კითხვა-პასუხი - რატომ აპკურებს მღვდელი მორწმუნეებს აიაზმით? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ აპკურებს მღვდელი მორწმუნეებს აიაზმით?
წმიდა წყლის პკურება
ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ჯერ უნდა განვსაზღვროთ: საერთოდ, რისთვის არის საჭირო წმიდა წყალი, ანუ აიაზმა? - ეკლესიაში წყლის კურთხევა ხდება იმისთვის, რათა ეს უკანასკნელი შეიქნეს იმად, რა დანიშნულებაც უნდა ჰქონდეს მთელ მატერიას, ანუ გახდეს საბოლოო მიზნისკენ, ანუ ადამიანის განღმრთობისკენ, ღმრთის შემეცნებისკენ და მასთან შეერთებისკენ მიმავალი გზა.
 
ამგვარად, წმიდა წყლის დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს, ჩვენს განწმენდაში. ღმერთი განწმენდს ამ სამყაროს ბუნებას - წყალს, პურს, ღვინოს - რათა ამგვარი განწმენდილი სახით განიწმინდოს თვით ადამიანიც. წმიდა სიმეონ თესალონიკელი წერს: "უბრალო წყალს ბუნებითად ახასიათებს სხეულებრივი სიბინძურის ჩამორეცხვა და მწყურვალი ადამიანის დარწყულება, ხოლო წმიდა წყალი (აიაზმას) სხეულის განბანვასთან ერთად წმენდს სულსაც, აკურთხებს მას, ააღორძინებს, სულიერად რწყავს და ამგვარი გზით ღმრთის შვილად შეიქს ადამიანს". სწორედ ამას უკავშირდება, როგორც ნათლისღების საიდუმლოში სანათლავი ემბაზის წყლის კურთხევა, ასევე დიდი და მცირე აიაზმის კურთხევები, სადაც ღმერთს ვთხოვთ:
 
"შენ უკუე კაცთ-მოყვარეო მეუფეო, მოვედ აწცა დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა და განწმინდე წყალი ესე. და მოეც ამას მადლი გამოხსნისა და კურთხევა იგი იორდანისა. ყავ ესე წყაროდ უხრწნელებისად, სიწმიდისა მომნიჭებელ, ცოდვათაგან გამომსხსნელ, სენთა მაოტებელ, ეშმაკთა მომსრველ, წინა-აღმდგომთა ძალთა მიუახლებელ, ანგელოზთა ძალითა სავსე. რათა ყოველთა, რომელთა აღმოივსონ და მიიღონ ამისგნა, ექმნეს განსაწმედელ სულთა და ხორცთა, საკურნებელ ვნებათა, წმიდა-მყოფელ სახლთა და ყოვლისა სარგებელისა მიმართ მარჯვე.... შენ აწცა, მეუფეო, განწმინდე წყალი ესე სულითა შენითა წმიდითა. მოეც ყოველთა, რომელთა იცხონ, რომელთა მიიღონ და რომელთა იხმიონ ესე, სიწმიდე, სიცოცხლე, სიმრთელე, კურთხვა" (დიდი კურთხევანი. დიდი აიაზმა. თბილისი 2020 წ. გვ. 555).
 
შედეგად, განწმენდა, რომელიც წმიდა წყლის მეშვეობით გვეძლევა, მხოლოდ მისი შიდა გამოყენების (დალევის) მეშვეობით კი არ ხდება, არამედ მასთან "შეხებითაც" და მისით "ცხებითაც". სწორედ ამიტომ, მღვდელი, როდესაც წყალს აკურთხებს, მისით შემდეგ აპკურებს ადამიანებს, რადგან პკურებით ადამიანს ღმრთის ყოვლადძლიერი მადლი მიენიჭება.
 
ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ თავისთავად არანაირი წმიდა წყალი არასოდეს განგვწმენდს, თუ ამისთვის აუცილებელი სულიერი განწყობა არ გვექნება. ღმრთისგან მომდინარე მთელი მადლი, რომელიც წმიდა ჯვრის მიერ მოგვენიჭა და, რომელსაც უფალი წმინდანთა ნაწილების, ნაკურთხი პურისა (არტოსი, ანტიდორი, პროსფორა), და აიაზმის მეშვეობით გვენიჭება, ყველაზე მეტად კი ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის ზიარებით, ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია, თუ ადამიანი სინანულის საიდუმლოს, მორჩილების, მოყვასთადმი მსახურების, მოწყალების საქმეთა და სხვა ქრისტიანულ სათნოებათა მეშვეობით ამ მადლის მიღების ღირსი შეიქნება.
 
მაგრამ თუ მორწმუნე ადამიანს ეს სათნოებები არ ექნება, ღმრთის მადლი მას ვერ იხსნის, ის ავტომატურად, მაგიურად, თილისმასავით არ მოქმედებს, და მრავალი ურწმუნო და მოჩვენებითი ქრისტიანისთვის სრულიად უსარგებლოა.
 
ამგვარად, თუკი ნამდვილად გვსურს მივიღოთ სარგებლობა, - უპირველესად სულიერი, - წმიდა აიაზმისგან, მაშინ გულწრფელად უნდა ვირწმუნოთ ღმერთი, მისი მაცხოვნებელი მადლი და ვეცადოთ ვიცხოვროთ მისი მცნებების შესაბამისად.
 
საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому