სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი
სინქრონიზაცია საზოგადოებაში და ბრბოს ეფექტი
შეგინიშნავთ თუ არა, რომ ბრბოში დგომისას, უეცრად იწყებთ საკუთარი ქცევის შეთანაწყობას გარემომცველ ადამიანთა ქცევასთან, თუნდაც ეს მოქმედებები არ გახასიათებდეთ? ახლა მოგიყვებით, რაში მდგომარეობს ამგვარი ქცევის მიზეზები.
როგორ ხდება სინქრონიზაცია
სინქრონიზაცია საზოგადოებაში - ეს არის პროცესი, როდესაც ადამიანები იწყებენ მოქმედებას, ფიქრს ან სამყაროს აღქმას ერთმანეთის მსგავსად, მიუხედავად იმისა, ემთხვევა ასეთი ქცევა მათ პირად დამოკიდებულებებს თუ არა. ამ მოვლენებს შეიძლება დავაკვირდეთ ყოველდღიური ჩვევებიდან მასობრივ პროტესტებამდე ან, პირიქით, დღესასწაულებამდე. ამ კონტექსტში ბრბოს ეფექტი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება, რომელიც წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება კოლექტიურმა ქცევამ არსებითი გავლენა მოახდინოს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე და მოქმედებაზე.
აი ამგვარი მოვლენის რამოდენიმე მაგალითი:
- ადამიანები იწყებენ ერთნაირ ტემპში სიარულს, როდესაც მოძრაობენ ქუჩაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
- მასობრივ დღესასწაულებზე ან მიტინგებზე ადამიანთა ჯგუფი შეიძლება სინქრონულად აპლოდირებდეს ან გაჰყვიროდეს ლოზუნგებს.
- კორპორატიულ გარემოში თანამშრომლებმა შეიძლება მუშაობა დაიწყონ ერთნაირ სტილში, თანაშეეწყონ საერთო სამუშაო ატმოსფეროს.
- სპორტულ ღონისძიებაზე გულშემატკივრები ხშირად იწყებენ სიმღერას ან ერთნაირ მოძრაობებს, სინქრონიზაციაში მოჰყავთ საკუთარი მოქმედებები სხვათა მოქმედებებთან.
ასეთი ქცევა აიხსნება ინსტინქტებით, რომლებიც ჩვენში დასაბამიდან არის ჩადებული. სინქრონიზაცია გვეხმარება გადარჩენასა და ადაპტირებაში, რადგან უზრუნველყოფს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და მინიმუმამდე დაჰყავს კონფლიქტური ვითარებები. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს შეიძლება შევამჩნიოთ წვრილმანებში, მაგალითად, როდესაც ადამიანები ხედავენ, თუ როგორ ჩერდება ვიღაც მოქალაქე და ცაში იწყებს ყურებას, სხვები ინსტინქტურად ჩერდებიან და ისინიც ცისკენ იყურებიან, თუმცა არ იციან, რამ მიიქცია პირველი ადამიანის ყურადღება.
ბრბოს ეფექტი
ბრბოს ეფექტი - ეს არის მოვლენა, რომლის დროსაც ადამიანების ქცევა იცვლება უმრავლესობის გავლენით, როდესაც ადამიანები ჯგუფში იწყებენ ერთნაირად მოქმედებას ან მისდევენ საერთო შეხედულებებს, თუნდაც ეს მათი პირადი, ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისგან განსხვავდებოდეს. ამას ხშირად მივყავართ მოულოდნელ და ზოგჯერ არარაციონალურ ქცევებამდე, რომლებსაც ადამიანი ცალკე ყოფნისას არ შეასრულებდა. ბრბოს ეფექტს შეიძლება დავაკვირდეთ სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში - პოლიტიკური მიტინგებიდან სპორტულ ღონისძიებებამდე.
ბრბოს ეფექტის უბრალო მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ მასობრივ კონცერტებზე. როდესაც ადამიანთა დიდი ჯგუფი იწყებს სიმღერას ან ერთნაირ მოძრაობებს, ყოველი ადამიანი ბრბოში ინტუიტიურად მონაწილეობს ამ კოლექტიურ მოქმედებაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე თავიდან არ იყო განწყობილი აქტიური მონაწილეობა მიეღო ბრბოს მოქმედებებში, გარემომცველთა გავლენა აიძულებს მას იმოქმედოს დანარჩენებივით. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანი სხვათა მოქმედებას აღიქვამს როგორც ნორმას და ხშირად გაუცნობიერებლად ბაძავს მათ.
ბრბოს ეფექტის გავლენა გამოიხატება რამოდენიმე ასპექტში:
ემოციური მიბაძვა. ადამიანები ბრბოში იწყებენ იმავე ემოციების შეგრძნებას, რასაც სხვები, იქნება ეს სიხარული, მრისხანება, შიში თუ აღტყინება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი უწესივრობები ან, პირიქით, ერთობის მომენტები და ეიფორია.
პასუხისმგებლობის დაკნინება. დიდ ჯგუფებში ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ ისინი პირადად არ აგებენ პასუხს თავიანთი ქმედებებისთვის. ეს მოვლენა დეინდივიდუაციად იწოდება. ადამიანი გრძნობს ნაკლებ პასუხისმგებლობას, როდესაც ბრბოში მოქმედებს.
მიბაძვა და თანხმობა. ადამიანი თუნდაც არ იზიარებდეს უმრავლესობის შეხედულებას, მან შეიძლება დაიწყოს მათი მიბაძვა, რათა იზოლირებული არ აღმოჩნდეს ან არ გამოირჩეს მათგან.
როდესაც ბრბოს ეფექტი საშიში ხდება
ბრბოს ეფექტი ყოველთვის როდია უწყინარი. ზოგჯერ მან შეიძლება გაუთვალისწინებელ და საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მაგალითად, პანიკის მომენტში, როდესაც ბრბო იწყებს მოძრაობას ან მოქმედებას რაიმე ნათელი მიზნის გარეშე, ხშირად ჩნდება ჭყლეტის ტრაგიკული შემთხვევები ან არასანქციონირებული პროტესტები. არსებობს მაგალითები, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაცია გადადის ძალადობაში, ხოლო ადამიანების მოქმედება ბრბოში ხდება აგრესიული. ეს ხდება მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ეჭვები და საღი აზროვნება გადადის მეორე პლანზე, და ადამიანი სრულიად ემორჩილება კოლექტიურ განწყობას.
როდესაც ადამიანთა დიდი რაოდენობა იკრიბება შეზღუდულ სივრცეში და გრძნობს ემოციებს, როგორიცაა აღგზნებადობა, აგრესია ან შიში, ვითარება შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ბრბოს ეფექტმა შეიძლება ადამიანები მიიყვანოს იქამდე, რომ ისინი დაიწყებენ ირაციონალურ და აგრესიულ მოქმედებებს, თუნდაც თავიდან სულაც არ ყოფილიყვნენ განწყობილნი ძალადობისკენ.
წყარო: https://vc.ru/flood/1717559-sinhronizaciya-v-obshestve-i-effekt-tolpy
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2025 წ.
