კითხვა-პასუხი - შეიძლება თუ არა სამკერდე ჯვრის ტარება ტანისამოსზე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
შეიძლება თუ არა სამკერდე ჯვრის ტარება ტანისამოსზე?
მართლმადიდებლური ჯვარი
სამკერდე ჯვარი - ეს არის მცირე ზომის ჯვარი, რომელიც ქრისტეს ჯვრის ხატია, სიმბოლოა. მას მუდმივად უნდა ატარებდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი. ადამიანები ჯვარს ატარებენ იმის ნიშნად, რომ სწამთ იესუ ქრისტე და ანდობენ მათ საკუთარ სიცოცხლეს, ხოლო ქრისტესგან იღებენ მადლს და ურიცხვ წყალობას. გარდა ამისა, მართლმადიდებლური ჯვარი მიანიშნებს ადამიანის კუთვნილებას მართლმადიდებლური ეკლესიისადმი.


როგორ ვატაროთ მართლმადიდებლური ჯვარი?
 


რვაკიდურიანი მართლმადიდებლური ჯვარი
ტბეთის ოთხთავი. 12-ე ს.
ჭედური ყდის ფრაგმენტები (12-ე ს.), დაკრული გვიანი ხანის ოქროტვიფრულ ყდაზე (18-ე ს.).
 
 
კანონიკური ნორმები, ანუ უცილობელი კანონები, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვატაროთ ჯვარი არ არსებობს.
 
იმ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანობა ოფიციალურად იქნა ნაქადაგები და სახელმწიფო რელიგიად ჩამოყალიბდა, ჯვრებს ტანისამოსის ზემოთაც ატარებდნენ. მაგრამ, მოგვიანებით, ამგვარი უფლება დარჩათ მხოლოდ სასულიერო პირებს. კიდევ უფრო მოგვიანებით ჯვრის ტარების უფლება მიეცათ მღვდლებსაც. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც - "სამკერდე ჯვარი". ეს ნიშნავს იმას, რომ ჯვარს ატარებდნენ შესამოსელის ზემოთაც. მაგრამ, ყველა მართლმადიდებელი, მათ შორის სასულიერო პირებიც, პირად ჯვრებს ტანისამოსს შიგნით, საკუთარ მკერდზე ატარებენ.
 
 
რატომ უნდა იყოს ჯვარი დაფარული?
 
როგორც უკვე ვთქვით, ეს არ არის კანონიკური წესი, არამედ ღვთისმოსავი ტრადიციაა. ამავე ტრადიციის მიხედვით მორწმუნეები ხშირად ატარებენ რომელიმე წმინდანის ხატს ან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოსახულებას. თუმცა, უფრო კანონიკური და ურყევი მხოლოდ ჯვრის ტარება გახლავთ.
 
ჯვარი, რომელსაც ქრისტიანი მუდმივად ატარებს, მას შეახსენებს, რომ მიიღო ნათლისღების საიდუმლო, როდესაც ადამიანი უფალს ეშმაკისგან განდგომას და ღმრთისადმი შედგომას აღუთქვამს. მაგრამ, რადგან ადამიანები ცოდვილები არიან, ყველას როდი ძალუძს ამ აღთქმების ბოლომდე დაცვა. ამიტომაც, ყოველი ქრისტიანის პირადი ამოცანაა - თავისი უკვდავი სული ცოდვისგან დაიცვას და ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს.
 
ადამიანი თუ კადნიერად, ტანისამოსს ზემოთ ატარებს ჯვარს, ამით გარშემომყოფთ ამცნობს, რომ ის - მართლმადიდებელი ქრისტიანია. მაშ, თუ ასეა, სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამ უმაღლეს წოდებას. ამგვარი ადამიანის ყოველი მოქმედება გარშემომყოფთ უნდა აჩვენებდეს, როგორია ჭეშმარიტი ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანი და ყოველივეში მისდევდეს უფლის მცნებებს.
 
მაგრამ, თუკი ადამიანს არ ძალუძს ამ მაღალი მოწოდების დაცვა, არ ძალუძს იცხოვროს ქრისტიანობის მაღალი ზნეობრივი იდეალების შესაბამისად, მაშინ არც ტანისამოსზე გადმოკიდებული ჯვრით უნდა იწონებდეს თავს, რათა საკუთარი საძრახისი ქცევებით შეურაცხყოფა არ მიაყენოს ამ უწმიდეს სიმბოლოს და მის მიერ მაცხოვარს.
 
ჯვარი პირადი რწმენისა და მისი შესაბამისი ღვაწლის სიმბოლოა. უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე", ანუ "ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე" (მათე 16:24). ამდენად, ყოველი ადამიანი თავის ღვაწლს მოკრძალებით და არა მაჩვენებლობით უნდა შეუდგებოდეს. ჯვრის ტანისამოსის ქვეშ დაფარვაც ამისი სიმბოლოა. ქრისტესადმი რწმენა და მისი სიმბოლო (ჯვარი) ერთგვარად გამოხატავს მაცხოვრის მცნებას: "შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად" (მათე 6:6).
 
 
წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით ამპარტავნები ყველაფერში მაჩვენებლობენ, ლოცვაში, მარხვაში და ქრისტიანულ ღვაწლშიც. "ისინი თავს იკატუნებენ, თითქოს ღმერთს ევედრებიან, სინამდვილეში კი ხალხის ყურადღებას ეძიებენ და, ამგვარად, წარმოადგენენ არა მლოცველებს, არამედ სასაცილო ადამიანებს. ვისაც ლოცვა სურს, ყველას ტოვებს და მხოლოდ იმ ერთისკენ აქვს მთელი ყურადღება მიპყრობილი, ვისაც მისი ვედრების აღსრულება ძალუძს. ... ასე რომ, იესუ, როგორც ადგილის, ასევე არასათანადო წესით ლოცვის აღმავლენელთა შესახებ მსჯელობისას, - ასეთებს განეკუთვნებიან ჯვრის მაჩვენებლობით მატარებლებიც, - აჩვენებს რაოდენ სასაცილონი არიან ისინი და გვთავაზობს ლოცვის საუკეთესო წესს, როცა ამბობს: "შენი შენს სენაკში" და ამგვარად მლოცველებს ჯილდოს აღუთქვამს: "მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად" (მათე 6:6).
 
მაგრამ, იქვე წმიდა მამა შეგვახსენებს: სენაკშიც რომ შეხვიდე და კარიც ჩარაზო, ვერ მოიპოვებ ღმრთის წყალობას თუ ამპარტავნებას არ განიდევნი შენი გულიდან."მისი სურვილია, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - რომ შენ, ვიდრე მას ჩაკეტავ, ამპარტავნება განიდევნო და გულის კარი ჩაკეტო. იყო ამპარტავნებისგან თავისუფალი - ეს ყოველთვის სასიკეთოა, განსაკუთრებით ლოცვისას" და ღვაწლისას. "და მაინც, - აგრძელებს წმიდა მამა, - არიან ადამიანები, რომლები, მიუხედავად ყველა ასეთი დამოძღვრისა, ისე ცუდად იქცევიან ლოცვის დროს, რომ ისინი რომც არ ჩანდნენ, თავიანთი უწესო ვიშვიშით ყველას აცნობენ თავს, და როგორც ქცევით, ასევე გოდებით, თავს სასაცილოდ იხდიან" (წმ. იოანე ოქროპირი. 19-ე ჰომილია. მათეს სახარებაზე. ჰომილიები. წმ. მათეს მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი პირველი. თბილისი 2016. გვ. 245).
 
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
 
საიტი "აპოკალიფსისი". 4 აპრილი. 2021 წ. დიდი მარხვა.
Назад к содержимому