ფსი-ფაქტორი - სამედიცინო დეონტოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი
სამედიცინო დეონტოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხი
კლერიკოგენია
რეზიუმე: როგორც ცნობილია, მედიცინაში არსებობს ტერმინი "იატროგენია", რომელიც გულისხმობს სამედიცინო პერსონალის მიერ უნებლიედ პროვოცირებული პირის ფიზიკური ან ემოციური მდგომარეობის გაუარესებას. ჯანმრთელობის დარღვევის გარდა, იატროგენიის შედეგია: მენტალური კომპლექსების ჩამოყალიბება, ყოველდღიური სტერეოტიპების შეცვლა, ინვალიდობა და სიკვდილიც კი. მედიცინის პარალელურად, უძველესი დროიდან სულსა და ხორცს რელიგიურ ინსტიტუტებში მკურნალობენ. მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ათეისტური რეჟიმის მემკვიდრეობის წყალობით, ღირსეულ პირებთან ერთად მსახურობენ სასულიერო პირები, რომლებიც არაკომპეტენტურად ერევიან სამკურნალო მანიპულაციებში, აქვთ უარყოფითი პიროვნული მაგალითები, გამოირჩევიან უტაქტობით, უწესრიგობით, სიტყვიერი შეურაცხყოფით და მუქარით. მათი "მითითებები" ხშირად ისეთ შედეგებს იწვევს, როგორიცაა იატროგენია. იმისათვის, რომ დავახასიათოთ ასეთი ქმედებები, ჩვენ შემოვიღეთ ტერმინი "სასულიერო გენეზისი", რომელიც განსაზღვრავს საეკლესიო პირების მიერ უნებლიედ გამოწვეულ დაავადებებს, ამგვარად, ჩვენ ნიადაგს ვამზადებთ ახალი მიდგომებისთვის, რათა აღმოვფხვრათ უარყოფითი პროცესები საეკლესიო მსახურებაში.
ავტორი: ზურაბ ქუთათელაძე. საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

მედიცინა მოწოდებულია ადამიანთა ფსიქიკური და ფიზიკური სნეულებების სამკურნალოდ. მაგრამ ხდება, რომ მედიცინის მუშაკი არათუ კურნავს დაავადებას, არამედ თავად აღმოჩნდება ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზის რანგში. ამ საკითხის მსაზღვრელად მედიცინაში არსებობს სპეციალური ტერმინი, რომელსაც იატროგენია ეწოდება.

იატროგენია არის პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა, გამოწვეული ექიმის დაუდევარი სიტყვით ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ხოლო თუ მსგავსი საქციელის მიზეზია ექთნის არასწორი საქციელი – ეს კვალიფიცირდება სოროროგენიად. იატროგენიას, ჯანმრთელობის გაუარესების გარდა, შედეგად მოსდევს ფსიქიკური კომპლექსების ფორმირება, ავადმყოფის ცხოვრების ჩვეული ყოფის შეცვლა, მისი დაინვალიდება და თვით სიკვდილიც კი.

იატროგენიის მიზეზები შეიძლება გახდეს: ავადმყოფთან ურთიერთობაში ზედმეტად მკაცრი ტონი, ან პირიქით – ფამილარული დამოკიდებულება; ექიმის უტაქტო შენიშვნა ან უხეში მოპყრობა; პაციენტთან ზერელე საუბარი; საზიანო მედიკამენტოზური დანიშნულება; მედიკოსებს შორის ავადმყოფის თანდასწრებით წარმართული კამათი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; ავადმყოფის ხელში მისი დაავადების ისტორიის მოხვედრა; ავადმყოფისათვის გადაცემული ინფორმაციის გაურკვევლობა და მისთ.

თუ იატროგენიად კვალიფიცირდება დაავადება, გამოწვეული ექიმთან კონტაქტის შედეგად მიღებული ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმით, მსგავსი ტრავმის მიღება დღეს მოქალაქეებს შეუძლიათ არა მარტო საავადმყოფოს კედლებში.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მოსახლეობამ განვლო საბჭოური ათეიზმის პერიოდი, მრევლი დადის მართლმადიდებლურ ტაძარში "საკურნებლად სულისა და ხორცისა", როგორც ამას აღიარებს და წარმოთქვამს ზიარების შემდეგ. და, არცთუ იშვიათად, თვით ფიზიკური სნეულების დროსაც ის ჯერ ეკლესიას აკითხავს საკურნებლად, და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ისევე, როგორც იატროგენიის შემთხვევაში საავადმყოფოდან, არცთუ იშვიათად ბრუნდება იქიდან არა სულიერად და ფიზიკურად გაჯანსაღებული, არამედ ვნებული და დაზიანებული.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

1. საეკლესიო მსახურთა გადაჭარბებული თვითშეფასება – ეგრეთ წოდებული "მლადოსტარჩესტვო" – ბრძანებითი რჩევებითა და მკაცრი ეპიტიმიებით;

2. არაკომპეტენტური ჩარევა სამედიცინო მანიპულაციებში;

3. პირადი ნეგატიური მაგალითები;

4. პიროვნული უტაქტობები: დაუდევრობები, სიტყვიერი შეურაცხყოფები, მუქარა.


1. "მლადოსტარჩესტვო". საეკლესიო მსახურთა გადამეტებულ მოწადინებათა გარკვეული სახეობის აღსანიშნავად სლავურ საეკლესიო სივრცეში არსებობს ტერმინი "მლადოსტარჩესტვო" (ცრუსულიერების აღმნიშვნელი ტერმინი) – საეკლესიო ცხოვრების არაჯანსაღი მოვლენა, როდესაც ახალგაზრდა ან სულიერად გამოუცდელი საეკლესიო პირები მიიწერენ სულიერების განსაკუთრებულ მადლმოსილებას, ისეთს, როგორიც სინამდვილეში აქვთ მხოლოდ განსაკუთრებული მადლის მქონე სასულიერო მოღვაწეებს. ცრუსულიერების მქონეთა მთავარი შეცდომა მდგომარეობს საკუთარი გონებისა და ნებისყოფის სულიწმინდის მადლად წარმოდგენაში და ამ ნიადაგზე საერო პირების მცდარი გზით დამოძღვრაში.

არცთუ იშვიათად ეს პირები აპოკალიფსური განწყობილებით მწყემსავენ მრევლს და ცდილობენ მათ სრულ დამორჩილებას და მათზე საკუთარი ზეგავლენის დღითიდღე გაფართოებას. მათ აქვთ მსმენელთა მრავალრიცხოვნობაზე მოთხოვნილება, ატარებენ ბელადობის შეფარულ ტენდენციებს, რასაც ხშირად მათი ქადაგების სიტყვები მოწმობს: "როდესაც ტაძარში შემოსილი ვდგავარ, ჩემი პირით თვით უფალი გესიტყვებათ და ჩემი ნების ასრულებით თვით ღმერთის ნებას ასრულებთ!"

მათ იოლად შეუძლიათ გადაჭრან ადამიანთა ბედი – მაგალითად, საკუთარი უფლებების მაღალი საკარცხულიდან პირდაპირი მითითება მისცენ მრევლის წევრებს ერთმანეთზე დასაქორწინებლად, სამსახურის მიმართ სამომავლო დამოკიდებულების განსასაზღვრავად თუ იმ "საზეო" საკითხთან დაკავშირებით, იყოლიონ თუ არა სახლში კატა, რომელმაც შეიძლება მადლი გაიტანოს ოჯახიდან.

თუ პიროვნებას ვერ დაიყოლიებენ, არ გაუჭირდებათ, დაემუქრონ "შეკვრით" – უკეთუ ეს უფლება თვით მაცხოვრისაგან აქვთ ბოძებული ("ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა"), რაიმე სნეულებით, რომელიც თავისუფალ ნებას შეუზღუდავს მათ. ან სულაც ტაძრიდან გასტუმრებით.

ასე და ამგვარად, "მლადოსტარცები" ემსგავსებიან წარმართობის დროინდელ ქურუმებს და თანამედროვე ექსტრასენსებს, რომელთაც, სხვათა შორის, თვითონ განაქიქებენ.

ამრიგად, მართლმადიდებლური ტრადიციები თანდათან იქცევა სექტანტობად, გარეგნულ მზრუნველობას ამოფარებული მკაცრი და გულგრილი დამოკიდებულებით მოყვასისადმი. შესაბამისად, "მლადოსტარცების" მიერ მოტანილი ზიანი საკმაოდ მრავალსახოვანია და მედიცინასა და ფსიქოლოგიაში ის შეიძლება გამოიხატოს ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის შერყევით – დეპრესიულობით, გუნება-განწყობის დაქვეითებით, უძილობით ან შფოთიანი ძილით, ფორიაქიანი სიზმრებით, გაღიზიანებადობით.

როდესაც მღვდელი თვით არის მიდრეკილი ისტეროიდული, პატივმოყვარული ამბიციებისაკენ, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ იგი იოლად მოექცევა ე. წ. "მლადოსტარცების" რიგებში. ამგვარი სენის ნაადრევი გამოვლინება გახლავთ გადამეტებული ყურადღება საკუთარი ჩაცმულობის მიმართ – თუნდაც მასში სამღვდელო სამოსი იგულისხმებოდეს; დაუოკებელი მიდრეკილება ადამიანების დამოძღვრისა და ჭკუის სწავლებისაკენ – "ეს გააკეთე, ის არ გააკეთო" – როდესაც მისთვის თვით შეგონების შინაარსსა და მოსაუბრისათვის სარგებლიანობას კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ ტკბობას საკუთარი სიტყვაკაზმულობითა და ოქროპირობით; სწრაფვას თავმოწონებისა და თავისდა შეუმჩნევლად სხვა ავტორიტეტების სიბრძნეთა თავისად გასაღებით.

ასეთი ადამიანების ხელდასხმა შეიძლება ნიშნავდეს მათი მაღალი პრეტენზიულობის დაკმაყოფილებას. როგორც ანტონ სუროჟელი ამბობს, ასეთი სასულიერონი: "წარმოიდგენენ, ვითომცდა ხელდასხმა მათ მიჰმადლებს ჭკუასაც და გამოცდილებსაც, თვით სულის შეცნობის უნარსაც კი. და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათ არ გააჩნიათ სულიერი სიმწიფე და თვით ისეთი სულიერი ხედვაც კი, რასაც იძლევა სულ უბრალო ცხოვრებისეული გამოცდილება, ისინი თვლიან, რომ უკვე აღჭურვილნი არიან იმ უნარით, რომლის მეოხებითაც შეუძლიათ ხელი ჩასჭიდონ მონანიე ცოდვილს, და მიწიდან პირდაპირ ზეცად აღამაღლონ".

ხიბლიდან გამოსვლის საშუალებას მოძღვარს აძლევს თვით უფალი – თავს მოწეული განსაცდელებით, ფიზიკური თუ ფსიქიკური შეჭირვებების მეოხებით, რომლებიც დაბრკოლებებს უქმნიან მას ცდუნების გზებზე სასიარულოდ!


2. არაკომპეტენტური ჩარევა სამედიცინო მანიპულაციებში. ხშირად მღვდელმსახურნი თავს ნებას აძლევენ, უცოდინრად და საკუთარ სულიერ ძალებზე დაყრდნობით ჩაერიონ სამედიცინო მანიპულაციებში. მათ შეუძლიათ უაპელაციოდ აუკრძალონ ავადმყოფს ოფიციალურ კლინიკურ სტაციონარში მოტეხილი კიდურის მკურნალობა და დააჯერონ არტაშანსა და შინაურ მალამოებს, დასთხოვონ ავადყოფი პრეპარატს, რომელიც რკინას შეიცავს ("რკინა – სატანის ლითონია"), გადაუყარონ სამკურნალო აბები ავადმყოფს ("აბებში ეშმაკია ჩაბუდებული") და ა.შ.


3. პირადი ნეგატიური მაგალითები. ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ შეუცვნიათ უზენაესი, მხოლოდ ახლა შესდგომიან უფლისკენ სავალ გზებს, სწორედ სასულიერო პირების მიხედვით აკეთებენ დასკვნას, როგორი შეიძლება იყოს ღმერთი. ამ დროს მათთვის ეკლესიურობის პირველსავე ნეოფიტობის ხანაში უმთავრესი წარმმართველია სასულიერო პირის არა ქადაგებები და შეგონებანი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პირადი ცხოვრების მაგალითი.

როდესაც საყოველთაო გაჭირვების წლებში მღვდელმსახური ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება, ეს, შეიძლება არ იყოს მკაცრად დასაძრახი, მაგრამ, როდესაც ის, წითელ შუქზე გასული სასიკვდილოდ დააზიანებს ბავშვს და მერე თავსაც იმართლებს, ეს უკვე მღვდლისაგან ადამიანისათვის გამოტანილი სასიცოცხლო განაჩენია.

როდესაც სასულიერო პირი წირვა-ლოცვის შემდეგ თამბაქოთი იკეთებს შესვენებას, ეს ჯანმრთელობის საზიანო გადამდები მაგალითია მრევლისათვის, ხოლო, როდესაც აბორტს გაუკეთებს თავის მიერ შეცდენილ მონაზონს, ეს – მრავალი ქალისათვის უზნეობისა და დარღვეული ქალური ჯანმრთელობის სავალალო შემთხვევა გახლავთ!

ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთში პოლიტიკური გადატრიალებების ჟამს მეოცე საუკუნის დასაწყისში რევოლუციონერთა შორის მრავლად იყვნენ სასულიერო ოჯახებიდან გამოსული პირები, რომელთა მშობლების სიტყვა და საქმე დიამეტრალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.


4. პიროვნული უტაქტობები: დაუდევრობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა. ხდება ხოლმე, რომ სასულიერო პირს შინიდან გარეთ გამოაქვს თავისი გენეტიკური და აღზრდითი ნაკლოვანებანი და ყოფითი ნეგატიური უნარ-ჩვევები. დიდსულოვნების ნაცვლად ისინი იჩენენ მოუთმენლობას, უყურადღებობას, გულგრილობას, რითაც ხელს ჰკრავენ უფლის ძიებისათვის მოსულ მრევლის წევრებს. შეიძლება მავანს მღვდლის ხარისხი კი ჰქონდეს მიღებული, მაგრამ მას არ შეუთვისებია სამოძღვრებო მოღვაწეობის მთავარი ჭეშმარიტება – ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომლებიც უფლისაგან ჰყავს მიბარებული.

საქართველოს ეკლესიის სინამდვილეში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ჭარმაგი ასაკის ქალბატონს, რომელიც აგვისტოს ხვატში ეკლესიაში სახეს მარაოთი ინიავებდა, მთელი ეკლესიის გასაგონად მიაყენეს შეურაცხყოფა, სიტყვებით: "ეკლესიაში ღვთის გულისათვის ყველაფერი უნდა აიტანო, მათ შორის სიცხე და ოფლიანობაც". შედეგი აღმოჩნდა მძიმე ნერვული სტრესი: "29 წელია ტაძარში დავდივარ და ასე დამცირებული და შეურაცხყოფილი არ გამოვსულვარ ეკლესიიდან – ტაძარში ყველა მე მიყურებდა და მთელი ღამე ვერ დავიძინე". ასეთივე ნერვული სტრესის გადატანა უხდებათ ადამიანებს, რომლებიც იღებენ უტაქტო შენიშვნებს სამოსელის, ვარცხნილობის, ზიარებისათვის არასათანადო მომზადების, ჩამოუყალიბებელი შეკითხვების დასმისათვის.

ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითებში არ იგულისხმება ის შემთხვევები, როდესაც მრევლის წევრები ვერ ჰგუობენ დელიკატურად, მზრუნველობით მიცემულ შენიშვნებს და მოითხოვენ მათდამი ყველასაგან განსხვავებულ, განსაკუთრებული ყურადღებით მოპყრობას.

ზემოთ ჩვენ მოვიხსენიეთ ორი სამედიცინო ტერმინი – "იატროგენია" და "სოროროგენია", რომელთა მიზეზითაც ხდება ავადმყოფობის წარმოშობა სამედიცინო დაწესებულებებში. ნიშანდობლივია, რომ არსებობს კიდევ სრულიად უნიკალური დეფინიცია – "ეგროტოგენიის" სახით.

ეგროტოგენია – ეს არის ავადმყოფების უარყოფითი ფსიქიკური მოქმედება ერთმანეთზე, რის შედეგადაც სნეულების ახალი ფორმები წარმოიშობა. ხოლო, იმ პირობებში, როდესაც თვით რიგითი საერო ადამიანებისგან – ავადმყოფებისგან მოგვრილ სნეულებას გააჩნია თავისი ლათინური შესატყვისი, სავსებით თანაბარზომიერია მსგავსი განსაზღვრება სასულიერო წოდებისათვის. ლათინურისავე სამედიცინო ენის ხმობით ასეთ ტერმინად ჩვენ ვიყენებთ "კლერიკოგენიას", რომელიც თავის თავში მოიცავს ტერმინ "საეკლესიოს" (ლათ. clericalis — "საეკლესიო"), და სათავეს უდებს ახალ დეფინიციას, ძალისხმევისათვის ზემოთ აღწერილის მსგავსი ვითარებების აღსაკვეთად, რადგან ყურადღება მახვილდება იმ დარღვევებზე, რომლებიც გამოწვეულია "მლადოსტარცობით", არაკომპეტენტური ჩარევებით სამედიცინო მანიპულაციებში, პირადი ნეგატიური მაგალითებით და პიროვნული უტაქტობებით!

რაც შეეხება უკვე მოქმედი სასულიერო პირების განსჯას, საკითხი, ცხადია, საპატრიარქოს დონეზე შეიძლება იქნეს გადაწყვეტილი, ხოლო მომავალი კადრების აღზრდის პროცესში, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის მხრივ განსაკუთრებული მზრუნველობით მოითხოვენ მიდგომას ისეთი სასულიერო და საერო დისციპლინები, როგორიც არის "ზნეობრივი ღვთისმეტყველება", "დეონტოლოგიური ეთიკა" და "ურთიერთობათა ფსიქოლოგია".


გამოყენებული ლიტერატურა:

1. გურიელიძე ლ., ისტეროიდები ეკლესიაში – კრებულში "მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა", თბ., 2012.

2. სიონის საკათედრო ტაძრიდან ქალი მარაოს დანიავების გამო გამოაგდეს 2015, 13 ივლისი, http://intermedia.ge/?ref=home

3. Антоний Сурожский – Пастырство. – Минск: Издательство Белорусского Экзархата, 2005. 460 с.

4. Игумен Нектарий – «Если обидел священник» – https://igumen-nektariy.livejournal.com/116182.html

5. Иерофей Влахос – «Православная психотерапия», – М. 2015 г. 368 с.

6. И. В. Силуянова. «Руководство по этико-правовым основам медицинской деятельности». М. МЕДпресс-информ, 2008. – 224 с.

7. Священника, сбившего в Одессе мальчика, не посадят, 19.09.2012 http://newsland.com

წყარო: პროფ. ზურაბ ქუთათელაძე. "სამედიცინო დეონტოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხი". საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი. სამეცნიერო ჟურნალი UNIGEO. N 1.  თბილისი 2018 წ. გვ. 42-46.

Назад к содержимому