კითხვა-პასუხი - რას ნიშნავს გამოთქმა "ყველაფერი ღმრთის ნებით ხდება"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რას ნიშნავს გამოთქმა "ყველაფერი ღმრთის ნებით ხდება"?
ღმერთის განგებულება და ადამიანი
რას ნიშნავს გამოთქმა "ყველაფერი ღმრთის ნებით ხდება", გამოდის, რომ ყველა ჩვენი მოქმედება, მათ შორის ცოდვილიც, ადრიდანვეა განსაზღვრული?
 
როდესაც გვესმის ფრაზა "ყველაფერი ღმრთის ნებაა", არ უნდა აღვიქვათ ის როგორც მოწოდება უმოქმედობისკენ. სამწუხაროდ, ზოგს ასეც ესმის: რა საჭიროა რაიმეს კეთება და წინდაწინ მზადება, თუკი ყველაფერი ოდითგანვე წინდაწინ განსაზღვრული გეგმით მიმდინარეობს? თუკი ეს ასე ნებავს ღმერთს? მაგრამ მიმდინარე, განსაკუთრებით ნეგატიური მოვლენებისა და პროცესების გაიგივება ღმრთის ნებასთან, ან სურვილი ყოველივეზე პასუხისმგებლობა დაეკისროს ღმერთს შეიცავს უდიდეს შეცდომას. მეტიც, ეს მკრეხელობაა.
 
მართლაც, ღმერთმა თავისი ყოვლისმცოდნეობის ძალით, წინდაწინ იცის სად რა მოხდება, როგორც უახლოეს, ასევე შორეულ მომავალში, იცის, როგორც მოიქცევა ესა თუ ის კონკრეტული ადამიანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველივე ღმრთის ნების შესაბამისად ხდება. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთს მხოლოდ ერთი რამ სურს: "ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების ცოდნას" (1 ტიმ. 2:4), მისი ნება "კეთილია, სასურველი და სრულყოფილი" (რომ 12:2). თუკი ადამიანთა საქციელი ამ სურვილს ეთანხმება, შეიძლება ითქვას, რომ ის ღმრთის ნებით ხდება, ხოლო თუ არა - ამგვარი ღმრთითსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი მრავალრიცხოვანი ჭირვებანი და უბედურებებია.
 
მაგრამ, თუკი ღმერთმა წინდაწინვე იცის, მე რას გავაკეთებ, მაშასადამე ყველა ჩემი მოქმედება წინაგანსაზღვრულია? არა. ადამიანი შექმნილია ღმრთის ხატად და მსგავსად, ანუ თავისუფალ არსებად. ყველა საქციელს ის საკუთარი არჩევანისამებრ ჩადის. ყოვლადძლიერების ცნობილი პარადოქსია - კითხვა, შეუძლია თუ არა ღმერთს შექმნას ქვა, რომლის აწევასაც ვერ შეძლებდა - პასუხს, სწორედ ადამიანის შექმნაში პოვებს. ეს უკანასკნელი ფლობს ღმრთისგან მონიჭებულ თავისუფალ ნებას. უფალი შესაძლებლობას გვაძლევს ავირჩიოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმც ისინი შეიძლება ღმრთის ნების საწინააღმდეგონი იყონ.
 
ღმრთის ყოვლისმხედველობა, მოცემულ შემთხვევაში, - თუკი გვესმის მსგავსი შედარების პირობითობა და არასრულყოფილება - შეიძლება წარმოვიდგინოთ კინოსცენარის ავტორის ანალოგიურად, რომელსაც თავში სიუჟეტის განვითარების სხვადასხვა ვარიანტი უტრიალებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთი მათგანის ეკრანიზაცია განხორციელდება.
 
ადამიანის თავისუფალ ნებას უკავშირებდა მსოფლიოში არსებულ ბოროტებას წმიდა გრიგოლ ნოსელი: "ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა ბიწიერება, - წერდა იგი. - ხოლო ყოველი ბიწიერება... სიკეთის უკმარობაა. რადგან თავისუფალი ნების გარეშე არ არსებობს ბოროტების არანაირი თვითმყოფადობა... შედეგად, ბოროტების მიზეზი ღმერთი კი არ არის - შემოქმედი არსებათა, არამედ ადამიანში სიკეთის ნებაყოფლობითი უკმარობა. ღმერთი არსთა შემოქმედია, და არა იმისა, რაც არ არსებობს; ღმერთმა მხედველობა შექმნა, და არა სიბრმავე... როდესაც ნათელ ამინდში ვინმე... ნებაყოფლობით მზერას დაიჩრდილავს, მზე როდი იქნება დაჩრდილვის მიზეზი".
 
ღმრთის ნებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული საღმრთო განგებულება - როდესაც, ბოროტება, რომელიც ვიღაცის თავისუფალი ნებით ხორციელდება, ღმერთი მას სიკეთედ მიაქცევს. მაგრამ არც ეს არღვევს ადამიანის თავისუფლებას. ღმრთის განგებულება მოქმედებს არა იმიტომ, რომ უნდა აღიკვეცოს კაცთა მიერ ჩაფიქრებული ცოდვა ან ბოროტება. ღმერთს შეუძლია გამოასწოროს უკვე ჩადენილი ცოდვა და ბოროტება მიაქციოს სიკეთედ, მაგრამ ადამიანის თავისუფალი ნებით აღსრულებულ საქმეს ღმერთი ვერ გააუქმებს. რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი მარიონეტის (თოჯინის) დონეზე დავა, უფალი კი ადამიანზე სულ სხვაგვარად ფიქრობს.
 
მთელ რიგ შემთხვევებში გარკვეული სირთულეები შეიძლება ღმერთმა მოგვივლინოს, რათა ადამიანი აღძრას სიცოცხლის არსის შეცნობისკენ, ღმრთის ნების შესაბამისობაში მოიყვანოს მისი ცხოვრება და სულის ცხონების გზაზე დააბრუნოს. ღმერთი სიკეთისკენ აქეზებს ადამიანს, მაგრამ ძალდატანებით არაფრის კეთებას არ აიძულებს.
 
ბოროტების მინიმიზირება რომ მოხდეს, ადამიანი უნდა მიუბრუნდეს სიკეთის წყაროს - ღმერთს, და შეუერთდეს მას. ღმერთთან ერთად და ღმერთში არსებობა - ზებუნებრივი მდგომარეობა კი არ არის, არამედ ჩვენი სრულფასოვანი არსებობის აუცილებელი პირობა.
 
ბოროტება და მისი გამრავლების შედეგად გაჩენილი ნეგატიური მოვლენები - ღმრთისგან დაშორების, მისი ნებისადმი წინააღმდეგობის პირდაპირი შედეგია. და რაც უფრო შორია ეს დაშორება, მით უფრო მეტია ბოროტება სამყაროში.

საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია. პროფ. ა. ოსიპოვის პასუხების მიხედვით. 8 აგვისტო. 2021 წ.
Назад к содержимому