კითხვა-პასუხი - რომელი აღსარებაა სასარგებლო და რომელი არა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რომელი აღსარებაა სასარგებლო და რომელი არა?
სინანულის საიდუმლო
სინანულის (აღსარების) საიდუმლო - ღმრთის ჭეშმარიტი ნიჭია, რადგან აღსარებაზე მოსული ადამიანი, შეინანებს რა თავის ცოდვებს, საკუთარ უკვდავ სულს მარადიული ნეტარებისთვის ამზადებს.
 
უფალმა აღსარება გვიბოძა, როგორც ცხონება, რადგან სხვაგვარად ის ვერ აღსრულდებოდა ნათლისღების საიდუმლოს შემდეგ, და ვერავინ ჩვენთაგან ვერ ცხონდებოდა, უფალს ეს საიდუმლო რომ არ დაეწესებინა. გულწრფელად მონანული ადამიანი, შეიძლება ითქვას, აღასრულებს განმეორებით ნათლობას, რასაც ლოცვებშიც კი იმეორებს მღვდელმსახური.
 
აღსარება (იგივე სინანული) - შვიდი საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. მასში გამოიყოფა რამოდენიმე მომენტი:
     
  • პირველი - სინანული და გლოვა ცოდვათა      გამო, რომლითაც უფალი დავამწუხრეთ;
  •  
  • მეორე - უშუალო სინანული და აღსარება სულიერი მოძღვრის წინაშე;
  •  
  • მესამე - ეპითიმიის აღება და მისი განუხრელი დაცვა. ასევე დაჯერება იმისა,      რომ ეს შეგვიძლია;
  •  
  • მეოთხე - სულიერი მოძღვრის მიერ ცოდვების მიტევება მონანულის თავზე ხელის      დადებით.
 
მეოთხე ეტაპი ასევე იწოდება "სულიერების ეპიკლეზად" - ის განასახიერებს სულიწმიდას, რომელიც გულწრფელად მონანული ადამიანის თავზე გადმოდის.
 
აღსარება, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როგორც განბანვას, მეორე სულიერ ნათლობას - გახლავთ დაფარული საიდუმლო, რომელშიც ქრისტიანს ცოდვები მიეტევება სასულიერო პირის (მოძღვრის) მიერ, და რაც უფრო ხშირად ჩატარდება იგი, მით უკეთესი. ჯეროვანია აქ დავიმოწმოთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები:
 
"თუკი შესაძლებელია, ო, ქრისტიანო, ყოველ საათს აღუარე ცოდვები შენს მოძღვარს".
 
ყოველ მორწმუნე ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ არ არსებობს წუთები, რომ არ შესცოდოს თუნდაც უფლის წინაშე, და, შედეგად, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხშირად შეინანოს, ჩამოირეცხოს სულის ბიწი პატიოსანი და გულწრფელი აღსარებით; შეინანოს და მიიღოს ეპითიმია, რადგან ჩვენი სული, იმის შემდეგ რაც განიწმინდა ნათლისღებით, ყოველდღიურად, ყოველ საათს სცოდავს ახალ-ახალი ცოდვებით.
 
შორეულ ეპოქაში ქრისტიანებს კარგად ესმოდათ ყოველდღიური აღსარების მნიშვნელობა, რომელსაც ისინი ხშირად მიმართავდნენ. სამწუხაროდ, შემდეგში ადამიანებმა მოუკლეს აღსარების სულისმაცხოვნებელ საიდუმლოზე სიარულს და, ცხადია, ზიარებასაც - ასე განვითარდა რწმენის დაცემა. ჩვენს დღეებში ყოველი როდი მიდის აღსარებაზე მარხვის პერიოდში, არადა სწორედ ეს წმიდა საიდუმლონი გვაძლევენ ყველაზე მეტ ძალასა და სარგებლობას უკვდავი სულებისთვის.
 
თუმცა, მიუხედავად აღსარების ესოდენი სარგებლობისა, აუცილებელია გავაკეთოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნაც - სინანული უნდა იყოს გულწრფელი და პატიოსანი, და არ უნდა გაიგებოდეს, როგორც დაკითხვა ან იძულებითი ვალდებულება. არ უნდა გვეშინოდეს ხშირი აღსარებისა და ზიარებისა. უკიდურესად სასარგებლო იქნება სინანულის ლოცვების წაკითხვა - უმჯობესია ის ზეპირად ვისწავლოთ. ის გახდება ჩვენი ფასდაუდებელი და შეუცვლელი შემწე იმ შემთხვევებში, როდესაც, მაგალითად, იოლად ვერ ვახერხებთ მორჩილებითა და სიყვარულით მივუტევოთ ჩვენს მოყვასთ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობანი.
 
გულწრფელი და ნამდვილია მხოლოდ ის სინანული, რომელსაც ადამიანი ელტვის მთელი სულით, რომლისკენაც თვითონვე მიისწრაფვის. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუკი ადამიანი თავისი სულის სიღრმეში არაგულწრფელია და სინანულზე მოვალეობის მოხდის მიზნით მიდის, ცოდვის ჩადენის სიმძიმე კი მის სინდისს სულაც არ აწუხებს, ამგვარი აღსარებისგან ვერანაირ სარგებლობას ვერ მიიღებს. ასეთი სინანული ვერ მოუტანს მას ნამდვილ განწმენდას.
 
ზოგჯერ გვხვდებიან სასულიერო პირები, რომლებიც ადამიანებს აიძულებენ გაიხსნან, ცდილობენ ასე თუ ისე სულში ჩაუძვრნენ მონანულთ - მსგავს აღსარებასაც არ მოაქვს რაიმე სარგებელი.
 
ისეც ხდება, რომ ადამიანები ზოგჯერ თავიანთ ცოდვებს ინანიებენ სატელეფონო საუბრებში ან სოცქსელებით. მსგავს ქმედებას არ შეიძლება ნამდვილი სინანული ვუწოდოთ, მაგრამ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სულიერი, გულწრფელი საუბრები ყოველთვის გარკვეული სარგებლობის მომტანია და შვებას ანიჭებს მონანულთ. თუკი სხვა საშუალება არ არსებობს აღსარებაზე მისვლისა და სინანულისა, მაშინ ნებადართულია ცოდვები ყველაზე სანდო მეგობარს მოვუთხროთ ან წერილობით გავანდოთ მოძღვარს. ასე აკეთებენ სიცოცხლისთვის რაიმე საშიშროების არსებობის შემთხვევაში, რომ ადამიანი სინანულის გარეშე არ გარდაიცვალოს. მძიმე დროებისთვის ბრძენი მამები ხშირად გვარიგებდნენ: ხშირად აღუარეთ ცოდვები ერთმანეთს და ეს ნამდვილი, დაფარული საიდუმლოს ტოლფასი იქნება.
 
უდავოდ, სატელეფონო საუბრებში ან სოცქსელებში წარმოთქმული აღსარებისას მღვდელს არა აქვს შესაძლებლობა ლოცვები წაუკითხოს მონანულს და შეუსრულოს საიდუმლოსთვის დაწესებული მღვდელმოქმედებანი, როგორც ეს ტაძრებში ხდება სინანულის საიდუმლოში, ის მაინც შეევედრება უფალს, რათა სულიერი შვილის ვითარება დადებითად იქნას გადაჭრილი.
 
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლოცვის დროს უნდა ვივედროთ არა ის, რაც ჩვენ გვსურს, არამედ ის, რაც მაცხოვნებელია ჩვენი სულისთვის. ძალიან სასარგებლოა და ქმედითია ლოცვები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, რადგან ოდესღაც ის დაჰპირდა პირად მფარველობას ამგვარი ლოცვების ყოველდღიურად მკითხველთ.
 
ამრიგად, აღსარება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. უფალი, რომელიც ხედავს ცოდვილის სურვილს, მის მისწრაფებას, შეიწყნარებს ამა თუ იმ ფორმით წარმოთქმულ სინანულს (ზოგჯერ ქაღალდზე დაწერილსაც), და ადამიანის სულს ცხონების შანსს მიანიჭებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღმერთი მუდმივად გვაძლევს შესაძლებლობას მივმართოთ მას ცოდვათა მიტევების თხოვნით.
 
უფალი - დაურღვეველ კანონთა და განწესებათა კრებული ხორია, არამედ ის არის აბსოლუტური და წმიდა სიყვარული. ამიტომ სინანული და აღსარება - ეს ნამდვილად გახლავთ ღმრთის ჭეშმარიტი ნიჭი.
 
ჩვენი ცრემლები, რომლებიც თვალს გვადგება გულწრფელი სინანულის დროს - უფლის ჭეშმარიტი მადლის კიდევ ერთი გამოვლინებაა. არ არის საჭირო ვხარჯოთ დრო სპეციალიზირებული ბროშურებისა და ცოდვათა ბუნების შესასწავლად. შევხედოთ საკუთარ ცხოვრებას, აღვუვლინოთ ღმრთს ლოცვები არა მარტო საკუთარი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, საკუთარი ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის, არამედ მოყვასისთვისაც და, რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს გულწრფელი და პატიოსანი სინანული.
 
გახსოვდეთ, ჩვენი ცრემლები - ეს ცეცხლია, რომლებიც წმენდენ და განასპეტაკებენ ჩვენს სულს.
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2023 წ. იანვარი.
Назад к содержимому