კითხვა-პასუხი - რას ნიშნავს ფრაზა "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რას ნიშნავს ფრაზა "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ" (გალატ. 6:2)?
ურთიერთშეწევნა
ჩვენ ხშირად გვესმის წმიდა მოციქულ პავლეს მოწოდება: "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული" (გალატ 6:2), მაგრამ ყველას როდი ესმის, თუ რას ნიშნავს ეს.

მრავალ ადამიანს წარმოდგენაც კი არა აქვს არა თუ ამ ფრაზის მნიშვნელობაზე, არამედ იმაზეც, ქრისტეს რომელი სჯული აღსრულდება, თუკი ხსენებულ მოწოდებას დაიცავენ. სრულად რომ გავიგოთ ამ სიტყვების მნიშვნელობა, მოკლედ, მაგრამ დეტალურად განვიხილოთ მისი განმარტება.

წმიდა იოანე ოქროპირი წერდა, რომ თუკი ვისწავლით ერთმანეთის ტვირთის ზიდვას, მაშინ ქრისტეს რჯულის შესრულებასაც შევძლებთ. მრავალს არ ესმის, თუ რას ნიშნავს ეს, მაგრამ თუკი მოცემული გამონათქვამის წმიდა მამებისეულ განმარტებებს წავიკითხავთ, შემდეგ დარიგებას მივიღებთ:

როდესაც ადამიანი შეიგნებს, რომ კაცთაგან არავინაა სრულყოფილი, ის შეურიგდება სხვათა ნაკლოვანებებს და მოინდომებს მათ შეწევნას საკუთარი ცოდვილი მიდრეკილებების დაძლევაში, ეს კი ნიშნავს, დაეხმარო მოყვასს ზიდოს თავისი ტვირთი, თან ისე, რომ აგრძნობინო შენი სიყვარული, რაც, თავის მხრივ, უფლის მცნებების აღსრულებაზე მიანიშნებს

როდესაც ერთმანეთის ნაკლოვანებებს ვითმენთ და ერთმანეთის დახმარებას ვცდილობთ, ამით ერთი      მთლიანობა ვხდებით, ერთობლივი ძალისხმევით მივიწევით ღმრთისკენ და მის ნებას აღვასრულებთ

ჩვენ ერთმანეთისადმი მოთმინება გვმართებს და ერთმანეთის ნაკლოვანებებს გაგებით უნდა      მოვეკიდოთ, რადგან სხვისი ტვირთის გაზიარებით ქრისტიანს შესაძლებლობა ეძლევა თავი      აარიდოს მრავალ ცოდვას, მაშასადამე, მიუახლოვდეს ღმერთს და შეასრულოს მისი ნება

როდესაც ერთმანეთს დახმარების ხელს ვუწევთ, მაგალითად, როდესაც საჭიროა ადამიანის დახსნა ცოდვაში დაცემისგან ან შეწევნა რთულ ცხოვრებისეულ ვითარებაში, ჩვენ ამით ღმრთის ნებას აღვასრულებთ.

ფრაზა "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ" პირდაპირ მომდინარეობს სიყვარულის ქრისტესეული რჯულიდან და მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლინებას ემსახურება. თუკი ადამიანს მკაფიოდ ესმის, რომ ყოველ მოყვასს თავისი ნაკლოვანება აქვს, ისევე როგორც თვითონ, შეურიგდება იმას, რაც არ მოსწონს ამ ადამიანში და შეეცდება მის დახმარებას, სამაგიეროდ თვითონაც მიიღებს იგივეს. ხოლო საერთო ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდაჭერით, შეიძლება თავიდან იქნას აცილებული მრავალი ცოდვილი მიდრეკილება და მიღწეულ იქნას სანუკვარი მიზანი - ღმერთში ნეტარება.

როდესაც ადამიანი თანაუგრძნობს სხვათა ჭირვებას, მკაფიოდ არ რეაგირებს სხვათა ნაკლოვანებებზე, არამედ, პირიქით, - ეხმარება მას, ეს ნიშნავს, რომ ის ავლენს სიყვარულს მოყვასისადმი, გარშემომყოფთადმი, ამით კი, კვლავ და კვლავ, ვლინდება სიყვარული თვით ღმრთისადმი. ხომ თქვა უფალმა, რომ უმთავრესი მცნება სიყვარულია, ხოლო როდესაც სხვას ეხმარები და ლოიალურად ხარ განწყობილი მისი ნაკლოვანებებისადმი - ეს მოყვასის არგანკითხვა და სიყვარულის გამოვლინებაა; სწორედ მოყვასის დახმარებით და თანაგრძნობით შეგვიძლია აღვასრულოთ უფლის რჯული და ვისხნათ საკუთარი სული.
 
როგორ უნდა ატარონ ქრისტიანებმა ერთმანეთის ტვირთი?

ურთიერთ ტვირთის ტარება, მოყვასისადმი თანაგრძნობის გამოხატვა და სიყვარული შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:

ლოიალური დამოკიდებულება სხვათა ნაკლოვანებებისადმი, იმის შეგნებით, რომ არავინაა იდეალური და ყველას თავისი მინუსი აქვს;

გულწრფელი სიხარული იმისა, რომ მოყვასი მოვიდა სინანულად და დაიწყო ეკლესიური ცხოვრება;

სხვათა ცოდვით დაცემებს მშვიდად და თანაგრძნობით უნდა შევხვდეთ, ამ დროს დაუშვებელია      ბოროტი სიხარული ადამიანის ცოდვით დაცემის გამო;

არავინ უნდა განვიკითხოთ, არამედ პირიქით, დავეხმაროთ ყველას რთულ ვითარებებში, დროულად      ამოვუდგეთ მხარში ცოდვაში დაცემულთ;

უნდა აღვასრულოთ ლოცვა მტრებისთვის და ყოველმხრივ ვეცადოთ საკუთარი ნაკლოვანებების      გამოსწორებას, სხვათა ცოდვების განკითხვა კი ჩვენი საქმე არ არის.

ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა ამაღლდეს სხვათა დაცემებზე და არ უნდა განიკითხოს მოყვასი, რომელიც შეცდა, არამედ ეცადოს მის გამოსწორებას და მხარში ამოუდგეს, რათა დაძლიოს საკუთარი ცოდვები. ამგვარი შეწევნა ტვირთის ზიდვაში იქნება სიყვარული გამოვლინება, მაშასადამე, ღმრთის რჯულის აღსრულებაც და მრავალ ცოდვათა მიტევების საწინდარიც, რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში და, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ ჩვენს ჩათრევას უფსკრულის წყვდიადში.

ღმერთი შეეწიოს ყველა კაცთმოყვარეს!

საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია. მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому