კითხვა-პასუხი - რა არის სულიწმიდის გმობა და რატომ არ მიუტევებს მას ღმერთი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რა არის სულიწმიდის გმობა და რატომ არ მიუტევებს მას ღმერთი?
ღმერთის განგებულება და ადამიანი
იესუ ქრისტე ხშირად ამბობდა, რომ ადამიანს ყველაფერი მიეტევება, გარდა სულიწმიდის გმობისა. მეტიც, აღნიშნავდა, რომ არ მიეტევება, "არც აქ, ამ ცხოვრებაში, და არც სამარადისოდ". თანაც უფალი ბრძანებდა, "ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად" (მათე 12:32).
 
მართლმადიდებლური სარწმუნოების მოსაგრენი განგვიმარტავენ, რომ ეს გამოწვეულია არა იმით თითქოსდა ღვთაებრივ იპოსტასთაგან რომელიმე უფრო მაღალია და რომელიმე კნინი, არამედ იმიტომ, რომ ქრისტემ პირველი ("ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ") დაუკავშირა სხეულს, ადამიანს, მეორე კი ("ვინც იტყვის სიტყვას სუილწმიდის წინააღმდეგ") სულს, ღმერთს.
 
შესაძლოა ურწმუნო ადამიანებს არ დაეჯერებინათ ქრისტეს ღმრთეება, როდესაც მას მეზვერეებთან და ცოდვილებთან ინახად მჯდომარეს ხედავდნენ (იხ. მათე 9:10), მაგრამ როდესაც უმზერდნენ მის სასწაულებს, იცოდნენ მისი მაცხოვნებელი შეწევნის შესახებ, და სულის სიღრმეში ესმოდათ, რომ უბრალო კაცისთვის შეუძლებელია ამგვარი რამ, უცილობლივ ღმრთის ძალის უარმყოფელებად წარმოჩინდებოდნენ. სწორედ ამიტომ დაექვემდებარებიან სასჯელს.
 
მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება შეინანო და კვლავ გააგრძელო ცხოვრება ცოდვილ სიამტკბილობაში. მაგრამ, შეიძლება მასთან გადაჭრით გაწყვიტო ყოველგვარი კავშირი. და აი, ვინც ასე იქცევა, თუმც მისტირის თავის ცოდვებს, მაინც მთელ ძალებს აქსოვს მათთან ბრძოლაში და უფალი შეიწყნარებს მას. ხოლო ვინც შეგნებულად სცოდავს, არ ინანიებს, და თუ ინანიებს, კვლავ სინანულის გარეშე, "როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს", და ფიქრობს, რომ ღმერთი მაინც მიუტევებს, - დაექვემდებარება სასჯელს.
 
ოდესღაც იუდეველები დიდი ხნის განმავლობაში არწმუნებდნენ ადამიანებს, თითქოსდა იესუს "ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ" (მარკ. 3:22). მაგრამ, შემდეგ, თუმც კვლავ აგრძელებდნენ ამის მტკიცებას, სულში უკვე აღარ შეეძლოთ უარყოფა, რომ ის არის ძე ღმრთისა, რადგან ხედავდნენ მის მიერ აღსრულებულ საკვირველ სასწაულებს. აქედან იცოდნენ, რომ ის ემტერებოდა ეშმაკთ.
 
განსაკუთრებით ლაზარეს აღდგინების შემდეგ დარწმუნდნენ იუდეველნი, რომ ქრისტე არის ძე ღმრთისა, რომ ყველაზე დიად "საკვირველთმოქმედსაც" კი არ შეეძლო სასიკვდილო სარეცელიდან სიცოცხლისკენ მოებრუნებინა 4 დღის მკვდარი და უკვე ხრწნილებას დაქვემდებარებული ადამიანი. და საერთოდ, არც ერთ მოგვს და ჯადოქარს არ შეეძლო თვალი აეხილა ბრმისთვის, განეკურნა, განედევნა ეშმაკნი, გაეცოცხლებინა მკვდრები... ისინი მკაფიოდ ხედავდნენ, რომ მათ წინაშე იდგა ძე ცოცხალი ღმრთისა, და მისი ღვთაებრივი ბუნების უარყოფა უკვე აღარავის შეეძლო. მიუხედავად ამისა, შეიპყრეს, დაგმეს, შეურაცხყვეს, აფურთხეს და ჯვარზე გააკრეს. მათი გეგმები ეწინააღმდეგებოდა ღმრთის გეგმებს, შემოქმედებას, ჭეშმარიტებას.
 
ნათელს თუ დავშორდებით შორს როდი წავალთ. ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს ღმერთი, მისი სიტყვა (წმიდა წერილი) თავიდან ბოლომდე შევისწავლოთ, მაგრამ თუ ცოდვებს არ შევინანებთ, თუ არ გვექნება მტკიცე გადაწყვეტილება შევიცვალოთ, ამ იუდეველებისგან არაფრით ვიქნებით განსხვავებულნი, და მეტიც, თვით ბნელეთის სულთაგანაც კი, რომლებსაც სწამთ კიდეც, საერთოდ არაფერს ჭამენ და სახარებაც კი ზედმიწევნით იციან. ეს იმის მსგავსია, საკუთარ ტანისამოსზე ხედავდე ლაქებს და მის ამორეცხვას არ ცდილობდე.
 
შეიძლება გმობდნენ სულიწმიდას და ვერ ამჩნევდნენ. მოკვდნენ და არ ესმოდეთ, თუ რატომ მოხვდნენ ჯოჯოხეთში. ამ წუთისოფელში შესაძლოა თოვლის გუნდასავით მიიკრა ცოდვები და დიდ გროვად აქციო ისე, რომ შემდეგ საბოლოოდ გაიბლანდო მათში. თუკი დაახშობ შენი სინდისის ხმას, მის მხილებას, ვერ დაინახავ ნიშან-გაფრთხილებებს, რომელსაც უფალი გიგზავნის. აქედან გამომდინარე იღუპებიან ადამიანები მარადიული წარწყმედისთვის.
 
უკიდურესი საშინელებაა ყველაფერი იცოდე და არ იღვიძებდე, გიყვარდეს წუთისოფლის წარმავალი და ამაო სიკეთენი, ამჯობინებდე მას ზეციერს და თვით ღმერთს.
 
ამიტომ უმჯობესია ყოველთვის მივმართოთ ლოცვით სულიწმიდას, ის ხომ ყველგანაა და ყოველივეს აღავსებს თავისი მადლით; მაგრამ, ამავდროულად, მას შეუძლია განგვეშოროს თუნდაც ერთი ცუდი აზრის გამო, რომ არაფერი ვთქვათ საქმეებზე. ამიტომაც, სადაც გინდ ვიყოთ, მუდმივად ვილოცოთ სულიწმიდის მიმართ, მუდმივად შევთხოვოთ მას შეწევნა. ის ყველგან შეგვისმენს და მოგვანიჭებს დიდ სიხარულს.
 
ეს ყოველივე დაგვეხმარება სულიერ ზრდაში, "წვაში", "სულანთებულობაში" და მეტიც, როგორც უფალი ეუბნებოდა განკურნებულთ "წადი და აღარ შესცოდო", ავდგეთ ჩვენი ცოდვებისგან დაცემულნი და გავხდეთ არა მარტო სიწმიდისკენ მსწრაფნი, არამედ სხვათა ცოდვების მიმართ მიმტევებელნი და მოწყალენი; გავხდეთ არა მზაკვარნი, მორწმუნენი, ჩვენი რწმენა წარმოვაჩინოთ არა ოდენ სიტყვით, არამედ საქმით.
 
არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის ჭეშმარიტება და მისდევს მას. მათთვის ღმრთის განგებულება ძნელად აღსასრულებელია, მოსაწყენია, მდორეა, მისი უღლის აწევა უჭირთ. ყოველთვის, როდესაც ჩვენი სინდისის მიერ ვგრძნობთ სულიერ ტკივილს, ვგრძნობთ, რომ რაღაცას არ ვაკეთებთ ისე, როგორც საჭიროა და მეტიც, ჯიუტად, მრავალჯერადად და შეგნებულად მივსდევთ ბოროტს, ჩვენი სული თანდათანობით კვდება და ბოლოს მასში სრულად ჩაქრება ღვთიური ნათელი. ის უკვე ვეღარასოდეს გაარჩევს კეთილს ბოროტისგან, ღვთიურს სატანურისგან, რაც არის სწორედ სულიწმიდის გმობის შედეგი და თავად სულიწმიდის გმობა.
 
იმგვარი ადამიანის გადარჩენა, ვინც სიძულვილით უარყოფს თავის ცხონებას, თვით ღმერთსაც კი არ ძალუძს, რადგან ის არავის ნებას ძალას არ ატანს. არავის აიძულებს ცხონებას. უფალი გვთავაზობს მარადიულ ნეტარებას, მაგრამ მის მიღებას არ გვაიძულებს. ყველაფერი არის ნებაყოფლობითი.
 
მაშ, მხედველნო უფლის სასწაულებისა, რომლებიც გადმოგვეცა წმიდა წერილით, წმიდა სახარებებით, მიჰყევით მის მცნებებს, ებრძოლეთ საკუთარ ვნებებს, შეინანეთ ცოდვები და შეგისმენთ უფალი.
 
საიტი "აპოკალიფსისი".

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому