სწავლანი > კითხვა-პასუხი
შეუძლიათ თუ არა ეშმაკთ მიიღონ ადამიანის გარეგნობა?
ხშირად გვეკითხებიან: შეუძლიათ თუ არა ეშმაკთ კაცთა საცთუნებლად მიიღონ ადამიანის გარეგნობა?
მართლაც, წმინდა მამათა და მოსაგრეთა ცხოვრებიდან ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც დემონები ადამიანებს სხვადასხვა სახით ეცხადებოდნენ, რათა საცთურში შთაეგდოთ ისინი. ამასთან მოქმედებდნენ გაწაფულად და მახვილგონივრულად, რადგან თითოეული ადამიანის ვნებებისა და ქცევის შესაბამისად, რასაც ისინი დეტალურად აკვირდებიან.
უნდა ითქვას, რომ ეშმაკთ შეუძლიათ ადამიანს გამოეცხადონ სხვადასხვა სახით. უპირველეს ყოვლისა ბოროტი სულები მოსაგრეთ შავი ან მახინჯი არსებების სახით ეცხადებოდნენ, როგორც ეს შემდეგ იკონოგრაფიაშიც აისახა.
მაგრამ, შეუძლიათ თუ არა ეშმაკთ მიიღონ ადამიანის გარეგნობა?
წმიდა ბერ-მონაზონთა ცხოვრებიდან, სადაც მრავლად არის აღწერილი უწმინდურ სულთა გამოცხადებანი, შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ეშმაკნი ხშირად იღებდნენ სხვადასხვა სახეს. თავიანთი "ტრადიციული" გარეგნობის გარდა, ისინი ადამიანებს ეცხადებოდნენ კაცის, ქალის, პირუტყვის და ანგელოზის სახითაც კი. სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია მზაკვარებასთან, რათა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანის ცთუნება ძლიერი და ეფექტური იყოს.
გვახსენდება ერთი ათონელი ბერის ამბავი, რომელიც სტუმრად სხვა მონასტრისკენ მიდიოდა. უეცრად გზაზე იმ მონასტერში მცხოვრები ნაცნობი ბერი შემოხვდა. მათ ერთად გააგრძელეს გზა და თან საუბრობდნენ. როგორც კი ერთმანეთს დაშორდნენ, ბერმა ანაზდეულად ნაცნობი მონაზვნისკენ მიიხედა, რომელმაც დიდ ქვას დაავლო ხელი და სტუმრად მიმავალ ბერს ესროლა. შემდეგ კი გაუჩინარდა. მადლობა ღმერთს ბერი მობრუნდა და ნასროლ ქვას თავი აარიდა. მონასტერში მისულმა თავისი თანამოსაუბრე დაინახა და შეიტყო, რომ ის მონასტრიდან არსად გასულა.
ეს მხოლოდ ერთი მოწმობაა იმისა, თუ როგორ მიიღო უწმინდურმა სულმა კაცის გარეგნობა. ამგვარი მოწმობები ბევრია. როგორც წესი, ადამიანები, ვისაც უწმინდურები ეცხადებიან (ისინი ან წმინდანთა ან ანგელოზთა სახით ევლინებიან მოსაგრეთ), განიცდიან შიშსა და მშფოთვარებას. გასაგებია, რომ თუკი ადამიანს ანგელოზი გამოეცხადება, მას ასეთი შიში და ძრწოლა არ დაეუფლება, რადგან წმიდა ანგელოზებს შეშინებული ადამიანების მყისიერი დამშვიდება ახასიათებთ.
საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, თუ ვინ გამოეცხადა ადამიანს, გახლავთ ლოცვა და პირჯვრისწერა. მოციქული იოანე ამის შესახებ ასე გვაფრთხილებდა: "საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4:1).
უწმინდური სულები ლოცვისა და პირჯვრის წერის დროს ქრებიან, რადგან არ შეუძლიათ ამისი ატანა. მათ დაცემულ ბუნებას არ ძალუძს ჯვრის ძალის აღქმა. მაგრამ, უეჭველად, კაცთა საცთუნებლად, სხვადასხვა სახით გამოცხადება შეუძლიათ.
უფრო დეტალურად რომ გავიგოთ ეშმაკთა მზაკვარების ფორმები და სახეები, საჭიროა გავეცნოთ წმინდანთა ცხოვრებას, განსაკუთრებით პატერიკებს, სადაც აღწერილია მამათა განსაცდელები და ისიც, თუ როგორ დევნიდნენ ისინი ეშმაკთ.
წყარო: zen.yandex.ru
თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 12 აპრილი. 2021 წ. დიდი მარხვა.