კითხვა-პასუხი - რომელ ასაკში აღდგებიან ჩვენი სხეულები? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რომელ ასაკში აღდგებიან ჩვენი სხეულები?
უფლის წმიდა ანგელოზი
მკვდართა აღდგომის სასოება მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთ-ერთი ყველაზე არსებითი ფაქტორია. შემთხვევითი არ არის, რომ ცისკრის ლოცვებზე, როდესაც სარწმუნოების სიმბოლოს ვკითხულობთ, აღვიარებთ: "მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ". ღირ. მაკარი ეგვიპტელი ამბობს: ჩვენი სული თუ ღმერთს შეუერთდა, სხეულს უკვე არანაირად ძალუძს არ აღდგეს, რადგან შეუძლებელია უკვალოდ წარწყმდეს ის, რამაც თავისი წილი ღმერთში დაიმკვიდრა, როგორც წყაროში სიცოცხლისა".
 
რაც შეეხება მკვდრეთით აღმდგარ სხეულთა წლოვანებას, ამაზე მკაფიო და კონკრეტული განსაზღვრება არ არსებობს, რადგან წმიდა წერილი ამის შესახებ არაფერს გვამცნებს. თუმცა, ზოგიერთი ვარაუდი ამასთან დაკავშირებით წმიდა მამებს და მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებს მაინც გააჩნიათ.
 
ასე, მაგალითად, გამოცხადების წიგნში, რომელიც ბიბლიის ყველა წიგნზე მეტად მოგვითხრობს ამ სამყაროს ბოლო დღეებზე და მომავალ ცხოვრებაზე, ნათქვამია, რომ ქრისტეს სასუფეველში "დრო უკვე აღარ იქნება" (გამოცხ. 10:6). მოცემული სიტყვების განმარტებაში, ანდრია კესარიელი აღნიშნავს, რომ საშინელი სამსჯავროს შემდეგ გაიხსნება დიდების სასუფეველი, რომელსაც არ ექნება ჩვენთვის ჩვეული წელთაღრიცხვა, რადგან მარადისობა არანაირ აღრიცხვას არ ექვემდებარება. შედეგად, წმიდა მამათა აზრით, მკვდრეთით აღმდგარ ადამიანის სხეულს უკვე არანაირი ასაკობრივი განსაზღვრება აღარ ექნება, არამედ დაჯილდოვებული იქნება ისეთი თვისებებით, რომლებიც ჩვენთვის ახლა სრულიად მიუწვდომელია.
 
ამავდროულად ღმრთის სასუფეველში, წმიდა მოციქულ პავლეს თქმით, ყოველი მიაღწევს "ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას" (ეფეს. 4:13), ანუ, როგორც წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს, მიაღწევს სრულყოფილ, რამდენადაც ეს ჩვენთვის შესაძლებელი აღმოჩნდება, ღმრთის შემეცნებას.
 
ამგვარად, ჩვენი "ასაკი" მკვდრეთით აღდგომის შემდეგ განისაზღვრება არა წლებით, ან სხვა ასაკობრივი პერიოდებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღმრთისადმი მიახლოვების ხარისხით, რომელიც მარადისობაში "ყველაფერი იქნება ყოველში" (1 კორინთ. 15:28).
 
 
საიტი "აპოკალიფსისი". 2023.02.

მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому