სწავლანი > ლიტურგიკა
ევქარისტიაში მორწმუნეთა მონაწილეობის შესახებ
ევქარისტია — ეკლესიის უმთავრესი საიდუმლოა, რომელიც დააწესა უფალმა იესუ ქრისტემ თავისი მაცხოვნებელი ვნებების, ჯვარზე სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის წინა დღეს. ევქარისტიაში მონაწილეობა და ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარება მაცხოვრის მცნებაა, რომელმაც თავის მოწაფეთა მეშვეობით ყველა ქრისტიანს ამცნო: "აიღო პური იესუმ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი" და "აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად" (მათ. 26, 26-28). თავად ეკლესია ქრისტეს სხეულია, ამიტომ ქრისტეს ხორცისა და სისხლის საიდუმლო ხილული სახით ავლენს ეკლესიის მისტიურ ბუნებას და აღაშენებს საეკლესიო თემს.
მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი ცხოვრება წარმოუდგენელია წმიდა საიდუმლოებებთან ზიარების გარეშე. წმიდა ძღვენთან ზიარებით მორწმუნენი იწმიდებიან სულიწმიდის ძალით და ერთიანდებიან ქრისტე მაცხოვართან და ერთმანეთთან, რითაც შეადგენენ ქრისტეს ერთ სხეულს.
ევქარისტიის საიდუმლო მისთვის განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს. ეკლესიაში თავად დრო — იქნება ეს ადამიანური ცხოვრების დრო თუ მთელი კაცობრიობის ისტორია — მოლოდინი და მზადებაა ქრისტესთან შესახვედრად, ხოლო საღვთისმსახურო ცხოვრების მთელი რიტმი — მოლოდინი და მომზადებაა ღვთიური ლიტურგიისთვის და, შესაბამისად, ზიარებისთვის, რომლისთვისაც იგი აღესრულება.
I. ზიარებისა და მისთვის მომზადების პრაქტიკა ეკლესიის ისტორიაში იცვლებოდა და სხვადასხვა ფორმას იძენდა.
ჯერ კიდევ სამოციქულო ხანაში ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია, ევქარისტია აღესრულებინათ ყოველ კვირა დღეს (ხოლო შესაძლებლობისამებრ — უფრო ხშირადაც: მაგალითად, მოწამეთა ხსენების დღეებში), რათა ქრისტიანებს მუდმივად ყოფილიყვნენ ქრისტესთან და ერთმანეთთან თანაზიარობაში (იხ., მაგ., 1 კორ. 10, 16–17; საქ. 2, 46; საქ. 20, 7). ადგილობრივი თემის ყველა წევრი მონაწილეობდა ყოველკვირეულ ევქარისტიაში და ეზიარებოდა, ხოლო სათანადო საფუძვლის გარეშე ევქარისტიულ ერთობაში მონაწილეობაზე უარის თქმა იწვევდა საყვედურს: "ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში შედის, წმიდა წერილს ისმენს, მაგრამ ბოლომდე არ ესწრება ლოცვასა და წმიდა ზიარებას, როგორც ეკლესიაში უწესობის ჩამდენი, საეკლესიო თანაზიარებისგან განყენებულ იქნეს" (მოციქულთა 9-ე კანონი). პირველქრისტიანული პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს ზიარებას ყოველ საღმრთო ლიტურგიაზე, დღესაც იდეალად რჩება და ეკლესიის გადმოცემის ნაწილს წარმოადგენს.
ამასთანავე, ეკლესიის რაოდენობრივმა ზრდამ III და განსაკუთრებით IV საუკუნეებში გამოიწვია ცვლილებები, მათ შორის ლიტურგიკულ ცხოვრებაშიც. მოწამეთა ხსენების დღეებისა და დღესასწაულების რიცხვის ზრდასთან ერთად, ევქარისტიული კრებები სულ უფრო ხშირად აღესრულებოდა, ხოლო მათზე ყოველი ქრისტიანის დასწრება მრავალთა მიერ სასურველად, მაგრამ სავალდებულოდ აღარ ითვლებოდა — ისევე, როგორც ზიარებაში მონაწილეობა. ამის საპირისპიროდ, ეკლესიამ შემდეგი კანონიკური ნორმა დააწესა: "ყველა, ვინც შევა ღმრთის ეკლესიაში, მოისმენს საღმრთო წიგნებს, მაგრამ არ ეზიარება ერის საერთო ლოცვას, ან თავს აარიდებს წმინდა მადლობის ზიარებას (ევქარისტიას) უწესოების გამო, უნდა განიდევნოს ეკლესიიდან, სანამ არ აღიარებს [თავის შეცდომას], არ გამოიღებს სინანულის ნაყოფს და არ ითხოვს პატიებას. ამგვარად მიიღებენ ისინი შენდობას" (ანტიოქიის კრების მე-2 კანონი).
მიუხედავად ამისა, წმიდა საიდუმლოთა მისაღებად მუდმივი მზადყოფნის მაღალი იდეალი მრავალი ქრისტიანისთვის ძნელად მისაღწევი აღმოჩნდა. ამიტომ, უკვე მეოთხე საუკუნის წმიდა მამათა თხზულებებში გვხვდება მოწმობები სხვადასხვა პრაქტიკის თანაარსებობის შესახებ ზიარების სიხშირესთან დაკავშირებით. კერძოდ, წმიდა ბასილი დიდი კვირაში ოთხჯერ ზიარებაზე ლაპარაკობს, როგორც დამკვიდრებულ ნორმაზე: "ყოველდღიური ზიარება და ქრისტეს წმინდა ხორცისა და სისხლის მიღება კარგია და სასარგებლო, როგორც მან თავად თქვა ნათლად: "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება სიცოცხლე საუკუნო" (იოანე 6:54). ... თითოეულ კვირას ჩვენ ოთხჯერ ვეზიარებით: უფლის დღეს - კვირას, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს, და სხვა დღეებშიც, თუკი რომელიმე წმინდანის ხსენებაა" (წერილი 93 (89). პატრიცი ქალბატონის, კესარიას მიმართ, ზიარების შესახებ).
ნახევარ საუკუნეზე ნაკლები ხნის შემდეგ წმიდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ მრავალი — მათ შორის ბერ-მონაზვნებიც — წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ეზიარებოდნენ: "მრავალი ეზიარება ამ მსხვერპლს წელიწადში ერთხელ, სხვები — ორჯერ, ზოგიერთნი კი — რამდენჯერმე. ჩვენი სიტყვები ყველას ეხება: არა მხოლოდ აქ დამსწრეთ, არამედ უდაბნოში მოღვაწეთაც, — რამეთუ ისინიც წელიწადში ერთხელ ეზიარებიან, ხშირად კი — ორ წელიწადში ერთხელ. მაშ, ვინ მოვიწონოთ? ისინი, ვინც (ეზიარებიან) წელიწადში (ერთხელ), თუ ისინი, ვინც ხშირად, თუ ისინი, ვინც იშვიათად? არც პირველნი, არც მეორენი და არც მესამენი, არამედ ისინი, ვინც სუფთა სინდისით, წმიდა გულითა და უმწიკვლო ცხოვრებით ეზიარებიან. ასეთნი ყოველთვის მიეახლონ; ხოლო სხვები (არ უნდა ეზიარონ) წელიწადში ერთხელაც კი" (საუბრები ებრაელთა მიმართ ეპისტოლეზე 17:4).
IV საუკუნეში საბოლოოდ დამკვიდრდა ჯერ კიდევ ნიკეამდელ ეპოქაში ჩამოყალიბებული სავალდებულო ევქარისტიული მარხვის ნორმა — სრული თავშეკავება საკვებისა და სასმელისგან ზიარების დღეს, ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა მიღებამდე: "მსხვერპლი არავინ შეწიროს საკურთხეველზე, გარდა მმარხველი კაცებისა" (კართაგენის კრების 41-ე (50-ე) კანონი; დადასტურებულია ტრულის კრების 29-ე კანონით). თუმცა უკვე IV-V საუკუნეთა მიჯნაზე ზოგიერთი ქრისტიანი ზიარებას უკავშირებდა არა მხოლოდ ლიტურგიამდელი ევქარისტიული თავშეკავების დაცვას, არამედ, წმიდა იოანე ოქროპირის მოწმობით, დიდი მარხვის პერიოდსაც. თავად მღვდელმთავარი მოუწოდებს უფრო ხშირი ზიარებისკენ: "გევედრები, მითხარი: წელიწადში ერთხელ რომ ეზიარები, ნუთუ მართლა ფიქრობ, რომ ორმოცი დღე საკმარისია ამ მთელი პერიოდის ცოდვათაგან განსაწმენდად? და მერე, ერთი კვირის გასვლის შემდეგ, ისევ უბრუნდები წინანდელს? მითხარი: ხანგრძლივი ავადმყოფობისგან ორმოცი დღის განმავლობაში რომ გამოჯანმრთელებულიყავი და შემდეგ ისევ ის საკვები მიგეღო, რამაც ავადმყოფობა გამოიწვია, განა არ დაკარგავდი წინა შრომასაც? ცხადია, რომ ასეა. თუ ფიზიკური (ჯანმრთელობა) ასეა მოწყობილი, მით უმეტეს — ზნეობრივი. <…> (სულ რაღაც) ორმოც — და ხშირად არც კი ორმოც — დღეს უძღვნი სულის ჯანმრთელობას და ფიქრობ, რომ ღმერთს სათნოეყავ? <...> ამას იმისთვის კი არ ვამბობ, რომ წელიწადში ერთხელ მიახლოება აგიკრძალოთ, არამედ უფრო იმის სურვილით, რომ ყოველთვის მიეახლოთ წმიდა საიდუმლოებს" (საუბრები ებრაელთა მიმართ ეპისტოლეზე 17, 4).
ბიზანტიაში, XI-XII საუკუნეებისთვის, სამონაზვნო გარემოში დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ეზიარებოდნენ მხოლოდ წინასწარი მომზადების შემდეგ. ეს მომზადება მოიცავდა მარხვას, სინდისის გამოცდას მონასტრის მოძღვართან და ზიარების წინ განსაკუთრებული სალოცავი განაწესის წაკითხვას, რომელიც სწორედ ამ ეპოქაში ჩაისახა და დაიწყო განვითარება. ამ ტრადიციას შეეწყვნენ კეთილმსახური ერისკაცებიც, ვინაიდან მართლმადიდებლობაში სამონაზვნო სულიერება ყოველთვის იდეალად აღიქმებოდა. ყველაზე მკაცრი სახით ეს ტრადიცია წარმოდგენილია, მაგალითად, რუსული ტიპიკონის (32-ე თავი) მითითებაში, რომელიც, ბერძნულისგან განსხვავებით, ზიარების წინ სავალდებულო შვიდდღიან მარხვას ითვალისწინებს.
1699 წელს რუსული კურთხევანის შემადგენლობაში შევიდა სტატია სახელწოდებით "სასწავლო ცნობა". მასში, კერძოდ, მოცემულია მითითება წმიდა ზიარებისთვის მომზადების სავალდებულო ვადის შესახებაც: ოთხ მრავალდღიან მარხვაში ზიარება შეუძლიათ ყველა მსურველს, მარხვებს გარეთ კი საჭიროა შვიდდღიანი მარხვა, თუმცა ეს ვადა შეიძლება შემცირდეს: "ხოლო თუ ოთხი ჩვეულებრივი მარხვის გარდა სხვა დროსაც ინებებენ წმიდა ზიარებას, შვიდი დღე იმარხულონ წინასწარ, საეკლესიო და საშინაო ლოცვებში მყოფნი (ეს კი არა აუცილებლობისგან: აუცილებლობის შემთხვევაში კი მხოლოდ სამი ან ერთი დღე იმარხულონ)".
პრაქტიკაში, წმიდა ზიარებისთვის მომზადებისადმი უკიდურესად მკაცრ მიდგომას, რომელსაც დადებითი სულიერი მხარეებიც გააჩნდა, ისიც მოჰყვებოდა, რომ ზოგიერთი ქრისტიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ეზიარებოდა და ამას ღირსეული მომზადების აუცილებლობით ასაბუთებდა. იშვიათი ზიარების ასეთი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული ნორმა რუსეთის იმპერიის ყველა ქრისტიანს წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც აუცილებლად მიეღო ზიარება, რომელიც "სულიერ რეგლამენტში" (1) ასეა წარმოდგენილი: "ვალდებულია ყოველი ქრისტიანი, ხშირად, ან თუნდაც წელიწადში ერთხელ მაინც ეზიაროს წმიდა ევქარისტიას. რამეთუ ეს არის ჩვენი უმშვენიერესი მადლობა ღვთისადმი, მაცხოვრის სიკვდილით ჩვენთვის მოპოვებული დიდებული ხსნისთვის... ამიტომაც, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ქრისტიანი საკმაოდ განეშორება წმიდა ზიარებას, და ამით თვითონვე აჩვენებს, რომ არ არის ქრისტეს სხეულში, ესე იგი, ეკლესიასთან თანაზიარობაში არ იმყოფება".
____________________
1. რეგლამენტი ანუ სულიერი კოლეგიის წეს-განგება იმპერატორმა პეტრე I-მა გამოსცა 1721 წელს.
____________________
XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ღვთისმოშიში ადამიანები ცდილობდნენ ოთხივე მრავალდღიანი მარხვის დროს მაინც ყოფილიყვნენ ზიარებულნი. იმდროინდელი მოღვაწეები, რომელთა შორისაც იყვნენ თეოფანე დაყუდებული და სხვები, წმიდა საიდუმლოებათა კიდევ უფრო ხშირი ზიარებისკენ მოუწოდებდნენ. ეპ. თეოფანეს თქმით: "საზომი (ზიარებისა) თვეში ერთხელ ან ორჯერ — ყველაზე ზომიერია", თუმცა უფრო ხშირი ზიარების მიმართაც "ვერანაირ საყვედურს ვიტყვით" (Святитель Феофан Затворник. Письма. V, 757). ყოველმა მორწმუნემ შეიძლება იხელმძღვანელოს ამ მოღვაწის შემდეგი სიტყვებით: "წმიდა საიდუმლოთ ეზიარეთ უფრო ხშირად, როგორც სულიერი მამა დაგრთავთ ამის ნებას, ოღონდ ეცადეთ, ყოველთვის მიეახლოთ როგორც სათანადო მომზადებით, ხოლო უმთავრესად, — შიშითა და კრძალვით, რათა, მიჩვევის გამო, გულგრილი მიახლოვება არ დაგჩემდეთ" (Святитель Феофан Затворник. Письма. IV, 693).
XX საუკუნის დევნულობის წლებში ეკლესიის აღმსარებლურმა ღვაწლმა მრავალ სასულიერო პირსა და ეკლესიის შვილს უბიძგა თავიდან გაეაზრებინათ მანამდე არსებული იშვიათი ზიარების პრაქტიკა. კერძოდ, 1931 წელს დროებითმა საპატრიარქო სინოდმა 13 მაისის დადგენილებით მიუთითა: "მართლმადიდებელ ქრისტიანთა ხშირი ზიარების შესაძლებლობის, ხოლო მათ შორის სულიერად წარმატებულთათვის — ყოველკვირეული ზიარების სურვილი მისაღებად იქნას მიჩნეული".
დღეისთვის მრავალი მართლმადიდებელი გაცილებით ხშირად ეზიარება, ვიდრე ქრისტიანთა უმრავლესობა ეზიარებოდა რევოლუციამდელ რუსეთში. თუმცა ხშირი ზიარების პრაქტიკა არ შეიძლება ავტომატურად გავრცელდეს აბსოლუტურად ყველა მორწმუნეზე, რამეთუ ზიარების სიხშირე უშუალოდ არის დამოკიდებული ადამიანის სულიერ-ზნეობრივ მდგომარეობაზე, რათა, წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვისამებრ, მორწმუნენი მიეახლონ წმიდა საიდუმლოთა ზიარებას "სუფთა სინდისით, რამდენადაც ეს ჩვენთვის შესაძლებელია" (სიტყვა იუდეველთა წინააღმდეგ. სიტყვა III, 4).
II. მომზადება წმიდა ზიარებისთვის თითოეული მორწმუნისთვის საეკლესიო განწესებებითა და ნორმებით განისაზღვრება. ამ ნორმებს სულიერი მოძღვარი იყენებს, რათა გაითვალისწინოს წმიდა საიდუმლოთა ზიარების სიხშირე, მორწმუნის სულიერი, ზნეობრივი და სხეულებრივი მდგომარეობა, აგრეთვე ცხოვრებისეული გარეგანი გარემოებები, როგორიცაა, მაგალითად, დასაქმება ან ახლობლებზე ზრუნვის ტვირთი.
ადამიანის სულიერი მამა, იგივე სულიერი მოძღვარი, არის ის მღვდელმსახური, ვისთანაც იგი მუდმივად ინანიებს და ვინც კარგად იცნობს მისი ცხოვრების გარემოებებსა და სულიერ მდგომარეობას. ამასთანავე, მორწმუნეებს შეუძლიათ აღსარება აღასრულონ სხვა მღვდლებთანაც, თუკი საკუთარ სულიერ მოძღვართან მისვლა შეუძლებელია. თუკი მორწმუნეს სულიერი მოძღვარი არ ჰყავს, ზიარებასთან დაკავშირებული საკითხებით მან იმ ტაძრის მღვდელმსახურებს უნდა მიმართოს, სადაც ზიარების მიღება სურს.
როგორც სულიერმა მოძღვარმა, რომელიც საეკლესიო განწესებებითა და ნორმებით ხელმძღვანელობს და მათ საფუძველზე მოძღვრავს ქრისტიანს, ისევე თვითონ ზიარების მიმღებმაც მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ მომზადების მიზანი არ არის ფორმალურ პირობათა გარეგანი დაცვა, არამედ სულის სინანულის მდგომარეობის მოპოვება, შეურაცხყოფათა პატიება და მოყვასთან შერიგება, აგრეთვე ქრისტესთან შეერთება წმიდა საიდუმლოებებში. მარხვა და ლოცვა კი სწორედ იმისთვისაა მოწოდებული, რომ ზიარებისათვის მომზადებულს ამ შინაგანი განწყობის მოპოვებაში შეუწყოს ხელი.
მაცხოვრის სიტყვების მოხსენებით, რომელიც ამხელს მათ, ვინც ადამიანებს მძიმე და აუტანელ ტვირთს აკისრებს (იხ. მათე 23:4), სულიერმა მოძღვრებმა მკაფიოდ უნდა გაიაზრონ, რომ უსაფუძვლო სიმკაცრე, ისევე როგორც გადაჭარბებული შემწყნარებლობა, შეიძლება დაბრკოლებად ექცეს ადამიანის ქრისტე მაცხოვართან შეერთებას და სულიერი ზიანი მიაყენოს მას.
ბერ-მონაზონთა მომზადება ევქარისტიის საიდუმლოში მონაწილეობისათვის მონასტრებისა და ბერ-მონაზვნობის შესახებ დებულებისა და მონასტერთა შინაგანი წესდებების შესაბამისად ხორციელდება.
1. მოსამზადებელი მარხვის პრაქტიკა ეკლესიის ასკეტური ტრადიციით რეგულირდება. მარხვა, რომელიც გულისხმობს არასამარხვო საკვებისგან თავშეკავებასა და გართობისგან განრიდებას, და რომელსაც თან ახლავს გულმოდგინე ლოცვა და სინანული, ტრადიციულად წმიდა საიდუმლოთა ზიარებას უსწრებს წინ. წმიდა ზიარებებამდე მარხვის ხანგრძლივობა და ზომა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, ქრისტიანის შინაგანი მდგომარეობისა და მისი ცხოვრების ობიექტური პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, მწვავე ან ქრონიკულ დაავადებათა დროს, რომლებიც კვების განსაკუთრებულ რეჟიმს მოითხოვს, აგრეთვე ქალთათვის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, მარხვა შეიძლება შემცირდეს, შემსუბუქდეს ან სრულიად გაუქმდეს. ეს ასევე ეხება იმ ქრისტიანებს, რომლებიც დროებით ან მუდმივად იმყოფებიან საერთო საცხოვრებლის მქონე საერო დაწესებულებებში, სადაც საერთო კვებაა გათვალისწინებული (სამხედრო დანაყოფები, საავადმყოფოები, ინტერნატები, სპეციალური სკოლები, პატიმრობის ადგილები).
დღესდღეობით ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომლის თანახმად, წელიწადში რამდენიმეჯერ მოზიარე ზიარების წინ სამდღიან მარხვას იცავს, სრულიად შეესაბამება ეკლესიის გადმოცემას. ასევე მისაღებად უნდა იქნეს მიჩნეული ის პრაქტიკაც, როდესაც ყოველკვირეულად ან თვეში რამდენიმეჯერ მოზიარე, რომელიც ამასთანავე ტიპიკონით დადგენილ მრავალდღიან და ერთდღიურ მარხვებს იცავს, წმიდა თასს ეზიარება დამატებითი მარხვის გარეშე, ანდა მხოლოდ ერთდღიურ მარხვას იცავს, ანდა მარხულობს ზიარების წინადღის საღამოს. ამ საკითხზე გადაწყვეტილება სულიერი მოძღვრის კურთხევით უნდა იქნეს მიღებული. ხშირად საზიარებელ ერისკაცთათვის განკუთვნილი მომზადების მოთხოვნები მღვდელმსახურთაც ეხება.
წმიდა ზიარებისათვის მომზადების პრაქტიკასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს ბრწყინვალე შვიდეული — ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის მომდევნო კვირა. ყველა მორწმუნის კვირადღის ევქარისტიაში სავალდებულო მონაწილეობის შესახებ უძველესი კანონიკური ნორმა VII საუკუნეში გავრცელდა ბრწყინვალე შვიდეულის ყველა დღის საღმრთო ლიტურგიაზეც: "ჩვენი ქრისტე ღმერთის აღდგომის წმინდა დღიდან ახალკვირამდე, მთელი შვიდეულის განმავლობაში მართლმორწმუნენი წმინდა ეკლესიაში განუწყვეტლივ უნდა იწვრთნებოდნენ ფსალმუნებით, გალობებითა და სასულიერო დიდებისმეტყველებით, ხარობდნენ და ზეიმობდნენ ქრისტესმიერ, საღვთო წერილს შეისმენდნენ და წმინდა ზიარებით ტკბებოდნენ, რამეთუ ამგვარად ქრისტესთან ერთად აღვდგებით და ავმაღლდებით, ამიტომ დასახელებულ დღეებში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცხენების ჯირითს, ან სხვა რაიმე სახალხო სანახაობას" (ტრულის კრების 66-ე წესი).
ამ განწესებიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ ერისკაცნი მოწოდებულნი არიან ეზიარონ ბრწყინვალე შვიდეულის ლიტურგიებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ბრწყინვალე შვიდეულში ტიპიკონი მარხვას არ ითვალისწინებს და რომ მას წინ უსწრებს დიდი მარხვისა და ვნების შვიდეულის ღვაწლის შვიდი კვირა, კანონიკურ გადმოცემასთან შესაბამისად უნდა იქნეს მიჩნეული ეკლესიის მრავალ სამრევლოში ჩამოყალიბებული ის პრაქტიკა, როდესაც დიდი მარხვის დამცველი ქრისტიანები ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში წმიდა ზიარებას ეზიარებიან და მარხვის შუაღამის შემდეგ საკვებისაგან თავშეკავებით შემოიფარგლებიან. ანალოგიური პრაქტიკა შეიძლება გავრცელდეს ქრისტეს შობასა და ნათლისღებას შორის პერიოდზე. ამ დღეებში ზიარებისთვის მომზადებულებმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დაიცვან თავი საკვებისა და სასმელის უზომო მიღებისგან.
2. მოსამზადებელი მარხვისგან უნდა განვასხვავოთ ევქარისტიული მარხვა სიტყვის მკაცრი გაგებით — სრული თავშეკავება საკვებისა და სასმელისგან შუაღამიდან წმიდა ზიარებამდე. ეს მარხვა კანონიკურად სავალდებულოა (იხ. ზემოთ მოხსენიებული კართაგენის კრების 41-ე, იგივე 50-ე წესი). ამასთან, ევქარისტიული მარხვის მოთხოვნა არ ვრცელდება ჩვილებზე, მომაკვდავებზე, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებსაც სჭირთ მძიმე მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, რაც წამლებისა თუ საკვების აუცილებელ მიღებას მოითხოვს (როგორიცაა, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი). გარდა ამისა, სულიერი მოძღვრის შეხედულებისამებრ, ეს მოთხოვნა შეიძლება შემსუბუქდეს ორსული და მეძუძური ქალებისთვის.
კანონიკური სამართალი გვავალდებულებს, წმიდა ზიარებისათვის მომზადების პერიოდში თავი შევიკავოთ ცოლ-ქმრული ურთიერთობისგან. ტიმოთე ალექსანდრიელის მე-5 განწესება ზიარების წინადღეს თავშეკავებაზე მიუთითებს.
რადგან ტიპიკონის თანახმად პირველშეწირულის ლიტურგია შეერთებულია მწუხრთან, მისი აღსრულება საღამოს საათებში ტიპიკონის ნორმას წარმოადგენს (თუმცა, პრაქტიკაში ეს ლიტურგია ჩვეულებრივ დილით აღესრულება). ღამით აღსასრულებელი საღმრთო ლიტურგიის წინ, ზიარებისთვის მომზადებისას (მაგალითად, წმიდა პასექისა და ქრისტეს შობის დღესასწაულებზე) თავშეკავების არანაკლებ ექვსსაათიან ნორმას უნდა ვიცავდეთ.
3. ზიარებისათვის მომზადება არა მხოლოდ გარკვეული საკვებისაგან თავშეკავებას, არამედ საეკლესიო ღვთისმსახურებებზე უფრო ხშირ დასწრებასა და სალოცავი წესის აღსრულებასაც მოიცავს.
ლოცვითი მომზადების უცვლელ ნაწილს წარმოადგენს წმიდა ზიარების თანმიმდევრობა (აკოლუთია), რომელიც შესაბამისი კანონისა და ლოცვებისგან შედგება. სალოცავი წესი ჩვეულებრივ მოიცავს საგალობლებს მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და მფარველი ანგელოზის მიმართ, აგრეთვე სხვა სამლოცველო ტექსტებს. ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში სამლოცველო წესი შედგება პასექის საგალობლისგან, აგრეთვე წმიდა ზიარების საგალობლისა და ლოცვებისაგან. პირადი სამლოცველო წესი უნდა აღესრულოს შინ (ან სენაკში) ღვთისმსახურებების გარეთ. განსაკუთრებული სამოძღვრო ყურადღებაა საჭირო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სულიერი გზა ეკლესიაში ჯერ კიდევ იწყება და რომლებიც ჯერ არ არიან მიჩვეულნი ხანგრძლივ ლოცვებს; ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე ბავშვებსა და ავადმყოფებს.
ვინაიდან ლიტურგია მთელი საღვთისმსახურებო წრის მწვერვალია, მის წინმსწრებ მსახურებებზე — უპირველეს ყოვლისა, მწუხრსა და ცისკარზე (ანუ ღამისთევით მსახურებაზე) დასწრება ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის მიღებისთვის მზადების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
სულიერმა მოძღვარმა ან აღმსარებელმა მღვდელმა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ზიარების წინადღეს არ ესწრებოდა საღამოს ღვთისმსახურებას ან სამლოცველო წესი არასრულად აღასრულა, უნდა შეუწყოს მას ხელი ზიარებისთვის გულმოდგინე მომზადებაში, მაგრამ ამავდროულად გაითვალისწინოს მისი ცხოვრების გარემოებები და პატივსაცემი მიზეზების შესაძლო არსებობა.
საღმრთო ლიტურგიაზე ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა მისაღებად ეკლესიის შვილები ტაძარში ღვთისმსახურების დასაწყისისთვის უნდა შეიკრიბონ. ქრისტეს ხორცისა და სისხლის საიდუმლოს უგულებელყოფად ითვლება საღმრთო ლიტურგიაზე დაგვიანება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მორწმუნეები ტაძარში მოციქულისა და სახარების კითხვის შემდეგ მიდიან. ასეთი დაგვიანების შემთხვევაში, აღმსარებელმა ან მაზიარებელმა მღვდელმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, არ დაუშვას ადამიანი წმიდა თასთან. გამონაკლისი უნდა დაიშვას შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირების, მეძუძური დედების, ჩვილი ბავშვებისა და მათთან მყოფი ზრდასრული პირებისათვის.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქრისტიანმა ტაძარში უნდა მოისმინოს ან წაიკითხოს წმიდა ზიარების შემდგომი სამადლობელი ლოცვები. ქრისტიანმა ყოველნაირად უნდა ისწრაფვოს იმისაკენ, რომ ლოცვით მადლიერებით აღუვლინოს უფალს მადლობა მიღებული ძღვენისთვის და დაიცვას იგი მშვიდობითა და კეთილმსახურებით, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით.
ზიარებისა და საღმრთო ლიტურგიის განუყოფელი კავშირის გათვალისწინებით, სასულიერო პირებმა არ უნდა დაუშვან ის პრაქტიკა, როდესაც ცალკეულ ტაძრებში მორწმუნეებს ეკრძალებათ წმიდა ზიარება წმიდა პასექზე, ქრისტეს შობაზე, ნათლისღების დღესასწაულზე და მიცვალებულთა შაბათებზე.
III. წმიდა ზიარებისათვის მომზადებული ამოწმებს საკუთარ სინდისს, რაც გულისხმობს გულწრფელ სინანულს ჩადენილ ცოდვათა გამო და მათ აღსარებას მღვდლის წინაშე სინანულის საიდუმლოში.
იმ პირობებში, როდესაც ტაძრად მომსვლელთაგან მრავალი ჯერ კიდევ საკმარისად არ არის ფესვგადგმული საეკლესიო ცხოვრებაში, რის გამოც ზოგჯერ ვერ აცნობიერებს ევქარისტიის საიდუმლოების მნიშვნელობას ან ვერ შეიცნობს საკუთარი ცოდვილი ქმედებების ზნეობრივ და კანონიკურ შედეგებს, აღსარება საშუალებას აძლევს აღმსარებელ მღვდელს, განსაზღვროს მონანულისთვის ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა მიღების შესაძლებლობა.
ცალკეულ შემთხვევებში, მრავალ სამრევლოში ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად, სულიერ მამას შეუძლია აკურთხოს ერისკაცი, რათა ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ეზიაროს ქრისტეს ხორცსა და სისხლს (მაგალითად, ვნებისა და აღდგომის შვიდეულებში) ყოველ ზიარებამდე წინასწარი აღსარების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიარების მსურველს აღსარების საჭიროება აქვს. შესაბამისი ლოცვა-კურთხევის მიცემისას, სულიერ მამებს განსაკუთრებით უნდა ახსოვდეთ სამწყსოს სულთა მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მღვდლობის საიდუმლოში ეკისრებათ.
ზოგიერთ სამრევლოში მრევლი ზიარების დაწყებას ხანგრძლივად ელოდება. ეს გამოწვეულია სასულიერო პირთა ხანგრძლივი ზიარებით საკათედრო (ან სამღვდელმთავრო) ღვთისმსახურების აღსრულებისას, ან ზიარების შემდგომი ლოცვის შემდეგ აღსარების ჩატარებით. ასეთი ვითარება არასასურველად უნდა ვაღიაროთ.
სინანულის საიდუმლო, შესაძლებლობისამებრ, საღვთო ლიტურგიის გარეთ უნდა აღესრულოს, რათა აღმსარებელი და მონანული ერთობლივ ევქარისტიულ ლოცვას არ მოაკლდნენ და მასში სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ. დაუშვებელია ლიტურგიაზე თანამსახური მღვდლის მიერ აღსარების აღსრულება სახარების კითხვისა და ევქარისტიული კანონის დროს. აღსარების ჩატარება სასურველია უმთავრესად საღამოს ან ღვთიური ლიტურგიის დაწყებამდე მოხდეს. გარდა ამისა, მეტად მნიშვნელოვანია სამრევლოებში განისაზღვროს დადგენილი დღეები და საათები, როდესაც მღვდელი სინანულის საიდუმლოს ჩაატარებს.
IV. დაუშვებელია ზიარება გულისწყრომისა და მრისხანების, მძიმე და არაღიარებული ცოდვების თუ არმიტევებული წყენის მდგომარეობაში. ვინც სულის ამგვარი განწყობით გაბედავს ევქარისტიულ ძღვენთან მიახლებას, ის თავადვე ექცევა ღვთის სამართლის ქვეშ, მოციქულის სიტყვებისამებრ: "ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს. ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება" (1 კორ. 11:29, 30).
მძიმე ცოდვათა ჩადენისას, ხანგრძლივი ვადით (ერთ წელზე მეტი ხნით) ზიარებისგან განკვეთა დაშვებულია მხოლოდ ეპარქიის ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით. მღვდლის მიერ ეპიტიმიის დადების უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, საკითხი შეიძლება განსახილველად გადაეცეს საეკლესიო სასამართლოს.
კანონები კრძალავენ ზიარებას ქალთა სიბილწის მდგომარეობაში (წმიდა დიონისი ალექსანდრიელის მე-2 და ტიმოთე ალექსანდრიელის მე-7 კანონები). გამონაკლისი დაშვებულია სიკვდილის საფრთხის შემთხვევაში, აგრეთვე მაშინ, როდესაც სისხლდენა ხანგრძლივად გრძელდება ქრონიკული ან მწვავე სენის გამო.
V. ეკლესია დაჟინებით მოითხოვს საეკლესიო ჯვრისწერას (ქორწინების საიდუმლოს), მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ართმევს წმიდა საიდუმლოთა ზიარებას იმ მეუღლეებს (ქმარს ან ცოლს), რომლებიც საქორწილო კავშირში იმყოფებიან და, რომელშიც აღებული აქვთ ყოველგვარი კანონიერი უფლება-მოვალეობები. ასეთი ქორწინება იურიდიულად სრულფასოვან ცოლ-ქმრობად არის აღიარებული, თუმცა, რაღაც მიზეზით, ჯვრისწერის საიდუმლოთი არ არის ნაკურთხი. ეს არის საეკლესიო იკონომიის ზომა, რომელიც ეფუძნება წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვებს (1 კორ. 7:14) და ტრულის კრების მე-72 კანონს. ის მიზნად ისახავს საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობის გაადვილებას იმ მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის, რომლებმაც იქორწინეს ეკლესიის საიდუმლოებებში გაცნობიერებული მონაწილეობის დაწყებამდე. ასეთი კავშირი, - სიძვითი თანაცხოვრებისგან განსხვავებით, რომელიც ზიარებისათვის კანონიკურ დაბრკოლებას წარმოადგენს, - ეკლესიის თვალსაზრისით კანონიერ ქორწინებად მიიჩნევა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობით დაშვებულია ე. წ. "ქორწინებები" ახლო ნათესავთა შორის კავშირი ან ერთსქესიანთა თანაცხოვრება, რომელთაც მრავალ ქვეყანაში აღიარებულია. ეკლესიის თვალსაზრისით ამგვარი თანაცხოვრება პრინციპულად დაუშვებელია). თუმცა, მწყემსთა მოვალეობაა, მორწმუნეებს შეახსენონ არა მხოლოდ იურიდიული ძალის მქონე საქორწილო კავშირის დადების, არამედ საეკლესიო მღვდელმოქმედებით მისი კურთხევის აუცილებლობაც.
ცალკე განხილვას ექვემდებარება ის შემთხვევები, როდესაც პირები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობენ, ჰყავთ საერთო შვილები, მაგრამ არ იმყოფებიან ეკლესიის მიერ კურთხეულ ან სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებულ ქორწინებაში, და ამასთან, ასეთი თანაცხოვრების ერთ-ერთი მხარეს არ სურს არც ურთიერთობის რეგისტრირება და არც ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულება. ასეთი თანაცხოვრება ცოდვილია, ხოლო მისი გავრცელება ქვეყანაში ეწინააღმდეგება ადამიანის შესახებ ღვთის განზრახვას, საფრთხეს უქმნის ქორწინების ინსტიტუტს და ვერავითარ აღიარებას ვერ ჰპოვებს ეკლესიის მხრიდან.
თუმცაღა, სულიერ მამას, კონკრეტული პიროვნების ცხოვრებისეული გარემოებების ცოდნით, ადამიანური სისუსტისადმი შემწყნარებლობის გამოჩენით, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლია დაუშვას წმიდა ზიარებაზე ის მხარე, რომელიც აცნობიერებს ამგვარი თანაცხოვრების ცოდვილიანობას და ცდილობს სჯულიერ ქორწინებაში შესვლას. წმიდა ზიარებაზე არ დაიშვება ის თანამცხოვრები, რომლის მიზეზითაც ვერ ხორციელდება საეკლესიო ქორწინება. ხოლო თუკი ცოლ-ქმარს შორის ერთი მათგანი მაინც იმყოფება სხვა ქორწინებაში, მაშინ არც ერთი მხარე არ დაიშვება წმიდა ზიარებაზე, კანონიკური წესით ვითარების მოწესრიგებისა და სათანადო მონანიების გარეშე.
VI. ბავშვთა მომზადებას წმიდა ზიარებისათვის საკუთარი თავისებურებები აქვს. მისი ხანგრძლივობა და შინაარსი განისაზღვრება მშობლების მიერ (2) სულიერ მამასთან კონსულტაციით და უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საეკლესიო ცხოვრებაში მისი ჩართულობის ხარისხს.
_____________
1. მშობლების არყოფნის შემთხვევაში ან თუკი მშობლებს წართმეული აქვთ მშობელთა უფლებები შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ახლო ნათესავებს, მზრუნველებს ან მეურვეებს (დღევანდელი ტერმინოლოგიით - მხარდამჭერებს).
_____________
მშობლებს, რომლებსაც რეგულარულად მიჰყავთ თავიანთი შვილები წმიდა ბარძიმთან, რაც დიდი სიკეთეა, მათთან ერთად ზიარებას უნდა ესწრაფოდნენ (იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობლისთვის ერთდროული ზიარება შეუძლებელია — მონაცვლეობით). ის პრაქტიკა, როდესაც მშობლები შვილებს აზიარებენ, თავად კი იშვიათად მოდიან წმიდა ზიარებაზე, ხელს უშლის ბავშვთა ცნობიერებაში ევქარისტიულ ტრაპეზზე მონაწილეობის აუცილებლობის განმტკიცებას.
პირველი აღსარება, ზიარების წინ, ტიმოთე ალექსანდრიელის მეთვრამეტე კანონის თანახმად, სრულდება ათი წლის ასაკის მიღწევისას, მაგრამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციაში პირველი აღსარება, ჩვეულებრივ, შვიდი წლის ასაკში ხდება. ამასთან, პირველი აღსარების ჩაბარების ასაკი, ასევე აღსარების ჩაბარების სიხშირე შვიდიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვისათვის სიხშირე, ყოველკვირეული ზიარების პირობებში, ერთობლივად უნდა განისაზღვროს სულიერი მამისა და მშობლების მიერ, ბავშვის განვითარების ინდივიდუალური თავისებურებებისა და საეკლესიო ცხოვრების მისებური გაგების გათვალისწინებით.
სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ევქარისტიული მარხვა სავალდებულო არ არის. ტრადიციისამებრ, სამი წლის ასაკიდან მართლმადიდებელ ოჯახებში ბავშვებს თანდათან აჩვევენ წმიდა საიდუმლოებათა ზიარების წინ საჭმლისა და სასმელისაგან თავშეკავებას. შვიდი წლის ასაკისათვის ბავშვი მტკიცედ უნდა იყოს მიჩვეული წმიდა ზიარებას უზმოზე. ამ დროიდანვე უნდა ასწავლონ ბავშვს წმიდა ზიარების ლოცვების წაკითხვა, რომელთა შინაარსსა და მოცულობას მშობლები განსაზღვრავენ ბავშვის ასაკის, სულიერი და გონებრივი განვითარების შესაბამისად.
ნათლიებმა ყოველგვარი ძალისხმევით უნდა მიიღონ მონაწილეობა ბავშვთა რელიგიურ-სარწმუნოებრივ აღზრდაში, მათ შორის, უბიძგონ მათ, რეგულარულად ეზიარონ ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს და დაეხმარონ მშობლებს წმიდა ბარძიმთან მათ მიყვანაში.
წყარო: foma.ru
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
