ლიტურგიკა - "რიტუალურ უწმინდურობასთან" დაკავშირებით: პასუხი მონაზონ ვასას (ლარინა) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
"რიტუალურ უწმინდურობასთან" დაკავშირებით: პასუხი მონაზონ ვასას (ლარინა)
ქალთა რიტუალური სიწმინდე
ავტორი: მღვდელი სერგი სვეშნიკოვი.
 
 
შესავალი
 
ამასწინათ გავეცანი მეცნ. დოქტორის მონაზონ ვასას (ლარინა) საინტერესო სტატიას რიტუალური უწმინდურობის შესახებ მართლმადიდებლურ ეკლესიაში (Сестра Васса Ларина.  "Ritual Impurity (Ритуальная нечистота)". Orthodoxy   and the World (Правмир).   www.pravmir.com, 2 июля 2009. О ритуальной не/чистоте: Что это и зачем?). ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თემაა, რადგან მას კავშირი აქვს ფუნქციებთან, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს ჯერ კიდევ ადამისა და ევას დროიდან ახასიათებს, და რომელიც სამყაროს აღსასრულამდე არ გაქრება. კერძოდ მონაზონი ვასა განიხილავს საეკლესიო დამოკიდებულებას მენსტრუაციისადმი (თუმცა საკითხი რიტუალური უწმინდურობის შესახებ მხოლოდ ამ თემამდე არ დაიყვანება, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით).
 
ახორციელებს რა ეკლესიური ტრადიციის თავისებურ დეკონსტრუქციას, რაც უკავშირდება მენსტრუაციის პერიოდში ქალის მონაწილეობის აკრძალვას ლიტურგიკულ ცხოვრებაში, მონაზონი ვასა მოწმობებს ამ ტრადიციის შესახებ და მის საწინააღმდეგო შეხედულებებს სხვადასხვა წყაროდან განიხილავს, კერძოდ: ძველი აღთქმიდან, იაკობის პროტოსახარებიდან, ეკლესიის მამათა თხზულებებიდან, - და აღნიშნავს ზოგიერთ თანამედროვე პრაქტიკას, რომელიც მოცემული ტრადიციის არასტაბილურობაზე უთითებენ.
 
მონაზონი ვასა მიდის დასკვნამდე, რომ რიტუალურ უწმინდურობას "არ გააჩნია საფუძველი ქრისტიანულ ანთროპოლოგიასა და სოტერიოლოგიაში". არის თუ არა ეს სიმართლე? ვფიქრობ, ღირს დეტალურად განვიხილოთ მონაზონ ვასას ზოგიერთი გამონათქვამი.
 
 
ფემინიზმი
 
მონაზონ ვასას ესმის, რომ ტრადიციული შეზღუდვებისგან ქალთა გათავისუფლების ხსენება გარდაუვალად იქნება განხილული ფემინიზმის შესახებ არსებული პოლემიკის ფარგლებში. ამიტომ ის ცდილობს დაარწმუნოს თავისი მკითხველი, რომ თავის გამოკვლევაში სულაც არ ხელმძღვანელობს ფემინისტური მოტივებით. ის ამტკიცებს, რომ რადგან "მართლმადიდებლურ ეკლესიას ტრადიციულად არ გააჩნია სოციალური ან პოლიტიკური პროგრამა, დისკუსია (ფემინისტური პოლემიკის) მოცემულ სიბრტყეზე რჩება ეკლესიის გარეთ". რა თქმა უნდა, ამ მტკიცებულებას ადვილად შეიძლება შევედავოთ, მაგრამ შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს მითითება ეკლესიისა და თანამედროვე ფემინისტური იდეოლოგიის ურთიერთობის მკაფიო სურათზე.
 
ფემინისტური პოლემიკის მიჩნევა "ეკლესიის გარეთ" შეიძლება ცდომილება იყოს. ეკლესია ჯერაც არ გასულა წუთისოფლიდან ზეციურ იერუსალიმში, და მისი წევრებისთვის სულაც არ არის უცხო სოციო-პოლიტიკური და სოციო-რელიგიური საქმიანობა. არ შეიძლება თანამედროვე ინტელექტუალური, ფილოსოფიური და სოციო-იდეოლოგიური ატმოსფეროს უარყოფაც მორწმუნეთა ცნობიერებაზე, იქნებიან ისინი აქტიური ერისკაცები, იერარქები თუ ღვთისმეტყველები.
 
მეორე მხრივ, თუკი ზოგად მონახაზებში ფემინიზმს განვსაზღვრავთ, როგორც ინტელექტუალურ და ფილოსოფიურ დიაგოგს (1), რომელიც ქალთა თანასწორუფლებიანობისკენ არის გამიზნული, მაშინ, შესაძლოა მას მივაკუთვნოთ თავისი ადგილი მართლმადიდებლურ ტრადიციაში, რადგან ეკლესიები, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიაც, ცნობილნი არიან მით, რომ თავიანთი ისტორიის მრავალი ასწლეულის განმავლობაში დაგროვილი აქვთ იმ საზოგადოებათა სოციალური ნაკლოვანებების მრავალგვაროვანი "ბარგი", რომელთა წევრებსაც წარმოადგენენ მათი მორწმუნენი.
 
__________________
 
1. დიაგოგი - ბერძნ.: διαγωγη - გადატანა, პირობები ან ცხოვრების წესი, ქცევა, მანერები, მოქმედების სახე და სხვა. – "აპოკ." რედ. წყარო: https://translate.academic.ru/διαγωγη/el/ru/
 
__________________
 
 
ფემინისტური დიალოგი მართლმადიდებლურ ეკლესიაში გარდაუვალია, და ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მის ჩანასახებს ჩვენს დღეებში - მაგალითად, მიტრ. იონას (მართლ. ეკლესია აშშ-ში) სტატიებში ან გამონათქვამებში მენსტრუაციის და ქალთა სამღვდელოების შესახებ (Митрополит Иона   (Паффхаузен). «Послание к Всенациональной Христианской Ассамблее, 24   Июня 2009 г. იხ. ასევე: https://www.pravmir.ru/k-voprosu-o-ritualnoj-nechistote-otvet-sestre-vasse-larinoj/). პოტენციურად ეს დიალოგი შეიძლება ქრისტიანთათვის სასარგებლოც აღმოჩნდეს - როგორც მამაკაცებისთვის, ისევე ქალებისთვისაც - რადგან მას შეუძლია ნათელყოს შეხედულება სქესზე ქრისტეს სიმართლისა და ეკლესიისთვის ბოძებული სახარებისეული გამოცხადების შუქზე.
 
 
ისტორია
 
მონაზონ ვასას სტატიაში არ მოიპოვება მენსტრუაციის შესახებ დისკუსიისა და მასთან დაკავშირებული საეკლესიო კანონების ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი - ეს არის საკითხი საკუთრივ სისხლის დინების შესახებ. თანამედროვე ქალთა უმრავლესობისთვის მენსტრუაციის ეს ასპექტი უკვე აღარ არის სოციალური პრობლემა, რადგან ისინი სარგებლობენ უახლეს ჰიგიენურ გამოგონებათა უპირატესობებით; მაგრამ, მსოფლიო ისტორიის უმეტეს პერიოდში თანამედროვე ჰიგიენური პროდუქცია უბრალოდ მიუწვდომელი იყო.
 
სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა დროს გამოიყენებოდა მენსტრუაციისგან "დასაცავი" სხვადასხვა საშუალება, მაგრამ არსებობს მოწმობანი, რომ, უკიდურეს შემთხვევაში, 18-ე და 19-ე საუკუნეებში ევროპის ქალთა უმეტესობა არაფერს იყენებდა - არც საფენებს, არც საცვლებს - და უბრალოდ სისხლი ისე სდიოდათ, რომ სადაც გინდ წასულიყვნენ ნაკვალევსაც კი ტოვებდნენ (Zur Geschichte der Unterwäsche 1700-1960.   1988. Historisches Museum Frankfurt,   p. 336. // იხ. ასევე: https://www.pravmir.ru/k-voprosu-o-ritualnoj-nechistote-otvet-sestre-vasse-larinoj). ინგლისელმა სუფრაჟისტმა (2) ქალმა სილინა კუპერმა (1864-1946), დაახლოებით 1900 წელს ბამბისართავ ქარხნებში ყოფნისას საინტერესო რამეს დააკვირდა. მან შეამჩნია, რომ საამქროთა იატაკი დაფარული იყო თივით, რომელიც იქ მომუშავე ქალთა მენსტრუალურ სისხლს ისრუტავდა (Liddington, Jill. The Life and Times of   a Respectable Rebel: Selina Cooper, 1864-1946. London:   Vigaro Press, 1984 // იხ. ასევე: https://www.pravmir.ru/k-voprosu-o-ritualnoj-nechistote-otvet-sestre-vasse-larinoj/).
 
__________________
 
2. სუფრაჟისტები (ფრანგ. suffragettes, ფრანგ. suffrage-დან — საარჩევნო უფლება) — ქალთა ბურჟუაზიული მოძრაობის მონაწილენი, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებას.
 
__________________
 
შესაძლოა, მსგავსი ვითარება ჰქონოდა რაქელს, როდესაც მან კერპები იმით დამალა, რომ ზედ დააჯდა: "უთხრა რახელმა მამას: ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს. ეძება და ვერ იპოვნა ლაბანმა კერპები" (დაბ. 31:35). დღევანდელ ქალებს არანაირი მიზეზი არა აქვთ არ წამოდგნენ ფეხზე მენსტრუაციის პერიოდში. ზოგიერთი საზოგადოებრივ აუზებშიც თავისუფლად დადის, და ეს ჰიგიენური ინდუსტრიის ისეთი ლიდერების წყალობით, როგორიცაა "ტამპაქსი". რაქელს კი ჰქონდა სერიოზული საფუძველი არ წამომდგარიყო თავისი ადგილიდან, და ეს იმდენად საფუძვლიანი მიზეზი იყო, რომ მამამ მასში ეჭვის შეტანაც კი ვერ გაბედა. შესაძლოა, ეს მაგალითები აჩვენებენ, ტრადიციულად რატომ იკავებდნენ თავს ქალები ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში მონაწილეობისგან, მიუხედავად წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის გამამხნევებელი გამონათქვამებისა, რომელთაც მონაზონი ვასაც იმოწმებს.
 
საპირისპიროდ მონაზონ ვასას მტკიცებულებისა, რომლის თანახმადაც მენსტრუაციის პერიოდში ლიტურგიკული ცხოვრებისგან ქალების თავშეკავება - ეს არის "საფუძველშივე არაქრისტიანული მოვლენა მართლმადიდებლური ღვთისმოსაობის ნიღბით..., რომელიც ასახავს წარმართულ და ძველაღთქმისეულ შიშებს მატერიალური სამყაროს წინაშე", მე ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია აღმოცენდა ელემენტარული ადამიანური გამოცდილების საფუძველზე, რომელიც საერთო იყო წარმართებისთვისაც, იუდეველებისთვისაც და ქრისტიანებისთვისაც.
 
ყოველივე არაქრისტიანულის, წარმართულის, ძველაღთქმისეულის უარყოფა, გარკვეულწილად, გამართლებული არ არის, რადგან ეს უეჭველად შეეხებოდა ისეთ საგნებს, როგორიცაა ქორწინება, მღვდლობა, რწმენა იპოსტასური ღმრთის მიმართ, სტოიკოსების ტერმინს "ლოგოსი" (სიტყვა), გნოსტიკოსების ტერმინს "ომოუსიოს" (ერთარსი), ნეოპლატონიზმის იდეას სამებაზე და მრავალ სხვას. ეკლესიის მამები სხვა გზით წავიდნენ; მათ გამოიყენეს წარმართთა და იუდეველთა ზოგიერთი წარმოდგენა და ტრადიცია, და მათ უფრო ღრმა მნიშვნელობა მიანიჭეს ქრისტიანული შემეცნებისა შუქზე. მათ გარდაქმნეს იგი ისე, რომ ეს წარმოდგენები ქრისტეს სიმართლის შესაბამისნი ყოფილიყვნენ.
 
ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ აშკარა სოციო-ფიზიოლოგიური მხარე მენსტრუაციისა კვლავ აგრძელებს ისეთივე მნიშვნელოვანი როლის თამაშს თანამედროვე ცხოვრებაში, როგორიც მას გააჩნდა სულ რაღაც ერთი ან ორი ასწლეულის წინათ. მიუხედავად ამისა, შეხსენება იმისა, რომ ჰიგიენის თანამედროვე საშუალებები სწორედაც რომ თანამედროვე გამოგონებები არიან (3), შესაძლებლობას გვაძლევს ზოგიერთი საეკლესიო კანონი განვიხილოთ ისტორიული თვალსაზრისიდან.
 
__________________
 
3. პირველი წარმოებითად დამზადებული ჰიგიენური საფენები ევროპაში გამოჩნდა 1888 წელს, აშშ-ში კი 1896 წ.-ს // იხ. ასევე: https://www.pravmir.ru/k-voprosu-o-ritualnoj-nechistote-otvet-sestre-vasse-larinoj).
 
__________________
 
 
 
რიტუალური სიბინძურე
 
ვფიქრობ სადაო არ უნდა იყოს მტკიცებულება, რომ არ არის კარგი მენსტრუალური სისხლის წვეთები ან გუბეები დატოვო ტაძრებში, მაგრამ არასწორი იქნებოდა იმის თქმაც, თითქოსდა კანონები "რიტუალურ სიბინძურეზე" მხოლოდ დედაკაცებზე ვრცელდება. მამაკაციც, ნებისმიერი სისხლდენის დროს, ასევე თავს უნდა იკავებდეს ტაძარში მისვლისგან, სანამ სისხლდენა არ შეწყდება. მახსოვს, ერთხელ, პროსკომიდიის დროს, როგორ გაიჭრა თითი ერთმა მღვდელმსახურმა, მას ტაძრის დატოვებამ მოუწია, რადგან ვერანაირად ხერხდებოდა სისხლდენის შეჩერება. მართლმადიდებელ ეკლესიაში რიტუალური სიბინძურის ცნება ქალთა მენსტრუაციაზე ბევრად ვრცელია და მამაკაცთა ფიზიოლოგიის ზოგიერთ მხარეებსაც ეხება, როგორც, სხვათა შორის, ისეთ მომენტებსაც, რაც დამოკიდებული არ არის სქესზე.
 
გავიხსენოთ, მაგალითად, კანონის სახელწოდება, რომელიც სავალდებულოა მამაკაცთათვის ძილში უნებლიე თესლდინების შემდეგ - "კანონი შებილწვის წინააღმდეგ". რა თქმა უნდა, ზოგიერთმა შეიძლება მოგვიგოს (და ეს აშკარად გამომდინარეობს წმ. ბასილი დიდის ლოცვებიდან), რომ მამაკაცი თვითონ არის დამნაშავე რადგან ხორციელ ვნებას მიეცა. მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ უდიდესი წმინდანებიც კი, როგორც ჩანს, განიცდიდნენ მსგავს მდგომარეობას, რის დასტურსაც წარმოადგენს ლოცვა შებილწვის წინააღმდეგ. საეკლესიო-კანონიკური დამოკიდებულება ღამისეულ (ძილისეულ) დინებასთან და მენსტრუაციასთან გარკვეულწილად განსხვავებულია, მაგრამ მამაკაცებში მსგავსი დინებანი, როგორც წესი, ხანმოკლეა და ტაძარში არ გრძელდება, მაშინ როდესაც მენსტრუაცია მრავალდღიანია.
 
XVII საუკუნის რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთ დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაა "სასწავლო დარიგება" (Известие учительное) ჩამოთვლილია რამოდენიმე ვითარება, რომელიც მღვდელს ლიტურგიის შესრულებას,  ხოლო მორწმუნეს ზიარების მიღებას უკრძალავს (თუმცა აქ არაფერია ნათქვამი ლიტურგიკული ცხოვრების სხვა მხარეებზე), ესენია: ჭამა-სმაში თავშეუკავებლობა, სქესობრივი კავშირი, ღამისეული დინება და სხვა ("Instructional Information" (Известие учительное) Service   Book: The Divine Liturgy of St. John   Chrysostom. (Служебник: Литургия св.Иоанна Златоуста).  Джорданвилль:   Свято-Троицкий Монастырь, 1999, стр. 11-31 // იხ. ასევე: https://www.pravmir.ru/k-voprosu-o-ritualnoj-nechistote-otvet-sestre-vasse-larinoj).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ხსენებული ვითარებანი ბილწავენ ადამიანს. "სასწავლო დარიგება" ასევე მოიცავს ცნობას, რომ შესაძლებელია შეიბილწონ არა მარტო ადამიანები, ასევე წმიდა ნაგებობები და საგნებიც. მაგალითად, ამ კრებულში ნათქვამია, რომ ღვთისმსახურება უნდა შეწყდეს, თუკი ტაძარი "შეიბილწება ადამიანის სისხლის შემთხვევითი დაღვრით რაიმე უწესივრობის გამო, მაგალითად, იარაღის ან ხელის დარტყმის, ან იატაკზე რაიმე სახის უწმინდურობის დაღვრის შედეგად..." (იქვე, გვ. 32). შეიძლება თუ არა ეს უკანასკნელი განეკუთვნებოდეს მენსტრუალურ სისხლსაც? შესაძლოა, მაგრამ მოცემული მოთხოვნა ამას არ აკონკრეტებს, და პოტენციურად ის შეიძლება ეხებოდეს საგნებს, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან ქალთა ფიზიოლოგიასთან.
 
საღვთოსა და საეროს გამიჯვნა - ადამიანური ცხოვრების სივრცეში, დროსა და პერიოდში - შეესაბამება სამყაროს მართლმადიდებლურ სურათს: ღვთისმსახურებისას სიწმიდისადმი განსაკუთრებული მოთხოვნებიდან (მამაკაცთათვის და ქალთათვის) ვიდრე საღვთისმსახურებო საგნებისადმი ღვთისმოშიშებით დამოკიდებულებამდე, ყველიერის კვირის ზეიმობიდან ბრწყინვალე შვიდეულამდე - მართლმადიდებლობაში ყოველივე ამ დიქოტომიაზე მეტყველებს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი საერო გარდაუვალად არაბუნებრივია და ბიწიერია, მაგრამ ასევე არაჯეროვანია ქალებთან დამოკიდებულების მქონე განწესებები მენსტრუაციაზე წარმართულ ჩვეულებათა გადმონაშთებამდე დავიყვანოთ, თანაც ისე, რომ არ ვცადოთ ამ კანონთა წმიდად ქრისტიანული შემეცნება.
 
 
საღვთისმეტყველო ასპექტი
 
რიტუალურ სიწმიდესთან დაკავშირებულ კანონთა მსგავსი განმარტება შემოგვთავაზა დეკანოზმა ვლადიმირ ვორობიევმა ლექციებში ლიტურგიკულ გადმოცემებთან დაკავშირებით, რომლებიც მან მოსკოვის წმიდა-ტიხონის მართლმადიდებლურ უნივერსიტეტში წაიკითხა (ლექციები mp3 ფორმატში მისაწვდომია ამ ლინკზე: http://www.predanie.ru/mp3/protoierej_Vladimir_Vorobjov // იხ. ასევე: https://www.pravmir.ru/k-voprosu-o-ritualnoj-nechistote-otvet-sestre-vasse-larinoj).
 
ის აღნიშნავს, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ღმერთმა დედაკაცს უთხრა: "სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე" (დაბ. 3:16).
 
მ. ვლადიმერი აკეთებს დასკვნას, რომ ყველაფერი, რაც კი ბავშვების შობას ეხება - მენსტრუაცია და ბუნებრივი განწმენდა შობის შემდეგ - შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ეპითიმია ან ერთგვარი "სასჯელი", რომლის დროსაც, როგორც ნებისმიერი ეპითიმიისას, საჭიროა ზიარებისგან თავშეკავება.
 
შეიძლება ვიდაოთ იმასთან დაკავშირებით, სწორია თუ არა წერილის ამგვარი განმარტება და რამდენად ასახავს ის ეკლესიის სწავლებას, მაგრამ მ. ვლადიმირის მიერ შემოთავაზებული ასეთი თვალსაზრისები მიუთითებს იმაზე, რომ ერთი შეხედვით მოძველებული კანონები სიწმიდის შესახებ შეიძლება შეიცავდნენ ცოცხალ საღვთისმეტყველო ასპექტს.
 
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჩვენ, ქრისტიანები, თავისუფლები ვართ წყევლისგან, რადგან "ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან..." (გალატ. 3:13). სწორია, მაგრამ წერილის ეს და სხვა ადგილები ყოველთვის როდი განიმარტება ბუკვალურად: მამაკაცები დღემდე ოფლით ჭამენ თავიანთ პურს, სანამ არ დაუბრუნდებიან მიწას, რომლისგანაც აღებულ იქნენ (დაბ. 3:19), ხოლო დედაკაცები ასევე დღემდე "ტანჯვით შობენ შვილებს" (დაბ. 3:16).
 
ქრისტემ სძლია სიკვდილს და მოგვანიჭა მარადიული სიცოცხლე (რომმ. 6:23), მიუხედავად ამისა, არავინ მოუწოდებს გააუქმონ დაკრძალვები, როგორც უკვე მოძველებული ჩვეულებები. მონაზონი ვასა წერს, რომ "მართლმადიდებელი ქრისტიანები, როგორც მამაკაცები, ასევე დედაკაცები, განიწმინდნენ ნათლისღების წყლებით, დაიმარხნენ ქრისტესთან ერთად, რომელიც ჩვენი ხორცი გახდა, მიიღო ჩვენი ადამიანური ბუნება, და გაგვათავისუფლა სიკვდილის შიშისგან, რამეთუ თავისი სიკვდილით დათრგუნა იგი". ესეც სწორია - ქრისტეში "აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, ... აღარც მამრი და აღარც მდედრი..." (გალატ. 3:28), მიუხედავად ამისა, ამან არ გამოიწვია იერუსალიმის ან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების გაუქმება, მართლმადიდებელი ეკლესია კი მაინც დაბეჯითებით ასწავლის, რომ ჯვარი სწორედ მამაკაცმა და დედაკაცმა უნდა დაიწერონ. ეკლესია მომავალი საუკუნის გამოცხადებაა, მაგრამ ასევე მაცხოვნებელი კიდობანია მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ განღმრთობისთვის არ მიუღწევია.
 
სურვილში მიატოვო ყოველივე საერო, მოკვდე წუთისოფლისთვის, და იცხოვრო მხოლოდ სულიერით იცნობა ქრისტიანული მონაზვნობის იდეალი. მონაზონ ვასას სურს განწმინდოს მთელი თავისი ცხოვრება და არსი (ამასვე უნდა აკეთებდეს ყველა ქრისტიანი); მაგრამ დედაკაცი შვილთასხმის ასაკში, მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ამ მიზანს მთელი სავსებით ვერ მიაღწევს, რადგან აწყდება რიტუალური სიწმიდის კანონებს, რომელიც, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მასზე არ არის დამოკიდებული.
 
ასეთ რთულ ვითარებაში ერთადერთ რეაქციად მოჩანს მცდელობა დეკონსტრუირებულ იქნან ეს კანონები, როგორც უკვე მოძველებულები, რომლებიც თურმე არ შეეფერებიან ქრისტიანობის იდეალს. ასეთი ტენდენცია არსებობს არა მარტო მართლმადიდებელ, არამედ კათოლიკე მონაზვნებშიც. მონაზონი ბერნარდა, მაგალითად, წუწუნებს: "მე რომაელი-კათოლიკე ვამაყოფ ამით... მე შემიძლია ვილაპარაკო ჩემს ხელზე, სახეზე და სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მაგრამ თუ საქმე ჩემს საშოს ეხება, მე არ შემიძლია გავბედო ამ სიტყვის წარმოთქმაც კი. თითქოსდა ღმერთმა შექმნა რაღაც იმდენად ბიწიერი, რომ ჩვენ მასზე ლაპარაკიც კი აკრძალული გვაქვს" (ციტ. Johnson, Elizabeth.   Truly Our Sister. A Theology of Mary in   the Communion of Saints. New York:   Continuum, 2005, pp. 30-1 // იხ. ასევე: https://www.pravmir.ru/k-voprosu-o-ritualnoj-nechistote-otvet-sestre-vasse-larinoj).
 
არ ვიცი, არსებობს თუ არა რომაელ-კათოლიკეებში კანონები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა რიტუალურ სიწმიდესთან მენსტრუაციის პერიოდში და როგორია ისინი, მაგრამ მართლმადიდებელი მონაზვნის შეპასუხებები სრულიად გასაგებია. მონაზონთათვის (როგორც ჩანს, ვასასთვისაც) ეკლესიის ლიტურგიკული ცხოვრება სულიერი ცხოვრების განსაკუთრებულად მნიშნელოვანი ელემენტია.  ერისკაცებს შეუძლიათ მსახურებას კვირაში ერთი-ორჯერ დაესწრონ, მაგრამ მონაზონთათვის ბუნებრივია ლტოლვა საზოგადო ლოცვისკენ დღეში ორჯერ.
 
საეკლესიო მსახურება მონაზვნურ ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მონაზონი ძნელად ურიგდება იმას, რომ "მას არ შეუძლია ეზიაროს, არ შეუძლია ეამბოროს ხატებს და აიღოს ანტიდორი, არ შეუძლია გამოაცხოს პროსფორა ან ხელში აიღოს ისინი, არ შეუძლია დაალაგოს ტაძარი; მას არ შეუძლია აანთოს კანდელი ხატების წინ საკუთარი კელიაშიც" (ლარინა) - ეს არა ერთხელ ან ორჯერ ცხოვრებაში, არამედ მთელი კვირით ყოველთვიურად! პრობლემა სრულიად გასაგებია. ცხადია, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია და საჭიროა მართლმადიდებლური პრაქტიკისთვის მისაღები ფორმების მოძიება. მაგრამ მოდი არ ვიჩქაროთ ათასწლეულობით არსებული საეკლესიო პრაქტიკის უარყოფა საფუძვლიანი საღვთისმეტყველო და ანალიტიკური მომზადების გარეშე, როგორც განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ამაღლებულ ტექსტებთან დაკავშირებითაც, რომელთაც იმოწმებს მონაზონი ვასა თავის შესანიშნავ სტატიაში.


წყარო: ორიგინალი ინგლისურ ენაზე: On “Ritual Impurity”: In Response to Sister Vassa (Larin)
 
თარგმანი რუსულ ენაზე: https://www.pravmir.ru/k-voprosu-o-ritualnoj-nechistote-otvet-sestre-vasse-larinoj
Назад к содержимому