კითხვა-პასუხი - სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
"შენ არ გესმის, მაგრამ ეშმაკებს ესმით",
 
ანუ
 
სასარგებლოა თუ არა ლოცვა, თუკი წაკითხულის შინაარსი არ გვესმის?
ლოცვითი ღვაწლი
ავტორი: არქიეპისკოპოსი პავლე (საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია).

ასეთი კითხვა ხშირად უჩნდებათ ქრისტიანებს, რომლებიც ცდილობენ რა სრულყონ თავიანთი ლოცვა, თავდაპირველ ეტაპზე ხშირად გონებაგაფანტულობით ლოცულობენ. ზოგჯერ ეს კითხვა იბადება მაშინ, როდესაც ქრისტიანები ესწრებიან უცხო ენაზე აღვლენილ ღვთისმსახურებას (მაგ.: სლავურენოვანს ან ბერძნულენოვანს), ენა კი შეიძლება არ ესმოდეთ. ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზთა გამო შეიძლება საკუთარ ენაზე წარმოთქმული ლოცვაც კი ვერ გაიგოს ადამიანმა. მაგალითად, ყველას როდის ესმის ძველქართული და ტაძარშიც ყოველთვის როდია მოსახერხებელი ლოცვის სიტყვებში წვდომა (თუნდაც ხმაურის ან სხვა მიზეზების გამო). ყველას როდი ესმის "მამაო ჩვენოს", "მეუფეო ზეცათაოს", "ღირს არსის" და სხვა ლოცვათა სიტყვების მნიშვნელობა, თუმცა მაინც დგანან და ლოცულობენ.

შეიძლება თუ არა ასეთ დროს ქრისტიანმა მიიღოს რაიმე სარგებელი?

ცნობილია რუსი მოღვაწის, რუსეთის ოფიციალური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი პიროვნების, ბარსონუფი ოპტინელის ასეთი გამონათქვამი კითხვაზე: "მამაო, იესუს ლოცვას ვკითხულობ, მაგრამ რა სარგებელი შეიძლება მივიღო მისგან, თუკი მხოლოდ ბაგეებით წარმოვთქვამ, თვითონ კი არ მესმის რას ვკითხულობ, რადგან გონება გაფანტული მაქვს"?

ბარსონუფი ოპტინელმა უპასუხა: "შენ არ გესმის, მაგრამ ეშმაკებს ესმით და ძრწიან კიდეც, - დამშვიდდი ძმაო, და ძალისამებრ გააგრძელე ლოცვა" (https://tatmitropolia.ru/talks/question_priest/?id=35877).

სხვა ახალმოწესე მღვდელმსახური, აწ გარდაცვლილი დანიელ სისოევი ერთგან ამბობს: "იცით, არსებობს ასეთი აზრი: "იკითხეთ ფსალმუნი, თუნდაც არ გესმოდეთ: თქვენ არ გესმით, მაგრამ ეშმაკებს ესმით" (Даниил Сысоев свящ. Каких даров просить у Бога? Беседы на Первое и Второе Послания апостола Павла к Коринфянам. В 12 т. - Т. 6. Глава: Как использовать дар пророчества).

გამომდინარე აქედან მართლმადიდებელთა გარემოში გავრცელდა აზრი, რომ ეშმაკს ეშინია ფსალმუნის სიტყვებისა და გარბის, მიუხედავად იმისა, ესმის თუ არა ადამიანს წაკითხული ფსალმუნის შინაარსი. ამგვარი შეხედულება მთლად კორექტული არ არის და შეიცავს მაგიის ელემენტებს. თუმცა აქ იბადება დამატებითი შეკითხვებიც:

რისი შეიძლება შეეშინდეს ეშმაკს - თავისთავად ფსალმუნის სიტყვებისა თუ ფსალმუნით მლოცველი ადამიანის ვედრებისა ღმრთისადმი? თუ ამ უკანასკნელისა, მაშინ რამდენად ეფექტური იქნება ფსალმუნით მლოცველი ადამიანის ვედრება, თუკი მას წაკითხული ლოცვების (რომელ ენაზეც გინდ იყოს) არც აზრი ესმის და არც შინაარსი? თუ ვინმე იტყვის, რომ ასეთ ლოცვას აზრი არა აქვს და მეტიც, ის შეიძლება გადავიდეს მაგიზმში, მაშინ გამოდის, რომ უცხო ქვეყანაში მყოფი ადამიანისთვის იქაურ, ადგილობრივ მართლმადიდებლურ ტაძარში შესვლასაც აზრი არ ჰქონია და უცხოენოვან მსახურებებზე დასწრება ყოფილა არა თუ საქებარი, არამედ საძრახისი და დანაშაულიც კი.

საფიქრალია ისიც, რომ ამგვარი ლოცვა მაგიზმი აღმოჩნდება საკუთარ ქვეყანაშიც, თუკი შედიხარ შენს ტაძარში და იქ წაკითხული ძველქართული ლოცვების შინაარსი ან სანახევროდ, ან კიდევ საერთოდ არ გესმის. გამოდის, რომ ამგვარ ლოცვასაც არ ჰქონია არანაირი აზრი და ასე ლოცვა ყოფილა დანაშაული.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ ორგვარი მიდგომა იმ ლოცვებისადმი, რომელთა შინაარსი (სხვადასხვა მიზეზთა) გამო არ გვესმის.

პირველი მიდგომა ამ საკითხისადმი ასეთია: ზოგ შემთხვევაში დამნაშავენი ვართ ჩვენ, ჩვენივე გონებაგაფანტულობის გამო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ვართ უდანაშაულონი, რადგან ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე შეიძლება ლოცვათა შინაარსი ყოველთვის მისაწვდომი არ იყოს ჩვენთვის (ან ენა არ ვიცით კარგად, ან ჩვენი სმენა ვერ წვდება წაკითხულ ლოცვებს, ან კიდევ ჩვენამდე მოღწეული ლოცვებია ბუნდოვნად წარმოთქმული).

მეორე მიდგომა კი გულისხმობს ლოცვებისადმი "მექანიკურ" დამოკიდებულებას, მისი შინაარსის წვდომის აუცილებლობის გარეშე. ამგვარი მიდგომა "ამართლებს" გონებაგაფანტულობას და ლოცვის ძალას თვით წარმოთქმული ლოცვის სიტყვებში მოიაზრებს. აი ეს არის მაგიზმი, ანუ ლოცვაში გარკვეული მაგიური ძალის აღიარება, როდესაც ადამიანის მონაწილეობა ლოცვით პროცესში განისაზღვრება მხოლოდ მისი წარმოთქმით, მთელი ძალა კი ენიჭება წარმოთქმულ სიტყვებს, როგორც რამ მაგიურ ფორმულირებებს, რომელიც აფრთხობს ეშმაკთ. ამგვარი მიდგომა ცდომილებაა და სრულიად უშედეგო, სულიერი სარგებლობის თვალსაზრისით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორივე ზემოთაღწერილ მიდგომას აქვს გარეგნული მსგავსება, მაგრამ განსხვავებულია მათი არსი.

ვთქვათ მლოცველს არ ესმის წარმოთქმული ლოცვის სიტყვები ან შინაარსი, - პირველ შემთხვევაში მლოცველისთვის ლოცვით პროცესში მონაწილეობა მაინც სარგებლობის მომტანია (თუ რატომ იხ. ქვემოთ განმარტებები), ხოლო მეორე შემთხვევაში - უსარგებლო.
  
ამგვარ შინაგან განსხვავებას ამ გარეგნულ მსგავსებათა შორის წარმოქმნის ადამიანის განზრახვა, მისი დამოკიდებულება კონკრეტული ლოცვისადმი, კონკრეტული საგნისადმი ან საეკლესიო მსახურებისადმი.

ეკლესიაში არაფერი ხდება მექანიკურად, მაგიურად, არამედ ყველაფერი უნდა იყოს მკაფიო, გააზრებული და გათვითცნობიერებული. როდესაც ადამიანს გულწრფელად სურს შეუერთდეს საზოგადო ლოცვებს ან ილოცოს საკუთარ სენაკში ფსალმუნითა თუ სხვა კანონიკური ლოცვებით, მიუხედავად იმისა, ზედმიწევნით კარგად ესმის თუ არა მას წარმოთქმული სიტყვების აზრი და შინაარსი, გარკვეულ წყალობას ღვთისგან მაინც მიიღებს.

აქ უპრიანია გავიხსენოთ მოციქულ პავლეს სიტყვები: "როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას "ამინ", თუკი არ ესმის, რას ამბობ? კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ" (1 კორინთ. 14:14-17).

ამბროზიასტერის (364-384) თქმით: "ცხადია ჩვენი სული ვერ ხვდება იმას, რაც წარმოითქმის უცხო ენებზე, როგორც ეს რომაელებში ხდება, როდესაც ისინი ბერძნულად გალობენ: სიტყვების წარმოთქმით ტკბებიან, მაგრამ არ იციან რას წარმოთქვამენ; მაგრამ სულმა, ნათლისღებისას რომ გვეძლევა, იცის, რას ამბობს, როდესაც ის შენთვის უცნობ ენაზე მეტყველებს... თუმცა, რა ნაყოფს მიიღებს გონება, თუკი მან არ იცის, რას მეტყველებ?" (კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტება) (https://ekzeget.ru/bible/1oe-poslanie-k-korinfanam-ap-pavla/glava-14/stih-14/).

წმ. ბასილი დიდის თქმითაც: " როდესაც ლოცვის სიტყვები გაუგებარია დამსწრეთათვის, მაშინ მლოცველის გონება "უნაყოფოა", რადგან ვერავინ იღებს სარგებელს. ხოლო როდესაც დამსწრეთ ლოცვები ესმით, რომელსაც შეუძლია მსმენელთა გამოსწორება, მაშინ მლოცველის გონება ნაყოფიერია, რადგან ასწორებს მსმენელს" (წყარო. იქვე).

ამრიგად, მოციქულ პავლეს სწავლებით, ასეთ დროს სული ლოცულობს, მაგრამ გონება უნაყოფოდაა. თუმცა სულისთვის მაინც არის რაღაც სარგებლობა. ადამიანებს, რომლებიც ფსალმუნს კითხულობენ ან ღვთისმსახურებას ესწრებიან, მაგრამ ყველაფერს ვერ იგებენ, ესმით, რომ რაღაც სარგებლობა მაინც არის. ასეთ დროს გონება არ განისწავლება, გონება უცოდინარი რჩება და სწორედ ამის გამოა ის უნაყოფო.

არსებობს ასეთი იგავი: ერთი ბერი მივიდა მოძღვართან და უთხრა:

"მსახურებაზე ვერ ვიგებ ლოცვების სიტყვებს, იქნებ საერთოდ არ ვიარო მსახურებაზე და რაიმე სხვა სასარგებლო საქმე გავაკეთო?"

მოძღვარმა მიუგო: "აიღე ძველი კალათი და მთელი კასრი წყალი ჩაასხი".

საღამოს ბერი მივიდა მოძღვართან და ამცნო, რომ შეასრულა მისი დავალება, მთელი დღის განმავლობაში ასხამდა კასრიდან წყალს კალათში, მაგრამ შედეგს ვერ მიხვდა, რაზეც მოძღვარმა უპასუხა: "შეხედე კალათს, რა დაემართა?" "ის გაიწმინდა" - მიუგო ბერმა.

მოძღვარმა შეაგონა: "აი ასე განიწმინდება ღვთისმსახურებისას ტაძარში მყოფი სულიც".

ღვთისმსახურებაზე დასწრება შეიძლება იყოს სრულყოფილი და არასრულყოფილი. არასრულყოფილია ის მაშინ, როდესაც ლოცვაზე მდგომს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, არ ესმის რას ლოცულობენ, ხოლო სრულყოფილია მაშინ, როდესაც მლოცველს შემეცნებული აქვს ლოცვისა და ღვთისმსახურების შინაარსი.

ამიტომაც, არ ვარგა ლოცვაზე დგომა სრულ უმეცრებაში, არამედ გონებამ უნდა გამოიღოს ნაყოფი ლოცვის შინაარსის შემეცნებით. აქ კი უდიდესი როლი აკისრიათ მღვდელმსახურებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ლოცვები და მსახურებები განუმარტონ მორწმუნეებს, რათა ისინი უბრალო დამსწრეებად კი არ იდგნენ ეკლესიაში, არამედ ქმედით მონაწილეობას იღებდნენ ღვთისმსახურებაში, რადგან, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "...როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას "ამინ", თუკი არ ესმის, რას ამბობ?..." (1 კორინთ. 14:16).

წმიდა მამათა განმარტებით, "თუკი ჩვეულებრივ ადამიანს არ ესმის ლოცვის სიტყვები, როგორ გეტყვის "ამინ"? ვინაიდან შენ სიტყვები "უკუნითი უკუნისამდე" ვერ თქვი გასაგებად და მისთვის უცნობ ენაზე წარმოთქვი, მან კი ვერ გაიგო და ამიტომაც სარგებელს ვერ იღებს" (ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი) (ბიბლია განმარტებებით. ტ. 23. გვ. 171).

"თუ შენ უცხო ენებზე დაიწყებ კურთხევას, ისე, რომ არ გეცოდინება რას ამბობ და განმარტება არ გეცოდინება, მაშინ უბრალო ადამიანი "ამინს" ვერ იტყვის" (წმ. იოანე ოქროპირი) (იქვე).

"მაშ, რა არის სასარგებლო? და რა არის საჭირო, უფალს რომ ვთხოვოთ?" - ნეტ. თეოფილაქტეს განმარტებით: ""სულით" ლოცვა, ანუ ნიჭით. ასევე "გონებით" ანუ აზრით უნდა შეიმეცნო ლოცვის სიტყვები. მსგავსადვეა გალობაშიც" (იქვე).

ისე უნდა გაკეთდეს, რომ უცხო ენაზეც, სულიწმიდის მოქმედებით ილოცო და იგალობო და შემდეგ იგივე გააკეთო უკვე გასაგებ ენაზეც. როგორ უნდა გაკეთდეს ეს? - ეს უკვე მოციქულმა მიანიშნა: ან სხვა ვინმემ განმარტოს, ან თავად ითხოვე, ასეთი ნიჭი მოგეცეს.

მართლმადიდებლური ღვთისმსახურებისა და ლოცვების შინაარსი მიუწვდომელი როდია ჩვენთვის. ამიტომ ნებისმიერმა მორწმუნემ უნდა სცადოს მათი შესწავლა. რაც უფრო მეტად ესმის მლოცელს ლოცვის სიტყვები, მით უფრო მეტ სარგებელს პოულობს მისი გონება და მეტი ნაყოფი გამოაქვს.

ამიტომაც, ყოველმა მლოცველმა (შინ ილოცებს ის თუ ეკლესიაში) სარგებელი სწორედ ლოცვათა და მსახურებათა შინაარსში წვდომით უნდა მიიღოს და აქ მდგომარეობს მისი ღვაწლი: მექანიკურად კი არ დააკისროს ფსალმუნის (ან ნებისმიერი ლოცვის) სიტყვებს დამოუკიდებელი, მაგიური ძალა, არამედ მისი შემეცნებით გონებას მიაწვდინოს ლოცვის შინაარსი და მით "გაანაყოფიეროს" იგი.

სამწუხაროდ, მრავალ ქრისტიანში ფსალმუნის (და საერთოდ ლოცვების) მაგიური ძალისადმი რწმენა იმდენად არის  გამჯდარი, რომ თილისმების სახითაც კი ატარებენ და ფიქრობენ, თითქოსდა ფსალმუნი თავისთავად დააფრთხობს ეშმაკთ ან "ავი თვალისგან" დაიცავს ამ თილისმის მფლობელთ.

ამგვარი დამოკიდებულება ფსალმუნებისა და წმიდა ნივთებისადმი არის სუფთა ოკულტიზმი და მაგია, რომელსაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან არაფერი აკავშირებს.

მეტიც, ამგვარი ქმედება არის უფლის შეურაცხყოფაც კი, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი უფალზე კი არ ამყარებს თავის სასოებას, არამედ ნივთებსა და ლოცვით ფორმულირებებზე (მაგიური შეფუცვების მსგავსად); თუ ადამიანი არ ამყარებს ღმერთთან პირად შინაგან კავშირს ლოცვისა და ღვთისმსახურების მეშვეობით, მისი ყოველი მოქმედება, თუნდაც გარეგნულად ჰგავდეს ლოცვას ან ღვთისმსახურებას, თუნდაც პატივს მიაგებდეს საღმრთო საგნებს, გადავა არაქრისტიანულ, წარმართულ და მაგიურ დამოკიდებულებაში, რაც ცოდვაა და სასჯელის მომტანია ადამიანისთვის.

აქედან გამომდინარე, თვით სამკერდე ჯვარიც კი არ არის "დამცავი ამულეტი", არამედ მაცხოვრის ჯვარცმის გახსენებაა, რომელმაც თავისი ვნებით დაგვიხსნა ცოდვის წყევისგან; ის ასევე გახლავთ საკუთარი ჯვრის ტარების მოვალეობის შეხსენება. სწორედ ამ მიზნით ატარებენ ქრისტიანები ამ ნივთს საკუთარი ნათლისღების დღიდან.

სწორედ ჩვენი შინაგანი დამოკიდებულება ანიჭებს ლოცვებს და ნივთებს იმ ძალას, რომელიც ღმრთისგან გვეძლევა ჩვენი ასეთი რწმენისა და შინაგანი მიდგომისთვის. სწორედ ღმრთისადმი ჩვენი სულიერი, გულითადი დამოკიდებულება განაპირობებს ჩვენს მადლმოსილებას და არა ოდენ გარეგანი მოქმედებანი, რომლებიც ასეთი მიმართების გარეშე სრულიად უსარგებლოა და ფუჭი. სწორედ ამაზეა ნათქვამი მახარობლის მიერ: "ვაი თქვენდა, ... თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით" (მათე 23:27).

კარგად ჩანს ეს ყოველივე, თუნდაც, აბელისა და კაენის მსხვერპლშეწირვიდან, როდესაც უფალმა ერთის (აბელის) გულითადი მსხვერპლი შეიწირა, ხოლო მეორის (კაენის) გარეგნულად აღსრულებული მსახურება - არა; ან როგორც ამას ვხედავთ ათი ქალწულის იგავში: ხუთი ქალწულის უფლისადმი შინაგანმა დამოკიდებულებამ აცხოვნა ისინი და შეიყვანა ღმრთის სასუფეველში, ხოლო დანარჩენ ხუთ ქალწულს, რომელთაც არ გააჩნდათ ასეთი თვისება და ცხვირწინ მიუხურეს სასუფევლის კარები, ქრისტესგან ესმათ: "არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი" (ლუკა 13:25).

წყარო: http://oldorthodox.ge/swavlani_sasargebloa_tu_ara_locva_tuki_wakitxulis_shinaarsi_ar_gvesmis.html

თბილისი 2023 წ. იანვარი.
Назад к содержимому