ლიტურგიკა - საიდუმლოთა რაოდენობა და სტატუსი, როგორც მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ყველაზე ნაკლებად დამუშავებული ასპექტი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
საიდუმლოთა რაოდენობა და სტატუსი,
როგორც მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ყველაზე ნაკლებად დამუშავებული ასპექტი
საეკლესიო საიდუმლოებანი
საიდუმლოს ცნება, რომელიც აღებული იყო წარმართული საკრამენტოლოგიიდან, გაეკლესიურებულ და გადააზრებულ იქნა ბიბლიური მსოფლმხედველობის ჩარჩოებში. ეკლესიის ისტორიის განმავლობაში საიდუმლოთა რიცხვი და სტატუსი იცვლებოდა. სავარაუდო სააპრობაციო სტატიაში ავტორი მსჯელობს მართლმადიდებლურ საიდუმლოთა ჩამოყალიბების ისტორიაზე.
 
 
***
 
ავტორი: მღვდელი ბორის იაკოვენკო. სტატია გამოქვეყნდა 2020 წ. bogoslov.ru
 
თვით საიდუმლოს ცნება (ბერძნ. μυστήριον - საიდუმლო; ლათ. sacramentum - ფიცი, ვალდებულება) გარკვეულწილად ეკლესიის მიერ ნასესხებია ანტიკური წარმართული ტრადიციიდან. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში თავიდანვე საიდუმლოებები არ არსებობდა, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობდა მიმდინარე სარიტუალო მოქმედებების ფილოსოფიური გააზრება (ანტიკური ფილოსოფიის კატეგორიებში) (Королев А. Вера и таинства в Православной Церкви. https://bogoslov.ru/article/4850097) (მიმართვის თარიღი: 29.03.2020), რომელიც წმიდა გადმოცემამ არც ისე მრავლად იცის - ნათლობა, მირონცხება, სინანული, ევქარისტია, ხელდასხმა და ზეთის ცხება. ცალკე უნდა გამოვყოთ ქორწინება, რომელიც, უეჭველად, აღიარებულია საიდუმლოდ, რადგან მომდინარეობს ღმრთის ნებისგან და მისივე უშუალო ზემოქმედებისგან: "ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი" (მთ. 19:6).
 
მაგრამ ამასთანავე კონკრეტულ საქორწილო რიტუალზე წმიდა წერილში არაფერია ნათქვამი, გარდა იმისა, რომ ჯვრისწერის დღეს ზეიმობენ ახალდაქორწინებულები და მათი ახლობელი ადამიანები. თუმცა, წმიდა წერილში არსებული მღვდელმოქმედებების პირდაპირი დამოწმებანი ადრექრისტიანულ ავტორთათვის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენდა მიეჩნიათ ისინი საიდუმლოს, რის შესახებაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი. ანტიკური მისტერიები მათში მონაწილისგან ითხოვდნენ რწმენას მღვდელმოქმედების მაცხოვნებლობისა და მაკურთხებელი ძალისადმი. სწორედ ასეთი სახით აიღო ქრისტიანობამ საიდუმლოს/მისტერიის ცნება, რომელიც შეავსო ქრისტიანული მნიშვნელობებით (მაგალითად, პირადი ღვთისმოსაობით და ასკეტური ღვაწლის აუცილებლობით) (Шмеман А., протопресвитер. Введение в литургическое богословие. К., Пролог, 2003. С. 147-151). ამასთან ანტიკურობისთვისაც, და უფრო გვიანდელ დროშიც, როგორც შედეგი, მნიშვნელოვანი ხდება საიდუმლოთა ქმედითობის საკითხი.
 
ერთი მხრივ, წარმართული ცნობიერებისთვის დამახასიათებელია საიდუმლოთა მაგიური აღქმა, ანუ თავისთავად რიტუალისა, როგორც ასეთის. მეორე მხრივ - ქრისტიანებს სწამთ ღმერთის, რომლის შესახებ სწავლება მათ მიიღოს როგორც ახალაღთქმისეული, ასევე ძველაღთქმისეული იუდაური ტექსტების მეშვეობით. ღმერთთან დამოკიდებულება არ შეიძლება ატარებდეს მაგიურ ხასიათს, რადგან ღმერთი პრინციპულად არ არის დაქვემდებარებული ადამიანის ნებას, გამოხატულს ნებისმიერ მღვდელმოქმედებაში. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მოცემული პრობლემა მარტივია, საიდუმლო - ეს არის საღმრთო მადლის მიღების მეთოდი, და ამავდროულად, მასთან შეხების მეთოდიც (Королев А. Вера и таинства в Православной Церкви. https://bogoslov.ru/article/4850097 (მიმართვის თარიღი: 29.03.2020)).
 
"მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორედ. სწორე და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ (Сарычев В. Д. Конспект лекций по Догматическому богословию. Учение о Боге Спасителе. https://www.eparhia-saratov.ru/Content/Books/126/42.html (მიმართვის თარიღი: 29.03.2020)) (ქართ. წყარო: სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 63 – "აპოკ." რედ.).
 
მართლმადიდებლური სწავლება ლაპარაკობს იმაზე, რომ საღმრთო მადლის მიღებისთვის მნიშვნელოვანია საიდუმლოთა სინამდვილე და ქმედითობა.
 
სინამდვილე - ეს არის საიდუმლოს ობიექტური მხარე, როდესაც საღმრთო მადლი რეალურად ეძლევა მორწმუნეს თვით ღმრთისგან ღვთისმსახურის მეშვეობით, რომელიც გარკვეული სახით აღასრულებს ამა თუ იმ საიდუმლოს წეს-განგებას. "საზოგადოდ საიდუმლოთა სინამდვილე არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ისეთ პირობებზე, რომელთა შესრულების ან შეუსრულებლობის დაკვირვება და შემოწმება შეუძლებელია, შედეგად, მღვდელმსახურის რწმენისა და განზრახვის უკმარობა ვერ გაანადგურებს საიდუმლოს სინამდვილეს, სანამ ისინი მღვდელმსახურის სინდისის სფეროს განეკუთვნებიან. სხვა საქმეა, როდესაც ეს თვისებები გარეგნულად ვლინდება და იღებენ მწვალებლობის ან მართლმადიდებლობისგან სხვა აშკარა განდგომილების ხასიათს და, ამრიგად, მისაწვდომნი ხდებიან დაკვირვებისა და შეფასებისათვის: მაშინ ეკლესია განიკითხავს ასეთ მსახურს, და, აშკარა დანაშაულობის შემთხვევაში, აჩერებს მის მღვდელმსახურებას" (Королев А. Вера и таинства в Православной Церкви. იქვე.)
 
ქმედითობა საიდუმლოსი, ანუ მიიღო თუ არა ადამიანმა სულიწმიდის ნიჭი, დამოკიდებულია მის რწმენაზე ქრისტესადმი და მღვდელმოქმედებათა მაცხოვნებელი ძალისადმი (მთ. 13:58; 16:16), ასევე მადლის მიღებისა და სულის ცხონების გულწრფელ სურვილზე. მაგრამ სწორედ აქ იბადება ძირითადი თეოლოგიურ-კვლევითი პრობლემა - როგორ შეფასდეს "საიდუმლოთა" ქმედითობა, რომელსაც არამართლმადიდებლურ ეკლესიებში ატარებენ? საკითხის არსი რთულდება იმის შეგნებით, რომ საიდუმლოში თავისუფლად და ღმრთის ნებით მოგვეწოდება საღმრთო მადლი.
 
შეიძლება თუ არა გამომუშავდეს არამართლმადიდებლურ "საიდუმლოებებში" საღმრთო მადლის მიღების (ან, პირიქით, მისი არარსებობის) შეფასების კრიტერიუმი? მაგალითები ახალი აღთქმის წმიდა ისტორიიდან, - მაგალითად, სულიწმიდის გადმოსვლა ასმეთაურ კორნილიზე, რომელიც აღწერილია მოციქულთა საქმეების მე-10 თავში, ანუ საიდუმლოთა მიღებული თანმიმდევრობის დარღვევა, "მირონცხება" ნათლისღების გარეშე, - აჩვენებს, რომ ასეთი კრიტერიუმების გამომუშავება საკმაოდ ძნელია, რადგან ღმერთი თავისი აბსოლუტურად თავისუფალი ნებით ძალმოსილია დაარღვიოს მოლოდინები და დაწესებანი (მათ შორის კანონიკურიც)* ადამიანებისა, რომელთაც კავშირი აქვთ განსაზღვრულ სარწმუნოებრივ ტრადიციათა მიმღებლობასთან ან მიუღებლობასთან.
 
______________
 
* სხვათა შორის ეს ჭეშმარიტება ასე არის გამოთქმული წმ. ანდრია კრიტელის კანონში: "... წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაიცა ენებოს" (წმ. ანდრია კრიტელი. დიდი კანონი. ორშაბათი. გალობა დ. აწდა-ზე. http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/kriteli_orshabati.htm) (URL-ს მიმართვის თარიღი: 24.08.2020) – "აპოკ." რედ.
 
______________
 
ადრინდელი ქრისტიანი ავტორები (ტერტულიანე, წმ. კვიპრიანე კართაგენელი, წმ. ამბროსი მედიოლანელი და სხვები) გამოყოფენ მხოლოდ ორ საიდუმლოს - ნათლობას და ევქარისტიას. თუმცა, უკვე რომის პაპ მელქიადეს (†314) დროს ხელდასხმა საიდუმლოდ იყო აღიარებული (Катанский А.Л. Догматическое учение о семи церковных таинствах в творениях древнейших отцов и писателей Церкви до Оригена включительно. СПб.: Тип. Ф.Г. Елеонского, 1877. С. 20). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საიდუმლოთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ საიდუმლოთა რაოდენობის მატება თვით XV ს-მდე იზრდებოდა, როდესაც მიტრ. იოსაფ ეფესელის შრომებში უკვე ვხვდებით ათამდე საიდუმლოს (Зайцев А. Число таинств Церкви / Журнал «Камо грядеши», Вып. №1 (14) от 02.2001. http://kiev-orthodox.org/site/faithbasis/540/ (მიმართვის თარიღი: 29.03.2020)).
 
IV საუკუნიდან საეკლესიო ავტორები აღნიშნავენ პირველი ოთხი საიდუმლოს ერთმნიშვნელოვნებას, კერძოდ, ესენია: ნათლობა, მირონცხება, ევქარისტია და ქიროტონია (ხელდასხმა). სწორედ ამ საიდუმლოებებს გამოყოფს ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, ეკლესიის საიდუმლოთა პირველი სისტემატიზატორი და პირველი, ვინც მათი რაოდენობა მიუთითა - ექვსი V-VI საუკუნეების მიჯნაზე ტექსტში "საეკლესიო იერარქიის შესახებ" (Петров В. В. Таинство "Синаксиса" у Псевдо-Дионисия Ареопагита и у прп. Максима Исповедника // Вестник Православного Свято-Тихоновского гуманитарного университета. Серия 1: Богословие. Философия. Религиоведение, №. 24, 2008. С. 53). ავტორი მათ განალაგებს შემდეგი თანმიმდევრობით: ნათლობა, ევქარისტია, მირონის კურთხევა, ხელდასხმა.
 
უნდა აღინიშნოს, რომ ნათლობა და მირონის კურთხევა არა მარტო გაყოფილია ევქარისტიით, არამედ, ავტორის ტექსტის მიხედვით, მათი კავშირი და აღსრულების აუცილებლობა ერთსა და იმავე დროს (თანამედროვე პრაქტიკა) არაერთმნიშვნელოვანია. მე-6 და მე-7 თავებში ავტორი უთითებს ორ სხვა საიდუმლოსაც - მონაზვნად აღკვეცა და დაკრძალვა (Дионисий Ареопагит. О церковной иерархии / Азбука.ру. https://azbyka.ru/otechnik/Dionisij_Areopagit/o-tserkovnoj-ierarkhii/#4 (მიმართვის თარიღი: 29.03.2020)).
 
აღსანიშნავია, რომ შემდეგში საიდუმლოთა განსხვავებული სიების მიუხედავად, რომელიც წმიდა მამათა თხზულებებში გვხვდება, აღმოსავლეთის ეკლესიისთვის საიდუმლოთა სწორედ ეს სია იყო შედარებით ყოველდღიური და სტანდარტული - ხუთასი წლის შემდეგ სწორედ ასეთ სიას ვხედავთ ღირ. თევდორე სტოდიელთან (Зайцев А. Число таинств Церкви / Журнал «Камо грядеши», Вып. №1 (14) от 02.2001. http://kiev-orthodox.org/site/faithbasis/540/ (მიმართვის თარიღი: 29.03.2020)). ასევე უნდა ითქვას, რომ წმიდა მამები, უპირველეს ყოვლისა თვით ფსევდო-დიონისე არეოპაგელი, მხოლოდ ირიბად ეფუძნებიან წმიდა წერილს არა მარტო საიდუმლოთა რიცხვის დასასაბუთებლად, არამედ საკუთრივ მათი სტატუსის განსასაზღვრავადაც. ასე, მაგალითად, თუ მივმართავთ ნაშრომს "საეკლესიო იერარქიის შესახებ" დავინახავთ ახალი აღთქმის ირიბად დამოწმების უმნიშვნელო რაოდენობას (Дионисий Ареопагит. О церковной иерархии / Азбука.ру. https://azbyka.ru/otechnik/Dionisij_Areopagit/o-tserkovnoj-ierarkhii/#4 (მიმართვის თარიღი: 29.03.2020)).
 
სწორედ ასეთი არაერთგვაროვანი და დაუმუშავებელი მიდგომა იწვევდა შეხედულებათა მრავალფეროვნებას ეკლესიაში საიდუმლოთა სტატუსისა და რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ის ფაქტი, რომ საიდუმლოთა რაოდენობა და სტატუსი მსოფლიო კრებებზე არ განუხილავთ, მიუხედავად მათი პირველხარისხოვანი მნიშვნელობისა არა მარტო ეკლესიის ლიტურგიკული და საღვთისმსახურებო ცხოვრებისთვის, არამედ მთლიანად მორწმუნე ადამიანისთვისაც.
 
საინტერესოა, რომ ხატთაყვანისცემის შედარებით მეორეხარისხოვანი საკითხი (თუკი ამ საკითხს, რა თქმა უნდა, შევადარებთ ევქარისტიის მნიშვნელობას ეკლესიაში - ავტ. შენიშვნა) მეშვიდე მსოფლიო კრების დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი გახდა. საერთოდ ხატთაყვანისცემის საკითხი იყო უპირველესი, რომელსაც მსოფლიო კრებებზე შეეხნენ და, რომელიც დაკავშირებული იყო მორწმუნეთა ცხოვრების სიმბოლურ მხარესთან (ნაწილობრივ საყოფაცხოვრებო მხარესთანაც, რადგან ხატების დამზადება - ეს რთული საწარმოო პროცესია). სამწუხაროდ, საიდუმლოთა რაოდენობისა და მათი სტატუსის საკითხმა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხატწერის ანალოგიური მასშტაბური კრებითი გააზრება ვერ მიიღო.
 
როგორც ეს ზემოთ უკვე აღინიშნა, საიდუმლოთა რიცხვის საღვთისმეტყველო პრობლემა მჭიდროდ არის დაკავშირებული და განპირობებული საკითხით საიდუმლოთა სტატუსის შესახებ. ასე, მაგალითად, თუკი ნეტ. ავგუსტინე ლაპარაკობს სულ სამი საიდუმლოს არსებობაზე - ნათლობაზე, ევქარისტიასა და მირონცხებაზე (Катанский А.Л. Догматическое учение о семи церковных таинствах в творениях древнейших отцов и писателей Церкви до Оригена включительно. СПб.: Тип. Ф.Г. Елеонского, 1877. С. 23), ხოლო ფსევდო-დიონისე არეოპაგელთან ჩვენ ვხვდებით ორჯერ მეტს, სწორი კვლევითი კითხვა ასე უნდა დაისვას: რატომ მიიჩნევს ფსევდო-დიონისე არეოპაგელი საიდუმლოებებად ხელდასხმას, მონაზვნად აღკვეცას და დაკრძალვას, ხოლო სხვა წმიდა ავტორები საიდუმლოებებად სხვა რაოდენობას და მღვდელმოქმედებათა სხვა ნაკრებს მიიჩნევენ? და მაშინ რაში მდგომარეობს კრიტერიუმი, რომლის წყალობითაც შეგვეძლება განვასხვაოთ საიდუმლო მღვდელმოქმედებისგან და საიდუმლო წეს-ჩვეულებისგან?
 
ნიშნავს თუ არა, რომ თუკი განსაზღვრულ იქნება ასეთი კრიტერიუმი, აუცილებელი იქნება ჩატარდეს საიდუმლოთა და წეს-ჩვეულებათა რევიზია თანამედროვე გაგებით და, როგორც ამისი შედეგი, თვით მართლმადიდებლური ღვთისმსახურების რევიზიაც? იმის გათვალისწინებით, რომ პასუხები ამ კითხვებზსე დღემდე არ არსებობს, და, სავარაუდოდ, არც იქნება უახლოეს პერიოდში, ხოლო თვით სწავლება საიდუმლოთა შესახებ, რომელიც მყარად შევიდა მართლმადიდებლური ეკლესიის ლიტურგიკულ პრაქტიკაში, მთელი სიცხადით აღებულია ეკლესიის სისავსისგან განდრეკილი და მოგვიანებით მწვალებლობაში შთავარდნილი დასავლეთის ეკლესიისგან (ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ - ავტ. შენიშვნა), შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სწავლება საიდუმლოთა რაოდენობის შესახებ და სწავლება იმაზე, თუ რა არის საიდუმლო და რა არა, მოცემული მომენტისთვის მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ყველაზე ნაკლებად დამუშავებულ ნაწილად წარმოდგება. პარადოქსულია, მაგრამ ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
 
შვიდი საიდუმლო იმ სახით, როგორითაც განმტკიცდა იგი თანამედროვე "აკადემიურ" ღვთისმეტყველებაში, პირველად გვხვდება XII ს-ში, როდესაც დასავლეთ ევროპაში, ეპისკოპოს ოტონ ბამბერგელის (†1139) ანდერძში, რომელიც მან პომერანის მცხოვრებლებს დაუტოვა, ლაპარაკია საიდუმლოთა და წეს-ჩვეულებათა გაყოფის შესახებ. ამავდროულად შეიძლება შვიდი საიდუმლოს ხსენება შეგვხვდეს (იმავე სახით, რა სახითაც არის ის ოტონ ბამბერგელთან) მწერლ ჰუგო ვიქტორთან (†1141) და პეტრე ლომბარდთან (†1164) (Зайцев А. Число таинств Церкви / Журнал «Камо грядеши», Вып. №1 (14) от 02.2001. http://kiev-orthodox.org/site/faithbasis/540/ (дата обращения: 29.03.2020)).
 
უნდა შევნიშნოთ, რომ აღმოსავლეთში შვიდი საიდუმლოს ხსენება პირველად გვხვდება დაახლოებით ამ პერიოდში - ბიზანტიელი ბერის იობის (†1270) ნაშრომებში, მაგრამ ეს არ იყო ნასესხები საიდუმლოთა ლათინური ნაკრებიდან, რადგან მეექვსე ადგილზე იდგა სქემა (უფრო ვრცლად - მონაზვნობის მიღება), მეშვიდეზე კი - ზეთის კურთხევა და სინანული (იქვე) (რომელიც კათოლიკურ და ჩვენს თანამედროვე სქემებში გაყოფილია ორ განცალკევებულ საიდუმლოდ).
 
ბიზანტიამ საიდუმლოთა ლათინურ-კათოლიკურ სიაზე შეიტყო 1267 წელს იმპერატორ მიქაელ პალეოლოგის სიგელიდან ("სარწმუნოების აღსარება", რომელიც ზოგიერთ მკვლევარს ფსევდოეპიგრაფად მიაჩნია). მაგრამ ბიზანტიაში ეს სწავლება საიდუმლოთა შესახებ პოპულარული ვერ ხდება, რაზეც მოწმობს წმ. გრიგოლ პალამას შრომები (რომელიც როგორც საიდუმლოს ახსენებს მხოლოდ ნათლობას და ევქარისტიას), ნიკოლოზ კაბასილასი (რომელიც ამ ორ საიდუმლოს ამატებს კიდევ მირონცხებას), წმ. სიმეონ თესალონიკელს (რომელიც შვიდი საიდუმლოს გარდა ამატებს კიდევ ერთს - მონაზვნურ აღკვეცას) (იქვე).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საიდუმლოთა რაოდენობა და თვით სტატუსი აღმოსავლელ მამებთან და ეკლესიის მწერლებთან აბსოლუტიზირებული და ფიქსირებული არ არის. ფიქსირებული და ასე ვთქვათ "ყუთში ჩადებული" გადაწყვეტილება საიდუმლოთა რაოდენობისა და სტატუსის შესახებ მოდის დასავლეთიდან. მოცემული "აკადემიური" საღვთისმეტყველო პოზიციის რევიზიის ცალკეული მცდელობა, რომელიც, მაგალითად, მიიღო XX ს-ში არქიმანდრიტმა იუსტინემ (პოპოვიჩი) (†1979) (Иустин (Попович), архим. Православная Церковь и экуменизм. М.: Духовная нива. 1997. С. 62) და სხვა მწერლებმა, მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებაში შემდგომი განვითარება ვერ ჰპოვეს. საიდუმლოთა რაოდენობა და სტატუსი ასევე მონიშნული არ არის ყველა მართლმადიდებელთა მიერ აღიარებულ და სავალდებულო ადგილობრივ კრებებზე, ანუ ის არც კანონიკურად არის გამყარებული და არც დოგმატურად.
 
ამრიგად, მიუხედავად საზოგადოდ მიღებული მართლმადიდებლური "აკადემიური" პოზიციისა, რომელიც აღიარებს სწავლებას შვიდი საიდუმლოს შესახებ, გადმოტანილს მწვალებლობაში შთავარდნილი დასავლური ეკლესიისგან, საკითხი საიდუმლოთა რაოდენობასა და სტატუსზე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ღიად რჩება.
 

წყარო: https://bogoslov.ru/article/6027168

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.
 
Назад к содержимому