სწავლანი > კითხვა-პასუხი
რას ნიშნავს მომაკვდინებელი ცოდვა?
მომაკვდინებელი ცოდვების სია - ეს გახლავთ ყველაზე მძიმე ცოდვების სია, რომელიც ღმრთისგან განაშორებს ადამიანს. ისინი ატყვევებენ ადამიანის სულს, განაშორებენ მადლს, ღმრთის სიყვარულს და, თუ ცოდვილი არ შეინანებს, - სული იღუპება.
მომაკვდინებელი ცოდვები შეიძლება შევადაროთ კისერზე დაკიდებულ ლოდს, რომელიც ადამიანს წამოდგომის შესაძლებლობას არ აძლევს და მას მუდმივად მიწისკენ მიიზიდავს, ხელს უშლის წამოდგომაში და თავისუფლად სიარულში. ტრავმა, რომელსაც მომაკვდინებელი ცოდვა აყენებს ადამიანს, სერიოზულად აბრკოლებს ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან.
საერთოდ რა მიიჩნევა ცოდვად? "დოგმატური ღვთისმეტყველების" ცნობილი სახელმძღვანელობის მიხედვით, ცოდვა - ეს არის მოქმედება, სიტყვა, აზრი, გულის განწყობა, რომელიც წარმოადგენს ღმრთის მიერ დაწესებული ზნეობრივი კანონის დარღვევას. ცოდვა აზიანებს ადამიანის სულს, არღვევს ღმრთის მცნებებს და ადამიანს გადახრის მართალი ცხოვრებიდან, ღმრთისგან. ცოდვა ღმერთს არ შეუქმნია, როგორც განსაკუთრებული ბუნება ან ძალა. ცოდვა ეს არის ადამიანური ბუნების არსებობის ღვთაებრივი ჩანაფიქრის დამახინჯება.
ქრისტიანობაში განსაკუთრებულად მძიმე ცოდვებს მომაკვდინებელი ეწოდებათ, რადგან მათი შედეგი სულის სიკვდილია. ცოდვით ის კვდება ღმრთისთვის და მარადიული ცხოვრებისთვის. სიტყვა "მომაკვდინებელი" ასევე შეგვახსენებს ძველაღთქმისეულ სჯულს, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებულად მძიმე ცოდვები დანაშაულად მიიჩნეოდა და ადამიანს მისთვის სიკვდილით სჯიდნენ.
მომაკვდინებელი ცოდვები მართლმადიდებლობაში
მართლმადიდებლურ ეკელსიაში ცოდვები პირობითად განიყოფა მომაკვდინებელ და არამომაკვდინებელ ცოდვებად, რადგან ნებისმიეირ ცოდვა განაშორებს კაცს ღმრთისგან. როგორც ქვიშის მარცვლები მძიმდებიან და ლოდად იქცევიან დაგროვების შემთხვევაში, ასევე შეიძლება უმცირესი ცოდვების დაგროვებამაც დაამძიმონ ადამიანის სული და გამოუსწორებელ შედეგამდე მიიყვანონ.
მომაკვდინებელი ცოდვების სია წარმოადგენს არა კონკრეტული საქციელის ჩამონათვალს, არამედ ძირითად კატეგორიებს, რომელიც შეიძლება ღმრთის ნების წინააღმდეგ ჩადენილ უამრავ დანაშაულად შეიძლება დაიყოს. ლათინურ (ე. წ. "კათოლიკურ") სწავლებაში მართლმადიდებლურისგან განსხვავებული მიდგომაა: დასავლური ქრისტიანობის სწავლა-მოძღვრებაში არსებობს ცოდვების მკაფიო და მკაცრად რეგლამენტირებული დაყოფა მათი სიმძიმის მიხედვით.
მომაკვდინებელი ცოდვების სია
რამდენი მომაკვდინებელი ცოდვაა მართლმადიდებლობაში? წმიდა მამათა თხზულებებში ყველაზე ხშირად ნახსენებია 7 მომაკვდინებელი ცოდვა (თუმცა არის სხვა ვერსიაც).
1) სიამაყე (ამპარტავნება, თავმოყვარეობა, მედიდურობა, ჯიუტობა).2) შური (გაბოროტება სხვისი კეთილდღეობის გამო, ბოროტი სიხარული სხვათა უბედურებების შემთხვევაში).3) მუცელღმერთობა (ჭამა-სმის სიყვარული, ღორმუცელობა, ლოთობა, ნაყროვანება).4) მრუშობა (ვნება, მეუღლეთა ღალატი, უწესივრო სქესობრივი კავშირები, სოდომია და მისი სახეობები).5) მრისხანება (სიძულვილი, შეურაცხყოფა, წყენა, სისასტიკე, ცემა, მკვლელობა).6) სიხარბე (გაუმაძღრობა, სიძუნწე, ვერცხლისმოყვარება).7) უსასოობა (ღმრთისადმი რწმენისა და იმედის დაკარგვა, მოწყენილობა, ნაღველი, სასოწარკვეთა).
"მომაკვდინებელი ცოდვის" ცნების პირობითობა
უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაში მომაკვდინებელი ცოდვების სია პირობითია. ნებისმიერი ცოდვა მომაკვდინებელია და ითხოვს სინანულს, და ნებისმიერი ცოდვა შეიძლება ღმრთის მიერ მიტევებულ იქნას. მომაკვდინებელია მხოლოდ - მოუნანიებელი ცოდვა. უფალი იღებს მონანულ ცოდვილს და მიუტევებს მას ნებისმიერ, გულწრფელად მონანიებულ ცოდვას.
მოსაგრე მამები ამბობდნენ, რომ ეშმაკს არანაირი ძალაუფლება არა აქვს მორწმუნე და ეკლესიურ ადამიანზე, რომელიც ხშირად აღიარებს თავის ცოდებს მოძღვრის წინაშე და ეზიარება. აღსარებისა და ევქარისტიის საიდუმლოებებში ღმერთი ადამიანს ვნებებთან ბრძოლის ძალას აძლევს. უფალი მოწყალეა, და მისი მოწყალება უსაზღვროა. უფალს არასოდეს ჰქონია მიზნად ადამიანი დაესაჯა სჯულის ასოს დარღვევის ან რაიმე უმცირესი დანაშაულის ჩადენის გამო.
როგორც ღირ. ეფრემ ასურელი (IV ს.) ბრძანებს: "ღმრთის კარი ყოველთვის ღიაა მასში შესვლის მოსურნეთათვის; მისი მოწყალება ხარობს თუნდაც ერთი ადამიანის მოქცევისას, მისი სახიერება კი ხელგაშლილი ეგებება უძღები (ცოდვილი) შვილების დაბრუნებას".
წყარო: pravoslavium.ru