სწავლანი > კითხვა-პასუხი
ვინ ეზიარება დასასჯელად?
"მეუფეო უფალო კაცთმოყვარეო,
დე, არა სასჯელად გინა დასასჯელად მექმნას მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა,
არამედ საკურთხებელად სულისა და ხორცისა..." (წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიიდან).
თავის ჯვარცმამდე ერთი დღით ადრე უფალმა თავის მოწაფეებს მისცა ზიარება. დღემდე არ არის მოცემული ამ საიდუმლოს სრული განმარტება. არც მღვდლები, არც ღვთისმეტყველები არ ფლობენ მკაფიო სურათს: როგორ შეიცვლება ადამიანის მიერ გამომცხვარი პური და ღვინო იესუ ქრისტეს ხორცად და სისხლად.
ქრისტიანებს სწამთ ღმრთისა, ენდობიან მას და საიდუმლოს იღებენ მისდამი უდიდესი სიყვარულით. სული ეწაფება ბარძიმს სურვილით იყოს უფალთან არა შემდეგ, არამედ ახლა, დღეს, ჩვენს ამწამიერ ცხოვრებაში. ოღონდ მოციქულები გვაფრთხილებენ უღირსად ზიარების საშიშროების შესახებ. მაშ, როგორ მივიღოთ ზიარება, რომ არ გახდეს იგი "შემწველი უღირსთა"?
საიდუმლო სერობის ერთ-ერთი მონაწილე იყო იუდა ისკარიოტელი: "ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ" (მათე 26:56). მაგრამ გამყიდველის ზიარება საშინელი გაფრთხილება გახდა მართალთათვის. "ნუ შევიწვები მე, ჩემო შემოქმედო"!
მრისხანე გაფრთხილება მისცა ღმერთმა წმიდა მაკარი ალექსანდრიელს. ბერ-მონაზონთა საძმო წმიდა საიდუმლოთ მიეახლებოდა, ოღონდ ზოგიერთი ბერის ზიარებისას დემონები მღვდელს ასწრებდნენ, საზიარებელთა გამოწვდილ ხელებში გავარვარებულ ნაკვერჩხალს დებდნენ და წვავდნენ. უფლის სხეული კი კვლავ საკურთხეველში აიზიდებოდა. ხოლო ზიარების ღირსთ ბოროტი სულები არც კი ეკარებოდნენ. მათ ღმრთის წმიდა ანგელოზი საშინელ საიდუმლოთ მღვდლის ხელით აზიარებდა.
როგორ ვეზიაროთ "საკურთხებელად სულისა და ხორცისა..."?
ჩვენი დროების უბედურება საიდუმლოს წინაშე ღვთისმოშიშების დაკარგვაა. შინაგან სამზადისს გარეგანი სამზადისი ენაცვლება - სამდღიანი მარხვა, წაკითხული კანონი და ადამიანი გაბედულად მიდის საზიარებლად.
ღირსი თეოგნოსტი კი წერდა: "საკუთარი თავის განწმენდის გარეშე ნუ გაბედავ მიეახლო წმიდა საიდუმლოთ, რათა საღმრთო ცეცხლისგან ხმელი ბალახივით არ დაიწვა".
მართალთა ლიტურგიაზე პირველი ასამაღლებელი "ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ" ზიარებისთვის მოსამზადებელ გზაზე მიგვანიშნებს. დღევანდელი ადამიანები არ გამოირჩევიან მოყვასისადმი ძლიერი სიყვარულით. სხვათა განკითხვა კი განგვაშორებს იმ სულიერ და-ძმათა სიყვარულისგან და ერთობისგან, ვინც ტაძარში, ქრისტესთან, ცხონების სავედრებლად არის მოსული.
ქრისტეს ბარძიმი - ჩვენი ურთიერთობის საზომია. თუკი გულს ვატკენთ მოყვასს, როგორ დავდგებით ლიტურგიაზე მასთან ერთად?
უფლის საიდუმლოს უნდა მივეახლოთ ისე, როგორც ღმრთის სამსჯავროს, შეძლებისდაგვარად შევურიგდეთ ყველას და მოვინანიოთ საკუთარი ცოდვები. სწორედ მაშინ აღავსებს უფალი ჩვენს სულს წყალობით, "და მშვიდობა, და კურთხევა ღმრთისა იქნება ჩვენ ყოველთა თანა".
წყარო: zen.yandex.ru