სწავლანი > კითხვა-პასუხი
რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები:
"უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო, ხოლო ვის უყუარს სიცრუჱ, მას სძულს სული თჳსი" (ფსალმ. 10:5)
აქ უნდა გავიგოთ ასეთი ჭეშმარიტება: ბიბლია ჩვენ ადამიანთათვის გასაგებ ენაზე გველაპარაკება. სინამდვილეში ღმერთი არასოდეს არავის გამოცდის, არ განიკითხავს, არ ამოწმებს, რადგან ღმრთის თვალებში ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალენი ვართ. ღმერთი ხედავს ჩვენს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ვითარებაში, და რადგან ღმერთი არ არის შემოფარგლული არც დროით, არც სივრცით, მასშია და მის თვალწინაა ჩვენი აწმყოც და ჩვენი მომავალიც, როგორც პირველი სუნთქვა, ასევე ბოლო ამოსუნთქვაც. ამიტომაც, როდესაც წერილი ამბობს, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი, რომ ღმერთი განიკითხავს მართალს, ისე უნდა გავიგოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში ბიბლია მეტყველებს ჩვენს ენაზე. რა გვაქვს მხედველობაში? ღმერთი მართალთ უგზავნის გამოცდას, რასაც შეიძლება განსაცდელიც კი ვუწოდოთ, თუმცა ახალ აღთქმაში ნათქვამია, რომ ღმერთი არავის განცდის, და არც თვით გამოიცდება, არამედ ყოველი (ადამიანი) იქცევა თვისი ვნების მიხედვით.
როდესაც ღმერთი მართალ ადამიანებს უგზავნის იმას, რასაც ჩვენ გამოცდას, განსაცდელს ვუწოდებთ, - მას სურს ადამიანის სრულყოფილება, მისი შემოწმება კი არა, არამედ სრულყოფილება, მისი უკეთესად გარდაქმნა. ამის შესახებ საკმაოდ დეტალურად არის ნათქვამი იაკობის ეპისტოლეში, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანის სული, გაივლის რა განსაცდელთა მხურვალებას, ყოველგვარი ცუდი მინარევისგან განიწმინდება, უფლის თვალში ხდება უფრო ამაღლებული და განწმენდილი.
მაშასადამე, ღმერთი ჩვენ ყველას გვიცნობს, მან იცის ჩვენი რეალური მდგომარეობა, და მას არ სჭირდება ჩვენი გადამოწმება, რადგან აბსოლუტურად გამჭვირვალენი ვართ მის წინაშე. ჩვენ ერთმანეთისთვის კარგად შენიღბული ცოდვილები ვართ, მაგრამ ღმრთის თვალში ჩვენი ყველაფერი ჩანს, ის ხედავს ჩვენს სულებს. აი, წმიდა მოციქულ იაკობის კათოლიკე ეპისტოლეში ნათქვამია: "ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება" (იაკობი 1:13, 14).
შემდეგ კი განიმარტება, რომ ეს გამოცდები ჩვენ ამ ცხოვრებაში იმისთვის გვეგზავნება, რათა განვიწმინდოთ. როგორც ოქრო იწმინდება ცეცხლით სხვადასხვა მინარევთაგან, ასევე მართლის სულიც გამოცდებითა და განსაცდელებით განიწმინდება და ამაღლდება. ანუ, ღმერთს სურს ჩვენი სრულყოფილება. ხოლო თუკი უფალი ცოდვილ ადამიანს უგზავნის რაიმე სერიოზულ გამოცდებს, რაც შეიძლება გამოიუყურებოდეს, როგორც სასჯელი, შეიძლება დავეთანხმოთ, რომ ეს სასჯელია, რომელსაც მიზნად აქვს არა ცოდვილზე შურისგება, არამედ ის მიზანი, რომ ღმერთს სურს ცოდვილი დაუფიქრდეს თავის ცხოვრებას - სწორად ცხოვრობს და იქცევა? ამიტომაც, არ შეგვიძლია ღმერთს მივაწეროთ ისეთი თვისებები, როგორიცაა შურისძიება, მზაკვრობა - რაც სრულიად დაუშვებელია.
მაშ, მოდი, იმის კონტექსტში, რაც ვთქვით, კვლავ წავიკითხოთ ფსალმუნის ეს ადგილი: "უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთო", - ანუ ის სირთულეებს უგზავნის ადამიანებს იმისთვის, რათა სრულჰყოს და უკეთესად გარდაქმნას ისინი. "ხოლო ვის უყუარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი". უნდა გავიგოთ, რომ რადგან ღმერთი უცვალებელია, ის არ ცვლის თავის დამოკიდებულებას არც ერთი ადამიანისადმი, ვინც კი დედამიწაზე ცხოვრობს, არამედ თვით ცოდვილი თავისი საქმეებით, ძალადობისკენ მიდრეკილებითა და ბოროტების სიყვარულით შორდება ღმერთს. იმდენად შორდება, რომ ისეთ სულიერ მდგომარეობაში ვარდება, თითქოსდა განყენებულია ღმრთის სფეროსგან და განძარცულია ღმრთის მოწყალებისგან.
მაგრამ საკმარისია ასეთი ადამიანი დაუბრუნდეს ღმერთს - ის აღმოჩნდება, როგორც უძღები შვილი: ყველაფერი გაანიავა, ცხოვრობდა გარყვნილად, შემდეგ კი დაბრუნება გადაწყვიტა. ის არც კი იმედოვნებდა, რომ მამის თვალში აღიდგენდა შვილის სტატუსს, არამედ იმედოვნებდა, რომ მამის დაქირავებულ მონათა შორის მაინც იქნებოდა ჩარიცხული, მამამ კი მას იმწამსვე აპატია და მამის წიაღში დააბრუნა.
ამიტომაც, სანამ ადამიანი ცოცხალია, არსებობს ცხონების იმედი, და როდესაც გვეკითხებიან - როგორია ზღვარი, რომლის იქით, ადამიანს უკვე გამოსწორება აღარ ძალუძს? - ფიზიკური სიკვდილი, როდესაც კაცი კვდება - არის ის ზღვარი, რომლის შემდეგ თვით ადამიანს არაფრის გამოსწორება არ ძალუძს. ასეთ ადამიანებს საკუთარი თავზე ლოცვაც კი არ შეუძლიათ, არამედ ახლობელთა და მეგობართა ლოცვით შეწევნას საჭიროებენ. მაგრამ სანამ ადამიანი ცოცხალია - ეს ნიშნავს, რომ არსებობს ღმერთის რაღაც განგებულება ამ ადამიანის მიმართ. როგორც წერილშია ნათქვამი, ღმრთის მრავლისმთმენობას მივყავართ სინანულამდე. ამიტომაც ნურავინ იკითხავს, რატომ ცხოვრობს ასეთი და ასეთი მძიმე ცოდვების მქონე კაცი ასე დიდხანს. ეს ღმერთის მრავლისმთმენობაზე მიანიშნებს.
საიტი "აპოკალიფსისი".
მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით. 2025 წ.