კითხვა-პასუხი - რატომ არ შეიძლება ზიარება მომზადების გარეშე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ არ შეიძლება ზიარება მომზადების გარეშე?
ევქარისტია
ზიარება - ეს არის უდიდესი საიდუმლო. თქვენ იცით, რომ აქ ლაპარაკია ადამიანის შეერთებაზე ღმერთთან, ამაოდ ხომ არ უწოდებენ მას სიხარულის საიდუმლოს.

რა თქმა უნდა, მზაკვარი (ეშმაკი) ყოველთვის შეეცდება ხელი შეუშალოს მორწმუნეს ზიარებაში, ასე რომ, გზა ზიარებისკენ შეიძლება იყოს რთული და განსაცდელებით სავსე. თუმცა, ამისი არ უნდა შეგვეშინდეს, იცოდეთ, რომ უფალი ყოველთვის თქვენთან არის. მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ გაიადვილოთ ეს გზა თუკი გაერკვევით რა და როგორ. ყველაზე უმჯობესია თუკი არ გადადებთ და მიხვალთ ტაძარში, გაესაუბრებით მოძღვარს და მასთან საუბარში გაარკვევთ თუ რამდენად ხშირად გეკუთვნით ზიარება და როგორ უნდა მოემზადოთ ზიარებისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ვერც ერთი ადამიანი სრულყოფილად ვერ იქნება მზად ზიარებისთვის და ყველა ჩვენთაგანი მას უღირსად მიეახლება, მაგრამ არის გარკვეული მოქმედებები, ცხოვრების გარკვეული გადალაგება, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ ზიარებისთვის შესაფერის ხარისხს, სწორედ ამაზეა მსჯელობა.

ის, რომ საჭიროა მომზადება ზიარებამდე ჯერ კიდევ ქრისტიანული წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში წერდა წმიდა მოციქული პავლე თავის პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ: "ვინაიდან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით მისსავ მოსვლამდე.  ამიტომ ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. მაშ, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას.  რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს. ამიტომ თქვენს შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება" (1 კორინთ. 11:26-30).

ზიარებისთვის მომზადების არსი იმაშია, რომ თქვენი შინაგანი მდგომარეობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს სიყვარულის მდგომარეობას, გულითად მშვიდობას, ანუ შინაგანი ადამიანი რაც შეიძლება ძლიერ ელტვოდეს ცოდვისგან თავის დაღწევას და ქრისტესთან ერთობას, რათა მის გულში დაისადგუროს ჭეშმარიტმა ქრისტიანულმა სულიერებამ, რომლის ნაყოფია: "სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება" (გალატ. 5:22, 23).

ამის მისაღწევად არის დაწესებული მარხვები, ლოცვები, სულიერ საგნებზე კონცენტრირება და, რა თქმა უნდა, სინანულის საიდუმლო (აღსარება). სწორედ ამის გამო მას, ვისაც ზიარება სურს რეკომენდაციას აძლევენ იმარხვოს, ანუ გარკვეული დრო თავი შეიკავოს სახსნილო საკვებისგან (ხორცი, რძის ნაწარმი და კვერცხი), ყოველდღიური გეგმებიდან ამოშალოს სხვადასხვა გართობები (მუსიკა, ტელევიზორი, სოციალური ქსელები, ალკოჰოლი და სხვა), ილოცოს სინანულის ლოცვებით (როგორც მინიმუმი - იესუ ტკბილის ლოცვა) და ასევე ზიარების აკოლუთია (ზიარებისწინა ლოცვები), გააანალიზოს თავისი ცოდვები და აღიაროს მოძღვრის წინაშე.

სინანული (აღსარება) - ეს ცალკე საიდუმლოა. მართლმადიდებლურ ტრადიციაში ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ზიარებას, რადგან სწორედ სინანულის საიდუმლოს შემდეგ ხდება ადამიანი განწმენდილი ყოველ ცოდვათაგან და შესაძლებლობა ეძლევა მიეახლოს ზიარების საიდუმლოს.

რაც შეეხება მომენტის არჩევას, თუ როდის უნდა გავესაუბროთ მოძღვარს, როდის მოვინანიოთ ცოდვები და მივიღოთ ზიარება, გირჩევთ არ დაელოდოთ დიდ დღესასწაულებს, არამედ უახლოეს დღეებშივე მიდით ტაძარში და ჰკითხეთ მოძღვარს, თუ რა უნდა გააკეთოთ პირადად თქვენ ამ მომენტისთვის, რათა ღირსეულად მოემზადოს ამ საშინელი საიდუმლოსთვის. უნდა შეასრულოთ ის ეპითიმია, რასაც დაგიწესებთ მოძღვარი, შემდეგ კი ეზიაროთ.

ხოლო მომავლისთვის შეეცადეთ ისე მოაწესრიგოთ თქვენი ცხოვრების რიტმი, რომ აღსარება და ზიარება იყოს რეგულარული, მაგალითად, თვეში ერთხელ.

ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა ინებოს თქვენი ხშირი ზიარება!


მასალები მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому