ცხოვრებაში არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
თუმცა, საქმე მაინც ამაში როდია. უფალი კვლავ და კვლავ აფრთხილებს ყველას: ნუ ეთამაშებით რიცხვებს, თარიღებს და სახელებს, - ეს თქვენი საქმე არ არის!
გაიტანეთ თქვენი ინტერნეტ გვერდებიდან უსასრულო მსჯელობები ათასგვარ თეორიებზე, სადაც მოცემულია კონკრეტული სახელები და თარიღები, სახელდება კონკრეტული მოვლენები (რომლებიც ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველევი არ არის - მაგალითად, ჩიპიზაცია), ეს ყველაფერი ყავის ნალექით მკითხაობაზე უფრო ავტორიტეტულიც კი არ არის.
მსოფლიო უკვე აღარც რეაგირებს "ქრისტიან" წინასწარმეტყველთა პროგნოზებზე სტილში "როგორც უფალი ამბობს", სინამდვილეში კი არაფერი ხდება. თუკი რომელიმე ბლოგერი ან დენომინაციის წარმომადგენელი, ან კიდევ პოპულარული იუთუბერი იტყვის: "ასე ამბობს უფალი, ტრამპი ხელმეორედ გახდება პრეზიდენტი", - იცოდეთ, ამგვარი "წინასწარმეტყველები" ბრმა მსროლელებივით არიან, რომლებიც იმედოვნებენ, რომ შემთხვევით გაარტყამენ; და თუ გაარტყეს, მით უფრო საშიში და მომატყუებელი იქნება მათი მომდევნო "წინასწარმეტყველება", რადგან ეს უფლის წინასწარმეტყველებები კი არა ადამიანთა ფანტაზიებია, ეს გახლავთ ის, რაც მათ სურთ იხილონ და მოისმინონ. ეს არის სასურველის გამოცხადება რეალობად. ეს არის - ხიბლი. არც მეტი - არც ნაკლები.
ჩვენ ბიბლიით მოგვეცა უკანასკნელი დღეების მკაფიო კონტურები:
მეძავი ბაბილონი - 10 მეფე - მე-4 სამეფო - ანტიქრისტე - ხელშეკრულება - 3,5 წლიანი მშვიდობა - შემდეგ ხელშეკრულების გაწყვეტა - მხეცის გამოაშკარავება - საღმრთო სასჯელების დაწყება: საყვირები და თასები - მეორედ მოსვლა - სატანის და ანტიქრისტეს ჩაგდება ცეცხლის ტბაში - მარადისობა.
მაგრამ, ჩვენთვის არავის მოუცია ამ მოვლენათა არც დაწყების და არც დასრულების თარიღები, არც ვინმეს ვინაობა, არც იმ ქვეყნების სახელები, სადაც განვითარდება ძირითადი პერიპეტიები. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, რათა არ ვიმკითხაოთ, თუ რა მოხდება და როგორ. როდესაც აპოკალიპტური მოვლენები დაიწყება, უფლის მიერ განბრძნობილნი ყველაფერს მიხვდებიან. ხოლო უკეთურნი, რაც გინდ შეაგონო, ისეთივე უგულისხმონი დარჩებიან, როგორებიც იყვნენ.
ნურასოდეს ილაპარაკებთ ღმერთის სახელით, რათა ღმრთის მიერ არ დაისაჯოთ!
თეორიას უწოდეთ თეორია, სიზმარს სიზმარი, ხოლო კონსპიროლოგიური "წინასწარმეტყველებები" გადააგდეთ სანაგვეში. შემდეგ ნუ დაიწყებთ ქექვას ამავე სანაგვეში და ნუ ამოიღებთ იქიდან მორიგ "სენსაციას" რომელიღაც მეგა-წინასწარმეტყველზე, შეთქმულებაზე და ანტიქრისტეზე, რადგან ამ ნაგავს ძალიან ცუდი სუნი სდის და მისი მფლობელის უგულისხმობას ამხელს.
შეამოწმეთ თქვენი წყაროები, ყველაფერი წმიდა წერილითა და წმიდა მამათა სწავლებებით გადაამოწმეთ; უბრალოდ ნუ დააკოპირებთ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ყოველგვარ მასალას, სადაც 2000 წლიდან მოყოლებული ათასგვარი სისულელე იწერება სამყაროს აღსასრულზე.
გახსოვდეთ, როდესაც ვინმე წერს "ვატიკანი ეს ბაბილონია", ის ამ სიტყვებზე პასუხს აგებს, როგორც ქარაფშუტა და უგუნური ადამიანი, რომელიც წერს ისე, რომ არც კი ფიქრობს რას წერს. მაგრამ, თუკი ვინმეს ჰგონია, რომ "ვატიკანი ბაბილონია", მაშინ, მოდი, ასეც დაწეროს და განაცხადოს, რომ ეს მისი აზრია და არა შეუვალი ჭეშმარიტება. თანაც დაუმატოს, თუ რატომ ჰგონია ასე. ხოლო თუკი ვინმეს არგუმენტად ვერ მოჰყავს წმიდა წერილის ვერც ერთი ადგილი, მაშინ ის მაინც დაწეროს, რომ "ასე ფიქრობს", რათა ვიცოდეთ საქმე კერძო, დაუსაბუთებელ შეხედულებასთან რომ გვაქვს და არა წმიდა წერილისეულ გამოცხადებით ჭეშმარიტებასთან. თუ ვინმე ასე არ წერს, ჯობდა საერთოდ არ ეწერა, რადგან აცთუნებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც, ამისთვის კი მკაცრად მოეკითხება განკითხვის დღეს, რადგან ლაპარაკობს უფლის სახელით, როდესაც უფლისგან ამისი უფლებამოსილება არ მიუღია.
ვინმე თუ ამ სიტყვებს შემოუბრუნებს ჩვენს საიტს, მაშინ კეთილი ინებოს მან და მიგვითითოს სად გამოვაქვეყნეთ კონკრეტული ვადები, თარიღები, ქვეყნები ან სახელები?... ჩვენ ასეთ მასალას არ ვაქვეყნებთ, მითუმეტეს აპოკალიპტურ თემებზე. ხოლო თუ ვაქვეყნებთ, მკითხველი ინფორმირებულია - კერძო აზრია ეს, სამეცნიერო შეხედულებაა თუ ვიღაცის სიზმარი.
რაც შეეხება ანტიქრისტეს - არასოდეს გვითქვამს თუ ვინ არის იგი, რადგან ეს არავინ იცის...
მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოვა "მეოთხე მხეცი", რომელიც "მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას", როდესაც ამ სამეფოდან აღდგება ათი მეფე ... მათ შემდეგ გამოვა "სხვა" (ანუ ანტიქრისტე), რომელიც "განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს" (იხ. დანიელი 7:23-24), მხოლოდ მაშინ შევძლებთ ვთქვათ, თუ ვინ იქნება ანტიქრისტე. რადგან მისი უსჯულოება უკვე სრულიად გამოაშკარავდება "უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას", დაერევა ქრისტიანებს და უამრავ მათგანს მუსრს გაავლებს, "ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო" (დანიელი 7:25).
აი მაშინ ვიტყვით სწორედ, - დიახ, ეს არის 11-ე მეფე, ანტიქრისტე. მაგრამ ახლა, როდესაც მეძავი ბაბილონიც კი არ ვიცით ვინ არის, რომელი ქვეყანაა, მკითხაობა ყავის ნალექზე და ვარაუდების გამოთქმა ქვეყნებსა თუ პიროვნებებზე - თითქმის იგივეა, რაც ბალაგანური შარლატანობა, რომელიც მომავალს ხელზე მკითხაობით "გიწინასწარმეტყველებს".
მაშ, ნუ ივლით არაქრისტიანულ სანაგვეზე, ნუ აიღებთ წყალს ბინძური წყაროდან, გაფილტრეთ წყაროები როგორც არასოდეს, გაფილტრეთ ყველაფერი წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის, წმიდა მამათა სწავლებების შუქზე, კარგად შეისწავლეთ ის, რაც გესმით და რასაც ხედავთ, ნუ წამოეგებით ეშმაკის ანკესზე, რომელიც უფლის სახელით ცდილობს აცთუნოს მართალნიც კი თუკი შეძლებს და ირწმუნება: "ასე თქვა უფალმა", "ასე იქნება", "ეს სახელი ერქმევა ანტიქრისტეს" და "ამა და ამ დღეს გამოჩნდება"...
თქვენი ბედი და მომავალი თქვენს ხელთაა... ნუ გაებმებით ეშმაკის მახეში... იფხიზლეთ.
გწყალობდეთ ღმერთი.
"აპოკალიფსისის" რედაქცია.
10.12.2020 წ.