ლიტურგიკა - რა შემთხვევებში შეუძლია მღვდელს ზიარებაზე არ დაუშვას ქრისტიანი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
რა შემთხვევებში შეუძლია მღვდელს ზიარებაზე არ დაუშვას ქრისტიანი?
წმიდა ზიარება
მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხშირად ისეც ხდება, რომ მღვდელი უარით ისტუმრებს ლიტურგიაზე ზიარებისთვის მისულ ქრისტიანს. მოდი გავერკვეთ, აქვს თუ არა უფლება მღვდელმსახურს ზიარება აუკრძალოს მლოცველ ქრისტიანს და რა შემთხვევებში?
 
დავიწყებთ იმით, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს წმიდა ზიარებისთვის საჭირო სამზადისი:

1. მარხვით მზადების პრაქტიკა (მარხვა, რომელიც გამოიხატება სახსნილო საკვებისგან, გართობა-თამაშობებისგან და ცოლ-ქმრული სარეცელისგან თავშეკავებაში, რომელსაც, ამავდროულად, თან ახლავს ბეჯითი ლოცვა და სინანული). მართლმადიდებლურ ეკლესიაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, არასამარხვო პერიოდებში, სინანულისა და 3 დღიანი მარხვის შემდეგ, თუ რაიმე კანონიკური დაბრკოლება არ იქნება, ქრისტიანს შეიძლება მიეცეს ზიარება.
 
2. ევქარისტული მარხვა - ეს არის საჭმლისა და სასმელისგან სრული თავშეკავება შუაღამიდან წმიდა ზიარებამდე. ეს მარხვა კანონიკურად აუცილებელია (შეად. კართაგენის კრების 41 (50) კანონი). ამასთან ევქარისტული მარხვის მოთხოვნა არ ვრცელდება ჩვილ ბავშვებზე და, ასევე პიროვნებებზე, რომლებიც დაავადებულნი არიან მძიმე ან ქრონიკული სნეულებებით, რომელიც ვარაუდობს საკვების ან წამლების აუცილებელ მიღებას (მაგალითად, შაქრის დიაბეტის და სხვა მძიმე დაავადებების შემთხვევებში), და ასევე მომაკვდავებზე. გარდა ამისა, ეს მოთხოვნა, სულიერი მოძღვრის განსჯით, შეიძლება შემსუბუქებულ იქნას ფეხმძიმე და მეძუძურ დედებთან მიმართებაში.
 
3. საზიარებლად მზადების პერიოდში ცოლ-ქმრული სარეცელისგან თავშეკავება (ტიმოთე ალექსანდრიელის მე-5 კანონი ლაპარაკობს თავშეკავებაზე უშუალოდ ზიარების წინ) უშუალო კავშირში იმყოფება იმ ადამიანის სულიერ განწყობასთან, ვინც ემზადება ზიარებისთვის და ასევე დამოკიდებულია მისი ცხოვრების ობიექტურ პირობზე.
 
4. უარის თქმა სიგარეტის მოწევაზე. ისინი, ვისაც ჯერ-ჯერობით ამისი ძალა არ შესწევს, თავი უნდა შეიკავოს ზიარებისგან, თუ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოებებთან არ არის დაკავშირებული (მაგალითად, ომში მიდის და სხვა მსგავსი შემთხვევები) ან სასიკვდილო სარეცელს არ არის მიჯაჭვული.
 
6. ზიარებისთვის მზადება გულისხმობს არა მარტო განსაზღვრული საჭმლისგან თავშეკავებას, არამედ საეკლესიო ღვთისმსახურებაზე ხშირ დასწრებას, ასევე ლოცვითი განაწესის შესრულებას (ჩვეულებისამებრ ეს ლოცვითი განაწესი მოიცავს საგალობლებს: იესუ ტკბილისადმი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტოს, საგალობელს მფარველი ანგელოზისადმი და სხვა ლოცვებს, მათ შორის ზიარების აკოლუთიას. თუ მორწმუნეს ეს ლოცვები არ გააჩნია, მაშინ დაწესებულია მეტანიების განსაზღვრული რაოდენობა).
 
7. საღმრთო ლიტურგიაზე და მის წინმსწრებ მსახურებებზე დასწრება - პირველ რიგში, მწუხრსა და ცისკარზე (ან ღამისთევით ლოცვაზე) - წარმოადგენს ქრისტეს უწმიდესი და უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის მიღების უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
 
8. ქრისტეს ხორცითა და სისხლით ზიარებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებაა საღმრთო ლიტურგიაზე დაგვიანება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მორწმუნეები ტაძარში მოდიან სამოციქულოსა და სახარების წაკითხვის შემდეგ. ამგვარი დაგვიანების შემთხვევაში აღსარების მიმღებ ან მაზიარებელ მღვდელს აქვს უფლება არ დაუშვას მორწმუნე წმიდა ბარძიმთან.
 
9. ზიარების მოსურნე ადამიანმა უნდა გამოიკვლიოს საკუთარი სინდისი, რომელიც გულისხმობს ჩადენილი ცოდვების გულწრფელ მონანიებას და მათ აღსარებას მღვდლის წინაშე სინანულის საიდუმლოში.
 
 
უარის თქმის მიზეზები:
 
1. დაუშვებელია ზიარება გაბოროტების, მრისხანების, სინანულში დაფარული (ართქმული) ცოდვების არსებობის ან მოყვასისთვის არმიტევებული შეცოდებების შემთხვევაში. ვინც ასეთ მდგომარეობაში გაბედავს ზიარების მიღებას საკუთარ თავზე მოიწევს ღმრთის მსჯავრს მოციქულის სიტყვისამებრ: "რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს. ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება" (1 კორინთ 11:29-30).
 
2. მძიმე ცოდვების ჩადენის შემთხვევაში, რადგან ამ დროს გამოიყენება კანონები, რომლებიც ხანგრძლივი ვადით უკრძალავენ მორწმუნეს ზიარების მიღებას (შეიძლება ეს ვადა იყოს ერთ წელზე მეტი). ამგვარი ადამიანის ზიარება შეიძლება განხორციელდეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, ისიც ეპარქიის მღვდელმთავრის ნებართვით. იმ შემთხვევაში, თუ მღვდელი ბოროტად გამოიყენებს აკრძალვის დადების უფლებას საკითხი შეიძლება გადაეცეს საეკლესიო სასამართლოს.
 
3. კანონები ქალებს უკრძალავენ ზიარებას ქალთა წესის (მენსტრუაციის) პერიოდში (იხ. წმ. დიონისე ალექსანდრიელის მე-2 და ტიმოთე ალექსანდრიელის მე-7 კანონები). გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს სასიკვდილო საშიშროების შემთხვევაში, ასევე მაშინ, თუკი ქრონიკული ან მძიმე სნეულებების გამოსისხლდენა გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
 
 
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
 
 
"აპოკალიფსისის" რედაქცია. მომზადებულია საეკლესიო პრაქტიკისა და მართლმადიდებლური კანონიკური მასალების მიხედვით.
Назад к содержимому