ლიტურგიკა - ეკლესიის კანონიკური განწესებანი ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
ეკლესიის კანონიკური განწესებანი ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით
წმიდა ევქარისტია
წმიდა მოციქულთა მე-8 და მე-9 კანონები:

8. "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან კრებულის სხვა წევრი, მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება, დაე, მიზეზი წარმოადგინოს, და თუ იგი საპატიოა, შენდობილ იქნეს; იმ შემთხვევაში კი, თუ მიზეზი ვერ დაასახელა, საეკლესიო ერთობიდან განიკვეთოს, როგორც მორწმუნე ერისათვის ზიანის მომტანი და, თავისი საქციელით მწირველის მიმართ ეჭვის აღმძვრელი, რომ მან თითქოს მსახურება არასწორად აღასრულა".

9. "ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში შედის, წმიდა წერილს ისმენს, მაგრამ ბოლომდე არ ესწრება ლოცვასა და წმიდა ზიარებას, როგორც ეკლესიაში უწესობის ჩამდენი, საეკლესიო ზიარებიდან განყენებულ იქნეს".
 
 
VI მსოფლიო კრების 66-ე და 80-ე კანონები:
 
66. "ჩვენი ქრისტე ღმერთის აღდგომის წმინდა დღიდან ახალკვირამდე, მთელი შვიდეულის განმავლობაში მართლმორწმუნენი წმინდა ეკლესიაში განუწყვეტლივ უნდა იწვრთნებოდნენ ფსალმუნებით, გალობებითა და სასულიერო დიდებისმეტყველებით, ხარობდნენ და ზეიმობდნენ ქრისტესმიერ, საღვთო წერილს შეისმენდნენ და წმინდა ზიარებით ტკბებოდნენ, რამეთუ ამგვარად ქრისტესთან ერთად აღვდგებით და ავმაღლდებით, ამიტომ დასახელებულ დღეებში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცხენების ჯირითს, ან სხვა რაიმე სახალხო სანახაობას".

80. "თუ ვინმე - ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან ეკლესიის დასის სხვა წევრთაგანი, ან ერისკაცი, რომელიც განსაკუთრებული, ან ისეთი შემაფერხებელი მიზეზის გარეშე, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ეკლესიაში მისი დიდი ხნით მოუსვლელობა, ქალაქში იქნება სამი შვიდეულის განმავლობაში და ზედიზედ სამ კვირა დღეს საეკლესიო შეკრებას დააკლდება, შემდეგნაირად დაისაჯოს: თუ კლერიკოსია, დასიდან განიკვეთოს; თუ ერისკაცი, ეკლესიასთან ერთობიდან განიყენოს".

 
სარდიკიის კრების 11-ე კანონი:
 
"... გახსოვთ თქვენ, რაც ჩვენმა მამებმა დაადგინეს ადრე, რომ თუ ვინმე ერისკაცი ქალაქში იტრიალებს სამი კვირის განმავლობაში და არ ეზიარება, ზიარებისგან განყენებულ იქნას".
 
ანტიოქიის კრების მე-2 კანონი:

"ყველა, ვინც შევა ღმრთის ეკლესიაში, მოისმენს საღმრთო წიგნებს, მაგრამ არ ეზიარება ერის საერთო ლოცვას, ან თავს აარიდებს წმინდა მადლობის ზიარებას (ევქარისტიას) უწესოების გამო, უნდა განიდევნოს ეკლესიიდან, სანამ არ აღიარებს [თავის შეცდომას], არ უჩვენებს სინანულის ნაყოფს და არ შეევედრება. ამგვარად მიიღებენ ისინი შენდობას. არ არის ჯეროვანი უზიარებელთა ზიარება, არც ლოცვა სახლებში შეკრებილებთან ერთად, რომლებიც არ ლოცულობენ ეკლესიაში. არც სხვა ეკლესიამ უნდა შეიწყნაროს ისინი, ვინც თავის ეკლესიაში არ იკრიბება. ხოლო თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა, ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი".

 
წმ ბასილი დიდის 93-ე ეპისტოლე პატრიცი ქალბატონის, კესარიას მიმართ, ზიარების შესახებ
 
ყოველდღიური ზიარება და ქრისტეს წმინდა ხორცისა და სისხლის მიღება კარგია და სასარგებლო, როგრც მან თავად თქვა ნათლად: "ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება სიცოცხლე საუკუნო" (იოანე 6:54). ვის შეუძლია ეჭვი შეიტანოს, რომ სიცოცხლესთან ხშირად ზიარება სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვაგვარად ცხოვრება? თითოეულ კვირას ჩვენ ოთხჯერ ვეზიარებით: უფლის დღეს - კვირას, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს, და სხვა დღეებშიც, თუკი რომელიმე წმინდანის ხსენებაა.

ზედმეტია იმისი მითითება, რომ დევნის დროს, რაიმე იძულებისას, მღდლის ან მღვდელმსახურის არყოფნის შემთხვევაში, საკუთარი ხელით ზიარების მიღება არ წარმოადგენს მძიმე დარღვევას, რადგან ხანგრძლივი ჩვეულება ამას თავად საქმეთაგან ამტკიცებს. ყველა ბერი, რომელიც მოსაგრეობს უდაბნოში, სადაც არ არის მღვდელი, ზიარებას შინ ინახავს და თვითონვე ღებულობს მას. ალექსანდრიასა და ეგვიპტეში კი ერისკაცთაგან თითოეულს, უმეტესწილად, საკუთარ სახლში აქვს ზიარება და თავადვე ღებულობს, როდესაც სურს...." (წმ. ბასილი დიდი ეპისტოლეები. თბ. 2019 წ. გვ. 191).
 
ამრიგად, როგორც წმიდა მოციქულთა მე-9 კანონი ბრძანებს: "ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში შედის, წმიდა წერილს ისმენს, მაგრამ ბოლომდე არ ესწრება ლოცვასა და წმიდა ზიარებას, როგორც ეკლესიაში უწესობის ჩამდენი, საეკლესიო ზიარებიდან განყენებულ იქნეს". კანონთა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კომენტატორი პატრიარქი თეოდორ ბალსამონი წერს: "მოცემული განწესება საკმაოდ მკაცრია. რადგან განკვეთს იმათ, ვინც ეკლესიაში შედის, მაგრამ მსახურების ბოლომდე არ რჩება და არ ეზიარება. სხვა კანონებიც (VI მსოფლ. კრების 80-ე და სარდიკიის კრების 11-ე კანონები. იხ. ზემოთ) მსგავსადვე განსაზღვრავენ, რათა ყველა მზად იყოს და ღირსი იყოს ზიარებისა, ხოლო ვინც არ ეზიარება სამი შვიდეულის განმავლობაში ზიარებიდან განკვეთენ".
 
ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მართალთა ლიტურგიის წეს-განგებით პრინციპში არც ივარაუდება ტაძარში ისეთ ქრისტიანთა დარჩენა, ვინც ლოცულობს, მაგრამ არ ეზიარება. თვით უმთავრესი საეკლესიო მსახურების სახელწოდება ("ლიტურგია") ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს "საზოგადო საქმეს", ანუ ზიარებას; ე. ი. ეს არიას არა კერძო, ინდივიდუალური საიდუმლო, არამედ მთელი საეკლესიო თემის წმიდა ტრაპეზი.

კატეგორიულად დაუშვებელია ისეთი ადამიანის ზიარება, რომელიც საერთოდ არ ნანობს ან ჯეროვნად არ ნანობს საკუთარ ცოდვებს. ამის შესახებ მსჯელობს მრავალი საეკლესიო განწესება (მაგალითად, ტრულის (VI მსოფლიო კრების) 87-ე კანონი, ანტიოქიის კრების მე-2 ლამპმო და სხვა). ასევე ზიარებასთან არ დაიშვებიან მოუნათლავი და არამართლმადიდებელი ქრისტიანები (იხ. ტრულის კრების 95-ე კანონი, ლაოდიკიის კრების მე-7 კანონი) და ისინი, ვისაც ეს აკრძალული აქვს სულიერი მოძღვრის მიერ, ანუ დაწესებული აქვს ეპითიმია, თუკი ამ ადამიანს რაიმე სასიკვდილო საფრთხე არ ემუქრება (იხ. I მსოფლ. კრების 13-ე კანონი).

მღვდელს უფლება არა აქვს ეკლესიიდან განკვეთოს ერისკაცი ან ხანგრძლივად აუკრძალოს მას ზიარებასთან მოსვლა მმართველი მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე.

ზიარება უნდა ხდებოდეს დღეში მხოლოდ ერთხელ და არა ნაკლებ ერთისა სამი შვიდეულის განმავლობაში.

ბრწყინვალე შვიდეულში ზიარება რეკომენდირებულია ყოველდიურად.

წყარო: https://azbyka.ru/kanonicheskie-pravila-pravoslavnoj-cerkvi-kasayushhiesya-praktiki-prichashheniya
Назад к содержимому