კითხვა-პასუხი - "სატანა - ამა ქვეყნის თავადი". რატომ ესმის ზოგიერთს ეს სიტყვები არასწორად? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
"სატანა - ამა ქვეყნის თავადი".
რატომ ესმის ზოგიერთს ეს სიტყვები არასწორად?
ბნელი საწუთროს მპყრობელი
კითხვა: უფალი სახარებაში სატანას "ამა ქვეყნის თავადს" უწოდებს. ეს სიტყვათშეხამება ჩვენთვის ჩვეული გახდა, მაგრამ ხშირად არცთუ ზუსტად გვესმის მისი მნიშვნელობა და სატანას უფრო მეტ ძლიერებას მივაწერთ, ვიდრე მას გააჩნია. მთელი აზრი კი - სიტყვების ელფერშია, რომელიც ბოლომდე ვერ გადმოსცემს წერილის თარგმანს ჩვენს ენაზე. მაშ, სინამდვილეში როგორ უნდა გავიგოთ სიტყვა "თავადი"?
 
 
***
 
პასუხი: ახალ აღთქმაში გამოთქმა "ამა ქვეყნის თავადის" იოანეს სახარებაში გვხვდება: "აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს" (ინ. 12:31) - და იქვე ცოტა ქვემოთ: "ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში" (ინ. 14:30). ამ თავადის შესახებ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში მსჯელობს მოციქული პავლეც: "და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალმოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფ. 2:1-2).
 
აქ ლაპარაკია სატანაზე, დემონთა მთავარზე, რომლებიც ოდესღაც წმიდა ანგელოზები იყვნენ, მაგრამ, ასე ვთქვათ, აირჩიეს ბნელი მხარე, შეიძულეს ღმერთი და განდგნენ მისგან. თუ ქრისტეს და მოციქულ პავლეს სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ გამოდის, რომ ეს სატანა ქვეყნიერების მფლობელი ყოფილა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, და ის ყოფილა აქ თავადი, ამა ქვეყნის მბრძანებელი!
 
მართლაც, როგორ გვესმის ჩვენ სიტყვა თავადი? ეს არის მმართველი, რომელსაც ეკუთვნის მიწები, რომელსაც ჰყავს ჯარი, რომელიც ტახტზე ზის მემკვიდრეობითობით უფლებით, და რომლისადმი დაუმორჩილებლობას ვერავინ გაბედავს - იმწუთასვე შეგიპყრობენ და ციხეში ჩაგსვამენ; არ არის გამორიცხული თავიც წაგაჭრან!
 
მოკლედ, "თავადი" ეს არის კლასიკური შუასაუკუნეობრივი ფეოდალი (თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდებში თავადები უფრო ტომთა ბელადები იყვნენ, ვიდრე აბსოლუტური მმართველები). სლავურ მიწებზე ასეთ მმართველებს თავადებს უწოდებდნენ, სკანდინავიაში - კონუნგებს, ევროპაში - ჰერცოგებს, თურქეთში - ფაშას, მაგრამ არსი ერთი და იგივეა. ეს არის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ეფუძნება ძალოვან რესურსს. დაახლოებით ასეთი აზრი მოსდით თავში ადამიანებს, როდესაც წმიდა წერილში კითულობენ, რომ სატანა არის "თავადი ამა ქვეყნისა".
 
სინამდვილეში ასე ხდება არაზუსტი თარგმანის გამო. შეგახსენებთ, რომ იოანეს სახარებაც და მოციქულ პავლეს ეპისტოლეც დაწერილია ბერძნულად. ხოლო ბერძნულ ორიგინალში მოცემულია სიტყვა ἄρχων ("არხონ"), რომელიც სხვადასხვა ენებზე ითარგმნება, როგორც "თავადი" (არცთუ იშვიათად იყენებენ ვარიანტს - "არხონტი", ოღონდ იმ სემთხვევებში სადაც კონტექსტუალურად ძველბერძნული პოლისის უხუცესი მმართველი იგულისხმება). ამ სიტყვაში არსებობს ჩვენი სმენისთვის ცნობილი ფუძე "არქი" (უფროსობა), რომელიც გვაქვს სიტყვებში "არქიეპისკოპოსი", "არქიდიაკვანი", "არქივი", ანარქია და სხვა. სიტყვა "არხონის" ამომავალი მნიშვნელობა არის - უხუცესობა (აქედან მოდის, სხვადა შორის, არქივიც - უძველესი ტექსტების მარაგი).
 
მაგრამ ვინ არის უხუცესი ანუ მთავარი? ეს არის ადამიანი, ვინც ფლობს უდიდეს ავტორიტეტს, ვისაც უსმენენ ადამიანები, მისდევენ მის რჩევებს და მითითებებს. შეიძლება ითქვას, რომ უხუცესობა ფლობს ძალაუფლებას, მაგრამ ეს ძალაუფლება ეფუძნება არა ძალას, არამედ ავტორიტეტს, და საზოგადო რწმენას, რომ ამ ადამიანმა იცის, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, "არხონტი" - ეს არის ბელადი, წინამძღოლი.
 
და აი, ასეთ "არხონტად" ახალი აღთქმა ხმობს სატანას. რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს იმას, რომ სატანა ატყუებს რა ადამიანებს აცდუნებს მათ და წინ მიუძღვის ცდუნებულთა ამ მოდგმას (ანუ, სიტყვასიტყვით რომ ვთქვათ, ის არის "დემაგოგი", ანუ ის, ვინც მიუძღვის ხალხთა მასებს). ის იქმს ბოროტებას, უპირატესად მოქმედებს არა საკუთარი, არამედ უცხო ძალით, ადამიანთა ხელებით.
 
სხვათა შორის, შეგვიძლია გავიხსენოთ კიდევ ერთი ადგილი მოციქულ პავლეს ეპისტოლედან ეფესელთა მიმართ: "ჩვენ ვიბრძვით არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფ. 6:12). და აქ, როდესაც მართლაც იგულისხმება რომელიღაც ძალმოსილი ფუნქცია, სრულიად სხვა ტერმინი გამოიყენება. სიტყვით "საწუთროს მპყრობელი" გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვა κοσμοκράτορες (წარმოითქმება, როგორც "კოსმოკრატორეს", ანუ მრავლობით რიცხვში სიტყვიდან κοσμοκράτωρ - კოსმოკრატორ). და ისინი, ეს "საწუთროს მპყრობელნი" - ყველაფრისა და ყოველივეს მმართველები კი არ არიან, არამედ მხოლოდ "ბნელი საწუთროს მპყრობელნი", რომლითაც აღინიშნება მათი დემონური კომპეტენციის საზღვარი, მათი შეზღუდულობა.
 
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი (VII ს-ის ბიზანტიელი ღვთისმეტყველი), როდესაც გარეგან, სოციალურ ბოროტებაზე მსჯელობს, წერს, რომ ეშმაკი ვერაფერს იზამდა, ადამიანთა მეშვეობით რომ არ ემოქმედნა. ეშმაკი - მზაკვარი მანიპულატორია, ის ადამიანებს იმორჩილებს არა იმიტომ, რომ ძლიერია, არა რაიმე მაგიის დახმარებით, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები თვითონ, საკუთარი ნებით, ექვემდებარებიან მის ცდუნებას და იქმან ბოროტებას.
 
ღირ. მაქსიმემ მოგვცა ამ მოვლენის საკმაოდ ზუსტი ფორმულირება წმ. დიონისე არეოპაგელის თხზულებათა განმარტებისას: "... ჩვენ, მიდრეკილები ვართ ბოროტისკენ, ხშირად ვიძლევით ჩვენზე თავდასხმის შესაძლებლბოას, და ამის ძალას საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენშივე ვპოვებთ. ხოლო ეშმაკი უძლურდება მაშინ, როდესაც არ მივიდრიკებით ბოროტისკენ, რადგან ახლოსაა ჩვენი თანაშემწე ძალი ღმრთისა..." სწორედ ასე - თვითონვე ვმოქმედებთ საკუთარი თავის წინააღმდეგ!
 
ასე, რომ თავადი, როგორც ხედავთ, ნამდვილი არ ყოფილა! მას არ გააჩნია უფლება ძალაზე (სხვაგვარად რომ თქვათ, ლეგიტიმურობა), არც ძალისმიერი რესურსები - გარდა იმისა, რომელსაც თვითონ ვანიჭებთ. და მას ვემორჩილებით არა იმიტომ, რომ მისი სასჯელების გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ თვითონ, დავექვემდებარეთ რა მოტყუებას, მის მხარეს ვირჩევთ, როგორც უფრო მომგებიანს და მოხერხებულს, ან უბრალოდ ვერ ვამჩნევთ მის მანიპულაციას, ან საერთოდ არ გვწამს მისი არსებობა.
 
მაგრამ სერიოზულად მორწმუნე ადამიანი, რომელიც სახარების მცნებებით ცხოვრობს, მოუწოდებს ღმრთის შეწევნას, მონაწილეობს საეკლესიო საიდუმლოებებში, "ამ ქვეყნის მპყრობელს" არ დაემორჩილება. მისთვის ეს "თავადი" - სინამდვილეში თავადი კი არა, თვითმარქვიაა. ხოლო ჩვენს სამყაროში ნამდვილი ძალაუფლება მის შემოქმედს ეკუთვნის, ანუ ღმერთს.
 
ეს ძალაუფლება არაამქვეყნიურია, და შეიძლება უხილავი იყოს უსჯულოებათა და უბედურებათა შორის, მაგრამ ის აბსოლუტურად რეალურია. მისდამი ერთგულებას ჩვენ ყოველდღიურად ვადასტურებთ საუფლო ლოცვით, როდესაც წარმოვთქვამთ სიტყვებს: "იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა".


საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ.

პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.
Назад к содержимому