ოკულტიზმი და მაგია - კაბალა: საღმრთო სწავლება თუ კაცობრივი გადმოცემა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
კაბალა: საღმრთო სწავლება თუ კაცობრივი გადმოცემა?
კაბალისტიკა
ავტორი . ვ. ი. პიტანოვი.
 
 
შინაარსი
 
 
შესავალი
 
რა არის კაბალა?
 
კაბალისტური სწავლების ჩამოყალიბების დრო
 
კაბალისტური წიგნები
 
ავტორიტეტულია თუ არა სუბიექტური მისტიკური გამოცდილება?
 
მეცნიერულია თუ არა კაბალა?
 
მონოთეისტურია თუ არა კაბალა?
 
კაბალისტური სწავლების მიზნები
 
კაბალას სულიერი პრაქტიკა
 
არის თუ არა კაბალა ოკულტიზმის ერთ-ერთი ფორმა?
 
შეუძლია თუ არა ქრისტიანს გახდეს კაბალისტი?
 
დასკვნა
 

დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს,
 
გაცხადებული კი - ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე,
 
რომ შესრულდეს ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
 
(მეორე რჯლ. 29:29)
 
 
შესავალი
 
XX საუკუნის მიწურულს მართლმადიდებელ ხალხებს ალტერნატიული სულიერება მიეძალა. სხვადასხვა ოკულტური მიმართულებები და სექტები აქტიურად ავრცელებენ თავიანთ იდეებს და საკუთარ თავს ხან "ჭეშმარიტ" ქრისტიანობად, ხან "სამეცნიერო" სკოლად, ხან კიდევ ისეთ საიდუმლო მისტიკურ სწავლებად ასაღებენ, რომლებიც ოდენ ნიჭიერ განდობილთა ვიწრო წრისთვის არის ღია. ერთ-ერთ ასეთ სწავლებაზე გვექნება საუბარი წინამდებარე ნაშრომშიც.
 
იდუმალება ყოველთვის შეიცავდა გარკვეულ საცთურს მრავალთათვის: რჩეულობისადმი ლტოლვა, როდესაც გინდა შეიგრძნო, რომ ისეთი არ ხარ, როგორც სხვები არიან; თანაზიარობა იმგვარი ცოდნისადმი, რომელიც პროფანებისთვის, ბრბოსთვის მიუწვდომელია, - ამგვარ მისწრაფებებს საფუძველში უდევს ამპარტავნება. სახარება ამპარტავნებას უგუნურებისა და მკრეხელობის რანგში განიხილავს (მარკ. 7:22). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ანტიქრისტეს შესახებ ვკითხულობთ: "მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.ს" (გამოცხ. 13:5). მაგრამ მოციქული იოანე წერს, რომ "აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი" (1 იოანე 2:18). ებრაელი ერის ტრაგედია თავისი მესიის უარყოფაშია: "თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს" (იოანე 1:11). ღმრთისგან განდგომამ იუდეველები აშკარად წარმართული ხასიათის მისტიციზმისკენ წარმართა, რის გამოც ისინი დღემდე ელოდებიან ცრუმესიას, რომლის შესახებაც იესუ ქრისტე ამბობდა: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43).
 
რის შესახებ არის მოცემული შრომა? - კაბალის შესახებ. ავტორმა რამოდენიმე მიზანი დაისახა. კერძოდ, მკითხველისთვის მიეცა ზოგადი წარმოდგენა კაბალისტიკაზე, გამოეკვლია იგი ქრისტიანული სარწმუნოების თვალსაზრისით და პასუხი გაეცა ძირითად კითხვაზე: შეუძლია თუ არა ადამიანს, რომელიც წმიდა წერილის ავტორიტეტს აღიარებს, იყოს კაბალისტი? შეუძლია თუ არა ქრისტიანი გახდეს კაბალისტი და ამავდროულად დარჩეს ქრისტიანად?
 
 
რა არის კაბალა?

კაბალა (ძვ. ებრ. ბუკვ. - მიღება: ანუ მიღებული გადმოცემა). საერო რელიგიათმცოდნეები მოცემული ცნებას შემდეგნაირად განსაზღვრავენ: "რელიგიურ მცნებათა ზეპირი გადმოცემა, რომლებიც ებრაელებში წერილობითად დაფიქსირებულ რელიგიურ კანონებამდე არსებობდა" (Философский словарь. М., Республика. 2001. С. 229). თვით კაბალისტებისთვის "კაბალა სხვა არაფერია, თუ არა სრული და საკმარისი ინფორმაცია სამყაროს საფუძვლებზე..." (Бааль Сулама. Суть науки каббала). კაბალისტები მიიჩნევენ, რომ თორა (მოსეს ხუთწიგნებული) ღმერთის ქალური განხორციელებაა (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 16). ისინი მასში ოთხგვარ აზრს ეძებენ: ბუკვალურს (პეშატი), მორალურს (რემეზი), ალეგორიულს (დერაში) და საიდუმლოს (სოდ). რაბინი ადინ შტეინზალცი წერს: "კაბალა ტექსტის (თორას - ვ. პ.) დაფარული აზრის შესწავლას ეწოდება..." (Раввин Ишая Гиссер.Что такое каббала?).
 
კაბალისტები უპირველეს ყოვლისა სწავლობენ სოდს, ანუ თორას საიდუმლო აზრს, ამასთან აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ისინი მის ინტერპრეტაციას ახდენენ თავიანთი სულიერი გამოცდილების საფუძველზე, რითაც თორას საკუთარ განმარტებას ქმნიან, რომლებიც უმეტესწილად ორთოდოქულ იუდეველთა მიერ არ მიიღება (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 151). რაბინი ადინ შტეინზალცი აგრძელებს: "კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა იმაშია, რომ ბრძენს მოეთხოვება არა მარტო ცოდნა და ინტელექტი, არამედ გარკვეული მორალური დონის არსებობა. არსებობს ცოდნის მთელი რიგი სპექტრი, რომლისადმი გამოსადეგობა არა მარტო ფორმალური ცოდნით და პროფესიონალური უნარებით განისაზღვრება. მე არ მივენდობი მსაჯულს, ექიმს, მასწავლებელს, რომელთა შესახებაც ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინინ სრულიად წიგნიერნი არიან. თორასთან მიმართებაში ეს მოთხოვნა ერთმნიშვნელოვანია: ადამიანი ვალდებულია არა მარტო სწავლობდეს მასში დაწერილს, არამედ ცხოვრობდეს მისი კანონების შესაბამისად..." (Раввин Ишая Гиссер.Что такое каббала?). კაბალა, თვით კაბალისტების თვალსაზრისით, შეუძლებელია შესწავლილ იქნას აკადემიური მეთოდებით, არამედ საჭიროა მისით ცხოვრება.
 
 
კაბალისტური სწავლების ჩამოყალიბების დრო

მოცემული თავის სათაურზე ცალსახა პასუხი არ გვაქვს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის შუასაუკუნეებში გაჩნდა (Философский словарь. М., Республика. 2001. С. 229). თვით კაბალისტები ამტკიცებენ, რომ: "კაბალა, როგორც მეცნიერება გარემომცველი სამყაროს შესახებ, თავის დასაბამს იღებს მესოპოტამიის უძველეს ქალაქ ურიდან, რომელიც ქალდეაში იყო. იმ დროის გადმოცემა მოგვითხრობს შუამდინარეთის მცხოვრების - აბრაამის ისტორიაზე..." (Исторический аспект науки каббала). ამ თვალსაზრისით პირველი კაბალისტი იყო აბრაამი. არსებობს ასევე აზრი, რომ "კაბალა წიგნ "სეფერ ეცირას" აღმოცენებისთანავე გაჩნდა" (Лекция в Ашкелоне 11.01.2001).
 
 
კაბალისტური წიგნები

პირველი წიგნი, რომელშიც კაბალისტური სწავლება ჩაიწერა, იყო "სეფირ იეცირა" ("ჩამოყალიბების წიგნი" (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 14) ან "წიგნი შესაქმისა" (Философский словарь. М., Республика. 2001. С. 229)), სამეცნიერო კვლევათა დასკვნით, ის დაახლოებით ქრისტეს შობიდან VIII ს-ში დაიწერა. მაგრამ ზოგიერთი კაბალისტის მტკიცებით, ეს წიგნი 1700 წელზე მეტი ხნისაა (Лекция в Ашкелоне 11.01.2001). მისი ავტორი ასწავლის, რომ ყოველი არსების საფუძველი მოცემულია ებრაული ალფავიტის 10 ციფრსა და 22 ასოში. 1280 წელს ესპანელმა კაბალისტმა მოშე დე ლეონმა დაწერა წიგნი "ზოჰარი" ("ნათება") (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 14), რითაც თავისი ნაშრომი II ს-ის კაბალისტის რაბინ შიმონ ბარ იოჰაის წიგნად გაასაღა (საინტერესოა, კაბალისტიკაში სიცრუე მიიჩნევა თუ არა ზნეობრივ წინაღობად სულიერი განვითარების გზაზე?). წიგნი "ზოჰარი" - მოშე დე ლეონის მისტიკური გამოცდილების ნაყოფია, არსებითად ის არის პოეტური ფორმით გადმოცემული მედიტაციის სახელმძღვანელო (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 15). თავის წიგნში ის წერდა საკუთარი ცნობიერების მდგომარეობაზე, რომელიც მან სულიერი პრაქტიკის პროცესში განიცადა.
 
 
ავტორიტეტულია თუ არა სუბიექტური მისტიური გამოცდილება?

კაბალა - ეს არის ღმერთის მისტიური შემეცნების გზა და ყველა სხვა მისტიურ სწავლებათა მსგავსად ის ინდივიდუალურ სულიერ გამოცდილებაზეა ორიენტირებული (იქვე. გვ. 11). ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი მისტიური გამოცდილება არ გახლავთ თვითმტკიცებადი (Гайслер Норман Л. Энциклопедия христианской апологетики. СПб., Библия для всех. 2004. С. 570). ასეთი გამოცდილება არ არის ობიექტური, ის არის მისტიკოსის პირადი განცდა და ამიტომაც არ არის ავტორიტეტული გარემომცველთათვის. მისტიური გამოცდილება არ ექვემდებარება ანალიზს, რადგან მისტიკოსის მთავარი ავტორიტეტი - თვითონვეა, რასაც აღიარებენ თვით კაბალისტებიც, მაგალითად, პერლი ბესერმანი წერს: "სულიერი ჭეშმარიტების მაძიებლებს უბრალოდ უწევდათ მიჰყოლოდნენ საკუთარ ინტუიციას, დაყრდნობოდნენ რწმენას და ებრაული სულისთვის დამახასიათებელ პრაგმატიზმს" (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 81). მისტიციზმს მივყავართ სექტანტური მოძრაობის მძლავრ განვითარებასთან, რომლის არსებობას საკუთარ რიგებში აღიარებენ თვით კაბალისტებიც (იქვე. გვ. 83).
 
მისტიციზმი - საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, ამიტომაც კაბალისტები მარტონი როდი არიან მისტიურ ძიებებში: "მისტიკოსთა სხვადასხვა რწმენის, გონებრივი განვითარების, ტომობრივი კუთვნილების, დროისა და ადგილის მიუხედავად, მათ ცხოვრებას ბევრი აქვს საერთო. საკუთარი ცხოვრების მათეული აღწერა გვანცვიფრებს თავისი ერთფეროვნებით" (Минин П. Мистицизм и его природа. Киев. Пролог. 2003. С. 16). ამიტომაც მისტიკოსი - იუდეველი ძალიან ახლოსაა მისტიკოს-წარმართთან. ეს ურთიერთკავშირი ჩანს იქიდანაც, რომ კაბალისტებმა აქტიურად ისესხეს წარმართობიდან მრავალი სხვა სულიერი პრაქტიკებიც, რის შესახებაც ქვემოთ უფრო დეტალურად ვიტყვით.
 
 
მეცნიერულია თუ არა კაბალა?

რაბინი ადინ შტეინზალცი ამტკიცებს, რომ კაბალა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მეცნიერებად: "არავითარი მეცნიერება არ იდგამს კაბალაში თავის ფესვებს. და თუ არის პარალელი, ისიც აბსტრაქტული, რომელიც შეიძლება მივუსადაგოთ სისტემატური ცოდნის ნებისმიერ სფეროს" (Интервью Марины Тульской с раввином Адином Штейнзальцем). საინტერესოა, რომ სხვა კაბალისტები მას არ ეთანხმებიან: "კაბალისტები ამტკიცებენ, რომ მეცადინეობა კაბალის მეთოდიკაში შესაძლებლობას გვაძლევს მოვიპოვოთ გრძნობის ახალი, მეექვსე ორგანო (ხაზგასმა ჩვენია - ვ. პ.), რომელსაც ისინი ეკრანს ანუ სულს უწოდებენ და, რომლითაც იკვლევენ ისინი მასში განცდილ აღგზნებებს, იმის ანალოგიურად, როგორც მუშაობს ჩვენი ხუთი გრძნობის ორგანო. ამ შეგრძნებებს შემდეგ ისინი იწერენ, აანალიზებენ, აჯამებენ და ერთ სისტემად აყალიბებენ. თანაც, ეს დაკვირვებები, ისევე როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, საუკუნეთა განმავლობაში ტარდებოდა და ასობით მკვლევარ-კაბალისტის მიერ დასტურდებოდა. (1) მკვლევარ-კაბალისტთა მთელი განსხვავება არაკაბალისტ მკვლევართაგან მხოლოდ იმაშია, რომ ისინი გარემოს იკვლევენ გრძნობათა დამატებითი ორგანოს მეშვეობით, რომელიც, პრინციპში, ნებისმიერმა მსურველმა შეიძლება მოიპოვოს". (2)
_________________
 
1. მოცემული მტკიცებულების ლოგიკა უსუსურია: მისტიურ სისტემებში მნიშვნელოვანია არა მარტო სულიერ განცდათა თვით ფაქტი, არამედ მათი ინტერპრეტაციაც. არ არის ძნელი ვივარაუდოთ, რომ კაბალისტთა სპეციალურად მომზადებული მოწაფეები ხედავდნენ იმას, რისთვისაც ამზადებდნენ მათ თავიანთი მასწავლებლები.
 
2. დიახ, შეუძლიათ მოიპოვონ, მაგრამ ამისთვის მათ მოუწევდთ გახდნენ კაბალისტები, რადგან თუკი სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგი დამოკიდებული არ არის ექსპერიმენტატორის მსოფლმხედველობაზე, კაბალაში მსოფლმხედველობა და სულიერი პრაქტიკა ყოველთვის მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი.

_________________

კაბალა არ არის მეცნიერება, რადგან გრძნობის არანაირი "მეექვსე ორგანო" აკადემიური მეცნიერებისთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება მეცნიერულობის უმთავრეს კრიტერიუმს - ექსპერიმენტალურ შემოწმებადობას (Философский словарь. М., Республика. 2001. С. 353), კაბალისტებს მისდამი აპელირება არ ძალუძთ, რადგან ამგვარი მეთოდით მიღებული გამოცხადებების ხასიათი, თავისი არსით სუბიექტურია და დამოუკიდებელ შეფასებას არ ექვემდებარება.
 
 
მონოთეისტურია თუ არა კაბალა?

განვიხილოთ კაბალის სწავლება ღმერთზე. მოშე დე ლეონი თავის ნაშრომში "ზოჰარი" წერდა: "ღმერთი არის გაერთიანებული ერთი. ყველაფერი დაკავშირებულია ყოველივეში, თვით უკანასკნელ რგოლამდეც; საღმრთო არსი ქვემოთაც ისევე არსებობს, როგორც ზემოთ, როგორც ცაში, ასევე დედამიწაზე. და სხვა არაფერი არსებობს" (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 26). კაბალის ერთ-ერთი პოსტულატი გახლავთ მტკიცებულება: "როგორც ზემოთ, ასევე ქვემოთ" (ეს არის ოკულტიზმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი). ღმერთი თავის გამოუვლენელ მდგომარეობაში ეინ სოფ-ად იწოდება (3).
_________________
 
3. კაბალის სწავლებას ღმერთზე ბევრი აქვს საერთო ინდუიზმის ადვაიტა-ვედანტას სისტემასთან. ამიტომაც არ შეიძლება ლაპარაკი კაბალაზე, როგორც ბიბლიურ სწავლებაზე, არსებითად კაბალა წარმართობის ერთ-ერთი ფორმაა.
 
_________________
 
ის მიუწვდომელია, როგორც გრძნობებისთვის, ასევე წარმოსახვისთვისაც, და მასზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ როგორც არარსებულზე (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 27). ღმერთი საკუთარ თავს აცხადებს ჩამომავალ თვისებათა გამოვლინებების სერიაში. კაბალისტები ამ კონცეფციას გამოხატავენ "სიცოცხლის ხის" ფორმით. ის იხატება ხის ტანის სახით, რომლის მარჯვენა ნაწილი მამრობითად მიიჩნევა, ხოლო მარცხენა - მდედრობითად (კაბალა ღმერთს ორსქესოვან არსებად მიიჩნევს. პ. ბესერმანი. იქვე. გვ. 142), რომელსაც ათი ურთიერთდაკავშირებული ტოტი აქვს და რომლებზეც განლაგებულნი არიან სეფიროტები.
 
სეფიროტი (სეფიროტ - სახ. ბრ., მრ. რ.; სახ. ბრ., მხ. რ. - სეფირა; ამ ტერმინს თარგმნიან მრავალნაირად - "სფეროები", "სამყაროები", "ემანაცია" ან "ცნობიერების დონეები") (იქვე. გვ. 26), საკუთარ თავში ახორციელებს ღმრთის ქმნილებას, რომელიც "ყოფიერების დიდი ჯაჭვით" არის შეკავშირებული და, რომელიც უწყვეტად არის გადაჭიმული უმცირესი ინერტული მინერალიდან თვით ეინ სოფამდე. კაბალისტები ასწავლიან: "ღმერთი არაფერთან არის დაკავშირებული და ავსებს სამყაროს. მისგან მომდინარეობს (ხაზგასმა ჩვენია - ვ. პ.) ათი წარმონაშობი, ანგელოზები და ადამიანები, რომლებიც აყალიბებენ სიცოცხლის ხის სტრუქტურას და წარმოადგენენ ღვთაებრიობის ასპექტებს. სიცოცხლის ხე აჩვენებს ღვთაების შეღწევას მატერიალურ სამყაროში და გზას, რომლითაც ადამიანი, რომელიც არ განცალკევებია ხორცს, მიდის ღვთაებრიობამდე" (Каббала: секретные или скрытые традиции?! мистицизм?!).
 
სეფიროტიდან ყალიბდება მიწიერი სამყაროსა და ადამიანის წინასახეები - ადამ-კადმონი (Философский словарь. М., Республика. 2001. С. 229). კაბალის სწავლების თანახმად: "ადამ კადმონი - ეს არის მისტიური "ორგანიზმის" სულიერი არქეტიპი, რომელიც პირველდაწყებითად შესაქმის აქტში ღმრთისგან წარმოსდგა (საინტერესოა, როგორ თავსდება კაბაკლისტის ცნობიერებაში შესაქმე და ღვთაების გარდამოსვლა? - ვ. პ.). ადამიანური სული, რომელიც განანათლებს ადამიანურ ორგანიზმს და წარმოადგენს მის ჭეშმარიტ არსს, ეინ სოფის ნათლის ანარეკლია, რომლითაც არის გამსჭვალული ადამ კადმონი და მთელი კოსმიური წყობა, რომელიც რეალურობის წყაროს და მისი ერთობის საფუძველს წარმოადგენს" (Философия хасидизма / Два источника существования).
 
კაბალისტი სეფიროტის ცოცხალი განხორციელებაა სამყაროში (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 51). ყოველი შექმნილი ნივთი სამყაროს მცირე მსგავსებაა (იქვე. გვ. 108). ადამიანის სხეული შექმნილია ღმერთის ხატად და მსგავსად (იქვე. გვ. 139). ყოველი არსებული ღმრთის სხეულია (იქვე. გვ. 151). პირველსამყაროდან (Философский словарь. М., Республика. 2001. С. 229) ჩნდებიან: ბრია (სამყაროთა ფორმები), იეცირა (ანგელოზთა სამყარო) და ასია (მატერიალური სამყარო). ადამიანი (გონებით, სულით, სიცოცხლისეული ძალებით) სამივე სამეფოს განეკუთვნება. პერლი ბასერმანი წერს: "... ყოველი მატერიალური ობიექტი, თორას და ლოცვების ჩათვლით, ივრითის ოცი ასოსგან შედგება, რომლებიც, თანამედროვე კაბალისტების აზრით, იმავე როლს თამაშობენ, რასაც ნუკლეოტიდები დნმ-ში. ადამიანი იმავე "ნივთიერებისგან" შედგება, რისგანაც სეფიროტი..." (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 71).
 
როგორი შეკითხვები იბადება ყოველივე ზემოთთქმულის წაკითხვის შემდეგ? უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს თუ არა სეფიროტი ქმნილებას ან ღვთაების გამოსვლას? თუ სეფიროტი - "გამოსვლაა", მაშინ კაბალას არავითარი კავშირი არ გააჩნია მონოთეიზმთან, რადგან, მისი ლოგიკის თანახმად, მოგვიწევს ერთადერთი შესაძლო დასკვნის გაკეთება: ღვთაებისა და სამყაროს ბუნება ერთი და იგივეა. ეს იდეა ეწინააღმდეგება წმიდა წერილის მონოთეიზმს, რადგან აღიარებს პანთეისტურ მონიზმს, და არა მონოთეიზმს. ასეთ შემთხვევაში თორა კაბალისტებისთვის იმაზე მეტი არ არის, ვიდრე ფარდა, რომლის ამოფარებით ბიბლიური გამოცხადებისთვის უცხო პროპაგანდა იწარმოება.
 
შევნიშნავთ, რომ ორთოდოქსული იუდაიზმი ძალიან ფრთხილად ეკიდება მოცემულ სისტემას და მეტიც, სინაგოგიდან განკვეთს ზოგიერთ კაბალისტს (მაგალითად, განკვეთილთა შორის გახლავთ აბრაამ აბულაფია. იხ.: Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 150).
 
 
კაბალისტური სწავლების მიზნები

კაბალისტი ღმერთთან ერთობას ელტვის, მაგრამ ამ ერთობაში ის ღმერთში სრულ ათქვეფვას გულისხმობს (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 20). XVIII ს-ის ხასიდი მოძღვარი, რომელიც ცნობილია სახელით მაჰიდი მეჟიჩიდან, წერდა: "ადამიანმა უნდა უარყოს საკუთარი "მე" სხეულიდან მანამ, სანამ ყველა სამყაროს არ გაივლის და ერთი არ გახდება ღმერთთან, სანამ სრულიად და მთლიანად არ აითქვიფება მასში..." (იქვე. გვ. 20).
 
მოცემული იდეა ეხმიანება ადვაიტა-ვედანტას ინდუისტურ სისტემას (იხ.: В. Ю. Питанов. Идолы неоиндуизма: Шри Рамакришна и Свами Вивекананда). ეს არც არის გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კაბალას მოძღვრებს სულაც არ რცხვენოდათ მიეღოთ წარმართული პრაქტიკები, მაგალითად, ცნობილი კაბალისტური მისტიკოსი აბულაფია სწავლობდა იოგას (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 40), აქტიურად აღიქვამდა მის იდეებს, რომლებიც შემდეგ კაბალაში გადაიტანა.
 
 
კაბალას სულიერი პრაქტიკა

კაბალისტიკაში ძირითად სულიერ პრაქტიკას წარმოადგენს მედიტაციები (იქვე. გვ. 45). მედიტატიური ტექნიკის არჩევანი მასში უზარმაზარია. შეიძლება ბიბლიური მუხლების ჭვრეტა და მათი კვლავ და კვლავ განმეორება, მიიჩნევა, რომ ასეთი ხანგრძლივი ჭვრეტის და განმეორების შემდეგ მედიტატორს ეხსნება მუხლთა ნამდვილი შინაარსი. როგორც კაბალისტები ფიქრობენ, სულიერი ზრდისთვის სასარგებლოა სანთლის ალის, ყვავილის, სხვადასხვა ლანდშაფტების აზრობრივი ვიზუალიზაცია,
 
კაბალისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი პრაქტიკა მდგომარეობს იმანენტური ღმერთის წარმოსახვაში, რომელიც მჭვრეტელის "მე"-თი წარდგება. კაბალისტის ამოცანაა - გონებისგან გათავისუფლება, რომელიც ხელს უშლის წმიდა ყოფიერების სფეროს დანახვას. ამ გათავისუფლებას რომ მიაღწიოს, მაგალითად, შესაძლებელია განუწყვეტლად იმეორო რომელიმე ბიბლური ფრაზა მანამდე, სანამ ის აზრს არ დაკარგავს (იქვე. გვ. 56). ზოგიერთი პრაქტიკა კაბალისტს განუწესებს აზრობრივად თავი ანგელოზად წარმოიდგინოს. აი რას წერს აბულაფია კაბალის ერთ-ერთი სულიერი პრაქტიკის შესახებ: "სახელის (ტეტრაგრამატონი - YHVH. ლათინური ტრანსკრიფცით - JHWH - ვ. პ.) თითოეული ასო წარმოთქვი ხანგრძლივი სუნთქვით. ორ ასოს შორის არ ისუნთქო, სუნთქვა მანამდე შეიკავე, სანამ შეძლებ, და შესვენება მხოლოდ ერთ სუნთქვაზე გააკეთე. შეასრულე ეს ყველა ასოებთან მიმართებაში. ყოველ ასოზე უნდა მოვიდეს ორი სუნთქვა: პირველი - იმისთვის, რათა რაც შეიძლება დიდხანს მოხდეს ასოს მოძრაობის მხარდაჭერა წარმოთქმისას, მეორე - შესვენებისთვის ასოთა შორის შუალედში... ყოველი სუნთქვა შედგება ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისგან. ამათ შორის სიტყვა ბაგეებით არ წარმოთქვა: დაე სუნთქვა და ბგერა თვითონ იშვან ამოსუნთქვისას. შენი პირი და ნესტოები სეგოლად (ნიშანი ასო э-ს გასაჟღერებლად) წარმოიდგინე. ეს ვარჯიში რომ შეასრულო, ასოები ზუსტად უნდა იცოდე" (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 60–61).
 
კაბალისტები მიიჩნევენ, რომ, ზემოთხსენებული მედიტაციების დროს თვითშეგნების დაკარგვით ისინი შლიან ყოველ ზღვარს საკუთარ თავსა და ჭვრეტის ობიექტს შორის, რისი წყალობით თვითონვე იქცევიან თორად (იქვე. გვ. 60). კაბალაში გამოიყენება ტექნიკები, რომლებიც ძალიან წააგავს პარანაიამას იოგურ მეთოდებს (იქვე. გვ. 89). ასკეტიზმი (იქვე. გვ. 138) კაბალისტებს შორის პატივისცემით არ სარგებლობს, მაგრამ, მაგალითად, გერმანელი კაბალისტები - აშკენაზები თავიანთ სიყვარულს ღმრთისადმი გამოხატავდნენ იმით, რომ ზამთარში შიშვლები ციგაობდნენ თოვლზე, შემდეგ კი ყინულოვან წყალში ყვინთავდნენ, ზაფხულში თავიანთ სხეულებს იპოხავდნენ თაფლით, რათა მკბენარა ფუტკრები მიეზიდათ (იქვე. გვ. 96). ამასთან მასწავლებლებმა, რომლებიც ქმნიდნენ კაბალას მედიტატიურ პრაქტიკებს, სახელი გაითქვეს ცრუწინასწარმეტყველებებით, მაგალითად, აბულაფიამ განაცხადა, რომ 1290 წელს მესია მოვიდოდა (იქვე. გვ. 93). მაგრამ, ცხადია კაბალისტები ვერ მიეწიფნენ მის მოსვლას და მათი წინასწარმეტყველება არ აღსრულდა. როგორც წმიდა წერილიდან ვიცით, ეს ნიშნავს, რომ მათი წინასწარმეტყველება არ არის ღმრთისგან, არამედ "თვითნებურად ულაპარაკნიათ" (მეორე რჯლ. 18:22).
 
კაბალას სულიერი პრაქტიკების ხასიათი აჩვენებს, რომ მას თითქმის არაფერი აკავშირებს ბიბლიურ გამოცხადებასტან და ძალიან წააგავს ინდუიზმს. კერძოდ, კაბალისტური მედიტაციები ინდუისტურივითაა. ინდუიზმი ასწავლის: "არსებობს მრავალი მანტრა, რომლებსაც მათდამი სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში უზენაეს მდგომარეობამდე მივყავართ..." (Димешвар Рам Авадхута. Тантра постижения высшей реальности. СПб., Общество Ведической Культуры. 1992. С.68). როგორც ვხედავთ, კაბალისტების დამოკიდებულება თორასადმი ძალიან მოგვაგონებს მანტრასადმი ინდოელ მისტიკოსთა დამოკიდებულებას.
 
 
არის თუ არა კაბალა ოკულტიზმის ერთ-ერთი ფორმა?

კაბალისტები ამ კითხვას უარყოფითად პასუხობენ: "... მტკიცება იმისა, თითქოსდა კაბალა სხვა არაფერია, თუ არა ოკულტიზმი ან, რომ კაბალისტები მოგვები იყვნენ, რომლებიც ზებუნებრივ უნარებს ფლობდნენ, მთელი ებრაული სულიერი ტრადიციის დისკრედიტაციას ნიშნავს" (Бессерман П. Каббала и еврейский мистицизм. М., Гранд. 2003. С. 160–161). ჩვენ დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ფორმალურად ეს მტკიცებულება შეიძლება ჭეშმარიტი იყოს. მაგრამ ის იდეები, რომლებსაც აღიარებს კაბალა, უპირველეს ყოვლისა, ახლოსაა სწორედ ოკულტიზმთან. შევეცდებით ზოგადად მაინც განვსაზღვროთ, თუ რა არის საერთო კაბალასა და ოკულტიზმს შორის.
 
ორივე სწავლება პრეტენზიას აცხადებს თავის ელიტარულობაზე და მხოლოდ განდობილთათვის წვდომადობაზე. კავშირს კაბალას და ოკულტიზმს შორის აღიარებენ თვით ოკულტისტები, მაგალითად, ცნობილი "განდობილი" ე. პ. ბლავატსკაია წერს: "ოკულტური მეცნიერებები, ბუნების საიდუმლოთა შემსწავლელი მეცნიერებებია. ისინი სწავლობენ ფიზიკურ, ფსიქიურ, მენტალურ და სულიერ სფეროებს; ისინი ჰერმენევტიკულ და ეზოთერულ მეცნიერებებად იწოდებიან; დასავლეთში ასეთა შეიძლება დავასახელოთ კაბალა (ხაზგასმა ჩვენია - ვ. პ.) ..." (Блаватская Е.П. Теософский словарь. М., Сфера. 1993. С. 325).
 
კაბალაში და ოკულტიზმში ერთნაირია ღმერთზე წარმოდგენა: "ღმერთი არის აბსოლუტი (ყოფიერება და არა-ყოფიერება), რომელიც მარადიულობაში ვლინდება ინდივიდუალიზირებული ყოფიერების უკვდავებით, რომელიც არა-ყოფიერების მიერ არის გამოტყორცნილი უკუნიდან" (Барле. Оккультизм. Л., Прометей. 1991. С. 30). ეს განსაზღვრება სრულიად შეიძლება გამოყენებულ იქნას კაბალისტური სწავლების ჩარჩოებში. კაბალისტებს შეუძლიათ თქვან, რომ ოკულტისტები, მათგან განსხვავებით, სხვა მიზნებს ისახავენ. მაგრამ ნამდვილად ასეა თუ არა ეს? დავიწყოთ იქიდან, რომ ოკულტიზმი პრეტენზიას აცხადებს რელიგიურობაზე: "ოკულტური მეცნიერება თავისი ბგუნებით განეკუთვნება რელიგიის სფეროს (ხაზგასმა ჩვენია - ვ. პ.)... ოკულტიზმი რელიგიური უნდა იყოს არა მარტო თეორიებსა და გრძნობებში, არამედ პრაქტიკაშიც, და მას საკუთარი კულტი უნდა გააჩნდეს, რადგან მას უწევს თავის დაცვა ყველაზე საშინელი ბოროტი ძალისგან, რომელიც უხილავია და არ ექვემდებარება სივრცესა და დროს" (იქვე. გვ. 15).
 
კაბალაც ასევე პრეტენზიას აცხადებს იმაზე, რომ ის არის იუდაიზმის ნაწილი. თქმა იმისა, რომ ყველა ოკულტისტის ოცნებაა მიაღწიოს რაიმე მერკანტილურ მიზანს, ძალიან სერიოზული გაუბრალოება იქნებოდა. მაგალითად, იგივე ე. პ. ბლავატსკაია, უპირველეს ყოვლისა, ახდენდა სულიერი სრულყოფილების დეკლარირებას, ამის შესახებ მეტყველებდა მისი საზოგადოების დევიზიც: "არ არსებობს რელიგია ჭეშმარიტებაზე მაღლა". ჩვენ სერიოზული საფუძველი გვაქვს იმისთვის, რათა პარალელი გავავლოთ კაბალასა და ოკულტიზმს შორის, რადგან განსხვავებულ ტერმინოლოგიებს მიღმა თითქმის იდენტური შინაარსი დგას.
 
 
შეუძლია თუ არა ქრისტიანს გახდეს კაბალისტი?

როდესაც კაბალისტები სიცოცხლის არსზე მსჯელობენ, წერენ, რომ პასუხი მასზე: "... მოცემულია მხოლოდ ერთ წყაროში (ხაზგასმა ჩვენია - ვ. პ.) - კაბალის მეცნიერებაში, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში მისაწვდომი იყო მხოლოდ რჩეულთათვის" (Чем занимается каббала). კაბალისტები, ისევე როგორც იუდეველები, უარყოფენ ახალ აღთქმას (Пилкингтон С.М. Иудаизм. М., Гранд. 1998. С. 32). როდესაც გადავშლით წმიდა წერილს, დავინახავთ, რომ ღმერთს ნებავს, რათა "...ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას" (1 ტიმ. 2:4). ქრისტემ ცხონება ყველას მოუტანა, და არა ერთ მუჭა რჩეულთ.
 
კაბალის შესწავლა შეუძლებელია ორი აუცილებელი პირობის დაცვის გარეშე: 1) ივრითის ბრწყინვალე ცოდნა; 2) თორას მცნებების აუცილებელი დაცვა. კაბალისტები ამტკიცებენ, რომ: "კაბალა, როგორც თქვენ, იმედია უკვე გაიგეთ, რომ წარმოადგენს იუდაიზმის ბაზისის "ზედნაშენს". რაში სჭირდება ქრისტიანს (ან, მით უმეტეს ათეისტს) შეისწავლოს კაბალა (თუკი, რა თქმა უნდა, დაკავებული არ არის შედარებითი რელიგიათმცოდნეობით)? ჩემი თვალსაზრისით, თუკი არაებრაელმა დაიწყო კაბალის შესწავლა, ეს სწავლა მხოლოდ გიურით (იუდაიზმში გადასვლით - ვ. პ.) უნდა დასრულდეს - სხვაგვარად მას კაბალაში ვერაფერი გაუგია" (Александр Рыбалка. Каббала — кому и зачем ее изучать?). იუდაიზმში გადასვლა ავტომატურად ნიშნავს იესუ ქრისტეს უარყოფას: "ებრაელებს ... სწამთ, რომ მესიის დრო ჯერაც არ მოსულა. ამგვარად, ისინი არ აღიარებენ ქრისტიანობის ცენტრალურ მომენტს იმის შესახებ, რომ იესუ ნაზარეთელი იყო მესია..." (Пилкингтон С.М. Иудаизм. М., Гранд. 1998. С. 45).
 
ამგვარად, თუკი ქრისტიანს რაიმე სამეცნიერო ინტერესი არ ამოძრავებს და იესუ ქრისტეს უარყოფასა და იუდაიზმის მიღებას არ იზრახავს მიზნად, მაშინ კაბალის შესწავლის არანაირი აუცილებლობა არ გააჩნია.
 
 
დასკვნა

კაბალა შეუთავსებელია ქრისტიანობასთან. მას არავითარი კავშირ არ გააჩნია მეცნიერებასთან, მისი შინაარსის მონოთეისტურება, როგორც მინიმუმ, საკამათოა. წმიდა წერილში ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ გაფრთხილება: "როცა შეხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი, ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად: ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი, რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი. სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან, რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს" (მეორე რჯლ. 18:9-14).
 
იმის გათვალისწინებით, რომ კაბალა აგებულია მისტიციზმზე, რომელსაც ბიბლიის ზემოთდამოწმებული სიტყვები უარყოფენ, და გვახსოვს რა ის, რომ კაბალისტები არად დაგიდევდნენ წარმართთაგან სწავლას, შეგვიძლია თამამად ვამტკიცოთ, რომ მოცემული სწავლება არა მარტო უცხოა ბიბლიური გამოცხადებისთვის, არამედ ადამიანები გაჰყავს ღმრთისგან და "უცხო ღმერთებთან" (იერ. 25:6) მიჰყავს. ღმერთი კი გვაფრთხილებს: "თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, თუ გაჰყვები უცხო ღმერთვბს, თუ შეუდგები მათ სამსახურს და თაყვანისცემას, ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ არ აგცდებათ გადაშენება" (მეორე რჯლ. 8:19).

წყარო: В. Ю. Питанов. Каббала: предание Божественное или человеческое? Правосл. энциклопедия Азбука веры. 2020.
Назад к содержимому