ოკულტიზმი და მაგია - ოთხი კითხვა გათვალვასა და წახდენაზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ოთხი კითხვა გათვალვასა და წახდენაზე
ოკულტიზმი
გათვალვისა  (თვალის ცემა, თვალის კვრა) და წახდენის ცნებებს ადამიანი თითქმის  ბავშვობიდან იცნობს, რადგან ხედავს მრავალ ტელეგადაცემას, საგაზეთო  განცხადებასა და რეკლამას. და ყოველთვის ეს ცნებები მჭიდროდ არის  დაკავშირებული სულიერებასთან და საეკლესიო ტრადიციასთან: თითქოსდა, თვით  ეკლესიასაც სწამს მსგავსი მოვლენებისა და თავის "მაგიურ არსენალში" მის  საწინააღმდეგო საშუალებებსაც ფლობს.


რისი უნდა გვეშინოდეს?

ჩვენს  დროებაში ინტერნეტი და ბეჭდვითი მასმედია გადატენილია სხვადასხვა  ლოცვებით, რომლებიც ვითომცდა აუქმებს გათვალვასა ან წახდენას აბათილებს.  როგორც წესი, ყველა ეს მასალა, მკითხველს მიეწოდება მართლმადიდებლური  სიმბოლიკის თანხლებით. რადგან დიდია ამ თემისადმი დაინტერესება, ჩვენც  გადავწყვიტეთ გვეპასუხა ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე.


რა არის გათვალვა და წახდენა?

ეკლესიის თვალსაზრისით გათვალვა (თვალის ცემა) და წახდენა - ისე, როგორც ერში ესმით, - არ არსებობს. მაგრამ არსებობენ ბოროტების მატარებელი არსებები, რომლებიც  განუდგნენ ჩვენს უფალსა და შემოქმედს. თუ ადამიანი სიკეთეს იქმს, დადის  ეკლესიაში, მონაწილეობს მის საიდუმლოებებში, ზიანს მას თვით სატანაც კი ვერ  მიაყენებს, რადგან მორწმუნის მთელი ცხოვრება ღმრთის მფარველობის ქვეშ  მიმდინარეობს. მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალი ჩვენგანი ხშირად გადადის  სარწმუნოებრივი გზიდან, არღვევს უფლის მცნებებს, უარს ამბობს მის  შეწევნეაზე, რითაც ღმრთის მფარველობას ნებაყოფლობით იცილებს. ასეთ  შემთხვევაში დემონებს შეუძლიათ ადამიანზე ბოროტად იხუმრონ და ის უკიდურესად  ცუდ მდგომარეობაში ჩააყენონ. და ამ დროს, ჩვენი უბადრუკი მდგომარეობის  მიზეზს "ბოროტ და შურიან მეზობელში" ან "ბოროტის თვალის კვრაში" კი არ უნდა  ვეძებოთ, არამედ საკუთარ თავში, რომელიც ღმერთს განუდგა და მით - საკუთარი სული დაუთმო ბოროტ დემონებს.

გათვალვა და წახდენა თავისი წარმომავლობით - წარმართული მოვლენებია. ისინი გაჩნდა სამყაროზე ადამიანის პირველყოფილი  წარმოდგენების საფუძველზე. ძველი ადამიანები ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა  ზემოქმედების მოხდენა ბუნებაზე არა მარტო მატერიალურ, არამედ სულიერ  დონეზეც. ჩვენი წინაპრების აზრით, ბოროტ ემოციებს, სურვილებსა და გრძნობებს  შეუძლიათ ისეთივე ზეგავლენა მოახდინონ გარშემომყოფებზე, როგორ  ზეგავლენასაც ახდენს შრომის იარაღები მატერიალურ საგნებზე. მაგალითად, თუ  ვინმეს მოკვლა გინდა, სულაც არ არის საჭირო ხელში ქვის ან საჭრეთელის აღება  - საკმარისია მოწინააღმდეგეს "თვალი ჰკრა", და მისი საიქიოს გამგზავრება გარანტირებულია.

ეკლესია  ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ასეთ შეხედულებებს და ებრძოდა მათ. ჯერ კიდევ  ძველ აღთქმაში არსებობდა აკრძალვა მიემართათ ჯადოქრებისთვის,  შემლოცველებისა და მკითხავებისთვის, ხოლო თვით ამ "პროფესიათა"  წარმომადგენლებს დევნიდნენ. მაგრამ ასეთი მკაცრი ზომები მიიღებოდა არა  იმიტომ, რომ მოგვებში რაღაც მისტიკურ საშიშროებას ხედავდნენ, არამედ  იმიტომ, რომ ოკულტიზმზე წარმართული შეხედულების არსი პირდაპირ  ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას. თანაც არა მარტო ძველაღთქმისეულს,  არამედ ახალაღთქმისეულსაც.

ბიბლიური ტრადიცია, მის კვალობაზე კი - მთელი ქრისტეანული ღვთისმეტყველება, დგას იმ პოზიციაზე, რომ ღმრთის ნების  გარეშ ვერავითარი ჯადოქარი ან მკითხავი ადამიანს ვერანაირ ბოროტებას ვერ  მიაყენებს, თუნდაც მაგიური ხერხების მთელი არსენალი გამოიყენოს. ეკლესია  ყოველთვის ამბობდა, რომ თავისთავად ბოროტი ადამიანის ძალა ნულის ტოლია, და  შეიძლება მხოლოდ იმ პატარა ყრმას შევადაროთ, დედის წინსაფარი რომ ჩაუცვამს  და თავი დიდი ჯადოქარი ჰგონია. მაგრამ, უკუაგდებს რა ჯადოქრების სიძლიერეს,  ქრისტეანობა გვასწავლის დემონთა არსებობის შესახებ, რომლებიც არიან  დაცემული სულები. ისინი ადრე ნათლის კეთილი ანგელოზები იყვნენ, მაგრამ  დაუოკებელი ამპარტავნების გამო ღმრთისა და მისი ქმნილების მტრებად იქმნენ.  სწორედ დემონური, და არა ადამიანური ნება დგას ყველა იმ მოვლენის უკან,  რომელსაც ხალხში წახდენას, თვალის კვრას და შეფუცვას უწოდებენ...


როგორ ვილოცოთ წახდენის წინააღმდეგ?

რაიმე  "სპეციალური" ლოცვა გათვალვის ან წახდენის წინააღმდეგ არ არსებობს, რადგან  ასეთი ლოცვები სულაც არ სჭირდება მორწმუნე ადამიანს. როდესაც ქრისტეანი  ინათლება, ის, ან თვითონ, ან კიდევ მისი ნათლია (თუ საიდუმლოს პატარა ყრმას  უტარებენ) წარმოთქვამს სატანის უარყოფისა და საკუთარი თავის ღმრთისადმი  მინდობის ლოცვებს. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რათა დემონთა  ძალაუფლების ქვეშ არ აღმოჩნდე და მუდმივად იყო ღმრთის მფარველობის ქვეშ.  ნათლისღების სიწმიდე, თუ ის შემდეგ მძიმე ცოდვებით არ შეიბილწება, უკვე  არის გარანტი იმისა, რომ თქვენ ვერავინ ვერ "გაგთვალავთ" და ვერ  "წაგახდენთ". ასეთ შემთხვევაში დემონებს მხოლოდ ადამიანის ცთუნება თუ  შეუძლიათ, მაგრამ პირდაპირი ვნების უფლება მათ არა აქვთ.

სხვა  საქმეა, როცა ადამიანი თავისი ცხოვრებით განუდგება ღმერთს და მის მადლს  საკუთარი ცუდი საქმეებით განიშორებს. მართალია, თუ ის ცოდავს, მაგრამ  ცოდვებს შეგნებს და შეინანებს, ასევე ცდილობს გამოასწოროს თავისი  გამრუდებული ცხოვრება, მიდის ღმრთისკენ და თავისი საქმეებით კვლავ ბოროტის  უარყოფას ადასტურებს, ასეთ შემთხვევაში ეშმაკთა ვერავითარი მზაკვარება მას  ვერ ავნებს. მხოლოდ ღმრთისგან და მისი მცნებებისგან სრული განდგომა შეიქს  ადამიანს დემონთათვის ადვილად ხელმისაწვდომს.

ჩვეულებრივ,  ინტერნეტსა და საეჭვო ღირებულებებისა თუ წარმომავლობის წიგნებში (ხშირად  ისინი ქვეყნდება მღვდელმთავრობის კურთხევის გარეშე), წახდენის მოსახსნელი  მეთოდიკის სახით მოცემულია განსაკუთრებული ლოცვები, რომლებსაც ბოროტებისგან  თავდასახსნელ პანაცეად გვთავაზობენ. სინამდვილეში ამ ლოცვებს ეკლესიასთან  არაფერი აკავშირებთ. როგორც წესი, მათი შემდგენლები არიან ისეთი  ადამიანები, რომლებსაც სარწმუნოებაზე ყველაზე ბუნდოვანი წარმოდგენა  გააჩნიათ, ან კიდევ სრულიად სხვა კატეგორიას განეკუთვნებიან და საეკლესიო  სწავლებებს უარყოფენ.

ძალზედ ხშირად "წახდენის მოსახსნელად"  გვთავაზობენ განსაკუთრებულ წესებს, რომლებიც ადამიანებზე ეშმაკთა  თავდასხმის დროს გამოიყენება. ეკლესიაში არსებობს "კვეთებულის ლოცვები",  რომელთაც გამოცდილი მღვდელმსახური კითხულობს და ისიც იმ შემთხვევებში,  როდესაც ადამიანი დემონის ზემოქმედებას პირდაპირ განიცდის, მაგალითად,  ხედავს საშინელ ჩვენებებს ან შეპყრობილია ბოროტ სულთა მიერ. სხვა  შემთხვევაში ამ ლოცვის კითხვა მიღებული არ არის.


როგორ დავიცვათ თავი გათვალვისა და წახდენისგან?

უპირველეს ყოვლისა - არ ვირწმუნოთ მათი. ყოველ ადამიანში, რომელიც, რაღაც მიზეზების გამო  თვალში არ მოგვდის, ჯადოქარი ან შემლოცველი როდია. მნიშვნელოვანია  გვახსოვდეს, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია თქვენი დაზიანება რაიმე  ლოცვების თუ ჯადოების მეშვეობით; რომ "მაგიურ უნარებს" (თუ ის ადამიანს  მართლა გააჩნია), ჯადოქრები და შემფუცველები მხოლოდ ბოროტ სულთაგან  ღებულობენ. ბოროტ სულთაგან დაცვა კი მხოლოდ ღმრთის ძალით არის შესაძლებელი.  გამომდინარე აქედან, მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი,  მისი ერთგული შვილი შეიძლება იყოს გარანტირებული არა მარტო მოჩვენებითი  "ხრიკების" ზემოქმედებისგან, არამედ რეალური დემონური თავდასხმებისგანაც,  რამეთუ ისინი ჩვენს სულიერ აფორიაქებას მუდმივად ელტვიან და მით ჩვენი  სულების დამონებას ცდილობენ. მაგრამ ეკლესიის ერთგული წევრია არა ის, ვინც  ასეთად საკუთარ თავს მიიჩნევს, არამედ ის, ვინც ღმრთის ნებას რეალურად  აღასრულებს და საეკლესიო საიდუმლოებებში, უპირველეს ყოვლისა - სინანულსა და ზიარებაში, - რეგულარულად მონაწილეობს. მხოლოდ ეკლესიაა საიმედო ფარი ბოროტ სულთა წინააღმდეგ.

ასევე  მნიშვნელოვანია თვით ადამიანი იყოს კეთილი და ქრისტეს მცნებებს ასრულებდეს  არა ფორმალურად, არამედ შეგნებულად და მთელი გულით. ბოროტება შეიძლება  მხოლოდ იმ სულში აღზევდეს, რომელსაც უკვე გააჩნია გარკვეული არაკეთილი  ჩვევები. მოუნანიებლობით შესვრიმული და დაბინძურებული სული წააგავს იმ  მაგნიტს, რომელიც ყოველივე მის მსგავს იზიდავს და იკრავს. თუ გულში  გაბატონებულია მრისხანება, გაღიზიანება, სიძულვილი, ამპარტავნება,  პირმოთნეობა და სხვა ვნებები და მიდრეკილებები - მაშასადამე ბოროტებაც  ადვილად აღწევს მასში და გაძლიერდება კიდეც. ხოლო თუ გულში დაბუდებულია  სიყვარული, ყოვლისმიმტევებლობა, მოწყალება, სიმშვიდე, სიკეთე და სათნოება - ვერავითარი დემონი ვერ იზეიმებს და იბატონებს ასეთ სულზე. მათი ზეგავლენა  მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როდესაც ადამიანი თავისი საქმეებით და ჩვევებით  აძლევს მათ საბაბს იბატონონ მასზე.


მე გამთვალეს. რა ვქნა?

უპირველეს ყოვლისა - შეწყვიტე ამგვარი ფიქრიც კი. ძალზედ ხშირად მტკიცება "მე წამახდინეს", "მე გამთვალეს" - ელემენტარული მცდელობაა საკუთარი პრობლემების მიზეზები სხვებში ვეძებოთ. ქვეცნობიერი აზრი ძალზედ მარტივია - დამნაშავეა ყველა ჩემს გარდა. დღეს ბედი არ მწყალობს? - დამნაშავე მეზობლის ქალია, რომელმაც ცუდი თვალი დამადგა! სამსახურში უფროსმა დამიყვირა? - ეს ჩემმა ახლობელმა დაიქირავა ჯადოქარი! ავარიაში მოვყევი? - დილით შავმა კატამ ორჯერ გადამირბინა გზაზე! ირგვლივ ყველაფერი ჩემი უბედურების მიზეზია, ყველაფერი, საკუთარი თავის გარდა!

არადა,  საჭიროა უბრალოდ დავფიქრდეთ საკუთარ ცხოვრეგბაზე და ერთი წუთით მაინც  ვივარაუდოთ, რომ ყველა ჩვენი უსიამოვნების მიზეზი მხოლოდ ჩვენში ბუდობს.  რამე რომ გაასწორო, სრულიად არ არის საჭირო ვიღაც შარლატანებს მისცე შენი  ნაამაგარი, არამედ დასაწყისისთვის, შეეცადე შეცვალო შენი შეხედულებები  ზოგიერთ საგანზე. და იმის ნაცვლად, შენს გარშემომყოფებს აბრალო შენი  წარუმატებლობანი, დაფიქრდი - შენივე შეცდომები ხომ არ გინგრევენ ცხოვრებას და ურთიერთობებს?

თუმცა,  ზოგჯერ მართლაც ხდება ალოგიკური ბოროტება. მრავალი მართალი და პატიოსანი  ოჯახი იტანჯებოდა და იტანჯება სხვადასხვა უბედურებათა გამო - ხან  ბავშვები დაავადდებიან, ხან სახლი დაიწვება, ხან ფულს მოჰპარავენ და ა. შ.  მაგრამ ეკლესია ასეთ შემთხვევაში მისტიკურს ვერაფერს ხედავს და ცალსახად  ასწავლის - ღმერთი გწვრთნის! ხოლო რისთვის მაინცა და მაინც ასე - სხვა საკითხია. მხოლოდ მან ერთმა იცის ადამიანის წვრთნის მისეული ფორმები  და ჭეშმარიტი მოტივები. ვიღაცას ის აფხიზლებს, ვიღაცას წარწყმედის გზაზე  ეღობება, ვიღაცას უსამართლო მონახვეჭს ართმევს, რათა სამაგიეროდ უფრო  ღირებული და საჭირო მისცეს. ღმრთის გზები - გამოუკვლეველია. სწორედ  ამიტომ არ ეძიებდნენ წმინდანები რომელი "ჯადოქარის" გამო დაეწყოთ მათ  პრობლემები, არამედ ხელს აღაპყრობდნენ ზეცად და უფალს ასეთი სიტყვებით  მადლობდნენ: "დიდება ღმერთს ყველაფრისთვის!"

შედგენილია ინტერნეტ მასალების მიხედვით.
Назад к содержимому