ლიტურგიკა - "... ხმალი არ მისცე, საზრდოს ნაცვლად" - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
"... ხმალი არ მისცე, საზრდოს ნაცვლად"

 გასაუბრება წმიდა ზიარებისა და საზიარებლად მომზადების შესახებ
წმიდა ზიარება
იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია მიეახლოს წმიდა ზიარებას და რა უნდა გააკეთოს ამისთვის: საჭიროა თუ არა მარხვა, აღსარება და განსაკუთრებულად ლოცვა, მსჯელობს ცნობილი რუმინელი მხცოვანი და სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე).

* * *

წმიდა ზიარებას ადამიანისთვის უდიდესი სარგებლობა მოაქვს, თუ ის მართლაც რწმენით, ჯეროვანი მომზადებით და სულიერი მოძღვრის ნებართვით მიიღება. ხოლო ვინც უღირსად ეზიარება, ის თავის დასასჯელად ჭამს და სვამს (უფლის უპატიოსნეს ხორცს და სისხლს - "აპოკ." რედ.), რადგან ზიარება - ეს არის ცეცხლი, უღირსთა შემწველი, - და ეს ნათქვამია ზიარების ლოცვებში, რომელიც დაწესებულია უშუალოდ ზიარების წინ.

 
ვის შეუძლია ქრისტეს უწმიდეს საიდუმლოებებს ეზიაროს?
 
- ის, ვისი ცხოვრებაც წმიდა და უბიწოა; ვისი ცნობიერება სუფთაა, ვისზეც არ არის კანონიკური წინააღმდეგობები და ვისაც სულიერი მოძღვრისგან ნებართვა აქვს მიღებული. აი ვის შეუძლია ეზიაროს, ხოლო ვინც არ მოდის აღსარებაზე, მოძღვრის მიერ აკრძალულია და არ შეუსრულებია მისთვის დაწესებული ეპითიმია, ის ზიარებას ვერ მიეახლება. რადგან თუკი ასეთი წელიწადში ერთხელ მაინც ეღირსება ზიარებას, მაინც მიემსგავსება იუდას, რომელიც ერთხელ ეზიარა, და სწორედ მაშინ შევიდა მასში სატანა, და მანაც გაჰყიდა უფალი (იხ. იოანე 13:27).
 
ვინც უღირსია, ის წელიწადში ერთხელაც არ უნდა ეზიაროს... ხოლო თუ განიწმინდა და ქრისტეს ეკლესიის კანონიკური განწესების მიხედვით მოემზადა აღსარებით, მარხვით და მისთვის მიცემული ეპითიმიის შესრულებით - შიშითა და ძრწოლით მიეახლოს ზიარებას.
 

- რა შეგიძლიათ გვითხრათ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვების ზიარებაზე? სჭირდებათ თუ არა მათ აღსარება?
 
- ხუთ წლამდე ასაკის უბიწო ბავშვებს, თუ ეს შესაძლებელი იქნება, ყოველკვირეულად უნდა ვაზიარებდეთ. ხოლო ექვსი-შვიდი წლის ბავშვებს, განსაკუთრებით ახლა, კარგი იქნება თუ ავიყვანთ აღსარებაზე და შემდეგ ვაზიარებთ, რადგან დღეს ბავშვები მრავალ საცთურთა შორის ცხოვრობენ. სახლში, ტელევიზიით და ყველგან, როდესაც მათ არ აკონტროლებენ მშობლები, ისინი ბევრ უმსგავსობას ისმენენ და ხედავენ (1).
 
_________________
 
1. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მართლმადიდებლობაში აღსარებაზე მოსაყვანი ბავშვების ასაკი რეგლამენტირებული არ არის. რადგან ყველა ბავშვი თავისებურად იზრდება, შეუძლებელია შვიდწლიანი ასაკი პირველი აღსარების მკაცრ პერიოდად განისაზღვროს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მრავალი უმსგავსობის დანახვა ან მოსმენა ჯერ კიდევ არ არის ცოდვა. ცოდვად მიიჩნევა ღმრთის მცნების საწინააღმდეგო ქმედების ნებაყოფლობითი არჩევანი. ბავშვებს კი ხშირად ამგვარი ქმედებები გააზრებული არა აქვთ. ამიტომ მათი აღსარება უფრო კონსულტატიურ და აღმზრდელობით ხასიათს ატარებს. ბავშვთა ქრისტიანულ აღზრდასა და ცოდვისგან მათ დაცვაში უდიდესი როლი ენიჭება ეკლესიის მოძღვართა და მშობელთა ერთობლივ ძალისხმევას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი მაინც ენიჭებათ მშობლებს, რადგან ბავშვები მათთან ატარებენ დროის უმეტეს ნაწილს. – "აპოკ." რედ.
 
_________________

მოხუცებსა და ავადმყოფებზე კი სიმეონ თესალონიკელი ამბობს: "კარგი იქნება თუ ხშირად ვაზიარებთ, მოხუცებსა და ავადმყოფებს, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, თუ მათ არ დააბრკოლებს რაიმე კანონიკური წინააღმდეგობა".
 
ყოველთვის, ზიარების წინ, იმის შემდეგ, რაც აღასრულებ მეტანიებს, იმის შემდეგ, რაც მიატოვებ ცოდვას და შეასრულებ მოძღვრის მიერ დაწესებულ ეპითიმიებს, გეკრძალება ზიარებამდე მინიმუმ სამი დღით ადრე მიიღო ღვინო, ან სახსნილო ან კიდევ რაიმე საჭმელი მომზადებული მცენარეულ ზეთზე. მარხვებს შორის პერიოდში კი არ გაქვს უფლება ეზიარო აღსარების, ეპითიმიის და ერთკვირიანი (ან თუნდაც სამდღიანი) მარხვის გარეშე. ზიარების წინ, არ უნდა მიიღო ზეთზე მომზადებული საჭმელი და ღვინო; არამედ, მხოლოდ უზეთო საკვები. ასეა დაწესებული ძმებო ზიარებისწინა მომზადების კანონი.
 
 
- გვითხარით რამე ბერ-მონაზონთა ზიარებისა და ხშირი ზიარების შესახებ.
 
- მონასტრის ბერები, თუ მათ კარგი მოძღვარი ჰყავთ, ხშირად უნდა აბარებდნენ აღსარებას. ჩვენთან, როგორც ხედავთ, აღსარება სრულდება კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს. მაგრამ მე მყავს მღვიძარე (2) ბერები, რომლებიც კვირაში ორჯერ, ზოგი კი სამჯერაც მოდიან აღსარებაზე: "მამაო, ცისკარი გამოვტოვე", "მამაო, დაწესებული კანონი ვერ წავიკითხე", "მამაო რაღაც ვჭამე ტრაპეზობამდე", - და გიკვირს, რას არ გეტყვის ზოგიერთი. თუკი მას სინდისი აწუხებს, ის მოდის, შენ ხელს ადებ თავზე, განუტევებ მას ცოდვას და მისი სული გრძნობს ენით აუწერელ სიმსუბუქეს.
 
_________________
 
2. მღვიძარება ასკეტური გაგებით. "მღვიძარება" ნიშნავს - გონებისა და გულის წმიდად დაცვის მუდმივობას.
 
_________________
 
ასე რომ მოხუც და ავადმყოფი ბერებსაც შეუძლიათ ეზიარონ კვირაში ერთხელ; დანარჩენებს, თუკი მათ მოძღვარი ნებას დართავს, შეუძლიათ ეზიარონ მინიმუმ ერთხელ ორმოც დღეში, უკეთესია - თვეში ერთხელ.
 
 
- არსებობს თ არა წმიდა მამათა რაიმე მითითება ორმოც დღეში ერთხელ ზიარების შესახებ?
 
- დიახ, არსებობს, კერძოდ, წმიდა სიმეონ თესალონიკელთან. ის ამბობს, რომ ორმოც დღეში ერთხელ ყოველი ადამიანი უნდა მოემზადოს და ეზიაროს, თუკი რაიმე კანონიკური დაბრკოლება ხელს არ შეუშლის. არსებობს ცოდვები, რომელთა გამო ადამიანს ზიარება შეიძლება აეკრძალოს ხანგრძლივი პერიოდით, მაგალითად ოცი წლით.
 
მომაკვდავი ადამიანის შემთხვევაში შეგიძლია დაუყოვნებლივ მისცე ზიარება. სიკვდილის წინ დაუშვებელია ზიარების აკრძალვა (3). ხოლო თუ არ გარდაიცვალა და ცოცხალი დარჩა, მაშინ გააგრძელებს მისთვის დაწესებულ ეპითიმიას. ეს კარგად უნდა დაიმახსოვროთ.
 
_________________
 
3. აქაც იგულისხმებიან ეკლესიის წევრები, და არა მის გარეთ მყოფნი. ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანს ზიარება არ მიეცემა, სანამ ის სინანულითა და საკუთარი ცოდვების აღიარებით არ შემოურიგდება ეკლესიას - "აპოკ". რედ.
 
_________________
 
 
- შეიძლება თუ არა ზიარება აღსარების გარეშე?
 
- არასოდეს! ეს დაუშვებელია! სასიკვდილო საშიშროებისა და ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც, ზიარებას წინ უნდა უძღოდეს სინანული, ცოდვების აღიარება და მხოლოდ ამის შემდეგ ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის ზიარება.
 
 
- რა შეგიძლიათ გვითხრათ საზოგადო აღსარებაზე, რომელსაც მიმართავენ ზოგიერთ ადგილას და, სადაც მორწმუნეები არც ინდივიდუალურად უყვებიან მოძღვარს თავიანთ ცოდვას და არც ხელის თავზე დადებით ხდება მათთვის ცოდვების მიტევება?
 
- ასეთი აღსარება არაკანონიკურია და მას საიდუმლოს ძალა არ გააჩნია, ასეთი ცოდვები მიუტევებელი რჩება. მსგავსი პრაქტიკა სრულიად უნდა ამოიძირკვოს, რომ სინანულის წმიდა საიდუმლო არ გაუქმდეს და საგეჰენიოდ არ გაისარჯონ მღვდლებიც და მორწმუნეებიც.
 
 
- წელიწადში რამდენჯერ უნდა შეინანოს ცოდვები ერისკაცმა?
 
- აღსარება არ არის განსაზღვრული წელიწადის რომელიმე დროსთან ან ვადებთან. ჩვენ მოძღვარს შეგვიძლია მივმართოთ ყოველთვის, როდესაც ვიგრძნობთ სინანულის მოთხოვნილებას, საკუთარი სულის ცოდვათა სიმძიმისგან გათავისუფლების საჭიროებას, რათა მივიღოთ მადლი და ცხონების სასოება. რაც უფრო ხშირად ვივლით აღსარებაზე, მით უკეთესი.
 
წესისამებრ აღსარება უკავშირდება ოთხ მარხვას. ამიტომ, როგორც ეკლესია გვასწავლის აღსარებაზე უნდა მივიდეთ წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ მაინც, ამ ოთხ მარხვაში. ყველაზე მონდომებული და ღვთისმოსავი მორწმუნეები აღსარებაზე ყოველთვიურად მიდიან, დანარჩენები კი - წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მივიდნენ აღსარებაზე, განსაკუთრებით დიდ მარხვაში (იხ. См.: Православное исповедание. Ч. 1. Вопрос 90).
 
 
- ეკლესიის განაწესის მიხედვით, წელიწადში რამდენჯერ გვმართებს ზიარების მიღება?
 
- წმიდა ზიარება, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სინანულთან (აღსარებასთან), შეიძლება მიღებულ იქნას წელიწადში ოთხჯერ, ოთხ მარხვაში, თანაც სინანულისა და მოძღვრის ნებართვის შემდეგ. ყველაზე ღვთისმოსავებს შეუძლიათ ზიარება მიიღონ ყველაზე მეტი თვეში ერთხელ, ხოლო ყველაზე მცირე - წელიწადში ერთხელ, ისიც წმიდა პასექზე, ოღონდ დაწესებული ეპითიმიების შესრულების შემდეგ. წმიდა იოანე ოქროპირი მორწმუნეებს ურჩევს ეზიარონ წელიწადში თორმეტჯერ, უფლის ათორმეტ დღესასწაულზე, თუკი ამას ნებას დართავს სულიერი მოძღვარი, მაგრამ "შიშითა და ძრწოლით, რათა საჭმლის ნაცვლად განკითხვა და სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი არ დავიმკვიდროთ" (შეად.: Свт. Иоанн Златоуст. Беседа 25-я на Первое Послание к Коринфянам. § 1 // Свт. Иоанн Златоуст. Творения: В 12 т. М., 2004. Т. 10. С. 272; Его же. О предательстве Иуды. Беседа 2. § 6 // Там же. М., 2005. Т. 2. С. 435).
 
 
- რომელი უმთავრესი პირობებია დასაცველი უფლის უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის მისაღებად?
 
- წმიდა ზიარებისთვის მზადება ორი სახისაა: ხორციელი და სულიერი. საზოგადოდ ის შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
 
ა) აღსარება, ანუ ცოდვათა აღიარება, რომლის გარეშე ვერავინ ეზიარება, თუნდაც კლერიკოსი. მხოლოდ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები თავისუფლდებიან აღსარებისგან;
 
ბ) შერიგება ყოველ ადამიანთან. ვერავინ ეზიარება, თუ ის ვინმეს ემდურის ან მტრობს, ან ვინმეს არ შეურიგდა, განიცდის ვინმეს მიმართ ბოღმას, ბოროტ გრძნობებს, სიძულვილს ან შურისგების წყურვილს. ღმერთი, რომელიც სიყვარულია, სიწმიდეს აღირსებს მხოლოდ მათ, ვინც მიმტევებელია მოყვასთა მიმართ და სიყვარულით ცხოვრობს;
 
გ) თავშეკავება სახსნილო საკვებისგან და ყოველგვარი ხორციელი ვნებისა და უწმინდურებისგან. მეუღლეებმა ზიარებამდე თავი წმიდად უნდა დაიცვან, ყველაზე ნაკლები შვიდი დღე მაინც და კიდევ სამი დღე წმიდა ზიარების შემდეგ.
 
მორწმუნეები თავს წმიდად უნდა იცავდნენ და მარხულობდნენ ყოველ ოთხშაბათ-პარასკევს, ასევე უნდა იცავდნენ ყველა ოთხ მარხვას, როდესაც ეზიარებიან კიდეც. მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, მღვდელი მორწმუნეს უნიშნავს უფრო მოკლე მარხვას. ისინი, ვინც მარხვათა პერიოდის შემდეგ მოისურვებენ ზიარებას, უნდა მარხულობდნენ მინიმუმ სამი დღიდან შვიდ დღემდე. სიწმიდის მიღების წინ ქრისტიანი თავს უნდა იკავებდეს სიმთვრალისგან, თამბაქოსგან, გართობისგან, ხუმრობებისგან, შურისგან, ცილისწამებისგან და ა. შ.
 
დ) ეპითიმიათა შესრულება, რომლებიც მოცემულია მოძღვრის მიერ. მორწმუნეებს უფლება არა აქვთ ეზიარონ თავიანთი მოძღვრის ნებართვისა და ეპითიმიის შესრულების გარეშე, რომელიც მოძღვარმა მას აღსარების დროს მისცა. მხოლოდ სნეულების ან სხვა მძიმე ვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი ეპითიმიის შეუსრულებლობის გათვალისწინება. ასეთ ვითარებაში თუ ვინმე აღმოჩნდება, მაშინ მას შეუძლია მიიღოს სიწმიდე.
 
ე) ლოცვა; წმიდა ზიარების მიღებამდე მორწმუნეები განსაკუთრებულად უნდა ლოცულობდნენ: მათ უნდა წაიკითხონ ჟამნები, ფსალმუნი და აკაფისტო, ასევე შეძლებისდაგვარად აღასრულონ დიდი (მიწამდე) და მცირე (წელამდე) მეტანიები, გაიღონ მოწყალება ღარიბთა მიმართ და აღასრულონ სხვა სათნო საქმეები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საღამოს აკაფისტოს, იესუ ტკბილის საგალობლის, მფარველი ანგელოზისა და წმიდა ზიარების საგალობლების კითხვას, დილით კი - თორმეტ ლოცვას. სიწმიდის მიღების შემდეგ მორწმუნეებმა უნდა წაიკითხონ სამადლობელი ლოცვები.
 
 
- წმიდა მამათა განწესებების შესაბამისად, როგორ უნდა ეზიარონ ბერები? რამდენად ხშირად ეზიარებიან უბრალო ბერები, სქიმმონაზვნები და ავადმყოფი ბერები?
 
- ყველაფერი, რაც აქამდე ვილაპარაკე წმიდა საიდუმლოს შესახებ, ბერებსაც ეხება. ბერები და სქიმმონაზვნები ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს ერისკაცებზე უფრო ხშირად უნდა ეზიარებოდნენ, მაგრამ უფრო ჯეროვანი მომზადებით, წმიდა კანონების შესაბამისად და სულიერ მოძღვრის კურთხევით.
 
ბერებს ზიარება შეუძლიათ თვეში ერთხელ ან, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, თორმეტჯერ თორმეტ საუფლო დღესასწაულზე (იხ.: Свт. Иоанн Златоуст. Против аномеев Слово 6. § 3 // Свт. Иоанн Златоуст. Творения: В 12 т. М., 1991. Т. 1. С. 554). სქიმონაზვნები, განსაკუთრებით სნეულები, ასევე მოხუცები შეიძლება კვირაში ერთხელ ეზიარონ, ჩვენი მონასტრული ტრადიციის
 
 
- შეიძლება თუ არა ცხონება სულიერი მოძღვრისა და აღსარების გარეშე?
 
- არა. ვერავინ, ვერც ერისკაცი, ვერც ბერი და ვერც კლერიკოსი - ცოდვათა აღსრებისა და სულიერ მოძღვრის მიერ მათ მიტევებათა გარეშე ვერ ცხონდება. რადგან ასე ბრძანებს უფალი: "ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ" (იოანე 20:22-23). და კიდევ სხვა ადგილას: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც" (მათე 18:18).
 
მაშ, როგორ შეძლებს ვინმე ცათა სასუფეველში შესვლას, თუკი მიწაზე დახსნილი არ იქნება საკუთარ ცოდვათაგან? ხოლო ეს ძალაუფლება (შეკვრისა და გახსნისა) მიეცა მხოლოდ რჩეულთ, ანუ მოციქულებს, ეპისკოპოსებსა და მღვდლებს, და არა ერისკაცებს. ჩვენ ყველას, იმათაც კი, ვისაც ეჩვენება, რომ ცოდვები არა აქვს, უნდა გვყავდეს ჩვენი სულიერი მოძღვარი და რეგულარულად ვაბარებდეთ მას აღსარებას.
 
ასე გვასწავლის წმიდა მოციქული და მახარობელი იოანე: "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან" (1 იოანე 1:8-9). ხოლო წმიდა სიმეონ თესალონიკელი უთითებს: "ჩვენ ყველანი უნდა ვინანიებდეთ - ერისკაცნიც, ბერებიც, მღვდლებიც და მღვდელმთავრებიც. ყველანი უნდა ვინანიებდეთ, რომ ვცხონდეთ" (იხ.: Симеон Фессалоникийский, блаженный. Разговоры о святых священнодействиях и Таинствах церковных. Гл. 217. С. 316-318). აღსარების გარეშე ვერავინ ცხონდება, რადგანაც "ყველანი ბევრს ვცოდავთ" (იაკობი 3:2). ყოველი ადამიანი ჩასახულია და იბადება ცოდვებში (იხ.: დაბ. 8:21; ფსალმ. 50:7; მათე 7:11; რომ. 3:9). წმიდა წერილი განგვიმარტავს, რომ "გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს" (იაკობი 1:15) და, რომ ვერ შევა ცათა სასუფეველში "ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი" (გამოცხ. 21:27).
 
ამრიგად, გვახსოვდეს, რომ ცოდვა - ეს ღმრთის სჯულის დარღვევაა, სიბილწე და უწმიდურებაა მის თვალში და, რომ ღმრთის რისხვა თავს ატყდება იმ ბოროტ და ცოდვილ ადამიანებს, რომლებიც კვდებიან მოუნანიებელნი. ცოდვილები კი სინანულისა და აღსარების გზით თავიდან იცილებენ ღმრთის სამართლიან გულისწყრომას და სულს იცხოვნებენ.
 
 
- რას ფიქრობთ იმ კლერიკოსებზე, რომლებიც საკმაოდ ხშირად და მორწმუნეებს მათი სინდისის ჯეროვანი გამოკვლევის გარეშე აძლევენ წმიდა ზიარებას?
 
- მღვდლებს, რომლებიც მორწმუნეებს ჯეროვანი გამოკვლევისა და ეპითიმიების გარეშე აძლევენ ზიარებას, ვურჩევ წაიკითხონ წმიდა მამათა დარიგებები, რომლებიც მორწმუნეთა ზიარებისთვის მზადებას ეხება. მღვდლებმა კარგად უნდა იცოდნენ წმიდა კანონები და მართლმადიდებლური ეკლესიის პრაქტიკა, აუცილებლობის შემთხვევაში კი - რჩევა ჰკითხონ ადგილობრივ ეპისკოპოსს, რომელსაც ისინი მთელი თავიანთი ცხოვრება უნდა მორჩილებდნენ.
 
მღვდლები ვალდებულნი არიან წაიკითხონ წმიდა იოანე ოქროპირის სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივცეთ მორწმუნეთ წმიდა ზიარება. აი რას ბრძანებს წმიდა მამა: "ამას გეუბნებით თქვენ, ვინც ეზიარებით, და თქვენ ვინც მსახურობთ. თქვენთანაც საჭიროა საუბარი, რათა დიდი გულმოდგინებით გაანაწილოთ ეს ძღვენი. მცირე სასჯელი როდი მიგელით თუ ვინმეს, ვისაც ბიწიერად სცნობთ ნებას დართავთ ეზიაროს ამ ტრაპეზს. სისხლი მისი მოეკითხება თქვენს ხელებს. თუნდაც მხედართმთავარი იყოს ვინმე, თუნდაც უმაღლესი ხელისუფალი, თუნდაც მეფე, გვირგვინოსანი, და უღირსად მიეახლება, აუკრძალე მას: შენ მასზე უმეტესი ძალაუფლება გაქვს. იმდენად საშიში არ არის ეშმაკეულების მიახლება ამ საიდუმლოსთან, ვიდრე მათი, ვინც როგორც მოციქული პავლე ამბობს, ფეხქვეშ თელავენ ქრისტეს, აღთქმის სისხლს არ მიიჩნევენ სიწმიდედ, და აგინებენ მადლს სულისას (ებრ. 10:29). ვინც ცოდვებში მყოფი მიეახლება, ეშმაკეულზე უარესია, უკანასკნელი არ ისჯება, იმიტომ, რომ იგი შეპყრობილია. ხოლო, ვინც უღირსად მიეახლება მარადიულ წამებას მიეცემა. ამრიგად, განვაშოროთ საიდუმლოს არა მხოლოდ ეშმაკეულები, არამედ ყველა, ვისაც უღირსად მიახლებულს დავინახავთ. არავინ უნდა მიიღოს წმიდა ნაწილები იუდას მსგავსად, რათა იუდას ხვედრი არ გაიზიაროს" (წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. VI ტომი. წმიდა მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი მეორე. ოთხმოცდამეორე ჰომილია. 26:26-28. § 6. გვ. 460 // Иоанн Златоуст, святитель. Толкование на святого Матфея евангелиста. Беседа 82. § 6 // Иоанн Златоуст, святитель. Творения: В 12 т. М., 2001. Т. 7. С. 828.)
 
და კიდევ ამბობს: "... ხმალი არ მისცე, ნაცვლად საზრდოსი და თუ ვინმე უგუნურობით მოვიდა საზიარებლად, აუკრძალე მას, ნუ შეშინდები. გეშინოდეს ღმრთისა და არა კაცისა. თუ თვითონ ვერ გაუბედავ, ჩემთან მოიყვანე. მე არ დავუშვებ ამ კადნიერებას. უსწრაფეს მივცემ ჩემს სულს, ვიდრე უღირსად ვაზიარებ უფლის სისხლს; უწინარეს დავღვრი საკუთარ სისხლს, ვიდრე ვაზიარებ ესოდენ საშინელ სისხლს მას, ვისაც არ ეგების. თუკი ვინმე, შემდგომად მრავალი გამოცდისა, ვერ პოვებს უღირსს, იგი არ იქნება დამნაშვე" (იქვე).
 
სწორედ ამიტომ, მოძღვარი ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს აღსარებაზე, რადგან მას უწევს გადაწყვეტა, თუ ვის აუკრძალოს და ვის დართოს ნება მიიღოს სიწმიდე. თუკი ვინმე ეწევა უზნეო ცხოვრებას და მოტყუების გზით შეეცდება წმიდა ზიარების მიღებას, მასში სატანა შევა (იხ. იოანე 13:27), როგორც იმგვარში, ვინც თავისი კადნიერებით დაემსგავსა იუდას.

წყარო: https://pravoslavie.ru/65550.html
Назад к содержимому