სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ ატარებენ ჯვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები?
რა აზრს ატარებს ჯვარი?
რატომ უნდა ვატაროთ ჯვარი?
როგორ უნდა ვატაროთ ჯვარი?
***
მართლმადიდებლურ ჯვარს რომ ვატარებთ, ყოველთვის როდი ვუფიქრდებით, რატომ ვაკეთებთ ამას. ზოგიერთისთვის ჯვარი მათი რწმენის განუყოფელი ატრიბუტია, სხვებისთვის - უბრალოდ სამკაული. მაშ, რა მნიშვნელობა აქვს სამკერდე ჯვარს ჩვენთვის?
უპირველეს ყოვლისა, ჯვარი - ჩვენი რწმენის სიმბოლოა. ჩვეულებისამებრ მას მკერდზე ატარებენ. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მასალისგან იქნება დამზადებული ჯვარი: ვერცხლისგან, ოქროსგან თუ უბრალო ხისგან. ჯვრის ზომა და გაფორმებაც შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს.
სამკერდე ჯვრის ტარება - ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა. არ უნდა აღვიქვათ ჯვრის ტარება, როგორც ქრისტიანული სარწმუნოებისადმი საკუთარი კუთვნილების დემონსტრაცია. მაგრამ გულთან ახლოს ჯვრის ტარება, რომელსაც ჩვენი რწმენა განამტკიცებს, უფრო გვაახლოვებს უფალს. არ უნდა გამოვიტანოთ ჯვარი სხვის დასანახად და ტანისამოსის ზემოთ დავკიდოთ იგი. ასეთ დემონსტრირებას მართლმადიდებლური ეკლესია არ იწონებს. ჯვარი სამკერდედ იწოდება იმიტომ, რომ ის მკერდზე უნდა ვატაროთ, ტანისამოსის მიღმა, გულთან ახლოს.
რა აზრს ატარებს საკუთრივ ჯვარი?
ჯვარი - უმნიშვნელოვანესი სიწმიდეა ყოველი მორწმუნისთვის, რადგან ის წარმოადგენს ცოდვის წყევისგან კაცობრიობის გამოსყიდვისა და ცხონების სიმბოლოს, რომელსაც იესუ ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლს უნდა ვუმადლოდეთ. ამიტომაც, ადამიანი, რომელიც ჯვარს ატარებს ადასტურებს თავის თანამონაწილეობას იმ ვნებებისადმი, რომელიც გადაიტანა მაცხოვარმა. ეს არის მადლიერება ცხონების სასოებისთვის. წმ. მოციქულ პავლეს განმარტებით სამკერდე ჯვარი, რომელსაც მორწმუნე ატარებს, არის ფრაზის დადასტურება:
"ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს" (გალატ. 2:19).
ჯვართან დაკავშირებით სახარებაში ნათქვამია: "ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე" (მკ. 8:34).
რატომ უნდა ვატაროთ ჯვარი?
ვრცელი განმარტება, თუ "რატომ უნდა ვატაროთ სამკერდე ჯვარი" შეიძლება ვიპოვოთ საეკლესიო ლიტერატურაში, მაგრამ თუ მოკლედ ვიტყვით, მაშინ უნდა გამოვყოთ რამოდენიმე საკვანძო მომენტი:
1) მართლმადიდებლები სამკერდე ჯვარს ატარებენ, რათა უფრო ახლოს იყონ უფალთან.2) მორწმუნეთა აზრით, ეკლესიაში ნაკურთხი ჯვარი ადამიანს იცავს ბოროტ სულთა თავდასხმებისგან და ბოროტი აზრებისგან. ცხოვრების რთულ მომენტებში ყოველი მორწმუნე მიმართავს მკერდზე დაკიდულ ჯვარს, როგორც რწმენის სიმბოლოს და უფალს შემწეობასა და დაცვას სთხოვს.
პასუხს კითხვაზე, თუ რატომ უნდა ატარებდნენ მართლმადიდებლები სამკერდე ჯვარს, ვპოულობთ საეკლესიო განმარტებებსა და ფსალმუნში.
"გადავსახოთ ჯვარი ჩვენს კარებს, შუბლს, მკერდს, ბაგეებს, საკუთარი სხეულის ყოველ ნაწილს, და აღვიჭურვოთ ამ უძლეველი ქრისტიანული საჭურველით, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი, რომელიც არის მართალთა იმედი, დედამიწის ნათელი, იარაღი, რომელმაც განაღო სამოთხე, დაამხო მწვალებლობანი, განამტკიცა რწმენა, ის არის მართლმადიდებელთა სასოება და იმედი. ამიტომაც ამ საჭურველს ... ვატარებთ ყველგან და ყოველთვის, დღისით და ღამით, ყოველ საათს, ყოველ წუთს. მის გარეშე ნუ გააკეთებ ნურაფერს; გძინავს თუ გღვიძავს, მუშაობ, ჭამ, სვამ თუ გზაში იმყოფები, ზღვაში მიცურავ თუ მდინარეს გადადიხარ, - შენი სხეულის ყველა წევრი ცხოველმყოფელი ჯვრით განამშვენე, და მაშინ აღსრულდება ფსალმუნის სიტყვები: "არა შევიდეს შენდა ძჳრი, და გუემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა" (ფსალმ. 90:10).
როგორ უნდა ვატაროთ ჯვარი?
ჯვარს ვატარებთ ტანისამოსის ქვეშ. ჯვრის ძაფი ან ჯაჭვი ისეთი სიგრძის უნდა იყოს, რათა ჯვარი განთავსდეს მკერდზე. ჯვრის ტარება ეს მოდისადმი ხარკის გადახდა არ არის და არც საკუთარი მედიდურობის გამოხატულებაა. ჯვარი - არის ჩვენი რწმენის დამადასტურებელი სიმბოლო, რომელიც უთითებს, რომ უფალი მყოფობს ჩვენს გულში. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანს დაუკარგავს თავისი ჯვარი. მაგალითად, ან ძაფი გაწყდა ან ჯაჭვი. ასეთ ვითარებაში საჭიროა ავიღოთ ახალი ჯვარი, ვაკურთხოთ ის ეკლესიაში და ვატაროთ ისევ, იმავე რწმენით და სიყვარულით, როგორც ადრინდელ ჯვარს ვატარებდით.
პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
საიტი "აპოკალიფსისი". 2025 წ.