სწავლანი > კითხვა-პასუხი
საიდან გაჩნდა ვარსკვლავი, რომელიც მოგვებს ბეთლემისკენ მიუძღოდა?
კითხვა: უკვე მერამდენედ ვკითხულობ მათეს სახარებას და პირველად მივაქციე ყურადღება მეორე თავის პირველ ორ მუხლს, სადაც წერია: "ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას" (მათე 2:1-2). მოგვები ან დასავლეთიდან უნდა მოსულიყვნენ აღმოსავლეთში მდებარე ვარსკვლავთან, ან ვარსკვლავი იყო დასავლეთში, ან კიდევ რაღაც ამდაგვარი იგულისხმება. განგვიმარტეთ, თუ შეიძლება.
***
პასუხი: "ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას" (მათე 2:2). კითხვა გაჩნდა დამოწმებული მუხლის სინტაქსური თავისებურების გამო. სიტყვა აღმოსავლეთი უნდა განვაკუთვნოთ არა ვარსკვლავს, არამედ მოგვებს: ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში (ყოფნისას) და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას".
ხოლო ვარსკვლავი ასტრონომიული მოვლენა კი არ იყო, არამედ "უხილავი (ანგელოზური) ძალა, რომელმაც ვარსკვლავის სახე მიიღო" (წმ. იოანე ოქროპირი). ეს იყო "ღვთაებრივი და ანგელოზური ძალა, რომელიც ვარსკვლავის სახით გამოჩნდა" (ნეტ. თეოფილაქტე).
წმ. იოანე ოქროპირი ასეთი მოსაზრების დასტურად იმოწმებს ასეთ ფაქტებს: 1. უჩვეულო იყო ვარსკვლავის გზა: ის მოძრაობდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ის წინ უძღოდა მოგვებს იერუსალიმიდან ბეთლემისკენ, რომელიც სამხრეთით მდებარეობს. 2. ვარსკვლავი მათ ევლინებათა არა ღამით, არამედ დღისით. ღამით ვარსკვლავი არ ჩანს. 3. ვარსკვლავი ხან ჩნდება, ხან უჩინარდება, შემდეგ კვლავ ჩნდება. 4. ვარსკვლავი ქრისტეს შობის ადგილს უთითებს არა სიმაღლიდან, არამედ ეშვება ქვემოთ და ჩერდება იქ, სადაც მიწვენილი იყო ყრმა (იესუ): ჩვეულებრივ ვარსკვლავს უზარმაზარი სიმაღლიდან არ შეეძლო მიეთითებინა ისეთი უმცირესი ადგილი, როგორიც იყო ბაგა.
არსებობს ამ მუხლის კიდევ ერთი განმარტება. ბერძნული სიტყვა anatolе და მის თარგმანს სხვადასხვა ენებზე - აღმოსავლეთს - გააჩნიათ ორი მნიშვნელობა: 1. ნათლის მხარე და 2. აღმოსვლა, აღმოსავლეთი. ამგვარი განმარტებით მუხლი შეიძლება წაკითხულ იქნას ასეც: "ჩვენ ვიხილეთ მისი ვარსკვლავის აღმოსვლა".
საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
2022 წ. დეკემბერი.