სწავლანი > კითხვა-პასუხი
რა უნდა გაკეთდეს, თუკი თქვენთან ჯადო იპოვეთ?
რა უნდა ვქნათ, თუკი ვიღაც ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენდა საუბედუროდ "ჯადოს" აკეთებს?
ამ შეკითხვით ხშირად მიმართავენ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს. რა ვქნათ? როგორი სანთელი უნდა დავანთოთ და სად? რომელი ლოცვა წავიკითხოთ? როგორ დავიცვათ თავი?
ასეთი ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ პრობლემა თვით მათშია, და არა რომელიცღაც "ჯადოში", ნემსებსა და მახათებში, მაკრატლებსა თუ სხვა "შელოცვილ" ნივთებში, რომლებიც სადღაც ჩაჩურთეს ან ჩააკერეს... პრობლემა შენშია: ხარ თუ არა შენ ღმერთთან?
ადამიანებს ეშინიათ მაგიის და სწამთ მისი ძალის. ხოლო ღმრთის ძალისა არ სწამთ. ცოდვების ჩადენას არ ერიდებიან. არც სიძვა-მრუშობის, არც სიცრუის, არც მოპარვის, არც ბილწსიტყვაობის ჩადენისა არ ეშინიათ. მათ ასევე არა აქვთ შიში თავიანთ გულებში შემოუშვან ეშმაკი თავისი შურით, მზაკვარებით, შურისძიებით, ბოროტმოხარულობით, მთელი თავისი უწმინდური ცოდვილიანობით, რომელიც შემდეგ გულში იბუდებს.
აი, ამ ყველაფრისა ადამიანებს არ ეშინიათ, მაგრამ, საკმარისია ვინმემ რაღაც "გააკეთოს", "შეულოცოს" ან "გათვალოს", რომ შიშით იზაფრებიან. ეს სრულიად ცრუმორწმუნეობრივი შიშია.
მაინც, რა უნდა ვქნათ ამ დროს? რჩევა ასეთია - წადი აღსარებაზე, შეინანე შენი ცოდვები, გამოასწორე შენი ცხოვრება, უეჭველად ეზიარე ქრისტეს უწმიდეს საიდუმლოთ. რადგან, თუკი შენ უფალთან ხარ, არაფრის უნდა გეშინოდეს. "დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან" (იაკ. 4:7), - ბრძანებს მოციქული. "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?" (ფსალმ. 26:1), - ბრძანებს ფსალმუნთმგალობელი.
შიში გვმართებს იმისა, რომ არ განვუდგეთ ღმერთს. თუკი საკუთარი შვილები, თუნდაც ყველაზე ჯიუტები და ურჩნი, ძალიან გვიყვარს და ვიცავთ მათ ყოველგვარი განსაცდელისგან ისე, რომ მზად ვართ საკუთარი სიცოცხლეც კი გავწიროთ მათთვის, ნუთუ უფალი, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის, არ დაგვიცავს?
ძალიან ძნელია რაიმე აუხსნა ისეთ ადამიანს, რომელსაც მაგიური მსოფლმხედველობა აქვს, რომელსაც სწამს შეფუცვისა და მაგიურ რიტუალთა ძლიერების, და საერთოდ არა აქვს რწმენა ღმრთისადმი, არა აქვს რწმენის სიძლიერე.
მოდი დავსვათ შეკითხვა: შენ გეშინია ნემსების, დანების, ჩანგლების, ლურსმნების და ქინძისთავების? მაგრამ, შენ არ გეშინია ამ საგნებისა, როგორც ასეთის. მაშ რისი გეშინია? აჰა, გასაგებია, შენ გეშინია, იმისა, რომ ამ ლურსმნებზე, ქინძისთავებზე, ნემსებზე და ა. შ. რაღაც წაიჩურჩულეს და შეილოცეს. მაშ, შენც წაიჩურჩულე რაიმე. შენ თქვი: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" და შენ მიერ წაჩურჩულებული ეს ლოცვა უმძლავრესი იქნება იმაზე, რაც შენ წინააღმდეგ შეიძლებოდა ეჩურჩულათ. ადამიანი, რომელიც მაგიითაა გატაცებული არაფრისმორწმუნეა. ანუ მას სწამს - არაფრის, არარაობის, სიცარიელის! რადგან კერპი - არაფერია! მხოლოდ ადამიანი ანიჭებს რომელიღაც უსულგულო და უაზრო რიტუალს რაღაც "ძალას", რომლის შინაარსი არც კი ესმის.
შენ გწამს უფალი ღმერთის, ცოცხალი შემოქმედის, ზეციური მამის? მაშ, რომელი რწმენა უფრო ძლიერია?
თუნდაც სხვისი რწმენა თავის მაგიასთან ერთად დიდია, შენი რწმენა ცოცხალი ღმერთისადმი უფრო მცირე, უწყოდე, შენი ეს მცირე რწმენა იმის "დიდ" რწმენაზე უფრო დიდია, უფრო ძლიერია. რადგან შენ გწამს ღმერთის, რომელსაც შენს თავზე თმის თითოეული ღერი დათვლილი აქვს, და რომელიც შენთვის, ცოდვილისთვის, ჯვარს ეცვა. აი ასეთი სიყვარული აქვს მას შენს მიმართ.
მაშ, გქონდეს თუნდაც უმცირესი რწმენა, მაგრამ რწმენა იმისა, რომ უფალი გიცავს. და მორჩა! სხვა არაფერია საჭირო.
მაგრამ, რაკიღა ესოდენ მცირედმორწმუნე ხარ, მაშინ აიღე ნაკურთხი წყალი (აიაზმა), დააპკურე იმ ადგილს, სადაც "შეფუცვილი" საგანი იპოვე, პირჯვარი გადაიწერე და თქვი: "უფალო შემიწყალე". ამის შემდეგ კი ჩვეულებრივ გააგრძელე ცხოვრება.
გახსოვდეს, ღმერთი არასოდეს გაგწირავს, თუ შენ თვითონ არ მიატოვებ ღმერთს და ეშმაკებს არ ჩაუგდებ საკუთარ თავს ხელში.
ხოლო, თუკი ღმერთი ინებებს რაიმეთი შეგაგონოს, ნუთუ ამისთვის მას ვიღაც ბებიაქალების ფუსფუსი და ჩურჩული დასჭირდება ან რაიმე უგუნური მოქმედებები, რასაც ვხედავთ მაგიურ რიტუალებში? ნუთუ უფალს ეს სჭირდება? სნეულება ან რაიმე ჭირვება რომც გეწვიოს, არა იმიტომ, რომ ვიღაცამ "გაგთვალა", არამედ იმიტომ, რომ ღმრთის ნებისმიერი ქმედება - ეს არის სიყვარულის აქტი. თუნდაც ის სასჯელის სახით მოდიოდეს.
დაფიქრდი, რატომ მოხდა შენს ცხოვრებაში ესა თუ ის სამწუხარო მოვლენა. არა იმიტომ, რომ ვიღაცას სურს შენი განადგურება, არამედ იმიტომ, რომ შენ ცხოვრობ არასწორად. შენ განუდექი ღმერთს, შენ გზა-კვალი აგერია. მაშ, ასწიე თავი ცისკენ. გაიხსენე ღმერთი და დაუბრუნდი მას.
ყველაფერ იმასთან ერთად, რომ შენ ცოდვილი ხარ, და შენი რწმენა მცირეა, და არც ისე სულიერად ცხოვრობს, უფალი მაინც დაგიცავს, შეგინარჩუნებს და არ გაგწირავს. გახსოვდეს ეს და უფლისკენ აიღე გეზი, რომ მეტი წყალობა გქონდეს.
90-ე ფსალმუნში არის გასაოცარი სიტყვები: "რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ჴელისამპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას" (1).
______________________
1. ახ. ქართ.: "უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ".
______________________
რაოდენ ძლიერი, მშვენიერი და მკაფიო სიტყვებია იმის შესახებ, რომ ადამიანი მუდამ უზენაესის მფარველობის ქვეშ იმყოფება. რომ უფალი დაიცავს მას ისრებისგან, რომლებიც დაფრინავენ დღისით, და ყოველგვარი ბოროტი მოვლენისგან, რომელიც ხდება ღამით. და იმის შესახებაც, რომ ფეხს არ წამოვკრავთ ქვას და არ დავეცემით. ხოლო თუ დავაბიჯებთ რაიმე შხამიანს, დავძლევთ და გავქელავთ მტრის ამ ძალას.
დაუფიქრდით ამ სიტყვებს, რადგან მათში გამოხატულია რწმენა იმისა, რომ "ჩვენთან არს ღმერთი"; და ის ჩვენს ნებისმიერ მტერზე უძლიერესია. გამაგრდით ამ რწმენით.
რწმენა სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც გვეშინია, როდესაც რაღაც განსაცდელი მოდის ჩვენს თავზე, როდესაც გვშია, გვწყურია ან მარტოობას განვიცდით, როდესაც გვღალატობენ და გვმტრობენ...
აი ამ დროს ვლინდება ნამდვილი რწმენა. და არა მაშინ, როდესაც სიმშვიდეა და კეთილდღეობაა. ადამიანი ასეთ პირობებში მთვლემარებას ეძლევა. აქედან გამომდინარე, სწორედ იმიტომაც გვეძლევა ჩვენს ცხოვრებაში განსაცდელები, რომ გამოვავლინოთ ჩვენი რწმენა და განვამტკიცოთ იგი, რათა შევძლოთ მასში წარმატება.
დაგიცვათ უფალმა და გაგაძლიეროთ! ამინ!
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2023 წ.