სწავლანი > ლიტურგიკა
ჩვენ წინ გაღებული კარები
ყველა, ვინც კი ბრწყინვალე შვიდეულში - პასექის ზეიმობიდან პირველ კვირას - შესულა მართლმადიდებლურ ტაძარში უნებლიედ მიაქცევდა ყურადღებას, რომ ტაძარში სამეუფო კარები ღიაა და ის არ იკეტება ღვთისმსახურების დასრულების შემდეგაც კი. სამეუფო კარებად იწოდება საკურთხევლის ცენტრალური შესასვლელი, რადგან ევქარისტიის წმიდა საიდუმლოს აღსრულების დროს მათში გაივლის მეუფე დიდებისა.
რატომ ტოვებენ ღიად სამეუფო კარებს მთელი შვიდეულის განმავლობაში - ქრისტეს აღდგომიდან ბრწყინვალე შაბათამდე? ამ საღვთისმსახურებო ტრადიციას გააჩნია, როგორც სიმბოლური, ასევე სულიერი შინაარსი.
ქრისტეს აღდგომის შემდეგ ცათა სასუფეველი მოახლოვდა და მისაწვდომი გახდა ნებისმიერი ადამიანისთვის: საუკუნოდ დამარცხდა სიკვდილი, დაემხო ჯოჯოხეთი, და ცოდვას უკვე არ გააჩნია სრული ძალაუფლება ადამიანზე! ღია სამეუფო კარებიდან უფალი უხვად გვანიჭებს თავის მადლს, ჩვენი გულები კი გრძნობენ მის უსაზღვრო მოწყალებას და კაცთმოყვარებას. საკურთხევლიდან გამომავალი ნათელი წარმოადგენს მის დაუღამებელ ბრწყინვალებას. გარდა ამისა, ღიად დატოვებული სამეუფო კარები მოგვაგონებს, რომ უფალი ელოდება ჩვენთან ერთობას წმიდა ევქარისტიის საიდუმლოში.
კიდევ ერთი სიმბოლო მოიაზრება ღიად დატოვებულ სამეუფო კარებში - ეს გახლავთ უფლის განღებული სამარხი, რომლისგანაც ანგელოზმა ქვა გადააგორა. ხოლო ჯვრით ლიტანიობა, რომელსაც აღასრულებენ მორწმუნენი ლიტურგიის შემდეგ, უფლის საფლავისკენ მენელსაცხებლე დედების მსვლელობის სიმბოლოს წარმოადგენს.
გარდა ამისა მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში გაღებული სამეუფო კარები მიგვითითებენ, რომ ამ დღეებში ჩვენს წინაშე უხილავად იღება სულიერი, ზეციერი სამყარო.
მკვდრეთით აღმდგარი უფალი გვიახლოვდება და ჩვენ შესაძლოა სრულიად მოულოდნელად შევხვდეთ მას, მოციქულების ლუკას და კლეოპას მსგავსად, რომელთა შესახებაც ვკითხულობთ სახარებისეულ საკითხავში (ლუკა 24:13-35).
ღიად დატოვებული სამეუფო კარების წინ იდგმება არტოსი - სააღდგომო პური, ქრისტეს სიმბოლო, რომელიც გახდა "ზეცით გარდამომავალი პური". ეს ტრადიცია არსებობს ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან.
წყარო: ekzeget.ru