უსჯულოება > ოკულტიზმი და მაგია
თანაზიარობა ჯოჯოხეთთან
ავტორი: მღვდელი იოან ვალენტინ ისტრატი.
პოლონეთის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსებმა დაიკავეს პოზიცია, რომელიც გმობს ჰელოუინს, და ამბობენ, რომ ეს არის წარმართული დღესასწაული, რომელიც საშიშია ბავშვებისთვის მისი დემონური ხასიათის გამო, და მორწმუნეებს მიმართეს თხოვნით უარი ეთქვათ მასში მონაწილეობაზე. ასე, მაგალითად, არქიეპისკოპოსმა ანჯეი ძიეგამ სამოძღვრო ეპისტოლე დაუგზავნა თავისი ეპარქიის ქრისტიანებს. მასში ნათქვამია, რომ ჰელოუინის დღსასწაულის მიღმა იმალება განზრახვა ძირი გამოუთხარონ ქრისტიანულ ცხოვრებას. ჰელოუინი წარმოადგენს მთელ რიგ ხრიკებს, რომელიც ბავშვებში ნერგავს დემონურ საწყისებს, რომელთაც შეუძლიათ დაანგრიონ ადამიანთა ზნეობრივი და რელიგიური ცხოვრება.
მართლაც, ერთი შეხედვით, თითქოსდა ჰელოუინის დღესასწაული ეს არის სახალისო მასკარადი, სადაც ადამიანები, შესაბამისი ნიღბებისა და შესამოსელის მეშვეობით, ემსგავსებიან ვამპირებს, ვურდალაკებს, ჯადოქრებს, დემონებს და ა. შ. - ეს არის ფარსი, ღირებული მხოლოდ homo ludens (მოთამაშე ადამიანი)-ისთვის, რადგან მასში ადამიანი გამოსახავს და თითქოსდა აშარჟებს ოკულტურ გამოვლინებებს. სინამდვილეში რაც აღიბეჭდება პატარების სუფთა გონებაში, - ეს არის მიჩვევა მაგიისადმი, მიპატიჟება ოკულტური სამყაროსადმი, რომელსაც შეუძლია მათ გადაუშალოს დემონური ჰორიზონტები, გაუხსნას გზა კოლოსალური ზებუნებრივი ძალებისკენ, რომლებიც ჰელოუინის დღესასწაულის მეშვეობით ბავშვათ ცხოვრების ლეიტმოტივად შეიძლება იქცეს.
დემონთა გაშარჟება სხვა არაფერია, თუ არა მათი არსებობისადმი მიჩვევა, მათი ამოღება ჯოჯოხეთის მარადიული სამეფოდან და სიმპათიურ პერსონაჟებად წარმოსახვა, რომლებიც ყოველთვის შეგიძლია დაჰპატიჟო ვახშამზე. ეშმაკი, რომელიც არის კაცის მკვლელი ისტორიის დასაბამიდან, ამგვარი სახით ადამიანთა (განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდების) თანატოლი ხდება, რომელიც ლამის თანაგრძნობასაც კი იმსახურებს მოთამაშე ყმაწვილებისგან იმის გამო, რაც მას თავს გადახდა. აქედან გაშლილია პირდაპირი გზა თავსმოხვეული იდეებისკენ, დემონებით შეპყრობილობისკენ, შავი მაგიისკენ, სატანისტური რიტუალებისკენ, რიტუალური მკვლელობებისკენ, თვითმკვლელობებისკენ, ფსიქიური დაავადებებისკენ და სერიული დანაშაულობებისკენ.
ზრდასრულები (და ისიც არა ყველა!) კარგად არჩევენ გამონაგონს რეალობისგან, ფილმს ცხოვრებისგან, ილუზიას სიმარტლისგან. მაგრამ ბავშვები წარმოსახვათა სამყაროში ცხოვრობენ, სადაც ვიზუალური ორიენტირები სიცოცხლეს მათ ცნობიერებაში იძენენ და მისაბაძი ნიმუშები ხდებიან. ჩვენ უკვე არ გვიკვირს, რომ ზოგიერთ ბავშვს სურს ჯადოქარი გახდეს, იყოს მოგვი, ვამპირი და დემონიც კი. და ზოგს ეს მართლაც გამოსდის.
ამრიგად, ადამიანისთვის მომაკვდინებელი ძალადობა საზოგადოებაში გართობის მომიზეზებით შემოდის სადარბაზო შესასვლელიდან. იმის ნაცვლად, განიდევნონ ეშმაკნი ადამიანთაგან და დასახლებული სამყაროდან, ნაცვლად იმისა, განიოტონ ისინი უდაბურ ადგილებზე, როგორც ეს ხდება ნათლისღების საიდუმლოში და წმ. ბასილი დიდის ლოცვანში, მათ, პირიქით, ეძახიან, ეპატიჟებიან, მაგიდასთან სვამენ და შესამოსელთა დახმარებით "განახორციელებელნ" შემზარავ ჟესტიკულაციებს, ბაძავენ მათ საქციელს, და ისინიც, რა თქმა უნდა, აქ დიდხანს რჩებიან.
ჰელოუინი - წარმართული დღესასწაულიც კი არ არის, რადგან ის ბევრ რამეს ეპოტინება ქრისტიანობიდან და უფრო დემონურ ზეიმს წარმოადგენს.
ვინმე იტყვის, რომ ჰელოუინი სწრაფად ჩაივლის, მეტიც, ის განქარდება როგორც კვახის და ნივრის სურნელი. მაგრამ რაც პატარა ბავშვების ცნობიერებაში რჩება, ეს არის ეშმაკის ის კოლოსალური წვდომა, რომელიც ყოველთვის მოდის, საჭიროა მხოლოდ მისი მოხმობა ადამიანთა ცხოვრებაში. ზნეობრივი დრეიფი, რწმენის გაბანკროტება, ადამიანის გადაქცევა მხეცად, შემდეგ კი დემონად ტექნოლოგიური ცივილიზაციის დახმარებით, მკვლელობები, მასობრივი დეპრესიები, ჯოგური მენტალიტეტი - ეს ყველაფერი უწმინდური სულის სფეროა, რომელიც ორი ათასი წელია იდევნება ადამიანთა ყოფიერებიდან წმიდა საეკლესიო საიდუმლოთა მეშვეობით. ახლა კი დემონთა საპატივცემოდ დღესასწაულებს მართავენ და იწვევენ მათ გულებს, ვინც მას მისდევს, თან ისე, რომ შესაძლოა ამის შესახებ თვითონაც კი არ იცოდნენ.
ამგვარად, ჰელოუინი - ეს არის ჯოჯოხეთთან სიბნელესთან, წყვდიადთან, ქვესკნელთან, მაგიასთან, დემონიზმთან, შამანიზმთან, ვამპირიზმთან და ათასგვარ ბინძურ ძალებთან თანაზიარობა. არადა, არც ერთი სული კრინტსაც კი არ ძრავს მარადიულ ტკივილზე, დაუცხრობელ ცეცხლზე, კბილების ღრჭენაზე, დაუძინებელ მატლზე და უსასრულო მარტოობაზე, რაც ელოდებათ სატანასა და მის მიმდევრებს, როგორი ფორმითაც გინდ ვლინდებოდეს ის ადამიანის ცხოვრებაში.
ზუსტად ასევე ლიტურგია არის თანაზიარობა სამოთხესთან, უბიწო მსხვერპლთან, ლოცვასთან, ეს არის სიყვარულის ანამნეზი, მონაწილეობა საიდუმლოში - მადლის მეშვეობით, ისტორიითა და მარადიულობით, მჭიდროდ და უწყვეტად დაკავშირებულნი ქრისტეს სხეულთან, ჩვენთვის განკაცებულთან და ჩვენსავ ცხოვნებისათვის ჯვარცმულთან, დაფლულთან და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგართან. შესაძლოა ვინეს ჰგონია, რომ არაფერი დაშავდება, თუ ჰელოუინის ღამეს ეშმაკის დარად გამოეწყობა და შემდეგ წავა მარადიულ ლიტურგიაზე? ეს საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდება!
მაშ, მივაშუროთ ლიტურგიას, და არა ჰელოუინს!
წყარო: პუბლიკაცია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით თარგმნილია და მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.