უსჯულოება > ოკულტიზმი და მაგია
რატომ არის აკრძალული მისვლა მისნებთან და ჯადოქრებთან?
ავტორი: ა. ი. ოსიპოვი - მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ღვთისმეტყველების დოქტორი, პედაგოგი, პუბლიცისტი, მწერალი და მქადაგებელი.
რატომ არის ეკლესია წინააღმდეგი იმისა, რომ ადამიანებმა მიმართონ ე. წ. მკურნალებს, ჯადოქრებს მისნებს, მოგვებს? იმიტომ, რომ ადამიანებმა არ იციან არსი იმისა, თუ რა ემართება ამ დროს ადამიანის სულს, არც ის იციან, თუ რა დღეში ჩავარდება თვით პიროვნება, ვინც დახმარებისთვის მისნებს მიმართა და ისიც, ვისაც მიმართავენ.
ნებისმიერი ადამიანი ფლობს თვისებათა და უნართა მთელ თაიგულს: წინასწარხედვას, სასწაულთქმედების ნიჭს, ნათელმხილველობას... მაგრამ, საბედნიეროდ, ეს თვისებები ჩვეულებრივ ადამიანებში იშვიათად ვლინდება, გამონაკლისი მხოლოდ ეკლესიის წმინიდანებია. ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი, როგორც ჩანს, უფალმა ის დახურა. თუმცა, ეს ყველაფერი არსებობს. ყოველი ადამიანი სხვადასხვა თვისების მქონე "სარკმელით" იბადება. ვიღაცას მათემატიკის ნიჭი აქვს, ვიღაცას პოეზიის, ვიღაც მხატვარია, ვიღაც კი ორატორი...
ადამიანის სული, პრინციპში, საიქიოს მოქალაქეა. და ის სამყარო, რომელსაც მარადისობა ეწოდება, დროის გარეშეა. იქ არც წარსულია და არც მომავალი. ის ყველაფერი აწმყოშია. სული ადამიანის ბუნებისამებრ ეკუთვნოდა იმ სამყაროს და ამიტომაც მას იმსამყაროსეული (საიქიოსეული) შემცნების პოტენციალი გააჩნია. მაგრამ როგორ?
როდესაც ნოსტრადამუსს შეეკითხნენ, თუ როგორ ცნობდა მომავალს, ის პასუხობდა: "მე ვხედავ მომავალ მოვლენებს, თითქოსდა ბუსურში, თითქოსდა მბრუნავ სარკეში". როდესაც ეს სიტყვები წავიკითხე, გამახსენდა მოციქულ პავლეს სიტყვები: "ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ" (1 კორინთ. 13:12).
მაგრამ რას ნიშნავს ეს? სანამ ადამიანი ცხოვრობს ამ წუთისოფელსა და ამაოებაში, მუდმივ ვნებებში (აქვეა შური, ამპარტავნება, სიძულვილი და კიდევ სხვა მრავალი რამ), ეს ყველაფერი "ბუნდოვან სარკეს" წარმოადგენს. ანუ ბურუსს, ან კიდევ "მბრუნავ სარკეს", რომლის შესახებაც ნოსტრადამუსი ლაპარაკობს. ... ამიტომაც ის ადამიანები, რომლებსაც ამ მიმართულებით ეხსნებათ "სარკმლები", არცთუ მკაფიოდ ხედავენ.
რაღაც მათ შეიძლება მეტ-ნაკლები სიცხადით დაინახონ. მაგრამ უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ამგვარი ადამიანების "გამონათება" ძალიან საშიშია. რამოდენიმეჯერ მათ შეიძლება მართლაც "ათიანში გაარტყან"ს, და ადამიანი, ვინც მათ მიმართავს დახმარებისთვის, მათდამი რწმენით იმსჭვალება. ხოლო მორიგი "წინასწარმეტყველების" შემდეგ შეიძლება კისერზე ყულფი ჩამოიცვას.
მაშ, რატომ კრძალავს ეკლესია ამგვარ ადამიანებთან მისვლას და მკითხაობას? ისინი ჩაფლულნი არიან ვნებებში, ისინი სწორედ ვნებათა პრიზმაში ხედავენ მომავალს, მათში დამახინჯებულია ჭეშმარიტება. ზუსტადაც რომ ნახონ რამე, ესეც არ ნიშნავს იმას, რომ გაჟღერებული ინფორმაცია ადამიანისთვის სასარგებლო იქნება. მაგალითად, ინფორმაცია ამა თუ იმ ადამიანის აღსასრულის ან რაიმე სამწუხარო მოვლენის, ან კიდევ სხვა ადამიანის მხრიდან ბოროტგანზრახვის შესახებ. რა დაემართება ასეთ ადამიანს? როგორ უნდა იცხოვროს მან ამგვარი ინფორმაციის პირობებში?
ქრისტიანობა ამბობს, როდესაც ვნებებით მოცულ ადამიანს გახსნილი აქვს ეს "სარკმელი", მისი წინასწარმეტყველებები, თუნდაც ზუსტად ასრულდეს ისინი, სულისთვის ფრიად საშიშია. მათ შეუძლიათ კოლოსალური ზიანის მიყენება ადამიანის ზნეობისთვის, მისი სულიერი მდგომარეობისთვის.
წარმოიდგინეთ, რა იქნება თუკი მივალთ მისანთან ან ჯადოქართან, და გავუხსნით საკუთარ სულს. წარმოიდგინეთ, რომ ემზადებით სტუმრის მისაღებად - ამზადებთ სასტუმრო ოთახს, ასუფთავებთ, აწესრიგებთ და აკოხტავებთ მას... და უეცრად სტუმარი ბინძური ჩექმებით შემოალაჯებს და მთელ ტალახს თქვენს სუფთა და გაწიკწიკებულ ოთახში შემოიტანს. ან კიდევ სხვა მაგალითი: ვიღაცამ აპენდიციტის ამოსაჭრელად რომ მოიწვიოს ბრმა ქირურგი, მან კი აპენდიციტის ნაცვლად თირკმლები ამოაჭრას ადამიანს... აი რაშია საშიშროება.
არსებობს ქრისტიანული სარწმუნოების კიდევ ერთი გაფრთხილება. ის გამოხატულია მოკლე სიტყვებში: "ეშმაკი ყოველ ცოდვაში ბუდობს". რას ნიშნავს ეს?
ამ დროს, თუკი, მაგალითად, ეს "მკურნალი" ძალიან პატივმოყვარე ან ანგარებისმოყვარეა, ხდება ადამიანის სულისა და ბოროტის სულის შეერთება. მაშინ სხვა ადამიანებზე უარყოფითი ზემოქმედების დონე ორმაგდება, სამმაგდება, ათმაგდება... ამიტომაც ეკლესია მოუწოდებს ყველას არავითარ შემთხვევაში არ მიმართონ ასეთი "უნარების" მქონე ადამიანებს, რადგან იმ ზიანის გასწორება, რომელსაც ისინი მოგვაყენებენ, ძნელი გასასწორებელი აღმოჩნდება და მას უმძიმესი შედეგები გააჩნია.
ამგვარი საქმიანობა საშიშია ადამიანის სულისთვის და არა მარტო იმისთვის, ვინც მისნებს და ჯადოქრებს მიმართავს, არამედ თვით ჯადოქრებისთვისაც.
მე ვიცნობდი ერთ ქალბატონს - ანტროფოსოფს (ოკულტურ-მისტიკური მიმართულება, რომელიც ადამიანის შესახებ ასწავლის თითქოსდა ის "საიდუმლო" სულიერ ძალთა მატარებელია. ეს სწავლება განვითარდა 20-ე ს-ის დასაწყისში - ავტ. შენიშვნა). ის ამბობდა, რომ ახლა უკვე მართლმადიდებელია. რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, აღსარებასაც აბარებდა და ზიარებასაც იღებდა. მაგრამ რაღაც ბინძური ლაქა მაინც ემჩნეოდა სხეულზე, და ზოგჯერ მკაფიოდ ვლინდებოდა. აღმოჩნდა, რომ ძალზედ ძნელია იმ სიბინძურის მოშორება, რომელიც ადამიანის სულს ეხება. ჭრილობებიც სხვადასხვანაირია. გარეგანი ჭრილობა ჩანს, ხოლო შინაგანი უხილავია და მისი მძიმე შედეგები დროდადრო გამოვლინდება.
წყარო: zen.yandex.ru