პუბლიკაციები - რას ამბობდა ქრისტე ბოლო ჟამის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რას ამბობდა ქრისტე ბოლო ჟამის შესახებ
აპოკალიფსისი
ავტორი: მღვდელი ვლადიმირ პანარინი.

მსოფლიოში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ადამიანებს აუტანელი შიში იპყრობთ. დაკეტილი ტაძრები, კრძალავენ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას, რა იქნება შემდეგ? ნუთუ ეს დასასრულია? მოდი ვნახოთ, რა თქვა თვით ქრისტემ, როდესაც მოციქულებმა ჰკითხეს:
"გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება?" (მარკ. 13"4)

მთელ ახალ აღთქმაში შეიძლება ვიპოვოთ 14 მონაკვეთი: ოთხი სახარებებში და ათი მოციქულთა ეპისტოლეებში. პლიუს ამ თემას ეძღვნება მთელი აპოკალიფსისი, ანუ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება.
 

რას ბრძანებდა თვით ქრისტე?

მოდი, სამყაროს აღსასრულის ნიშნები დავყოთ 2 ნაწილად: 1) "ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული" და 2) "მეორედ მოსვლის წინ".


ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული

 
ეს პერიოდი მოიცავს შემდეგ მოვლენებს:

1) "ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:5).

2) "გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული" (მათე 24:6).

აქ ძნელია კომენტირება. რადგან დღეს სექტებიც უხვად არიან მომრავლებულნი და აფერისტებიც, მაგრამ ვერ ვხედავთ ვინმეს ეთქვა: "მე ვარ მესია" - ამგვარი მწვალებლები ჯერ არ გამოჩენილან. ხოლო ომებსა და ომების ამბებზე გვესმის მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში.

მეორედ მოსვლის წინ

3) "რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" (მათე 24:7)
 
4) "ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია" (მათე 24:8)

5) "მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო" (მათე 24:9)

6) "მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს" (მათე 24:10)

7) "მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს" (მათე 24:11)

8) "და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (მათე 24:12)

9) "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14)

განვმარტავ:

ჩვენ დავინახეთ, რომ XX საუკუნე მდიდარი იყო ომებით, ამ საუკუნეში მოხდა ორი მსოფლიო ომი, როდესაც "სამეფო აღდგა სამეფოს წინააღმდეგ". ასევე გასულმა საუკუნემ გაგვაკვირვა ქრისტიანთა მივიწყებული დევნულებით, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ანადგურებდა მღვდლებს და ყველას, ვინც კი ტაძარში დადიოდა. ახლა კი პლანეტაზე "სიტყვის ბლოკირების" აჩრდილი დაიარება, რასაც ადამიანები სასოწარკვეთილებასა და ძრწოლაში მოჰყავს.
 
მაგრამ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ქრისტიანები ჯერაც არ მოუძულებია "ყველა ხალხს უფლის სახელის გამო". ასევე იხილეთ როგორია მოვლენათა თანმიმდევრობა:

 
ომები > შიმშილობა, ჟამიანობა და მიწისძვრანი  > სალმობათა დასაბამი > ქრისტიანთა დევნა > ქრისტიანთა მკვლელობანი >  აღდგებიან ცრუწინასწარმეტყველნი და აცდუნებენ მრავალს


ვერ ვხედავთ მსოფლიო შიმშილს, ვერც უძლიერეს მიწისძვრებს, სალმობანი უნდა იყოს რამოდენიმე, შემდეგ მოდის ქრისტიანთა განადგურება (ვერც კი წარმომიდგენია, რა მიზეზი უნდა მოიფიქრონ ამის დასაწყებად). ჯერ ვერ ვხედავთ ცრუწინასწარმეტყველთ, რომლებმაც აცთუნეს მრავალნი.


გაპარტახების სიბილწე

განსაკუთრებულ ძრწოლას იწვევს სიტყვები, როდესაც ყველაფერი უნდა დაყარო და გაიქცე.

"ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),  მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ.  და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.  18 ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად.  ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.  ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:15-21).

რას ნიშნავს გაპარტახების სიბილწე წმიდა ადგილზე? წმიდა მამათა განმარტებით ლაპარაკია წმიდა ადგილთა შებილწვაზე. როდესაც ტაძრებში, სადაც ღმერთს უნდა ადიდებდნენ, დადგამენ ანტიქრისტეს ან ეშმაკის ხატს. ამ სიტყვებში ასევე გულისხმობენ ადამიანთა გულების შებილწვას, რომელშიც არაფერი წმიდა აღარ დარჩება.
 


საბოლოო აღსასრული

აი ეს სიტყვები კი მართლაც შემაძრწუნებელია:

"და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.  და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით" (მათე 24:29-30).

ანუ, ქრისტიანთა საშინელი დევნულების შემდეგ, როდესაც დახოცავენ უამრავ ქრისტიანთ, რომლებიც შეიძულეს ხალხებმა, ხოლო ტაძრებში დაიდგმება რაღაც საძაგელი, დედამიწისკენ გამოემართებიან კომეტები. ისინი დაჰფარავენ მზეს და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს (რაც ლოგიკურია, რადგან მთვარე ირეკლავს მზის ნათებას). ვარსკვლავების დაცემა - შეიძლება გულისხმობდეს მეტეორიტულ წვიმას.

ლუკას სახარებაში დაკონკრეტებულიც კი გახლავთ: "შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი" (ლუკა 21:26). ანუ ადამიანებს ბოლოს მოუღებს შიში, როდესაც ისინი დაინახავენ, თუ როგორ მოფრინავს დედამიწისკენ რაღაც, რაც ფარავს მზეს და უნდა შეეჯახოს ჩვენს პლანეტას. როგორც ჩანს, ჯერ აქამდე საქმე არ მისულა.
 

დასკვნები

როგორც გინდ გვაშინებდნენ, ჩვენ ღმერთით ვცხოვრობთ და მისგან მივიღეთ უკვდავება. პატიოსან კაცს, მითუმეტეს ქრისტიანს - ყოველთვის უჭირდა წუთისოფელში. ის განიცდიდა დევნას ადამიანებისგან ან კიდევ შინაგან საცთურებს. სამართლიანი საქმისთვის ბრძოლა და იდეალების დაცვა - ყოველთვის ითხოვს თავდადებას!

თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იფიქროს საკუთარ უკანასკნელ ჟამზე, როდესაც სული გაშორდება სხეულს და წარდგება ღმრთის კერძო სამსჯავროზე. ამიტომაც მოუკლებელი ლოცვით, ცოდვათა სინანულით და ზიარებით განვკურნოთ ჩვენი სულები. ამით კი ნებისმიერ დროს ვაჩვენებთ, რომ არ გვეშინია აღსასრულის, რადგან ის ჩვენთვის - მხოლოდ მარადიული სიცოცხლის დასაწყისია.

წყარო: https://zen.yandex.ru/media/popbloger/chto-govoril-hristos-pro-poslednie-vremena-5e81d10296544a69b3c4fb9a
Назад к содержимому